სამშაბათი, აპრილი 7, 2026
7 აპრილი, სამშაბათი, 2026

ბედის გაღიმება – უძველესი წარსულიდან შემორჩენილი გამონათქვამი

0

ამ ბოლო პერიოდში თითქოს სამყარო შეიშალა, ირგვლივ სულ ცუდი ამბები გვესმის, უარყოფითმა ენერგიამ წაგვლეკა და წალეკა მსოფლიო, ადამიანები დათრგუნულები, შეშინებულები არიან, ბავშვები – მოწყენილები და სევდიანები. ამ დროს შესანიშნავი იქნება თუ მასწავლებელი მითოლოგიას მიმართავს, ცოტა იმედსა და რწმენას შემოიტანს კლასში, ცოტა ქართულ მყარ გამონათქვამებზე წაიმუშავებს – და აი, ასეთ შესანიშნავ გაკვეთილს მიიღებს, რომელიც აგებულია იდიომზე „ბედის გაღიმება“.

მასწავლებელი გაკვეთილს ალბათ ასე დაიწყებს: ბავშვებო, იცით თუ არა რომ ბედს გაღიმება შეუძლია? მოსწავლეები დაინტერესდებიან, გაუჩნდებათ სურვილი, მალე გაიგონ, ბედი როგორ იღიმის.

ჰოდა, მასწავლებელი მათ ცნობისმოყვარეობას მალე დააკმაყოფილებს და დაიწყებს:

სასიკეთო, კარგი ამბავი თუ შეგემთხვა, ისეთი ძალიან რომ გაგახარებს და გაგაბედნიერებს, ხმამაღლა, თამამად შეგიძლია განაცხადო, რომ ბედმა გაგიღიმა.

ბედს ადამიანის წინასწარ განსაზღვრულ ცხოვრებას უწოდებენ, აი, ვიღაცამ ან რაიმე ძალამ შენს დაბადებამდე ან დაბადებისას რომ იფიქროს, როგორი ცხოვრებით იცხოვრებ, რა გაგიხარდება ან გეწყინება, რა გადაგხდება თავს, რა თავგადასავლებში გაეხვევი.

ძველი ქართული წარმოდგენით, როდესაც ადამიანი იბადება, მაშინვე ცაზე მისი „ბედის ვარსკვლავი“ ჩნდება და იწყებს კაშკაშს. მის ბედს კი „ბედის მწერლები“ მართავენ. ბედის მწერლები ქართულ მითოლოგიაში, რამდენიმე ღვთაებაა, ისინი ადამიანის ან სხვა სულიერების – ცხოველების, ფრინველების დაბადებას პირადად ადევნებენ თვალს და ბედს შუბლზე „აწერენ“. სიტყვა ბედისწერაც აქედან უნდა მოდიოდეს, ბედის დაწერა – შუბლზე, ადამიანის პირადი ბედის, პირადი ცხოვრების. ბედის გაღიმებაც ალბათ ბედის მწერლის, ამ იდუმალი ღვთაების ღიმილსა და კეთილგანწყობას ნიშნავს.

ეს ფრაზა ქართველ მწერლებსაც გამოუყენებიათ საკუთარ ნაწარმოებებში: ერთი მაგალითია: „ძმებო, ჩვენ, გლეხებს, აქამდე ერთი დიდებული კაციც არ გვყოლია, ახლა კი ბედმა გაგვიღიმა და გვარგუნა“ (მ.ჯავახიშვილი).

ბედის წევა, ბედს ეწია – იმავე მნიშვნელობით გამოიყენება. ქართულ ხალხურ ზღაპრებში, მთავარი პერსონაჟი ბედს ეწევა და მეფის ასულს შეირთავს ცოლად, ბედს ეწევა და გამდიდრდება, ბედს ეწევა და ნადირობაში გაუმართლებს და სხვა. ზღაპრებშივე პატარა ძმა სახლიდან ბედის საძებნელად მიდის და ეხვევა ათასნაირ თავგადასავალში, გადაივლის ცხრა მთასა და ცხრა ზღვას, ჰოდა ბოლოს აუცილებლად იპოვის თავის ბედს, როგორც ზღაპრებს შეეფერება ეს ბედი მას გაუღიმებს კიდეც და ლხინსაც მისცემს.

ბედთან დაკავშირებით სხვა გამონათქვამიც არსებობს: ბედის კარზე მოდგომა, როცა ადამიანს ბედნიერი რამ შეემთხვევა, შესაძლოა ბედის გაღიმების სინონიმადაც ჩაითვალოს.

ხოლო ბედის ვარსკვლავი – საყვარელი არსება, საქმრო ან საცოლეა, რომელიც ვარსკვლავივით იწყებს ციმციმს ადამიანის ცხოვრებაში. ჰოდა, ამ ბედის ვარსკვლავს ბედსაც უკავშირებენ ხოლმე, გადაებმება ეს ორი ბედი ერთმანეთს, ბედის მწერლები კი წერენ და წერენ საკუთარ „ბედის წიგნში“, ჩვენ კი ხატოვან მეტყველებაში თუ მწერლობაში ათასწლეულების წინანდელი ამბებისგან შემორჩენილი გამონათქვამებით ვიწონებთ თავს.

ლექსიკონი

ხატოვანი მეტყველება – მეტყველებისას მხატვრული გამონათქვამების, ეპითეტების, მეტაფორების, იდიომებისა და ფრაზების გამოყენება.

 აქტივობა 1:

მოიფიქრე და დაწერე ზღაპარი. გამოიყენე გამონათქვამები: „ბედს ეწია“, „ბედმა გაუღიმა“, „ბედი კარს მიადგა“. შენს ზღაპარი დაიწყე ზღაპრისთვის დამახასიათებელი დასაწყისით: „იყო და არა იყო რა…“, კეთილი დასასრული და საინტერესო სათაური, დაასურათე შესაბამისი ილუსტრაციით.

 აქტივობა 2:

წარმოიდგინე და დახატე როგორ გამოიყურებოდა „ბედის მწერალი“.

 აქტივობა 3:

კიდევ ერთხელ დაკვირვებით წაიკითხე ტექსტი და უპასუხე შეკითხვებს:

  1. რას უწოდებენ ბედს?
  2. ვინ იყვნენ „ბედის მწერლები“?
  3. ჩამოწერე სხვა გამონათქვამები, რომლებიც შინაარსით „ბედის გაღიმების“ მსგავსია.
  4. ვინ არის „ბედის ვარსკვლავი“?
  5. სად წერენ „ბედის მწერლები“ ადამიანების ბედს, თქმულების მიხედვით?

აქტივობა 4:

დაფიქრდი და ჩამოწერე შენი ცხოვრებიდან ის შემთხვევები, რომლებზეც შეგიძლია თქვა, რომ აი, მე ბედმა გამიღიმა, რადგან…

 აქტივობა 5:

ზოგიერთი ადამიანი მიიჩნევს, რომ ბედი, ბედისწერა არ არსებობს და ადამიანი თავად ქმნის საკუთარ ბედს, ზოგისთვის კი ბედისწერა არსებობს და ის ყველა ადამიანს დაბადებისას ეძლევა, რომლის შეცვლაც მას არ შეუძლია. შენ რას ფიქრობ? ჩამოაყალიბე შენი მოსაზრება, იმსჯელე და მოიხმე არგუმენტები: შენი ან შენი ნაცნობის ცხოვრებიდან, წაკითხული წიგნებიდან, ფილმებიდან და სხვა.

 

დაკვირვებიდან ანალიზამდე – თვალსაჩინოების როლი სწავლებაში

0

 ბიოლოგიის სწავლებაში აღქმა დიდ როლს თამაშობს.   თვალსაჩინოება –  იქნება ეს სურათი, მოდელი, მიკროსკოპული გამოსახულება თუ ციფრული სიმულაცია – ცოდნის დამკვიდრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია.
მოსწავლე, რომელიც ხედავს პროცესს, უკეთ იგებს და იმახსოვრებს მას. სწორედ ამიტომ ვიზუალური რესურსების გააზრებული გამოყენება სწავლას აქცევს კვლევად პროცესად, სადაც მოსწავლე თავად ხდება შემმეცნებელი.

თვალსაჩინოება განსაკუთრებით ეფექტურია, როდესაც მასწავლებელი მიმართავს აზროვნების ოთხფაზიან მოდელს:

დაკვირვება → ანალიზი → ახსნა → არგუმენტაცია.

ეს სტრუქტურა ხელს უწყობს ცოდნის სიღრმისეულად გააზრებას, კრიტიკული აზროვნების განვითარებასა და მეცნიერული მსჯელობის კულტურის ჩამოყალიბებას.

მეთოდოლოგიური ჩარჩო

მასწავლებელი პროცესს  იწყებს  დაკვირვებით, შემდეგ გადადის ანალიზზე, ახსნაზე და ბოლოს არგუმენტაციაზე, მოსწავლე თანდათანობით იძენს უნარს დაინახოს მიზეზ-შედეგობრივი კავშირები და დაასაბუთოს საკუთარი აზრი.

დაკვირვება – მოსწავლე ხედავს ობიექტს და აღწერს მის მახასიათებლებს.
ანალიზი – ადარებს ნანახს, ამოიცნობს მსგავსებებსა და განსხვავებებს.
ახსნა – ხსნის, რატომ აქვს კონკრეტულ სტრუქტურას კონკრეტული ფუნქცია.
არგუმენტაცია – ამტკიცებს საკუთარ მოსაზრებას ფაქტებზე დაყრდნობით.

ასეთი მიდგომა განამტკიცებს სწავლების აქტიურ, კვლევით ხასიათს და აყალიბებს მოსწავლეს როგორც აზროვნების დამოუკიდებელ სუბიექტს.

აქტივობა 1 — დაკვირვება და აღწერა

თემა: მცენარეული და ცხოველური უჯრედების ამოცნობა
მიზანი: სხვადასხვა ტიპის უჯრედის სტრუქტურის ამოცნობა და განსხვავებების დანახვა

მოსწავლეები აკვირდებიან სურათებს ან მიკროსკოპული გამოსახულებებს და პასუხობენ კითხვებს:

  • ჩამოთვალეთ მცენარეული უჯრედის ძირითადი მახასიათებლები.
  • რომელი ორგანელებია დამახასიათებელი ცხოველური უჯრედისთვის?
  • მცენარეულთან შედარებით რომელი ორგანელა არ გააჩნია ცხოველურს?
  • რომელ ჯგუფს მიეკუთვნებიან ეს უჯრედები — პროკარიოტებს თუ ეუკარიოტებს და რატომ?

შედეგი: მოსწავლე სწავლობს ინფორმაციის ვიზუალურ აღქმას, აღწერასა და პირველადი ანალიზის შესრულებას.

აქტივობა 2 — ანალიზი და ახსნა

თემა: უჯრედის ორგანელების ფუნქცია
მიზანი: სტრუქტურისა და ფუნქციის ურთიერთკავშირის გააზრება
ფორმატი: წყვილებში ან მცირე ჯგუფებში

მოსწავლეები იღებენ ბარათებს, რომლებზეც მითითებულია ორგანელების სახელები (ბირთვი, მიტოქონდრია, ქლოროპლასტი, გოლჯის კომპლექსი, ენდოპლაზმური ბადე, პლაზმური მემბრანა). მათ უნდა შეუსაბამონ ორგანელს შესაბამის ფუნქცია და ახსნან, რატომ და როგორ  ასრულებს ის ამ როლს.

შედეგი: მოსწავლე ამყარებს კავშირს სტრუქტურასა და ფუნქციას შორის და ხსნის ბიოლოგიური მექანიზმების მიზეზს.

აქტივობა 3 — ახსნიდან არგუმენტაციამდე

თემა: უჯრედი როგორც სიცოცხლის სტრუქტურული და ფუნქციური ერთეული
მიზანი: უჯრედის მნიშვნელობის გააზრება სიცოცხლის პროცესებში

ჯგუფები ირჩევენ ერთ უჯრედს (მაგალითად, სისხლის, ნერვული ან მცენარეული) და პასუხობენ კითხვებს:

  • რატომ ითვლება უჯრედი ცოცხალი ორგანიზმის ფუნქციურ ერთეულად?
  • რატომ არის ის სტრუქტურული ერთეული?
  • რა მოხდება, თუ უჯრედი დაკარგავს ერთ-ერთ ორგანელას?

შემდეგ მოსწავლეები აყალიბებენ არგუმენტირებულ დასკვნებს — ახსნიდან გადადიან არგუმენტაციაზე.

შედეგი: მოსწავლე ამყარებს ფაქტებზე დაფუძნებულ მსჯელობას, იყენებს სამეცნიერო ტერმინებს და აყალიბებს მტკიცებულებას.

აქტივობა 4 — დისკუსია: „არის თუ არა უჯრედი სიცოცხლის ყველაზე მნიშვნელოვანი სტრუქტურა?“

მიზანი: კრიტიკული აზროვნებისა და არგუმენტირების უნარის განვითარება

მოსწავლეები აყალიბებენ საკუთარ პოზიციას, აყალიბებენ მტკიცებულებას და მონაწილეობენ დისკუსიაში.
მასწავლებელი ასწავლის არგუმენტის სტრუქტურას: მტკიცება → დასაბუთება → მაგალითი.

შედეგი: მოსწავლე სწავლობს არგუმენტირებულად მსჯელობას, განსხვავებული აზრის პატივისცემას და მეცნიერული მსჯელობის წესებს.

  დაკვირვებიდან არგუმენტაციამდე გამართული სწავლება ქმნის სრულ შემეცნებით ციკლს, სადაც მოსწავლე თანდათანობით ვითარდება შემხედვარეიდან მკვლევარად.
თვალსაჩინოება ამ პროცესში წარმოადგენს იმ ხიდს, რომელიც აკავშირებს თეორიას პრაქტიკასთან, ტექსტს რეალობასთან და ცოდნას აზროვნებასთან.

მასწავლებელი, რომელიც იყენებს ამ მოდელს, ხელს უწყობს არა მხოლოდ ბიოლოგიური ცოდნის დაუფლებას, არამედ კრიტიკული აზროვნების, კომუნიკაციისა და არგუმენტირების უნარების განვითარებას — უნარებს, რომლებიც განსაზღვრავენ მოსწავლის მომავლის ინტელექტუალურ და სოციალურ წარმატებას.

 

მეცა, სიტყუაო…

0

დავით აღმაშენებლის „გალობანი სინანულისანი“-ს შესახებ

თუკი საქართველოს ცნების ერთ კონკრეტულ პიროვნებაში განსხეულებას დავაპირებთ, უსათუოდ და უპირველესად, ალბათ დავით აღმაშენებელი მოგვაგონდება – დიდი ხელმწიფე, რომელმაც საქართველოს იდეა სრულყოფილად განახორციელა. 16 წლისამ ჩაიბარა თურქ-სელჩუკთაგან იავარქმნილი, დაშლილი და ღონეგამოცლილი ქვეყანა და ტიტანური ენერგიით, დაუღალავი შრომით, გონით, ხმლითა და ოფლით მიჰყვა მისი ბედისწერის გამოჩარხვას. ჯერ გარე მტერს შეუტია, მერე შიდა მტერზეც გაიმარჯვა, ქვეყანა ეკონომიკურად და კულტურულად ააღორძინა, მის შიგნით და გარეთ განათლების კერები დაანთო, სულიერების ტაძარი მანკიერთაგან გაწმინდა, დიდგორი გააბრწყინა – ქართველთა ძლევაი საკვირველი და, ქვეყნის საზღვრები ნიკოფსიიდან დარუბანდამდე გადაჭიმა. ცხოვრების უკანასკნელ წლებში კი სინანულის საგალობელი შექმნა – ეს ყველაზე აღმატებული აკორდი მის სულიერ ცხოვრებაში, ამქვეყნიური მეუფების გვირგვინი მარადისობის მეუფების წინაშე…

მსოფლიო ისტორია, რა თქმა უნდა, იცნობს დიდ მონარქებს, ძლევამოსილ და ღვაწლმოსილ მეფეებს, რომლებმაც უზარმაზარი როლი ითამაშეს თავიანთი ქვეყნების განვითარებაში, თუმცა იშვიათად მომხდარა, რომ სიცოცხლის ბოლოს იმ რანგისა და სიმაღლის სინანულის ჰიმნი ემღეროთ, როგორიც დავით აღმაშენებელმა დატოვა.

ვისაც ეს მშვენიერი, ღრმა და სულის შემძვრელი საგალობელი ახსოვს, ალბათ თავისი ცხოვრების რომელიმე წუთს უნებლიეთ წამოსცდენია კიდეც:

„რომლისაცა წინაშე

ქედდადრეკილ არს ყოველი,

მუჴლი ყოველი მოდრკების და ენაჲ ყოველი

შენსა

ჴმობს აღსარებასა,

მეცა, სიტყუაო,

აღმსარებელსა მომხედენ!..“.

„გალობანი სინანულისანი“ მეფის სინანულის ჰიმნი კია, თუმცა თავისი არსით ის ყოველი კაცის, ცოდვით დაცემული სულის ამოძახილსაც იტევს, ამიტომ ის ერთდროულად კონკრეტულიცაა და საზოგადოც, ერთი კაცის აღსარებაცაა და მთელი კაცობრიობის შენდობის ლოცვაც… თანაც, ეს არაა მხოლოდ ჰიმნოგრაფიული ნაწარმოები. ის, უპირველესად, მხატვრული ქმნილებაა და სწორედ ამიტომაც მიიჩნევენ დავით აღმაშენებელს მეფე-პოეტადაც, სხვა სახელოვან რეგალიებთან და სიქველეებთან ერთად.

„გალობანი სინანულისანი“-ს მეცნიერულ შესწავლას საფუძველი კორნელი კეკელიძემ დაუდო. მეცნიერი „ქართული ლიტერატურის ისტორიაში“ დავით აღმაშენებელს მოიხსენებს, როგორც მწერალსა და მოაზროვნეს.

„გალობანი სინანულისანი“ იმ დიდი მხატვრულ-ჰიმნოგრაფიული ტრადიციის გამგრძელებელი ტექსტია, რომელსაც ეფრემ ასური, ანდრია კრიტელი, იოანე დამასკელი, გრიგოლ ნარეკაცი და სხვანი ქმნიდნენ. მათ შემოქმედებას სინანულის პოეზიაც შეიძლება ვუწოდოთ და ეს დიდებული, მგზნებარე, დასაბამიერი ცოდვის განცდით შეძრული ჰიმნები დღესაც მძლავრად ზემოქმედებს სულიერებისკენ მიდრეკილ მკითხველზე და დღესაც შთააგონებს მარადისობის წინაშე გაყურსულ შემოქმედთ.

შთააგონებს მათ, ვინც თანამედროვე ტექნოკრატიულ, ფასეულობებაღრეულ ეპოქაში, სადაც ზოგჯერ სინანულიც კი ნიველირებულია (ან მისი აღქმა სრულიად გამქრალია), მაინც უდრტვინველად, უკანასკნელი მცველებივით ერთგულებენ უპირველეს ზნეობრივ იდეებს, ადამიანის სულს ჭეშმარიტების შუქზე ჭვრეტენ და საკუთარ გამოცდილებას მადლის შხეფებად გარდაქმნიან, ცოდვის მორევში ჩაძირული კაცობრიობისათვის…

„გალობანი სინანულისანი“-ს კითხვისას ანა კალანდაძის უჭკნობი ლექსიც გვახსენდება, რომელიც მან დიდ მეფეს მიუძღვნა. „ასეთი ცოდვა რა გაქვს მეფეო, მიუტევები…“ – გულწრფელია პოეტის გაოცება, როცა აღმაშენებლის სამეფო დიდების მასშტაბს მისივე სინანულის სიღრმეს ადარებს… მართლაც,  მემატიანეს სიტყვით რომ ვთქვათ, დავითი ხომ ის მეფეა, ვინც „თჳთ მამამან ზეცათამან… უზეშთაეს ყო უფროჲს ყოველთა მეფეთა ქუეყანისათა “. რა იყო ის ცოდვა (ცოდვები), რამაც მეფის სული ასე დაამწუხრა, რამაც მთელ ამქვეყნიურ დიდებულებაზე უფრო მწველი და დაუძლეველი სინანული გაუჩინა?! ამ კუთხით ტექსტის განჩხრეკა ერთობ უმადური საქმეა. ეს იმ ზედაპირულ, უგერგილო და უნაყოფო განსჯა-ბაასს ჰგავს, რომლითაც დღეს ადამიანის („დიდისაც“ და „პატარასიც“) საქციელს ვაქიაქებთ ხოლმე, თავის ტყუილ-მართლით, აღქმებით და ილუზიებით, ბოღმითაც და სიყვარულითაც, თუმცა ამ მკვდრადშობილ პროცესში სულ უფრო მეტად ვშორდებით ჭეშმარიტების მარცვალს და სიცოცხლისა თუ სიკვდილის საზრისებიც სადღაც შორს, თვალსმიფარებულად გვრჩება, ხელში კი მხოლოდ არსისა თუ მოვლენის ჩენჩო გვიჭირავს და თავს ვინუგეშებთ, რომ ესაა სინამდვილე.

დავით აღმაშენებლის შეცოდებანიც, თუკი მათი სიტყვასიტყვით ამოკითხვის ჟინი მაინც მოგვერევა, იმ ბიბლიურ-იგავურ ხატ-სახეთა მიღმა უნდა ვეძიოთ, რომლებითაც ეს სინანულის ჰიმნი თავად დაშიფრა.

„კაენის მკვლელებრი ცნობაჲ,

სეითის ძეთა ლირწებაჲ,

გმირთა სიღოდით მავალობაჲ

ხუთ ქალაქელთა შეგინებისა მწჳრე –

უფროჲს ვამრავალწილე,

ვითარცა რაჲ აღმართ-მსრბოლმან

მდინარემან უკეთურებისამან…“.

ცოდვათა ეს შემაძრწუნებელი ჩამონათვალი ტერენციუსის ფრაზასაც გაგვახსენებს – არაფერი ადამიანური რომ მისთვის უცხო არ იყო. პირველცოდვის სიმძიმით, ვნებებისა და მანკიერებების კალოზე ილეწებოდა მისი ადამიანური ბუნება. ერთ მუხლში ამბობს:

„ელლინთა მიერ ვერ ცნობაჲ

სიბრძნითა ღმრთისაჲთა ღმრთისაჲ

და შემოქმედისაგან

შექმნილთა მიმართ

ცვალებაჲ თაყუანისცემისაჲ სრულ-ვყავ, რაჟამს

თითოეულსა ვნებისა კერპსა ვჰმსახურე“.

ამ სტრიქონებს იმ აზრით განმარტავენ, რომ დავითი თავდაპირველად ბოლომდე ვერ ჩასწვდა ქრისტიანული მრწამსის უმთავრეს არსს და მიემხრო ბერძენთა მცდარ გზას, რომელთათვისაც კერპთა თაყვანისცემა უცხო არ იყო. სინანულის მიზეზია უმადურობაც – ღვთაებრივი წყალობის, სიცოცხლის ძღვენის, ყოველგვარი სიკეთის მიმართ გულმცირობა („ხოლო მე უმადლო გექმენ“)…

სინანულის ამ ოკეანეში კი, უპირველესი მეოხი დავითისთვის ღვთისმშობელია. საერთოდ, მთელი „გალობანი სინანულისანი“ ღვთისმშობლისადმი აღვლენილი ჰიმნია.

„ამისთჳს იყო ქალწული

და ჴორც-ქმნაჲ სიტყჳსაჲ, რაჲთა

დედობრივთა ოხათა მიერ

ცხოვნდნენ ცოდვილნი,

რომელთა პირველი,

საშუალი და დასასრული,

მე ვარ, ვითარცა უფსკრული,

შესაკრებელი ბილწებისა ღუართაჲ…“.

 

„გალობანი სინანულისანი“ რომ პოეზიაა, ამაზე უკვე ვთქვით. სმენას იპყრობს მუსიკა, რომელიც ამ მდუღარე სტრიქონებშია. ამ მუსიკის ღერძი ალიტერაციული ტალღებია – სტრიქონების რიტმული გრადაცია, როგორც კოსმოსისკენ დაძრული სულის მწყობრი სვლა, მონანიების ინტეგრალებზე.

„მეგვიპტური გულმძიმობაჲ,

ქანანელთა ჩუეულებანი,

მსხუერპლვაჲ ნაგებთაჲ, ზმნაჲ და სახრვაჲ,

კოწოლი თმათაჲ

და სხუანი, რომელთაჲ

შენ ჰბრძანე არა-მსგავსებაჲ…“.

„გალობანი სინანულისანი“ მე-12 საუკუნეში დაიწერა. მას შემდეგ კაცობრიობამაც და ჩვენმა ქვეყანამაც დიდი გზა გამოიარა. ცივილიზაციური პროგრესის, ჰუმანისტური ტენდენციების, ომების, ტირანიის, ადამიანის უფლებებისა თუ თავისუფლების განცდა-გააზრების სისხლიანი, მარცხ-გამარჯვებიანი გზა. დღეს წარმოუდგენლად მეტი შესაძლებლობა აქვს ადამიანს, ციფრულ-ტექნოლოგიურმა დრომ თითქოს გაათავისუფლა მრავალი ტანჯვისგან და ახალი პერსპექტივები გაუჩინა. თუმცა დღესაც ურთულესი დრო დგას კაცობრიობისთვისაც და ჩვენი ქვეყნისთვისაც. რთული დროა ადამიანის ფიქრისთვის, სულიერებისთვის, არჩევანისთვის. ძალაუფლება/ხელისუფლების პასუხისმგებლობისთვის. რა გვეშველება? ხშირად გაისმის ზოგჯერ უღონო, სასოწარკვეთით სავსე, ზოგჯერ კი ნუგეშით მოკანკალე შეკითხვა. ეს საშველი ჩვენს დიდ ისტორიულ და სულიერ გამოცდილებაშიცაა, დიდ სულიერ საძირკველში, რომელსაც „გალობანი სინანულისანი“-ს დარი ტექსტები ამაგრებს. ყველაზე დიდი მეფე, რომელმაც პირველდაცემული კაცის ტრაგიზმით გაიაზრა თავისი ცხოვრება, მხოლოდ მონანიების მაგალითი კი არაა ჩვენთვის, არამედ, უპირველესად – განახლების, აღდგომის შესაძლებლობა; საკუთარ მანკიერებებზე და სისუსტეებზე, ცოდვებსა და უგუნურობაზე ამაღლების პერსპექტივა.

დავით აღმაშენებელი, ამ ჰიმნთან ერთად, დიდ ენერგიად დაიშვა ჩვენს მიწაზე, ჩვენს ისტორიაში. ის მხოლოდ წარსული როდია. ის მარადიული გამოსხივებაა და ჩვენგან ყოველწამიერ თანაგანცდას ელოდება.

არჩევანია, თვალი გავუსწოროთ ყველაზე ნამდვილს და … „აწ, მომდრეკელი მუჴლთა გულისათაჲ, ვხმობ…“.

სინათლეს ვუხმოთ.

პროექტი „მოსწავლეები მოსწავლეებისთვის“ – STEAM სწავლების ხელშეწყობა  სკოლაში

0

თანამედროვე სკოლა აღარ შემოიფარგლება მხოლოდ ცოდნის გადაცემით — ის ქმნის სივრცეს, სადაც მოსწავლეები ერთმანეთს ასწავლიან, აზიარებენ გამოცდილებას და განიცდიან საერთო შემოქმედებით პროცესს. ამ ფილოსოფიაზე დაყრდნობით  ჩვეენს  სკოლაში განხორციელდა ინიციატივა „მოსწავლეები მოსწავლეებისთვის“, რომელიც მიზნად ისახავს STEAM სწავლების პოპულარიზაციასა და თანატოლთა სწავლების კულტურის ჩამოყალიბებას.

პროექტი ეფუძნება მიდგომას, რომ უფროსკლასელებს შეუძლიათ საკუთარი ცოდნისა და ციფრული კომპეტენციების გამოყენებით გახდნენ მენტორები უმცროსკლასელებისთვის და ამ გზით განავითარონ როგორც ტექნოლოგიური, ისე სოციალური და პედაგოგიური უნარები.

პროექტის მიზანი და მეთოდოლოგიური საფუძველი

პროექტის მთავარი მიზნები იყო:

  • უფროსკლასელებში ლიდერობისა და მენტორული უნარების განვითარება;
  • უმცროსკლასელებში STEAM ინტერესის გაღვივება თამაშითა და პრაქტიკული გამოცდილებით;
  • თანამშრომლობის კულტურის გაძლიერება სკოლის შიგნით.

მეთოდოლოგია ეფუძნება შემდეგ პრინციპებს:

პრინციპი ახსნა
Peer-to-peer learning თანატოლთა სწავლება — მოსწავლეები სწავლობენ ერთმანეთისგან.
Active learning სწავლა ქმედებით, ექსპერიმენტით და პრაქტიკული დავალებებით.
STEAM Integration მეცნიერების, ტექნოლოგიის, ინჟინერიის, ხელოვნებისა და მათემატიკის ინტეგრაცია ერთიან პროცესში.
Reflection & Sharing მიღებული გამოცდილების გააზრება და გაზიარება.

 

პროექტის განხორციელება

I ეტაპი – მენტორების მომზადება

უფროსკლასელებმა გაიარეს მოკლე ტრენინგი პროგრამირების, რობოტიკისა და პედაგოგიური კომუნიკაციის თემებზე. მათ შეისწავლეს, როგორ დაგეგმონ აქტივობა, როგორ წარმართონ მცირე ჯგუფის მუშაობა და როგორ მისცენ უკუკავშირი უმცროს მოსწავლეებს.

II ეტაპი – პრაქტიკული ვორქშოპი

ერთდღიანი ვორქშოპის დროს უფროსკლასელები ერთი დღით მენტორებად იქცნენ და II–III კლასის მოსწავლეებს ჩაუტარეს გაკვეთილები რობოტიკისა და ვიზუალური პროგრამირების მიმართულებით.

პატარებმა გაიცნეს mBot რობოტი, ისწავლეს მისი დაპროგრამება და შექმნეს სპეცდანიშნულების მანქანების მოდელები – პოლიცია, სახანძრო და სასწრაფო დახმარება.

შემდეგ ეტაპზე ბავშვებმა იმუშავეს Scratch-ის პროგრამაში და უფროსკლასელების დახმარებით შექმნეს ანიმაციები, სცენარები და მარტივი ალგორითმები.

სწავლების შედეგები

მონაწილე ჯგუფი განვითარებული უნარები მეთოდური შედეგი
უმცროსკლასელები ალგორითმული აზროვნება, პრობლემის გადაჭრა, გუნდური მუშაობა ტექნოლოგიური ინტერესის ზრდა და დამოუკიდებელი ექსპერიმენტირება
უფროსკლასელები (მენტორები) ლიდერობა, პასუხისმგებლობა, კომუნიკაცია, სარეფლექსიო უნარები სწავლების პროცესის გააზრება მასწავლებლის პოზიციიდან
სკოლა თანამშრომლობის კულტურა, საერთო STEAM ხედვა თანატოლური სწავლების მექანიზმის ჩამოყალიბება

 

პროექტის გაფართოება და გაზიარება

იტალიურ სკოლაში ამ პროექტის წარმატებამ აჩვენა, რომ ეს მოდელი მარტივად ადაპტირებადია სხვა სკოლებისთვისაც.
მისი ძირითადი ღირებულება იმაში მდგომარეობს, რომ სწავლება ხდება სოციალური ურთიერთქმედების გზით, სადაც ცოდნა გადადის ერთი მოსწავლიდან მეორეზე, ხოლო მასწავლებელი ხდება პროცესის ორგანიზატორი და დამკვირვებელი.

რეკომენდაციები სხვა სკოლებისთვის

  1. დაიწყეთ მცირე ფორმატით — ერთი დღით ან ერთი თემით (მაგ., პროგრამირება, ფიზიკური ექსპერიმენტი, ან ხელოვნების პროექტი).
  2. შეარჩიეთ მოტივირებული უფროსკლასელები და მოამზადეთ როგორც მენტორები (მოკლე ტრენინგი საკმარისია).
  3. უზრუნველყავით რესურსები (mBot, Scratch, Lego WeDo ან სხვა მარტივი ინსტრუმენტები).
  4. ჩაატარეთ ერთობლივი სესია მცირე ჯგუფებში, სადაც უფროსები ასწავლიან უმცროსებს.
  5. სესიის ბოლოს ჩაატარეთ რეფლექსია — რა ისწავლეს, რა გამოწვევები ჰქონდათ, რა გააუმჯობესებდნენ შემდეგ ჯერზე.
  6. მოამზადეთ ვიზუალური ან წერილობითი ანგარიში და გააზიარეთ სხვა სკოლებთან ან პედაგოგიურ საზოგადოებაში.

პროექტი „მოსწავლეები მოსწავლეებისთვის“ ნათლად აჩვენებს, რომ სწავლების ყველაზე ეფექტური ფორმაა სწავლა სხვებისთვის. როდესაც მოსწავლე ასწავლის, ის თავადაც ღრმად სწავლობს, პასუხისმგებლობას იღებს და საკუთარი ცოდნა გარდაქმნის გამოცდილებად.

პროექტის შემდეგი ეტაპები მოიცავს ახალი თემების — მეცნიერება, ინჟინერია, დიზაინი და ხელოვნება — ინტეგრაციას და წლიური სასკოლო კონფერენციის გამართვას, სადაც მენტორ-მოსწავლეები თავიანთ პრაქტიკებს გააზიარებენ.

 

წიგნი VS ეკრანი

0

თანამედროვე სამყაროს გამოწვევა

თანამედროვე სამყარომ, ტექნოლოგიურმა გამოწვევებმა, საოცრად განვითარებულმა სოციალურმა ქსელებმა – ბავშვები, მშობლები და მასწავლებლები სერიოზული საფრთხისა და გამოწვევების წინაშე დააყენა.

ალბათ გეცნობათ ასეთი სიტუაცია, როდესაც მაგიდაზე უამრავი ლამაზი, ილუსტრირებული წიგნი აწყვია და იქვე დევს მობილური, პლანშეტი – წიგნი ბავშვის ყურადღების მიღმა რჩება, ხოლო არჩევანი გაჯეტებზე კეთდება. თითქოს დაწყებულ რბოლაში, კონკურსში – წიგნი აგებს. ამის გააზრება კი საშინლად სევდიანია.

მოკლე ვიდეოები, ხმამაღალი მუსიკა, მოკლე ტექსტები – წუთში ათი ფირის ნახვა, ასქროლვა, საშინლად გადატვირთული და მრავალფეროვანი სოციალური ქსელები ნელ-ნელა იპყრობენ ბავშვების გულსა და გონებას, ყურადღებასა და კონცენტრაციას, მაშინ, როცა წიგნების კითხვას დრო, ჩაფიქრება, ყურადღება სჭირდება.

სინამდვილეში არაფერი შეცვლილა, ადამიანს ისევ უყვარს ამბები – ოღონდ მათი მიღების მარტივი და იოლი გზა ურჩევნია.

ბავშვებზე ვსაუბრობთ, თუმცა ამ რისკის ქვეშ მოზრდილებიც არიან, ინტერნეტდამოკიდებულება ყველა ასაკისა და ყველა ინტერესის მქონე ადამიანს მოიცავს.

ჰოდა, რა უნდა გავაკეთოთ ამ დროს მასწავლებელმა და მშობელმა? როგორ უნდა დავაბრუნოთ ბავშვები წიგნებთან? ამ უთანასწორო ბრძოლაში როგორ გავამარჯვებინოთ წიგნებს?

ელექტრონული – წიგნები

მოდით, ცოტა ვიეშმაკოთ და გაჯეტები ვაქციოთ წიგნებად, მაგალითად, ელექტრონული წიგნების მოწყობილობები, როგორიცაა ასე პოპულარული ქინდლი. ქინდლი მშვენიერი საჩუქარიცაა, მასში შეგიძლიათ ათასობით წიგნი ჩატვირთოთ, თან მოზარდს ექნება განცდა, რომ გაჯეტთან ატარებს დროს, თუმცა ამ დროს წიგნებსა და ტექსტებს შევაპარებთ.

პიკნიკი წიგნებით

ძალიან კარგი აქტივობაა „პიკნიკი წიგნებით“ – ბავშვები წრეზე სხდებიან, გარშემო ბევრი ბალიში და მუსიკაა დაბალ ხმაზე, წყნარი, მშვიდი ჰანგები.

https://www.youtube.com/watch?v=mIYzp5rcTvU&t=853s

თითოეული ბავშვი ისე კითხულობს, როგორც სურს: ხმამაღლა ან ჩუმად. ან დააგემოვნონ „წინადადებები“ და ის წინადადებები წაიკითხონ, რომლებიც მოეწონებათ და გაზიარება მოუნდებათ.

წიგნების გალერეა

ბავშვებს ძალიან უყვართ, როდესაც არჩევანს აკეთებინებენ. შეგვიძლია კლასში მოვაწყოთ „წიგნების გალერეა“ – გამოვფინოთ სხვადასხვა წიგნი, ბავშვებმა დაათვალიერონ და თავად შეარჩიონ სასურველი. თითოეულს სასურველია, ჰქონდეს აღწერა, არჩეული წიგნი მოსწავლემ უნდა წაიკითხოს.

წიგნი – თამაში

შეიძლება წიგნით ვითამაშოთ კიდეც. ავიღოთ ისეთი ამბავი, რომელიც ნაწილებადაა დაყოფილი, ხოლო თითოეული ნაწილის შემდეგ მოსწავლემ უნდა აღმოაჩინოს პასუხი კითხვაზე, სადაც დაფარული იქნება შემდეგი ნაწილის შინაარსი ან პერსონაჟის საიდუმლო. შეგვიძლია გამოვიყენოთ QR კოდები, ან პატარა ვიდეოები, სადაც მასწავლებელი იძლევა მინიშნებებს.

შევქმნათ წიგნის „ტრეილერი“

ბავშვი წიგნის „ტრეილერს“ ქმნის, არეკლამებენ წიგნს, როგორც ფილმს. არჩევენ სცენარს, მუსიკას, ვიზუალურ ეფექტებს – ამასობაში კი უღრმავდებიან შინაარსს.

დისკუსია, ფიქრი

ბავშვები იყოფიან ორ ჯგუფად, მოეწყობა დისკუსია წიგნებისა და ეკრანის თემაზე. ბავშვების ერთი ნაწილი ამტკიცებს რომ გაჯეტები ინფორმირებულებს გვხდიან, მეორე ნაწილი კი ამტკიცებს, რომ წიგნები ადამიანებად გვაყალიბებენ. დისკუსიის მიზანი გამარჯვება არ არის, მთავარია, რომ ბავშვმა აღმოაჩინოს, რომ: ეკრანი სწრაფ ინფორმაციას იძლევა, წიგნი კი ღრმასა და საფუძვლიანს.

პოსტი წიგნებზე

საკლასო ოთახში ვაკრავთ დიდ ფორმატს, რომელიც ისეა გაფორმებული, თითქოს ფეისბუქის გვერდი იყოს. ბავშვებმა უნდა დაწერონ თითო პოსტი წიგნის შესახებ, პერსონაჟების შესახებ – თითქოს წიგნის ამბავი რეალური ცხოვრებაა და თავადაც იქ არიან, ან შეარჩიონ პერსონაჟი, მოირგონ მათი როლი და ამ პერსონაჟის პერსპექტივიდან დაწერონ: მაგალითად: ვგრძნობ სევდას, რადგან დღესაც ვერ ვნახე მზე. კარგი იქნება თუ გააფორმებენ „ემოჯებითა“ და სოციალური ქსელისთვის დამახასიათებელი სიმბოლიკით.

წიგნის მიმართ პოზიტიური დამოკიდებულების ჩამოყალიბების პროცესში სასურველია მშობელიც ჩაერთოს.

რა უნდა გააკეთოს მშობელმა?

ერთობლივი კითხვა ძილის წინ

არ კითხულობს მხოლოდ ბავშვი, არამედ კითხულობენ მშობელი და ბავშვი, რაც ძალიან სასიამოვნოა და თან ურთიერთობებსა და ემოციურ კავშირებს ამტკიცებს.

 მშობელი როგორც მკითხველიმაგალითი

ბავშვი ვერ შეიყვარებს წიგნს, თუ სახლში არ ხედავს მკითხველ ზრდასრულს.
მშობელმა უნდა დაინახოს, რომ წიგნი არ არის მხოლოდ ბავშვის ნივთი, არამედ ოჯახის კულტურული ტრადიციაა.

 წიგნის თარო, რომელიც ბავშვთან ერთად იზრდება

ბავშვს ჰქონდეს თავისი კუთხე — თარო, ყუთი ან კალათა წიგნებისთვის, სადაც თვითონ ჩადებს იმას, რაც მოსწონს.

პატარა ბავშვისთვის — ილუსტრაციები; უფროსისთვის — ამბები, რომელშიც საკუთარ თავს აღმოაჩენს.

კითხვა ყოველდღიურობაში

კითხვა არ უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ წიგნით. წაიკითხეთ ერთად: ქუჩის ნიშნები, პროდუქტის შეფუთვები, მენიუები.

ბავშვი სწავლობს რომ კითხვა სამყაროსთან ურთიერთობის ბუნებრივი ფორმაა.

საუბარი წაკითხულზე, არა გამოკითხვა

არასდროს ჰკითხო: გაიგე? დაგამახსოვრდა? სჯობს შეეკითხო: რომელი გმირი მოგეწონა? შენ რას გააკეთებდი მის ადგილას?

 ეკრანის ნაცვლადემოციური სიახლოვე

როცა ბავშვი ტელეფონთანაა, ნუ ეტყვით პირდაპირ:
„ჯერ წიგნი წაიკითხე და მერე ტელეფონი“ — ეს ბრძანებაა და არა დაინტერესება.
სჯობს უთხრათ: „გინდა, დღეს მე აგირჩიო ამბავი?“ და მიუჯდე.
ეკრანს კონკურენციას ვერ გაუწევს აკრძალვა, მაგრამ შეუძლია ემოციურმა სიახლოვემ ნამდვილად ჩაანაცვლოს.

ეკრანის პარალელური სამყარო

ბავშვმა რაც მოისმინა ან ნახა ვიდეოში, ერთად მოძებნეთ მსგავსი თემატური წიგნი.
მაგალითად, უყვარს დინოზავრები ან კოსმოსი — აჩვენე ილუსტრირებული ენციკლოპედია ან მოთხრობა ამავე თემაზე.

ეს ქმნის ხიდს რეალობის ორ ფორმას შორის.

 საღამოს სინათლე

დააწესე ოჯახური რიტუალი — ძილის წინ 15 წუთი წიგნისთვის, როცა ტელეფონები სხვა ოთახში იტენება.

შეგიძლიათ წაიკითხოთ ერთად და ხმამაღლა იცინოთ ტექსტის რომელიმე ეპიზოდზე.

ბავშვმა უნდა იგრძნოს: ეს არ არის წიგნის დრო — ეს არის ჩვენი დრო.

რამდენი წიგნი წავიკითხე?

გააკეთეთ პატარა პლაკატი და ყოველ თვეს მონიშნეთ, ვინ რა წაიკითხა.
ბავშვი ამაყობს, როცა ხედავს საკუთარ პროგრესს და ოჯახის აღიარებას.
ეკრანი იძლევა მყისიერ ჯილდოს, წიგნი კი — ნელ ბედნიერებას. მაგრამ თუ ამ ბედნიერებას აღიარებენ, ის ძლიერდება.

საბოლოოდ ყველაფერი ხომ ჩვენს ხელთაა, ნუ დავიზარებთ, ნუ დაგვენანება დრო, შედეგი კი ჩვენს ძალისხმევად ნამდვილად ღირს.

რამდენად სწორად ვიყენებთ ციფრულ რესურსებს

0

სტატიის მიზანია დაეხმაროს მასწავლებლებს თვითრეფლექსიაში  რათა  პრაქტიკული გზით შეფასდეს  მასწავლებლის  საქმიანობა ციფრული რესურსების გამოყენების მიმართულებით.   მასალა ეფუძნება თანამედროვე საგანმანათლებლო ჩარჩოებს — TPACK (Mishra & Koehler, 2006) და DigCompEdu (European Commission, 2017), რომლებიც ხაზს უსვამენ შინაარსობრივი, პედაგოგიური და ტექნოლოგიური კომპეტენციების ინტეგრაციას.

ციფრული რესურსების ინტეგრირება აღარ არის დამატებითი უნარი, არამედ აუცილებელი კომპონენტია თანამედროვე სწავლების პროცესში. თუმცა ტექნოლოგიის გამოყენება თავისთავად არ ნიშნავს ხარისხიან სწავლას. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, ვინ იყენებს, რისთვის და როგორ. ამიტომ მასწავლებელმა პერიოდულად უნდა დაუსვას საკუთარ თავს კითხვა: „რამდენად მიზნობრივად ვიყენებ ციფრულ რესურსებს?“

სამი განზომილება: შინაარსი, პედაგოგიკა, ტექნოლოგია

TPACK მოდელის მიხედვით, ეფექტიანი გამოყენება გულისხმობს სამ კომპონენტს:

  • შინაარსობრივი ცოდნა (CK) — ვფლობ თუ არა კარგად თემას, რომელსაც ვასწავლი?
  • პედაგოგიური ცოდნა (PK) — ვირჩევ თუ არა სწავლის აქტიურ მეთოდებს?
  • ტექნოლოგიური ცოდნა (TK) — ვიცნობ თუ არა შესაბამის ციფრულ პლატფორმებს, რომლებსაც მოსწავლეთა ჩართულობა შეუძლიათ გაზარდონ?

სამივე კომპონენტის შერწყმა ქმნის მასწავლებლის პროფესიული კომპეტენციის მაღალ დონეს — TPACK.

 თვითშეფასების ცხრილი

კომპონენტი თვითშეფასების კითხვა შეფასება (1–4) დამადასტურებელი მაგალითი
CK რამდენად კარგად   ვიცნობ  თემას, რომელსაც ციფრულად ვასწავლი?
PK ვიყენებ თუ არა ციფრულ რესურსებს აქტიური სწავლების მეთოდების მხარდასაჭერად?
TK რამდენად მიზნობრივად ვარჩევ ციფრულ ინსტრუმენტს კონკრეტული მიზნისთვის?
PCK შინაარსი და აქტივობები  შეესაბამება ერთმანეთს?
TPK ტექნოლოგია ამარტივებს თუ ართულებს პროცესს?
TPACK სამივე კომპონენტი მუშაობს ერთიანად?

 

პრაქტიკული მაგალითები

  • Kahoot — სასწავლო ერთეულის დასასრულს მოსწავლეთა ცოდნის გადამოწმება ინტერაქტიული ტესტით.
  • Padlet — საგნობრივ თემაზე  კოლაბორაციული   კოგნიტური  რუკის შექმნა.
  • Canva — საშინაო დავალების ალტერნატიული ფორმა — პოსტერის ან ინფოგრაფიკის დიზაინი.
  • Quizizz — დიფერენცირებული დავალებები სხვადასხვა სირთულის დონის მიხედვით.

ყველაზე ხშირი შეცდომები

  1. ტექნოლოგიის გამოყენება ფორმისთვის: როდესაც რესურსი ემსახურება მხოლოდ ვიზუალურ ეფექტს და არა მიზნობრივ სწავლას.
  2. დაუგეგმავი აქტივობა: ტექნოლოგია აირჩევა სპონტანურად და არა სასწავლო მიზნიდან გამომდინარე.
  3. ციფრული გადატვირთვა: ერთ გაკვეთილზე ზედმეტად ბევრი ციფრული პლატფორმა ხელს უშლის კონცენტრაციას.
  4. უკუკავშირის ნაკლებობა: მასწავლებელი არ იყენებს პლატფორმის ანალიტიკურ მონაცემებს მოსწავლეთა პროგრესის გასაანალიზებლად.

 ეფექტური გამოყენების პრინციპები

  • მიზნობრიობა: ციფრული რესურსი უნდა ემსახურებოდეს კონკრეტულ სასწავლო მიზანს.
  • მარტივობა: ერთი ინსტრუმენტი სჯობს სამ ზედმეტად რთულს.
  • ინტეგრაცია: ტექნოლოგია უნდა შეერწყას შინაარსსა და მეთოდს.
  • უკუკავშირი: გამოიყენეთ პლატფორმის შედეგები სწავლების გასაუმჯობესებლად.
  • რეფლექსია: ყოველი გაკვეთილის შემდეგ ჩაწერეთ, რა იმუშავა და რა არა.

მოსწავლის პერსპექტივა

ციფრული რესურსის ეფექტურობა იზომება არა ტექნიკური ელფერით, არამედ მოსწავლის ჩართულობით, მოტივაციით და შემოქმედებითი აქტივობით, რომლის დროსაც მოსწავლე ქმნის ახალ ცოდნას, პროდუქტს.  ამიტომ მასწავლებელი  უნდა დააკვირდეს: მოსწავლე ხდება თუ არა შემოქმედი, დამკვირვებელი თუ პასიური მიმღები.

ციფრული პედაგოგიკა არ არის მიზანი თავისთავად — ის არის გზა მოსწავლის განვითარებისკენ. წარმატებული ციფრული პრაქტიკა იქმნება მაშინ, როცა მასწავლებელი განიხილავს ტექნოლოგიას როგორც შემოქმედებით შესაძლებლობას და არა როგორც სავალდებულო ატრიბუტს.

ცხრილი – ციფრული რესურსების გამოყენების საგნობრივი მაგალითები

საგანი სასწავლო მიზანი გამოყენებული ციფრული რესურსი პედაგოგიური შედეგი / ეფექტი
ქართული ენა და ლიტერატურა მოსწავლემ გამოავლინოს ტექსტის გაგების და ინტერპრეტაციის უნარი Padlet – მოსწავლეები ქმნიან „ემოციურ კედელს“, სადაც წერენ თავიანთ აზრს ტექსტის პერსონაჟებზე; Wordwall – სინონიმებისა და ანტონიმების თამაშები ტექსტის გააზრება ხდება მრავალმხრივი და ემოციური; იზრდება ლექსიკური აქტივობა
მათემატიკა ფრაქციების და პროპორციის გაგება ვიზუალური მოდელებით GeoGebra, LearningApps ვიზუალური წარმოდგენა აძლიერებს აბსტრაქტული ცნებების გაგებას; მოსწავლეები თავად ქმნიან მოდელებს
ბუნებისმეტყველება (ბიოლოგია) ადამიანის ორგანოთა სისტემების ცოდნა და მათი ურთიერთკავშირი EdPuzzle – ვიდეოს ჩაშენებული კითხვებით; Canva – ორგანოთა ინფოგრაფიკის შექმნა ვიდეოს ანალიზი ზრდის მოტივაციას, Canva-ს გამოყენება ავითარებს ვიზუალურ აზროვნებას
ისტორია ისტორიული მოვლენის ქრონოლოგიის აღდგენა TimeToast – ქრონოლოგიური ზოლის შექმნა; Google Earth – ისტორიული ადგილების ციფრული ტური სივრცული აზროვნება და დროითი მიმდევრობის  ცოდნა-გააზრება ხდება ინტერაქტიურად
უცხო ენა (იტალიური, ინგლისური) ახალი სიტყვების გამოყენება კომუნიკაციურ კონტექსტში Quizizz, LyricsTraining – სიმღერით ან თამაშით სიტყვების შესწავლა აუდიოვიზუალური სწავლა ამაღლებს ინტერესს და ეხმარება მოსწავლეს დამახსოვრებაში
ხელოვნება / მუსიკა ფერის, ფორმის და ემოციის გადმოცემა ციფრულად Canva, Sketchpad, Chrome Music Lab მოსწავლეები ქმნიან ციფრულ ნახატებსა და მუსიკალურ ფრაგმენტებს; იზრდება შემოქმედებითი თვითგამოხატვა
მოქალაქეობისა და საზოგადოებრივი განათლება მოსწავლემ გაიაზროს სოციალური პასუხისმგებლობა Genially, Mentimeter – მოსწავლეები ქმნიან ინტერაქტიურ პრეზენტაციებს თემაზე „მე და  საზოგადოება“ ციფრული პრეზენტაციები ზრდის აქტიურ მონაწილეობას და კრიტიკულ აზროვნებას
გეოგრაფია ბუნებრივი ზონების იდენტიფიცირება და შედარება Google Maps, ThingLink ინტერაქტიული რუკებით მოსწავლეები სწავლობენ; ხდება ცოდნის პრაქტიკული  გააზრება
ინფორმაციული ტექნოლოგიები მონაცემთა დამუშავება და ვიზუალიზაცია Excel, Datawrapper, Scratch ვითარდება მონაცემთა ანალიზის და ალგორითმული აზროვნების უნარები

ცხრილი ეხმარება მასწავლებლებს გააცნობიერონ:

  • როდის ემსახურება ტექნოლოგია მიზანს, და როდის უბრალოდ დეკორატიულია;
  • როგორ შეიძლება ერთი და იგივე პლატფორმა (მაგალითად Canva ან Padlet) განსხვავებულად იქნას გამოყენებული სხვადასხვა საგანში;
  • როგორ შეიძლება მოსწავლე გახდეს შემოქმედი და არა მხოლოდ მომხმარებელი.

ლიტერატურა

  1. European Commission. (2017). European Framework for the Digital Competence of Educators (DigCompEdu). Publications Office of the European Union.
  2. Mishra, P., & Koehler, M. J. (2006). Technological Pedagogical Content Knowledge: A Framework for Teacher Knowledge. Teachers College Record, 108(6), 1017–1054.
  3. (2023). Guidelines for AI and digital pedagogy in education. UNESCO Publishing.
  4. Fullan, M., & Langworthy, M. (2014). A Rich Seam: How New Pedagogies Find Deep Learning.
  5. Reichert, T., & Zeller, M. (2021). Digital Competence and Reflective Practice in Teacher Education. European Journal of Education Research, 63(2), 158–176.

 

შავი პარასკევი

0

მახსოვს, 2016 წლის შავ პარასკევს სტამბოლში ვიყავი და ტაქსიმზე ვსეირნობდი. უბრალოდ ასე დაემთხვა, თორემ არცერთ მაღაზიაში არ შევსულვარ, რაღაც ნამეტანი მჩატე ჯიბეებით მომიწია წასვლა. ჩემი ყურადღება ხმაურმა და ყვირილმა მიიპყრო. ტრადიციულ მუსლიმანურ სამოსში (აქ თავსაბურავებს ვგულისხმობ) გამოწყობილი ქალბატონები ხმამაღლა გამოხატავდნენ აღშფოთებას – რას ჰგავს ეს, რომ ჩვენი რელიგიით გამორჩეულ პარასკევს, შავად იხსენიებთო.

აღარ გავჩერებულვარ და არც ვიცი, აუხსნეს თუ არა, რომ ეს უბრალოდ ამერიკიდან შემოსული მარკეტინგული ხრიკი იყო.

შავი პარასკევი ამერიკული ტრადიციაა, რომელიც შემდეგ სხვა ქვეყნებშიც გავრცელდა. ზოგიერთ ქვეყანაში, სადაც შავი პარასკევია, მადლიერების დღეს არც კი აღნიშნავენ. თუმცა კალენდარულად ის სწორედ მადლიერების დღეს უკავშირდება. მადლიერების დღე, ამერიკის გარდა, კიდევ კანადაში და ირლანდიაშიც აქვთ. ჰოდა, შავი პარასკევი მადლიერების ხუთშაბათს მოსდევს.

საერთოდ, კათოლიკეები რაღაც დღეებში ღმერთს განსაკუთრებულ მადლობას სწირავდნენ ხოლმე და ეს განსაკუთრებული გულმოდგინებით კეთდებოდა. ტრადიცია მე-11 საუკუნიდან იღებს სათავეს. განსაკუთრებით ბებერ ინგლისში პურიტანები გამოირჩეოდნენ მადლობით – შავი ჭირი დასრულდებოდა და სამადლობელ ლოცვებს ამბობდნენ; გვალვა გადავიდოდა და კვლავ მადლობას იხდიდნენ და ა.შ. ჰოდა, როდესაც პურიტანები ხომალდ „მეილფლაუერით“ ოკეანის გაღმა გადავიდნენ, ახალ მიწაზე ზამთარი დიდი გაჭირვებით გადაიტანეს. ამიტომ, შემდგომ წელს, კარგი მოსავლის აღებისთანავე, სამადლობელი ლოცვები აღავლინეს. წერენ, ლოცვებთან ერთად, სამდღიანი ლხინი მოაწყვეს და ადგილობრივი ინდიელებიც დაპატიჟესო. ეს ახალ კონტინენტზე ჩატარებული პირველი მადლიერების დღე გახლდათ.

J.A. Brownscombe: The First Thanksgiving at Plymouth, 1914

სურათი აღებულია შემდეგი გვერდიდან: https://growthrocks.com/blog/black-friday-history-facts/

 

ასე წერენ… არადა, ისტორიკოსები ეჭვის ქვეშ აყენებენ – იმ პირველი მადლიერების დღის ლხინზე ინდიელები საერთოდ იყვნენ თუ არაო. თუ – კი, ალბათ იმიტომ, რომ სროლის ხმა გაიგონეს და ცნობისმოყვარეობის გამო მივიდნენ, რა ხდებაო. თუმცა, ეტყობა რაღაც სუფრა მაინც გაიშალა და მას შემდეგ (1621 წლიდან) ეს დღესასწაული ამერიკაში ყოველწლიურად იმართება. მაგიდის გარშემო მოკალათებული ოჯახის წევრები და მეგობრები ამბობენ, რის გამო არიან გასული წლის მადლობლები. ჯორჯ ვაშინგტონმა 1789 წელს ეს დღე სახელმწიფო დღესასწაულად აქცია. მას აღნიშნავენ ყოველთვის ხუთშაბათობით და შემდეგ ორშაბათამდე ისვენებენ. თუმცა, ეს დასვენება ვაჭრობის თანამშრომლებს არ ეხება, რადგან მომდევნო დღე –

„შავი პარასკევია“….

მეოცე საუკუნის დასაწყისში ნიუ-იორკის დიდმა უნივერსამებმა მადლიერების დღეს სარეკლამო აღლუმები წამოიწყეს, შედეგად კი მეორე დღეს, ანუ პარასკევს ხალხის დიდი ნაკადი მიიჩქაროდა ხოლმე მისკენ. ჰოდა, პარასკევის ფასდაკლების იდეაც ნელ-ნელა დამკვიდრდა.

თავად ტერმინი „შავი“ სამოციან წლებს ეკუთვნის. ჰყვებიან, რომ „შავი პარასკევი“ ჯერ კიდევ მე-17 საუკუნიდან მოდის, როდესაც პარასკევობით მონებს ფასდაკლებით ყიდდნენ. ხვნა-თესვის სეზონი სრულდებოდა და ზედმეტ მონებს პლანტატორები თავიდან იცილებდნენ. თუმცა ეს ვერსია არ ჰგავს სიმართლეს.

კიდევ ამბობენ, ამ დღეს ხალხი ავადმყოფობას იგონებდაო და სამსახურის ნაცვლად მაღაზიებში დარბოდაო. ჰოდა, მათმა დამქირავებლებმა ამ დღეს „შავი“ დაარქვესო.

ესეც გამოგონილია.

სინამდვილეში, ტერმინი „შავი პარასკევი“ ფილადელფიელი პოლიციელებიდან იღებს სათავეს. სამოციანი წლები ფილადელფიაში, მადლიერების დღის მეორე დღეს ფლოტისა და ჯარის გუნდებს შორის ფეხბურთში მეგობრული მატჩი ტარდებოდა. მოდიოდა ბევრი გულშემატკივარი. ამიტომ, ფილადელფიის ქუჩებში საოცრება ხდებოდა. ხალხის ერთი ნაწილი ფეხბურთზე გარბოდა, მეორე – მაღაზიებში. იყო კინკლაობა, ჩხუბი. პოლიციამ პარასკევსაც შავი უწოდა და მომდევნო შაბათიც შავიაო, დაასკვნა. მოგვიანებით იყო სახელების შეცვლის მცდელობა – დიდი პარასკევი და დიდი შაბათი. ოღონდ, ხალხში ვერ დამკვიდრდა და ყველაფერი ისევ „შავად“ დარჩა.

სურათი აღებულია შემდეგი გვერდიდან: https://growthrocks.com/blog/black-friday-history-facts/

სურათი აღებულია შემდეგი გვერდიდან: https://www.businessinsider.com/scary-black-friday-photos-2018-11

ოთხმოციან წლებში კიდევ ახალი ტრადიცია გამოჩნდა და ზოგიერთი მაღაზია ღამის 12 საათიდან იწყებდა გაყიდვებს. გადარეული ხალხიც ღამე ძილის ნაცვლად ყუთებით და პაკეტებით აქეთ-იქეთ დარბოდა.

ამ წერილში აქეთ-იქეთ არ ვირბენთ, არც ღამე ჩავატარებთ ცდებს. უბრალოდ, ისეთ რეაქციებს გავიხსენებთ,

სადაც…

დიახ, მართალი ბრძანდებით, სადაც შავი ფერის პროდუქტს მივიღებთ. შავი პარასკევის წინა ორშაბათ-ხუთშაბათის გაკვეთილებზე ჩასატარებლად გამოდგება.

 

  1. სპილენძის (II) ჰიდროქსიდის თერმული დაშლით შავი ფერის სპილენძის (II) ოქსიდი მიიღება.

2Cu(OH)2  →  CuO(შავი)+H2O;

  1. მანგანუმ (IV) ოქსიდის წარმოქმნა კალიუმის პერმანგანატის დაშლით;

2KMnO4  →  K2MnO4(მწვანე)+MnO2(შავი)+O2

  1. რკინის სულფიდის წარმოქმნა

FeSO4​+Na2​S​⟶FeS (შავი)+Na2​SO4

  1. ტყვიის დიოქსიდისგან შავი ფერის ტყვია წარმოიქმნება, თუმცა, ეს რეაქციები ჩასატარებლად სახიფათოა და მოვერიდოთ:

PbO2​+2H2​⟶Pb (შავი)+2H2​O

2PbO2​+C=​2Pb (შავი)+CO2

 

  1. შავი ფერის მანგანუმის დიოქსიდი ასევე შეგვიძლია კატალიზატორადაც გამოვიყენოთ და წყალბადის პეროქსიდი დავაშლევინოთ.

ამ რეაქციას ქიმიკოსები ხუმრობით უწოდებენ – „ჯინი ბოთლში“, რადგან კოლბიდან ჟანგბადი ჯინივით ამოვარდება ხოლმე. ჩატარებისას ფანჯარასთან ახლოს დაიჭირეთ კოლბა, რადგან მანგანუმის დიოქსიდი თავის სურნელს აფრქვევს. თუმცა, ეს სწორედაც, რომ ხუთშაბათს ჩასატარებელი ექსპერიმენტია, რადგან კოლბიდან ამოსულ ჯინს, მეორე დღის „შავი პარასკევის“ კარგი ფასდაკლება შეგიძლიათ სთხოვოთ.

 

 

 

კლიმატური წიგნიერების გაკვეთილები

0

კლიმატის ცვლილება ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და კომპლექსური  გლობალური გამოწვევაა, რომელიც გავლენას ახდენს ბუნებრივ სისტემებზე, ეკონომიკაზე, ადამინების ჯანმრთელობასა და სოციალურ სტაბილურობაზე. კლიმატის ცვლილების შედეგები ვლინდება ყველგან — წყალდიდობებიდან და გვალვებიდან დაწყებული, ეკოსისტემების დაკარგვითა და ენერგეტიკული კრიზისებით დამთავრებული. სწორედ ამიტომ, სკოლა უნდა იქცეს იმ ადგილად, სადაც ბავშვები სწავლობენ არა მხოლოდ ფაქტებს, არამედ პასუხისმგებლობასაც –  როგორ იცხოვრონ მდგრადად და გააცნობიერონ საკუთარი ქცევის გავლენა გარემოზე. კლიმატის ცვლილების შესახებ  სწავლება სკოლაში აღარ არის მხოლოდ გეოგრაფიის ან ბუნებისმეტყველების ამოცანა:  ეს არის საგანმანათლებლო პასუხისმგებლობა, რომელიც ყველა პედაგოგის დღის წესრიგში უნდა იდგეს. 

რატომ არის მნიშვნელოვანი კლიმატის ცვლილების სწავლება?

კლიმატის ცვლილების სწავლება მეტად აქტუალური და  მნიშვნელოვანია რამდენიმე მიზეზის გამო:

  1. კლიმატური წიგნიერების განვითარება და ცოდნის საფუძველზე მოქმედება: კლიმატის ცვლილება ისეთი გლობალური საკითხია, რომლის არსის, მიზეზებისა და შედეგების გააზრების გარეშე შეუძლებელია გონივრული გადაწყვეტილებების მიღება, იქნება ეს ენერგიის მოხმარება, ნარჩენების მართვა თუ საკვების არჩევა. განათლება ქმნის ინფორმირებულ მოქალაქეს, რომელიც პასუხისმგებლობით ეპყრობა ბუნებრივ რესურსებს.
  2. მდგრადი განვითარების პრინციპების გაღრმავება: გაეროს №13 მიზანი  – კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლა – უშუალოდ უკავშირდება სხვა მიზნებსაც: სიღარიბის შემცირებას, სუფთა ენერგიას, წყლის რესურსების დაცვასა და მდგრად ეკონომიკას. კლიმატის საკითხების სწავლება მოსწავლეებს აცნობს ამ ურთიერთდამოკიდებულებებს და აყალიბებს სისტემურ აზროვნებას.
  3. ემპათია და პასუხისმგებლობა: კლიმატის ცვლილების შედეგები – ქარიშხლები, გვალვები, ტყის ხანძრები – ხშირად ყველაზე მეტად მოწყვლად ჯგუფებსა და რეგიონებს აზარალებს. ამ თემაზე მუშაობა აძლიერებს მოსწავლის ემპათიასა და სოციალური სამართლიანობის შეგრძნებას.
  4. მომავლის პროფესიული უნარების განვითარება: მწვანე ენერგეტიკა, ეკოტურიზმი, მდგრადი ურბანული დაგეგმარება – ეს სფეროები სწორედ კლიმატის ცვლილების რეაგირების შედეგად ვითარდება. მოსწავლეებმა უნდა იცოდნენ, რომ მათი მომავალი პროფესიაც შეიძლება ამ მიმართულებას უკავშირდებოდეს.

როგორ ვასწავლოთ კლიმატის ცვლილება?

კლიმატის ცვლილების სწავლებს სხვადასხვა სტრატეგიითა და  მეთოდით უნდა მოხდეს.  მათ შორის:

  • ინტეგრირებული მიდგომით: კლიმატის ცვლილება არ არის მხოლოდ ბუნებრივი მეცნიერებების თემა. მას შეიძლება შეეხოს ისტორიის გაკვეთილი (ინდუსტრიული რევოლუცია), გეოგრაფია (ენერგიის წყაროები, ენერგომოხმარება და ენერგფოეფექტურობა), ბიოლოგია (ეკოსისტემების ცვლილება) ან ხელოვნება (ეკო-არტი, პოსტერების შექმნა).  ინტეგრირებული სწავლება აჩვენებს პრობლემის მრავალმხრივობას.
  • გაკვეთილზე კვლევა და დაკვირვება: მოსწავლეებმა თავად უნდა გამოიკვლიონ, რა გავლენას ახდენს კლიმატის ცვლილება მათ გარემოზე. მაგალითად: ადგილობრივი ტემპერატურის ან ნალექების მონაცემების ანალიზი; ფოტომონიტორინგი ბუნებრივი გარემოს ცვლილებაზე; ენერგოეფექტურობის ან ნარჩენების სეპარაცია სკოლის პროექტები.
  • საგნობრივი თამაშები და სიმულაციები: მოდელირება, როგორიცაა „გლობალური კლიმატის მოლაპარაკებები“ ან „ეკოსისტემის ბალანსის თამაში“, დაეხმარება ბავშვებს გაიგონ გადაწყვეტილებების გავლენა რეალურ პროცესებზე.
  • მედიაწიგნიერების ინტეგრაცია: კლიმატის ცვლილების შესახებ უამრავი ინფორმაცია ვრცელდება მედიაში. მოსწავლეებს უნდა ვასწავლოთ, როგორ განასხვაონ სამეცნიერო ფაქტი დეზინფორმაციისგან, როგორ წაიკითხონ მონაცემები და როგორ გააანალიზონ წყაროების სანდოობა.
  • პოზიტიური ქმედებების წახალისება: ბავშვებს სჭირდებათ განცდა, რომ მათი ქცევა მნიშვნელობას ატარებს. მცირე ნაბიჯები – წყლის დაზოგვა, ენერგიის რაციონალური გამოყენება, სკოლის ეზოში ხეების დარგვა – ქმნის ეკოლოგიურად პასუხისმგებელ ქცევის მოდელს.
  • კლიმატის ცვლილების სწავლება ნიშნავს არა მხოლოდ ცოდნის გადაცემას, არამედ მოძრაობის შექმნას განათლებაში. ეს არის გზა უფრო გააზრებული, კრიტიკული და ემპათიური თაობის აღსაზრდელად, რომელიც შეძლებს არა მხოლოდ რეაგირებას, არამედ პრევენციასაც.

ამ პროცესში უმნიშვნელოვანესია მასწავლებლის როლი, რადგან ის არის მეგზური, რომელიც ბავშვებს აჩვენებს, რომ დედამიწის მომავალი მათივე ხელშია.

 

 

 

 

 

 

 

სამეცნიერო ფანტასტიკის გამოყენება ბიოლოგიის სწავლებისას

0

ჩემი მასწავლებლობის პერიოდი ორ ეტაპად იყოფა, დედობამდე და მას შემდეგ. როცა მხოლოდ მასწავლებელი ვიყავი, ბავშვებს განსხვავებულად ვხედავდი, როგორ შეიძლება არ ისწავლოს, როგორ შეიძლება დავალება არ მოიტანოს, რა პრობლემაა დაბალი ნიშნის დაწერა და კიდევ ბევრი. არ ვაკვირდებოდი მათ ემოციებს და ხისტად, საკმაოდ ზედაპირულად ვუყურებდი. ჩემდა საბედნიეროდ, ეს პერიოდი ოციდან მხოლოდ ხუთ წელს მოიცავს, დანარჩენი თხუთმეტი წელია მოსწავლეების თვალებში ვიყურები, მათ ემოციებს ვკითხულობ, რამე ხომ არ სტკივათ, უჭირთ, რატომაა მოწყენილი, რა შევთავაზო ისეთი ორიგინალური, განსხვავებული, რომ ინტერესი არ დაკარგონ, ან უარეს შემთხვევაში ინტერესი გაუჩნდეთ. ახლა უკვე ვიცი ძირითადად რა მუსიკას უსმენენ, რა ფილმებს უყურებენ, რას კითხულობენ. ბევრჯერ ისეთ ფილმებს ვუყურებ, როგორსაც ბავშვობის პერიოდშიც ვერ გავუძლებდი. მით უფრო, როცა მეცნიერებას ვასწავლი, ფანტასტიკის სიუჟეტი ძნელი აღსაქმელია და გასათავისებელი, თუმცა იმისთვის, რომ ყოველთვის „საინტერესო“ მასწავლებლად დავრჩე, ყველაფერს ვძლევ. ჩემი შვილებისა და მოსწავლეების საყვარელ ფილმებსაც ისე ვუყურებ, რომ გაკვეთილზე პარალელის გავლება მაინც შევძლო, დეტალურ ახსნას და სიუჟეტში ჩაძრომას თუ ვერ მოვახერხებ. დღევანდელი სტატია სწორედ თანამედროვე ახალგაზრდებისთვის საინტერესო ფილმებზე დაფუძნებულ ბიოლოგიის გაკვეთილებს ან არაფორმალურ აქტივობებს ეხება. ოთხ ფილმს განვიხილავ ბიოლოგიასთან კავშირში. ესენია: „ავატარი“, „რკინის კაცი“, „ენთ-მენი და კრაზანა“ და „ჰარი პოტერი“.

ნაწილი 1: თანამედროვე კონო ხშირად იყენებს ბიოლოგიურ კონცეფციებს, რათა შექმნას დამაჯერებელი, თუმცა ფანტასტიკური სამყარო. ფილმები, როგორიცაა ენთმენი და კრაზანა (Ant-Man and the Wasp) და ავატარი (Avatar), შესანიშნავი ინსტრუმენტია იმის საჩვენებლად, თუ როგორ მიმდინარეობს ევოლუცია და ადაპტაცია სხვადასხვა მასშტაბით განსხვავებულ გარემოში. „ენთ-მენი და კრაზანა“ ფოკუსირებულია სკოტ ლენგსა და ჰოუფ ვან დაინზე, მათ შეუძლიათ შეცვალონ საკუთარი ზომა. ფილმის მთავარი ბიოლოგიური შინაარსი ზომასთან დაკავშირებული ადაპტაციაა. ასევე მნიშვნელოვანია ეკოსისტემის მდგრადობის გააზრება, თუნდაც ის „კვანტური სამყარო“ იყოს.

ბიოლოგიური კონცეფცია მაგალითი ფილმიდან კონცეფციის ბიოლოგიური ახსნა
ზედაპირის ფართობისა და მოცულობის შეფარდება ენთ-მენი მცირდება ჭიანჭველას ზომამდე. ორგანიზმის ზომის შემცირებისას, მისი ზედაპირის ფართობი მოცულობასთან შედარებით ძალიან იზრდება. ეს პროცესი რეალურ ცხოვრებაში გამოიწვევდა სითბოს ძალიან სწრაფად დაკარგვას და ჟანგბადის არასაკმარის მიღებას. ფილმში გამოყენებული ტექნოლოგია (პიიმის ნაწილაკები) ხელოვნური ადაპტაციის საშუალებას იძლევა, რომელიც ბიოფიზიკის კანონებს უარყოფს.
ინტელექტი და სოციალური ორგანიზაცია ჭიანჭველების გამოყენება ტრანსპორტირებისა და დახმარებისთვის. ჭიანჭველები (Hymenoptera რიგი) ცხოვრობენ სუპერორგანიზმის პრინციპით. მათი ერთობლივი, შეთანხმებული მოქმედება არის ქცევითი ადაპტაცია, რომელიც საშუალებას აძლევს მათ, ინდივიდუალურ შესაძლებლობებზე რთული ამოცანები გადაჭრან. რაც გვიჩვენებს, რომ ევოლუცია მოქმედებს არა მხოლოდ ინდივიდებზე, არამედ სოციალურ სტრუქტურებზეც.
ახალ გარემოსთან ადაპტაცია (კვანტურ სამყაროში) ჯანეტ ვან დაინის გადარჩენა კვანტურ სამყაროში კვანტური სამყარო ექსტრემალური გარემოა. ჯანეტის გადარჩენა კი გულისხმობს მის ადაპტაციას არარეალურ სამყაროსთან. რეალურ სიტუაციაში ექსტრემალურ გარემოში გადარჩენა (ნავთობის ჭაბურღილი, არქტიკის წყლები, ანტარქტიდა) მოითხოვს მილიონობით წლის განმავლობაში ჩამოყალიბებულ ფიზიოლოგიურსა და მორფოლოგიურ ადაპტაციას.

ეკოლოგიურ ადაპტაციასთან დაკავშირებით მრავალი მაგალითის მოყვანა შეიძლება ავატარიდან. ჯეიმზ ქემერონის ფილმი „ავატარი“ გვიჩვენებს პანდორას, უცხოპლანეტურ მთვარეს, რომლის ეკოსისტემა ჩამოყალიბდა ევოლუციის შედეგად.

ბიოლოგიური კონცეფცია მაგალითი ფილმიდან კონცეფციის ახსნა
ეკოსისტემის ურთიერთკავშირი (ჰომეოსტაზე პანდორას ბიოლუმინესცენციური ფლორა და ფაუნა პანდორას ყველა ცოცხალი ორგანიზმი ფიზიკურად არის ერთმანეთთან დაკავშირებული ნერვული კავშირებით (ეივა). ეს ფანტასტიკური ელემენტი იდეალურად ასახავს რეალურ ეკოლოგიურ ცნებას – ჰომეოსტაზს (ბალანსი ეკოსისტემაში). ნებისმიერი სახეობის გადაშენება ან ადაპტაციის გაქრობა, არღვევს მთლიან სისტემას.
კონვერგენტული ევოლუცია ნა’ვი (Na’vi) და პანდორას ცხოველები (მაგ., იკრანი). ნა’ვი ადამიანებს ჰგვანან, ხოლო პანდორას ცხოველები დედამიწის დინოზავრებს ან მწერებს. ეს არის კონვერგენტული ევოლუციის მაგალითი: როდესაც სხვადასხვა, დამოუკიდებელ სახეობებს მსგავსი გარემო პირობების გამო მსგავსი ადაპტაციები უვითარდებათ (მაგ., ფრენისთვის განკუთვნილი ფრთები).
ადაპტაცია და ბუნებრივი გადარჩევა ნა’ვის სიმაღლე, ლურჯი კანი და სენსორული დაბოლოებები ნა’ვის სხეულის თვისებები მათი პლანეტის გარემოსთან ადაპტაციას წარმოადგენს. მაგალითად, მათი სიმაღლე და აღნაგობა, შესაძლოა, უზრუნველყოფდეს გადაადგილების უპირატესობას პანდორას გიგანტურ ტყეებში. მათი სენსორული კავშირები კი მათი ყველაზე მნიშვნელოვანი ევოლუციური უპირატესობაა გადარჩენისთვის.

ორივე ფილმი, მიუხედავად მათი ფანტასტიკური ჟანრისა, საშუალებას გვაძლევს განვიხილოთ და ვუპასუხოთ კითხვებს:

  • როგორ ცვლის გარემო სხეულის ფორმას;
  • როგორ არის ორგანიზმი დამოკიდებული ეკოსისტემაზე;
  • რა მნიშვნელობა აქვს ეკოსისტემის მდგრადობას;
  • რა რისკებს შეიცავს ბუნებრივ გარემოში ჩარევა.

ნაწილი 2: თანამედროვე ახალგაზრდების საყვარელი ფილმია რკინის კაცი („Iron Man”). მასში ბიოინჟინერიისა და სამეცნიერო ტექნოლოგიების შესახებ დიდი ინფორმაციაა მოცემული.

„რკინის კაცის“ ფილმები, განსაკუთრებით ტონი სტარკის მდგომარეობა და მისი ტექნოლოგიები, იძლევა შესანიშნავ შესაძლებლობას, ბიოფიზიკა და ბიოინჟინერია განვიხილოთ ფილმთან კავშირში.

თემა ბიოლოგიიდან მაგალითი ფილმიდან კონცეფციის ახსნა
იმპლანტირებული ხელოვნური ორგანოები რკინის კაცი I: ტონი სტარკს მკერდში აქვს ელექტრომაგნიტი, რომელიც ნამსხვრევებს გულიდან აკავებს. ეს მაგალითი იდეალურია ტრანსპლანტოლოგიისა და ბიომექანიკის შესახებ წარმოდგენის შესაქმნელად.

რა არის ხელოვნური გული/პეისმეიკერი? როგორ უშლის ხელს უცხო სხეული (ნამსხვრევები) ორგანიზმის ფუნქციონირებას?

ტოქსიკოლოგია და დეტოქსიკაცია რკინის კაცი II: ტონი სტარკი იწამლება თავისივე რეაქტორიდან გამოსული პალადიუმით. საინტერესო ანალოგიაა ტოქსიკოლოგიასთან დაკავშირებით.

როგორ ზემოქმედებს მძიმე ლითონები ადამიანის ორგანიზმზე (უჯრედულ დონეზე)? რა არის დეტოქსიკაციის მექანიზმები (ღვიძლის როლი)?

მუტაციები და რეგენერაცია რკინის კაცი III: პერსონაჟები, რომლებმაც მიიღეს ექსტრემის (Extremis) ვირუსი. ეს არის გენეტიკის და ბიოტექნოლოგიის შესახებ ინფორმაციის მიღების საინტერესო გზა. ექსტრემისი არის ჰიპერ-რეგენერაციის მაგალითი. რა არის რეგენერაცია რეალურ ბიოლოგიაში (მაგ., სალამანდრა, ხვლიკის თვით დასახიჩრება)? რა რისკებს შეიცავს გენური თერაპია ან ხელოვნური მუტაციები?

 

  1. ჰარი პოტერი – ფარმაკოლოგია და ცხოველთა სამყარო

„ჰარი პოტერის“ სამყარო, მართალია, მაგიურია, მაგრამ მისი ორი საგანი პირდაპირ კავშირშია ბიოლოგიასთან: ჯადოსნური სასმელები და ჯადოსნური არსებები.

კონტექსტი ბიოლოგიიდან თემა ფილმიდან კონტექსტის ბიოლოგიური ახსნა
ფარმაკოლოგია და ბიოაქტიური ნივთიერებები ჯადოსნური სასმელების მომზადება (Snape-ის გაკვეთილები). ეს იდეურად ასახავს ფარმაკოლოგიის და ეთნობოტანიკის პრინციპებს.

რა არის წამლის დოზირება და ინგრედიენტების თანმიმდევრობა? როგორ მოქმედებს მცენარეული ექსტრაქტები (მაგ., შხამიანი მცენარეები) ადამიანის სხეულზე?

კლასიფიკაცია და ეთოლოგია ჯადოსნური ცხოველების შესწავლა (ნიუტ სკამანდერი და ჰიპოგრიფები). შესანიშნავი მაგალითია ზოოლოგიის, ეთოლოგიის (ცხოველთა ქცევა) და ტაქსონომიის (კლასიფიკაცია) საკითხების მარტივად გააზრებისთვის.

რა პრინციპით ვყოფთ ცხოველებს ჯგუფებად? როგორ იცვლება ცხოველის ქცევა (ეთოლოგია) მის გარემოსთან ურთიერთობისას (მაგ., ბაკბიკის პატივისცემის მოთხოვნა)?

„ჰარი პოტერის“ სამყარო, მართალია, მაგიურია, მაგრამ მისი ორი საგანი პირდაპირ კავშირშია გადამდები დაავადებები და იმუნიტეტი. მაგლების დაავადებები და ჯადოსნური სნეულებები (მაგ., დემენტორების ეფექტი). შეიძლება გამოყენებულ იქნას იმუნოლოგიისა და ეპიდემიოლოგიის თემებისთვის.

როგორ ვრცელდება დაავადებები? რა განსხვავებაა გონებრივ (ფსიქიკურ) და ფიზიკურ ჯანმრთელობას შორის?

 

ნიმუში 1: წარმოდგენილი ფილების წყვილების განხილვისთვის საუკეთესო ფორმაა შედარებითი ანალიზი (Comparative Analysis) ან პროექტზე დაფუძნებული სწავლება (PBL), სადაც თითოეული ჯგუფი თავის თემას იკვლევს და შემდეგ კლასს წარუდგენს.

გთავაზობთ ნიმუშს, სადაც წყვილები ცალ-ცალკე განიხილება და საბოლოოდ ერთი ფართო სამეცნიერო დასკვნით სრულდება მსჯელობა:

სათაური: ,,ფანტასტიკა რეალობაში და ბიოლოგიის საზღვრები“

ჯგუფი 1: ,,ჰარი პოტერი“ და ,,რკინის კაცი“ (ბიოლოგია, მედიცინა, ბიოინჟინერია, ბიოტექნოლოგია)

საკითხი: როგორ მოქმედებს გარე ძალები (აქ იგულისხმება გარემო ფაქტორები) ადამიანის სხეულის აგებულებასა და ფუნქციაზე.

განსახილველი საკითხი კონკრეტული მაგალითები კითხვები ანალიზისთვის პრაქტიკული დავალება
ფარმაკოლოგია და ბიოქიმია ჰარი პოტერი: ჯადოსნური სასმელები (მაგ., პოლიწვენი). არის თუ არა შესაძლებელი ქიმიური ნაერთებით დნმ-ის სწრაფი ცვლილება (სახის შეცვლა)? რა ბიოლოგიური შეზღუდვები არსებობს?

რა არის წამლის დოზა და ტოქსიკურობა? როგორ არის განსაზღვრული ჯადოსნური სასმელების მომზადების თანმიმდევრობა, როგორც ქიმიური რეაქცია?

შეარჩიეთ ერთი ჯადოსნური სასმელი (მაგ., ამორტენცია) და შეადარეთ ის რეალურ ფარმაკოლოგიურ ნაერთს, რომელიც გავლენას ახდენს ნეიროტრანსმიტერებზე.
სამედიცინო ინჟინერია რკინის კაცი: გულმკერდის რკალი რეაქტორი. რა არის კიბორგი? რამდენად რეალისტურია ხელოვნური ორგანოების ენერგიით უზრუნველყოფა? როგორ მოქმედებს უცხო სხეული (რკინა/პალადიუმი) ორგანიზმის იმუნურ სისტემაზე? როგორ მუშაობს პეისმეიკერი ან ხელოვნური გული? რა არის გულის კორონარული არტერიის დაავადება და როგორ „კურნავს“ მას ტონი სტარკი ტექნოლოგიით? მოძებნეთ და წარმოადგინეთ ერთი მაგალითი ბიოინჟინერიის მიღწევა (მაგ., ეგზოჩონჩხი, ხელოვნური კიდური ან იმპლანტი).
ნეირობიოლოგია, მენტალური ჯანმრთელობა ჰარი პოტერი: დემენტორების ეფექტი (დეპრესია). როგორ უკავშირდება ემოციები (ბედნიერება/დეპრესია) ტვინის ქიმიას (ნეიროტრანსმიტერები)? რა არის დეპრესია ბიოლოგიური თვალსაზრისით (სეროტონინის დონე)? როგორ შეიძლება დემენტორების ეფექტი დავუკავშიროთ ამ რეალურ მდგომარეობას? ახსენით, რა არის ნეიროტრანსმიტერები და როგორ მოქმედებენ ისინი ემოციებზე.

 

ჯგუფი 2: „ავატარი“ და „ენთ-მენი და კრაზანა“ – (ბიოლოგია, ფიზიკა, ეკოლოგია)

ეს ჯგუფი აქცენტს გააკეთებს ორგანიზმისა და გარემოს ურთიერთობაზე, მის მნიშვნელობაზე და სხეულის ზომების გარემო პირობებზე დამოკიდებულებაზე.

განსახილველი საკითხი კონკრეტული მაგალითები კითხვები ანალიზისთვის პრაქტიკული დავალება
ეკოსისტემა. ბიო მრავალფეროვნება ავატარი: პანდორას ბიოსფერო, ფლორა და ფაუნა. რა არის ენდემური სახეობა? როგორ შეიძლება გიგანტური მფრინავი არსებები (ბანში) არსებობდნენ ფიზიკის კანონების მიხედვით? როგორ უკავშირდება ერთი სახეობა მეორეს (ეივა და ნავები)? რა განსაზღვრავს ეკოსისტემის ბალანსს (მწარმოებლები, მომხმარებლები, დამშლელები)? რა არის ენდემიზმი და როგორ მოქმედებს ის ევოლუციაზე? შექმენით პანდორას კვებითი ქსელის სქემა და შეადარეთ ის დედამიწის (მაგ., ტროპიკული ტყის) ეკოსისტემას.
სუნთქვასთან დაკავშირებული ადაპტაციები ავატარი: ნავების სხეულის ზომა და სუნთქვის სისტემა. როგორ ახდენს ორგანიზმი ადაპტაციას დაბალი გრავიტაციის ან განსხვავებული ატმოსფერული შემადგენლობის პირობებში? (მაგ. ჟანგბადის კონცენტრაცია). როგორ მოქმედებს გრავიტაცია და ატმოსფერული წნევა ძუძუმწოვრების ზომაზე? როგორ შეიძლება არსებობდნენ გიგანტური ცხოველები პანდორაზე? განიხილეთ არქეოპტერიქსის ან სხვა დიდი მფრინავი ცხოველის ბიომექანიკა და შეადარეთ ის ბანშის ფრენას.
სხეულის ზომებთან დაკავშირებული ადაპტაცია (ალენისა და ბერგმანის წესები) ენთმენი: ზომის შემცირება/გაზრდა, კვანტური სამყარო როგორ მოქმედებს ორგანიზმის ზომის (მასშტაბის) ცვლილება მის ფიზიოლოგიაზე? თუ ადამიანი ბუზივით პატარა გახდება, შეძლებს თუ არა სუნთქვას? როგორ იმოქმედებს ზედაპირის ფართობისა და მოცულობის თანაფარდობა ორგანიზმის მეტაბოლიზმზე? როგორ იცვლება ზედაპირის ფართობი და მოცულობა ორგანიზმის ზომის ცვლილებისას? რატომ არის დიდი ცხოველის კანი სქელი, ხოლო პატარის – თხელი? რატომ იღუპებიან ჭიანჭველები შემცირებისას და რატომ არ შეიძლება ადამიანი იყოს ჭიანჭველას ზომის და მაინც შეინარჩუნოს ადამიანის ძალა?

რესურსები:

  • ფილმების მოკლე ვიდეო კლიპები (თითო 1 წუთი, თემების საილუსტრაციოდ). ინგლისური ტერმინების საძიებო ველში ჩაწერით მოძებნით შესაბამის ვიდეოს.

პოლიწვენის სასმელი (Polyjuice Potion): სხეულის მყისიერი ტრანსფორმაცია. Polyjuice Potion transformation scene Harry Potter potions class

დემენტორების ეფექტი: შიშის, დეპრესიის და სასოწარკვეთილების განცდა. Dementors attack scene Dementor effect on people

რკალი რეაქტორი (Arc Reactor): ტონის გულმკერდში ჩადგმული ხელოვნური ენერგიის წყარო. Iron Man Arc Reactor implant scene Iron Man Arc Reactor power up

Extreme/Extremis ვირუსი: რკინის კაცი 3-დან, თვითრეგენერაციის უნარის დემონსტრირება. Iron Man 3 Extremis virus healing Iron Man 3 Extremis powers

პანდორას ფლორა/ფაუნა: გიგანტური ცხოველები და მცენარეები, ეივა. Avatar Pandora bioluminescent forest Avatar Iknimaya Banshee scene

ნავების სუნთქვა/ფიზიოლოგია: პანდორას ატმოსფეროს თავისებურებების ახსნა. Avatar Na’vi breathing mask Avatar Pandora atmosphere explained

შემცირება და ზრდა: სკოტი ლენგის და ჰოუპის ზომის ცვლილებები და ფიზიკური ეფექტები. Ant-Man shrinking and growing scene Ant-Man physics size change

კვანტური სამყარო: კვანტური სფეროს აღწერა (თუმცა ნაკლებად ბიოლოგიური, კარგია ფიზიკის და მასშტაბის განსახილველად). Ant-Man Quantum Realm explained

 

 

საბედისწერო უფსკრულებთან: გერონტი ქიქოძის ჩანაწერები

0

ვეძებ. სულ ვეძებ ასეთ საკითხავს, ახლიდან, ახლებურად რომ დამანახებს იმას, რაც იყო. წარსულს, რომლის შესახებ ნათქვამ სიტყვას, თვითმხილველისას, ფართოდ თვალგახელილი მოწმისას დიდი ფასი აქვს. მეორეა, როგორ წერს გერონტი ქიქოძე, როგორი ენით. მისი ჩანაწერების პატარა წიგნს, ახლად გამოცემულს, სხვა წიგნის ძებნისას გადავაწყდი, ვიყიდე და კითხვა დაუყოვნებლივ დავიწყე.

გასული საუკუნის პირველი ნახევრის მთავარი ამბების მოყოლისას ავტორი მათაც საყურადღებოდ აღწერს, ვინც მკაფიოდ გასარჩევი კვალი დატოვეს, ვისმა გადაწყვეტილებებმაც – გაუმართლებელმაც, გამართლებულმაც – ისტორია მეტ-ნაკლებად შეცვალეს. არც „დემაგოგიური აქცენტის ტლანქ მატერიალიზმთან“ ერთად „ზნეობრივი ოპტიმიზმის“ მქადაგებელი ნოე ჟორდანიაა დავიწყებული და არც ლავრენტი ბერია, რომლის ყურებსაც „ყველაფერი ესმოდათ, თვით ქალ-ვაჟის ჩურჩული სიყვარულის სარეცელზე, თვით მრგვალი მაგიდის გარშემო მსხდომარე მეგობრების ნელი საუბარი; რაც შეეხება სულთმობრძავთა ხრიალს, მას თბილისის დიქტატორი ისე იყო შეჩვეული, რომ ალბათ მისი შეწყვეტისთანავე ეღვიძებოდა, როგორც ეღვიძება მეწისქვილეს, როცა დოლაბის ხრიალი ჩერდება“.

მომნუსხველი შედარებები მრავლადაა ამ წიგნში, რომელშიც მწერლებსაც შევხვდებით, ყველაზე სახელიან შემოქმედებს. მიხეილ ჯავახიშვილის გარეგნობის აღწერას ავტორი შემდეგ სიტყვებს მოაყოლებს: მახვილ ჭკუასთან ერთად რაღაც ბავშვურ გულუბრყვილობასაც ავლენდაო. იქვე კი მის „მტკივნეულ პატრიოტიზმსაც“ ახსენებს. დაუფარავად დასცინის გრიგოლ რობაქიძეს – დიდად პატივმოყვარე იყო და ფიქრობდა, რომ სამშობლოში მის ნიჭს სათანადოდ არ აფასებდნენო: „გადაწყვიტა, ხმალი გადაეტეხა ბაზალეთის ტბასთან დამარცხებულ გიორგი სააკაძესავით და უცხოეთში გადახვეწილიყო, რათა იქიდან უმადური თანამემამულეების დაპყრობა ეცადნა“.

მძიმეა 1921 წლის 24 თებერვლის მოგონება. ცოტა ხნით ადრე თბილისში დარწმუნებულები იყვნენ, რომ „ქართული დემოკრატიის კიდობანი მტკიცედ იყო შეკრული და ყოველ წარღვნას გაუძლებდა“. მაგრამ დადგა დღე, რომელმაც თავის მოტყუება შეუძლებელი გახადა. „24 თებერვალს ერთს ჩემ მეგობართან ერთად უძილო ღამე გავატარე, – წერს გერონტი ქიქოძე. – ქალაქის ქუჩებში საოცარი სიჩუმე იდგა. თოვლის ფანტელები უხმოდ ეცემოდნენ ქვაფენილებს. უკან ჩამორჩენილი ჯარისკაცები ჩრდილებივით მოძრაობდნენ, ზოგი მათგანი კედელზე აყუდებდა ან მიწაზე აგდებდა თავის თოფსა და სავაზნეს. ქალაქი ჩაბნელებული იყო“. მარტში რევოლუციური კომიტეტი მას დასავლეთ საქართველოში დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობასთან მოსალაპარაკებლად აგზავნის. გასავლელი გზის სირთულეს საშინელი სიცივეც ემატება: „კაცს ეგონებოდა, დარიალის კარი ფართოდ გაიღო და ჩრდილოეთის უსაზღვრო სივრცეებიდან საქართველოში სუსხიანი ქარები შემოიჭრნენო“.

30-იანი წლების ქრონიკა კიდევ უფრო გულის მომკვლელია. შიში და უიმედობის, უმომავლობის განცდა. სიკვდილის დაუჯერებელი სიახლოვე. ყოველ ნაბიჯზე დაგებული ხაფანგები. „დატყვევებულთა ერთ ნაწილს კონვეიერის სისტემით ხოცავდნენ, როგორც ხარებს ხოცავენ ჩიკაგოს სასაფლაოზე, ხოლო მეორე ნაწილს შრომის ბანაკებში გზავნიდნენ, სადაც მათ ნელ-ნელა ჩაფერფვლა ელოდათ, აუტანელი შრომისა და საკვების ნაკლებობის გამო“, – ვკითხულობთ წიგნში, რომლის ავტორი იმასაც ამბობს, შიშის მიზეზი ისიც იყო, რომ ხალხი ხედავდა – კომუნიზმი მეტისმეტად სწრაფად მიჰქროდა საბედისწერო უფსკრულების ნაპირასო.

ბევრი დასამახსოვრებელი ამბავია გერონტი ქიქოძის ჩანაწერების ამ წიგნში, ბევრი ისეთი დაკვირვება თუ შეფასებაა, წარმოსახვასაც რომ აღიზიანებს და შემაწუხებელ შეკითხვებსაც აჩენს. მაინც რა ჩანს წარსულის უფსკრულებში? მაინც სადამდე მივაწვდინეთ თვალი?

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...