შაბათი, თებერვალი 22, 2025
22 თებერვალი, შაბათი, 2025

შეფასების სანდოობა – ნაწილი პირველი

შეფასების საკითხები აქტუალობას არ კარგავს როგორც ზოგადი, ასევე უმაღლესი განათლების სფეროში მთელს მსოფლიოში. ევროპული ქვეყნების სახელმწიფო შეფასებებისა და საერთაშორისო კვლევის შედეგების მონაცემების ანალიზს თუ დავეყრდნობით, ცხადი გახდება, რომ მიუხედავად მრავალწლიანი მცდელობებისა, მასწავლებლებს ხშირად უჭირთ სწავლების პროცესში შეფასებასთან დაკავშირებულ სისრთულეებთან გამკლავება. ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხს კი შეფასების სანდოობა წარმოადგენს.

შეფასების სანდოობის საკითხის განხილვას სანამ დავიწყებთ მნიშვნელოვანია შევთანხმდეთ თუ რას ვგულისხმობთ შეფასების სანდოობის ცნებაში, რომელსაც ხშირად უმრავლესობა უკვე საბოლოო შედეგთან – დაწერილ ქულასთან აიგივებს. ამ ცნების ქვეშ, ამ სტატიის ფარგლებში, შეფასების სანდოობას აღვიქვამთ როგორც პროცესს, რომელიც შეიძლება მოიცავდეს სასწავლო წლის გარკვეულ პერიოდს (სრულად ან ნაწილობრივ), დაკავშირებული იყოს კონკრეტულ აქტივობებთან (მაგალითად შემაჯამებელი დავალების დაგეგმვა) და საბოლოო სახე მიიღოს დასკვნითი შეფასების (ქულის) სახით.

შეფასების სანდოობის ცნებასთან ასევე დაკავშირებული ვალიდობა. ორივე ტერმინი სოციოლოგიური კვლევის ტერმინებია და განათლების კვლევებში ფართოდ გამოიყენება. მოკლედ რომ ვთქვათ, ღირებული რაოდენობრივ კვლევა სანდოობისა და ვალიდობის პრინციპების დაცვის გარეშე არ შეიძლება არსებობდეს. განსხვავებული მოსაზრებებია თვისებრივ კვლევებთან დაკავშირებით, თუმცა ბოლოს პეიროდში სულ უფრო მეტი მკვლევარი ემხრობა იმ მოსაზრებას, რომ სანდოობისა და ვალიდობის საკითხები ამ ტიპის კვლევებისათვისაც უმნიშვნელოვანესია.

კოჰენი და მორისონი (2018) თვლიან, რომ ვალიდობისა და სანდოობის საფრთხეების თავიდან არიდება სრულად ვერასოდეს ხერხდება. სანდოობა შეიძლება იყოს ვალიდობის აუცილებელი წინაპირობა და ვალიდობა შეიძლება იყოს სანდოობის საკმარისი, მაგრამ არა აუცილებელი პირობა.თუ ვალიდობის ადრეული მოდელები ემყარებოდა იდეას, რომ აუცილებელი იყო იმის დემონსტრირება, რომ კონკრეტული ინსტრუმენტი (მაგალითად კითხვარი) ნამდვილად ზომავს იმას, რომლის გაზომვასაც ის მიზნად ისახავდა, უფრო გვიანდელმა მიდგომებმა ვალიდობის განსხვავებული ფორმები განავითარეს.

მაგალითად, თვისებრივი მონაცემების ვალიდობის უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანია მონაცემების სიღრმე, სიზუსტე, მოცულობა და მრავალფეროვნება. ასევე, მასზე გავლენას ახდენს მონაწილეთა შერჩევის პროცესის სიზუსტე, ტრიანგულაციის ხარისხი, მკვლევრის მიუკერძოებლობა და ობიექტურობა (Winter, 2000). რაც შეეხება რაოდენობრივ მონაცემებს, მათი ვალიდობის გასაუმჯობესებლად მნიშვნელოვანია მონაცემთა შერჩევის სისწორე, შესაბამისი ინსტრუმენტების გამოყენება და მონაცემების ანალიზისთვის ადეკვატური სტატისტიკური მეთოდების არჩევა.

თვისებრივი და რაოდენობრივი კვლევის მეთოდოლოგიას თუ დავეყრდნობით, შესაძლებლობა გვექნება გამოვყოთ ის ძირითადი მახასიათებლები, რაც სანდოობისა და ვალიდობისთვისაა აუცილებელი. ესენია: მონაცემების სიღრმე, სიზუსტე, მოცულობა და მრავალფეროვნება, შემფასებლის მიუკერძოებლობა, შეფასების პროცესის სათანადო გარემოში წარმართვა, ასევე შესაბამისი, გამართული ინსტრუმენტების გამოყენება და ანალიზის სათანადო მეთოდის შერჩევა.

რადგან სანდოობისა და ვალიდობის პრინციპების დაცვა ღირებული კვლევის აუცილებელი და უმნიშვნელოვანესი პირობაა, შეგვიძლია მათი მახასიათებლები ასევე განვიხილოთ მოსწავლის/სტუდენტის შეფასების ნაწილში და ჩამოვაყალიბოთ შემდეგი პუნქტები:

  • სანდოობის საკითხი დაკავშირებულია როგორც შედეგთან (ქულა) ასევე პროცესთან;
  • სანდო შედასება მოიცავს ვალიდობას;
  • პროცესისა და შედეგის სრული სანდოობისთვის აუცილებელია ვალიდური ინსტრუმენტების არსებობა (შეფასების მეთოდები);
  • შემფასებელი (მასწავლებელი/ლექტორი) უნდა იყოს ობიექტური და მიუკერძოებელი;
  • შეფასების პროცესი უნდა წარიმართოს სათანადო გარემოში (როგორც დავალებების გასწორების, ასევე უშუალოდ დავალების შესრულების);
  • პროცესის სრული სანდოობისთვის აუცილებელია მრავალფეროვანი შეფასების ინსტრუმენტების გამოყენება (მაგალითად, არამხოლოდ ტესტი);

სტატიების ამ ციკლის ფარგლებში საშუალება გვექნება მიმოვიხილოთ ყველა ჩამოთვლილი პუნქტი, რადგან ისინი არსებითად მნიშვნელოვანია სასწავლო პორცესის გამართულად ფუნქციონირებისათვის. პირველ საკითხს კი ვალიდური ინსტრუმენტები წარმოადგენს.

ვალიდურ ინსტრუმენტად ამ შემთხვევაში მხოლოდ შეფასების რუბრიკა არ განიხილება. აქ დიდ როლს ასრულებს თავად დავალება, როგორც შეფასების მექანიზმი (ტესტი, რეფერატი, პროექტი და ა.შ.). ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია მასწავლებელმა გაიზროს ვალიდობის მთავარი პრინციპი – უნდა შეფასდეს ზუსტად ის, რისი შეფასებაც თავდაპირველად იყო განზრახული. მაგალითად, თუ კურიკულუმით კონკრეტული თემის ფარგლებში განსაზღვრულია A და B შედეგების მიღწევა, მასწავლებლის მიერ შედგენილი შემაჯამებელი დავალება (ნებისმიერი ტიპის) ზუსტად უნდა პასუხობდეს ამ თემის შეჯამებას. თუ  ეს პირობა დარღვეული იქნება, საერთოდ აზრი ეკარგება თუნდაც იდეალურ შეფასების რუბრიკას. რადგან მართალია მოსწავლე კონკრეტულ დავალებაში ობიექტურად შეფასდება, მაგრამ შეფასების საერთო სანდოობა (კურიკულუმით განსაზღვრული შედეგების მიღწევა) დგება ეჭვქვეშ. მოკლედ რომ ვთქვათ, მოსწავლე რაღაცაში შევაფასეთ, მაგრამ არა იმაში, რაც თავიდანვე იყო დაგეგმილი და რაც გვსურდა. შესაბამისად, საერთო შეფასებაში მისი წარმოდგენა სრულიად აყალბებს მოსწავლის მიერ საგნობრივი შედეგების მიღწევას.

ვალიდური დავალებებისა და გამართული შეფასების რუბრიკების შედგენა დღემდე დიდ გამოწვევას წარმოადგენს მასწავლებლებისათვის მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ობიექტურობის დაცვისათვის მასწავლებლები ხშირად მიმართავენ სხვადასხვა ტექნიკებს. მაგალითად: რამდენიმე მასწავლებლის მიერ ნაშრომის გასწორება, შეფასების რუბრიკის განხილვა სხვა მასწავლებლების მიერ და უკუკავშირის მიღება, მონაცემების წყვილში გადამოწმება და ა.შ.

სანდოობისა და ვალიდობის ნაწილში გამართულ ინსტრუმენტთან ერთად ასევე დიდი ადგილი უჭირავს პროცესის წარმართვას. პროცესის ამ ნაწილში სკოლის ადმინისტრაციის როლი განსაკუთრებით საყურადრებოა, რადგან მათ საერთო სასკოლო გარემოში სანდო შეფასების სისტემის ჩამოყალიბების ხელშეწყობა ევალებათ.

პროცესის გამართვა გულისხმობს როგორც უშუალოდ შემაჯამებელი დავალების წერის, ასევე მისი მომზადების ორგანიზებულად წარმართვას და მონაცემების დაცულობის ეტაპებს. დავალებების მომზადების ეტაპზე მასწვლებლისთვის მნიშვნელოვანი იქნება კოლეგების უკუკავშირი – მაგალთად, თუ გერმანული ენის მასწავლებლის მიზანია შეამოწმოს იცის თუ არა მოსწავლემ კონკრეტული მოცულობის ლექსიკური ერთეული (მაგალითად 100 სიტყვა), მის მიერ შედგენილი დავალებაც ამ სიტყვებს უნდა მოიცავდეს. გასააზრებლად შეიძლება ადვილია, მაგრამ საქმე რთულდება როდესაც ზოგადი ცნებებისა და უნარების ათვისების შეფასებასთან მივდივართ. ამიტომ, კოლეგების (განსაკუთრებით პარალელური კლასების) უკუკავშირი და ერთობლივი მუშაობა კონკრეტული ასპექტის შეფასების მიზნით შექმნილ დავალებებზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. თუ სკოლას შესაძლებლობა აქვს მოისმინოს დამოუკიდებელი საგნობრივი ექსპერტის მოსაზრება, ეს კიდევ უფრო გააუმჯობესებს მიმდინარე პროცესს, თუმცა ის არ წარმოადგენს სანდოობის აუცილებელ პირობას.

პროცესის ორგანიზების ნაწილში მონაცემების დაცულობა ძალიან აქტუალური და მტკივნეული თემაა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება დიაგნოსტიკურ შეფასებებს. ხშირად მსგავსი შეფასებისთვის განკუთვნილი დავალებები სკოლებშივე მზადდება არსებული ადამიანური რესურსის ჩართულობით, რაც ძალიან ზრდის მისი წინასწარ გავრცელების რისკებს. ამ შემთხვევაშიც ადმინისტრაციის ჩართულობა გადამწყვეტია, რადგან როგორც დავალების შინაარსისა და რუბრიკის ვალიდობასთან დაკავშირებით აღვნიშნეთ, სრულიად აზრს კარგავს შეფასება, თუ მისი  დავალებები წინასწარ ცნობილი იქნება მოსწავლეებისათვის.

შემაჯამებელი დავალებების ვალიდობასთან დაკავშირებით ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში განსაკუთრებით ტესტური დავალებების შეფასებაა მნიშვნელოვანი, რადგან მასწავლებელთა დიდი ნაწილი ამ ინსტრუმენტს გამოიყენებს ყოველდღიურ პრაქტიკაში. აქედან გამომდინარე, სტატიის შემდეგ ნაწილს დავუთმობთ ვალიდური ტესტური დავალების შედგენის პრინციპებს.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“