სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

ლაზარეს წყალობის მოლოდინში

შეუძლებელია, რამე სხვაზე წერო, როცა კარს მიღმა ჯერ ისევ ცამეტი ივნისის ღამეა. ეს ამბავი სიზმარს მაგონებს – თითქოს ფეხები შეკრული გაქვს და ადგილიდან ვერ იძვრი.

წინ მიდევს დასამუშავებელი თემების ნუსხა, მე კი ისევ იმ კვირა დილაზე ვფიქრობ, წინასწარ დაგეგმილ ექსკურსიაზე რომ მომიხდა წასვლა იმ განმარტების საფუძველზე, რომ ქალაქში ახლა უფრო საშიშია ყოფნა, ვიდრე ქალაქგარეთ. თუმცა იმ დილით ვერავის წარმოედგინა, რამხელა ტრაგედია დატრიალდა. ბევრს ტელევიზორიც არ ჩაურთავს და გადმოცემით იცოდა, რომ წყალდიდობამ ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორია დატბორა.

არ ვიცი, რომელმა სამინისტრომ უნდა არეგულიროს ასეთ დროს სამსახურში გასვლა-გაუსვლელობის საკითხი (მხოლოდ რჩევა სახლში დარჩენის თაობაზე საკმარისი არ აღმოჩნდა). მე და ჩემმა კოლეგებმა, ისევე როგორც, ალბათ, შრომითი ხელშეკრულების ბორკილებით შეკრულმა ყველა თბილისელმა, გლოვის დღეები სამსახურში, ჩვეულ საქმიანობაში ჩართულებმა გავატარეთ. 

სკოლაში ყველაზე დაძაბული პერიოდი დგას, – მთელ წელს რომ აჯამებ და ახარისხებ, გლოვისთვის სად გცალია?! მერე ანგარიშს აბარებ კათედრას. იმასაც წერ, რა პროექტები განახორციელე შენს საგანში და ერთ-ერთ პროექტად გიწერია „ეკოლოგია”. შენც იხსენებ, როგორ აჩვენე ბავშვებს მეწყრისა და წყალდიდობის უახლესი კადრები (მეწყერი დარიალის ხეობაში) და აუხსენი, რომ ბუნება აუცილებლად დაიბრუნებს იმას, რაც ეკუთვნის. 

სამწუხაროდ, მხოლოდ სტიქიის შემდეგ გაგვახსენდა, რომ ისტორიის გაკვეთილები მნიშვნელოვანია. თურმე მდინარე ვერე 1960 წელსაც ადიდებულა და ზოოპარკისა და გმირთა მოედნის ტერიტორია დაუტბორავს. მაშინაც გლოვის დღეები იდგა საქართველოს დედაქალაქში, მაგრამ დრო ხომ ყველაფრის მკურნალია. თუმცა მეხსიერებას დავიწყების აბებით არ უნდა მკურნალობდნენ. აი, რას გვამცნობს მდინარე ვერეზე ვიკიპედია:

„ვერე (სკვირეთი, სკორეთი) –  მდინარე აღმოსავლეთ საქართველოში. სათავეს იღებს თრიალეთის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე, დიდგორის მთის მიდამოებში. მდინარე მტკვარს ერთვის ქალაქ თბილისში. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირობა – ზაფხულსა და ზამთარში. ახასიათებს პერიოდული წყალმოვარდნა”.
მთელი კვირაა საუბრობენ მეწყრისა და წყალდიდობის მიზეზებზე. ისევ იგივე შეცდომა, მომხდარის ერთმანეთისთვის გადაბრალება… სინოპტიკოსები მოსალოდნელი ჭარბნალექიანი ზაფხულის პროგნოზს გვახსენებენ, გეოლოგები ვერეს ხეობის არასწორ დაგეგმარებაზე მიგვითითებენ. ჩემი აზრით კი ეს საუბრები უკვე წყლის ნაყვაა. მთავარია, რას ვისწავლით ბუნების ამ მწარე გაკვეთილიდან. 
„წყლის ძალა მოგცეს ღმერთმა” – ეს უბრალო დალოცვაც იმაზე მიგვანიშნებს, რომ ძველი ხალხი რიდითა და პატივისცემით ექცეოდა სიცოცხლისთვის აუცილებელ ამ სტიქიას. წყალი დაუდეგარი და მოუშინაურებელია, მიწიდან ხშირად გარბის და ატმოსფეროში მოგზაურობს, მაგრამ ვერც ცაში ძლებს დიდხანს და სახლს უბრუნდება. თუმცა ამ პროცესში ხშირად ამინდის ფიცხი მეუფე ერთვება და დედამიწას კუთვნილს წყევლასავით უბრუნებს უკან.

ქართულ ფოლკლორში ამინდს ელია განაგებს – „იმ ღვთაების მოადგილე, რომელიც ღრუბლების სამფლობელოს – წვიმა-სეტყვის, ელვა-მეხის ბატონი იყო” (იგულისხმება ტაროსი, რომლის ქართული შესატყვისია ლაზარე). დიდი წვიმის დროს ახლაც ჩამესმის ბებიას შეშფოთებანარევი ბუტბუტი:
„ლაზარე მოდგა კარსა,
აბრიალებს თვალსა,
ცხავი აცხავებულა,
წვიმა გაჩქარებულა.
ღმერთო, მოგვე მზის თვალი,
აღარ გვინდა ცის ნამი,
ღმერთო- მოგვე გორახი,
აღარ გვინდა ტალახი”.
გვალვაში ,,ცის ნამი” ხდებოდა სანატრელი და ბებიაჩემიც სარჩულივით ამოატრიალებდა ხოლმე ამ შელოცვას. ლაზარე კი ხან გვწყალობდა, ხან – არა.

ელიაობა, ამინდის ღვთაების სახელობის დღესასწაული, ძველი სტილით 20 ივლისს იმართებოდა. მესხეთსა და იმერეთში ელიას ხსენების დღეს საყდარში ზეიმობდნენ, კაცები ორსართულიან ფერხულში ებმებოდნენ, ქალები კი წრეს კრავდნენ და „ოკრიალეს” შემოსძახებდნენ. კახეთში ელიაობა ღვთაების სახელობის მთაზე იმართებოდა. ღრუბელთბატონის შესაწირი თხა იყო, რომელიც დაკვლის შემდეგ ხელუკუღმა უნდა გადმოეგდოთ მთიდან. სამეგრელოში წირვიდან მობრუნებულ ოჯახის უფროსს მარანში საჭმელ-სასმელით დატვირთული ტაბლა შეჰქონდა და ამინდის ღვთაებას წყალობას შესთხოვდა. ელიას თაყვანისცემა ხშირად ემთხვევოდა ლაზარობის – გვალვისა და დელგმის რიტუალებს, რომლებიც მხოლოდ მაშინ იმართებოდა, როცა ზედმეტი ნალექი ან სიცხე შეაწუხებდა ხალხს.

ქართულ მითოლოგიაში წყალს უმეტესად ქალღმერთები განაგებენ: ალი (ალქაჯი), ძიძლანი, წყარიშდიდა (წყარიშმაფა). წყლის ქალღმერთებს ქაოსის ნიშნები ახასიათებთ, რაც მათი ველური ხასიათითა და თავაშვებულობით გამოიხატება.

ალი (ალქაჯი) ბოროტი სულია, რომელიც უმეტესად ქალის სახით გვევლინება, თუმცა მითოლოგიაში გვხვდებიან მამრობითი სქესის წყლის ავსულებიც. ალი ვნებს გზააბნეულ ადამიანებს. შებრუნებული კოჭები და ამაზრზენი შესახედაობა ამ მითური არსების ეშმაკთან სიახლოვეზე მეტყველებს. გადმოცემის თანახმად, ალები ცხოვრობენ ჭაობებში, მორევებში, ტყეში, კლდეებში, ნანგრევებში. მათ უყვართ ჯირითი, ბევრი ცხენი მოუპარავთ თავლიდან და ქანცის გაწყვეტამდე უჭენებიათ, მერე მისი ფაფარი ისე ჩაუწნავთ, რომ იშვიათად მოიძებნება ამ ნაწნავის დამშლელი. ზოგჯერ მსხვერპლს ახლობლის სახით ეცხადებიან, ანუ მაქციებიც არიან. იმასაც ამბობენ, თუ ალს თმა შეაჭერი და დაუმალე, შენი ერთგული მსახური გახდებაო, თუმცა თმის დაბრუნების შემთხვევაში ალის დამჭერს სასტიკი შურისძიება ელოდება (წყლის კალაპოტში დატყვევების ამბავს ჰგავს – თუ ჭარბი ნალექი მიეშველა, არ გვაპატიებს შევიწროებას, მანამდე კი ერთგულად გვემსახურება). 

აფხაზურ ფოლკლორში ალის მსგავსი ღვთაებაა ძიძლანი, რომელსაც თავდაპირველად, ლაზარეს დარად, წვიმის მოსვლას შესთხოვდნენ, მერე კი ისიც მაცდურ და საშიშ ქალ-ღვთაებად გარდაიქმნა. 

არც წყლის დედა ყოფილა ლმობიერი. ამბობდნენ, წყარიშდიდას ძალიან თეთრი ტანი და გრძელი თეთრი თმა აქვსო. სწამდათ, რომ იგი მართავდა წყლის დინებას და მფარველობდა თევზებს. ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით, წყარიშმაფას მგლები მისდევენ, ის კი მორევში იმალება, ხოლო სხვა წყაროს თანახმად, დალივით აჯადოებს გზააბნეულ მგზავრებს და საკუთარ თავს სთავაზობს.

წყალმა შეტყუება იცისო, გაგიგონიათ ალბათ. წყლის ქალღმერთების მთავარი დამახასიათებელი ნიშანიც მიმზიდველობაა.

ძველ ქართულ რწმენა-წარმოდგენებში მოგზაურობა კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ წყლისა ყოველთვის ეშინოდათ. არა მარტო ქართული მითების სამყაროში – მსოფლიოს წარმართული რწმენა-წარმოდგენების სათავეშიც, ოლიმპოს მწვერვალზე, სწორედ ღრუბელთბატონი გამეფებულა. ისეთი გარდაუვალი და ამოუცნობი მოვლენა, როგორიცაა ამინდი, ნამდვილად იმსახურებდა ოლიმპიური შიშების იერარქიის პირველ საფეხურზე ყოფნას.
მუდამ მიკვირდა, რატომ ეღრუბლებოდა ბებიას წვიმის დროს სახე. მე წყალი ბავშვობიდან მიყვარდა და ერთ-ერთი ფობია, რომლის მოშინაურებაც არ დამჭირვებია, აკვაფობია იყო. ჩემს დედულეთში სწორედ იმ ღამესავით თავსხმა წვიმები იცის, თითქოს ცა იქცევაო. წვიმისა არასდროს შემშინებია, არც იმ ღამეს მიეჭვია საფრთხე, სანამ წვიმის წყალი მდინარედ არ წამოვიდა ჩემი ფანჯრების წინ (საბედნიეროდ, აღმართი წყალს ვერ იჭერს და ნიაღვარმაც გვერდით ჩაგვიარა).

ბებია ამბობდა, ამინდის ცნობა მარტო სინოპტიკოსის საქმე არ არის, რადგან ბუნება სწორედ ამინდის ენით გველაპარაკებაო. ადამიანებს დაგვავიწყდა ეს ენა, ცხოველებს კი ჯერ კარგად ახსოვთ. ვინ იცის, მოსალოდნელი სტიქიის შეგრძნებამაც გამოიწვია ის მოულოდნელი თავდასხმა, ზოოპარკის ბინადართა დედობილს ასე რომ აკვირვებდა.

გამიგონია, რაც არ გვკლავს, გვაძლიერებსო. ამის მაგალითი მზიურისა და გმირთა მოედნის ტერიტორიაზე უკვე ვნახეთ, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი რამ გვაქვს სასწავლი. რადგან მარტო „ჭირსა შიგან გამაგრება” არ კმარა. მთავარი მაინც იმის გააზრება მგონია, რომ სხვისი ჭირი არასდროს არის „ღობეს ჩხირი”. სამწუხაროდ, მე დღეს თავს დაცულად ვერ ვგრძნობ ჩემს ქვეყანაში, ამიტომ ყოველ დილით შიშით შევყურებ ცას და ღრუბელთბატონს ვევედრები:

„ღმერთო, მოგვე გორახი,
აღარ გვინდა ტალახი”.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“