„არაფერია საშიში, ცხვირიდან სისხლი ვის არ წამოსვლია”, – ასე ამშვიდებენ ერთმანეთს დედები და ბებიები, თუმცა ეს ის პრობლემაა, რომელიც ყურადღებას იმსახურებს. ბევრმა მშობელმა და მასწავლებელმა არ იცის, რა საფრთხეს უქადის ბავშვს ცხვირიდან სისხლდენა და როგორ უნდა მოიქცნენ ამ დროს.
ეპიტაქსისი, ცხვირიდან სისხლდენა, შესაძლოა ცხვირის ან სხვა ორგანოს დაავადების პირდაპირი სიმპტომი იყოს. მეორე მხრივ, ის შესაძლოა სავსებით ჯანმრთელ ადამიანსაც განუვითარდეს ემოციური ან ფიზიკური დატვირთვის, ჰაერის დაბალი ან ზედმეტად მაღალი ტემპერატურის ფონზე. ცხვირიდან სისხლდენის მიზეზი ზოგჯერ გაურკვეველიც რჩება.
ხშირად სისხლდენის წყარო ცხვირის ერთ ნახევარშია და სისხლიც მხოლოდ ერთი ნესტოდან გვდის. სისხლდენის კერა უმეტესად ცხვირის ძგიდის ქვედა ნაწილია.
ცხვირი ფაქიზი ორგანოა – ყველა არომატის ფიქსატორი. გარდა ამისა, ის ორგანიზმის „ფარია”, უამრავი ინფექციისგან იცავს მას. ცხვირში ასობით ნერვული დაბოლოება და წვრილი კაპილარია. სისხლდენას სწორედ მათი დაზიანება იწვევს.
თუმცა სისხლდენას შესაძლოა პროვოცირება გაუწიოს მოუწესრიგებელმა არტერიულმა წნევამ, ცხვირის ღრუს ანთებამ, ჰემოფილიამ, გულის დაავადებებმა, ჰორმონულმა დისბალანსმა, ხერხემლის პრობლემებმა, საზოგადოდ, ყველაფერმა, რაც არღვევს სისხლის ცირკულაციას, ზრდის წნევას ცხვირის კაპილარებში და მათ გახეთქვას იწვევს.
თუ ბავშვს ცხვირიდან კოლტებთან შერეული ლორწოვანი გამონადენი აქვს, ეს რინიტზე მიუთითებს. ამ დროს ცხვირის ღრუში ვაზელინით გაჟღენთილი ბამბის ტამპონი უნდა მოთავსდეს.
თუ ბავშვს სისხლის შედედებასთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებს, ამის მიზეზი შესაძლოა იყოს გენეტიკური მიდრეკილებაც და ვიტამინების დეფიციტიც, მათ შორის – РР და С ვიტამინებისა, რომლებიც სისხლძარღვთა კედლებს ამაგრებს.
ხშირ სისხლდენას უჩივიან ალერგიული ადამიანები და ისინი, ვისაც ცხვირის ტრავმა ან ოპერაცია აქვს გადატანილი. ასეთ სისხლდენებს ექიმები ნორმადაც კი მიიჩნევენ.
ზოგჯერ ცხვირიდან სისხლდენა დღეზე მეტხანსაც გრძელდება. თუ სისხლდენა თხუთმეტ წუთზე მეტხანს გაგრძელდა, გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება. ასეთ დროს აუცილებელია ოტორინოლარინგოლოგის კონსულტაცია – ის ცხვირის ლორწოვანს დაათვალიერებს და სისხლდენის მიზეზს გაარკვევს. აუცილებელია სისხლის საერთო ანალიზის აღებაც. ექიმის მოსვლამდე კი ბავშვს ნესტოში ტამპონები უნდა გაუკეთდეს. თუ საათ-ნახევრის შემდეგ ტამპონმა სისხლი ვერ შეაჩერა და მოშუშების პროცესი არ დაიწყო, ბავშვი ოტორინოლარინგოლოგის პაციენტია. აუცილებელია ექიმის ჩარევა მაშინაც, როდესაც სისხლდენას თან ახლავს მოთენთილობა, დაბუჟების ან სიცივის შეგრძნება.
ცხვირიდან სისხლდენის ყველაზე გავრცელებულ მიზეზად ბავშვებში ლორწოვანი გარსის მექანიკური დაზიანება მიიჩნევა. ეს შესაძლოა ტრავმითაც იყოს გამოწვეული – ბავშვები ხშირად ეცემიან, ჩხუბობენ, არ უფრთხილდებიან საკუთარ ჯანმრთელობას. მათ ცხვირში ხშირად ხვდება უცხო სხეული – სათამაშოს დეტალი, კენჭი, საკვების ნარჩენი. ამ შემთხვევაში ექიმის დროული ჩარევა აუცილებელია.
ბავშვს ან მოზრდილს, რომელსაც ცხვირიდან სისხლი სდის, უმეტესობა არასწორ პირველ დახმარებას უწევს – ავტომატურად ცდილობენ, თავი უკან გადააწევინონ ან „ზედმეტი სისხლის” გამოსადევნად ცხვირი მოხოცონ. ორივე მეთოდი სახიფათოა და გართულებებს იწვევს. თუ ბავშვს ბევრი სისხლი გადაეყლაპა, კუჭში გადაუვა და გულისრევას და ბრონქების ობსტრუქციას გამოიწვევს. უმჯობესია, გადაყლაპული სისხლი უკან გამოიდევნოს. ცხვირის მოხოცვა კი ხელს უშლის კოლტის წარმოქმნას და დეფექტის მიდამოს დაცობას. უმჯობესია, ადამიანი სისხლდენისას სწორ ზედაპირზე დავსვათ და თავი ოდნავ დავახრევინოთ, რათა სისხლმა ცხვირიდან იდინოს და საყლაპავში არ გადავიდეს.
ეპიტაქსისის დროს არ უნდა ავყვეთ პანიკას და ბავშვიც დავამშვიდოთ. სასურველია ცხვირთან ყინულის ან ცივი საფენის მიდება, პერანგის, საყელოს, ქამრის შეხსნა, სუფთა ჰაერით სუნთქვა. თუ სისხლდენა არ წყდება, 7-10 წუთით თითით მიაწექით ნესტოს, რომ ცხვირის ძგიდეს მიებჯინოს. ამ დროს ლორწოვანი გარსის სისხლძარღვებზე ზეწოლა ხდება, წარმოიქმნება თრომბი და სისხლდენა წყდება. თუ არც ამან უშველა, ტამპონი გაჟღინთეთ ნაფტიზინით, ნაფაზოლინით ან სანორინით და ნესტოში ჩაუდეთ.
თუ ბავშვს გული წაუვიდა, ზურგზე დააწვინეთ, თავი გვერდზე მიუბრუნეთ და საავადმყოფოში წაიყვანეთ.
|
ყაყაჩოსფერი პრობლემა
კომენტარები