19 აპრილი, შაბათი, 2025

ევროპის რენესანსის ფილოსოფიის საწყისები

იოანე პეტრიწი, როგორც „არეოპაგეტიკის“ ინტერპრეტატორი

შუა საუკუნეების კულტურამ ბერძნული ფილოსოფია ძირითადად ნეოპლატონიზმის სახით მიიღო. ეს იყო ბერძნული ფილოსოფიის ხსნის უკანასკნელი მცდელობა. ნეოპლატონიზმი როგორც ბაზისი, საფუძველი, ყველაზე მოხერხებული აღმოჩნდა ახალი მსოფლმხედველობის განვითარებისთვის, თუმცა ეს მეტამორფოზა, ტრანსფორმაცია, უმტკივნეულო არ ყოფილა და შემოქმედებით მიდგომასაც გულისხმობდა. ნეოპლატონიზმი ხელახლა აითვისეს განვითარებული ქრისტიანული კულტურის საფუძველზე და ეს, ნეოპლატონიზმის თვალით დანახულ-ათვისებული ბერძნული მსოფლმხედველობა, რენესანსული აზროვნების ფილოსოფიურ საფუძვლად იქცა.

ძველი ქართული ფილოსოფიის უმნიშვნელოვანესი წარმომადგენელი, ფილოსოფოსი, პოეტი და მთარგმნელი იოანე პეტრიწი, შუა საუკუნეების ფილოსოფიის იმ ხაზს აგრძელებს, რომელიც ქრისტიანულ კულტურაში კაბადოკიელ მოაზროვნეთაგან (გრიგოლ ნოსელი, ბასილი დიდი, გრიგოლ ღვთისმეტყველი) მოდის და მე-11 საუკუნის მეორე ნახევარში მიქაელ ფსელოსის ნააზრევში პროკლეს ნეოპლატონიზმს ერთვის.

 

ტრადიცია პეტრიწს ბიზანტიურ ფილოსოფიას უკავშირებს. ფიქრობენ, რომ იგი კონსტანტინოპოლში განისწავლა, შემდგომ კი ბულგარეთში, პეტრიწონის (ახლანდელი ბაჩკოვო) მონასტერში მოღვაწეობდა. ეს მონასტერი ასევე ჩვენი თანამემამულის, დასავლეთის დიდი დომესტიკოსის გრიგოლ ბაკურიანის ძის დაარსებული იყო. მოგვიანებით პეტრიწი დავით აღმაშენებელმა თავის დაარსებულ გელათის აკადემიაში, მონასტერში მიიწვია.

პეტრიწის მიერ ნეოპლატონური ფილოსოფია, იმ სახით, რომელიც მან ათენის სკოლაში, პროკლე დიადოხოსთან მიიღო, ქართული სულიერი კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილი გახდა.

 

იოანე პეტრიწი დროის შესახებ

აბსოლუტური ერთისა და მატერიის ურთიერთმიმართება ყოველივეში იგივეობასა და განსხვავებას შორის მიმართებაა. ე რ თ ი  შეუცნობადი წმინდა იგივეობაა, მატერია (ნივთი) – წმინდა სხვაობა. მათ შორის არსებული ყოველი ვითარება, განურჩევლად იმისა, გრძნობადია ის თუ იდეალური, წარმოადგენს დაპირისპირებულთა ერთიანობას. საქმე გვაქვს დაპირისპირებულთა ერთიანობასა და არა იგივეობასთან; ეს უკანასკნელი მხოლოდ აბსოლუტის მახასიათებელია და შეუცნობელია ჩვენი გონებისთვის. ეს ნიშნავს, რომ ყოველგვარი დაპირისპირებულობისგან თავისუფალი მხოლოდ ღმერთია.

აქ გვაქვს ორმაგი მარტივის გაგება: ერთია, როგორც ყოველივეს უმიზეზო მიზეზი, მეორე – ნივთი, უფორმო მატერია, რომელიც მარტივია, ამ სიტყვის ჩვეულებრივი გაგებით. რაც მეტია მასში წინააღმდეგობა, მით უფრო დაშორებულია ის უმაღლეს ერთს; ანუ „მარტივი“ და გენიალური – ღმერთი და მარტივი როგორც წინააღმდეგობრივი მატერია.

ტერმინი „განშორებაჲ“ პეტრიწთან ორ ცნებას უკავშირდება. პირველი ქვემოდან ზემოთ ზიარების მიმართებას ასახავს და მიგვითითებს სხეულებრივზე, რომელიც სივრცეში დისტანციის მქონეა თავის მიზეზთან. იდეალურში, როგორიცაა ცის სფეროთა მაღლა მდებარე იდეათა სამყარო („ნამდვილ მყოფი“), რადგან სამგანზომილებიანი სივრცე არ არსებობს, ზიარების პროცესი წარმოგვიდგენია როგორც განუშორებელი. „ცას“ როგორც სხეულებრივს, მაგრამ უკვდავს აქაც საშუალო ადგილი უჭირავს – ორი სახის მიზეზს შორისაა. აქ სიძნელეა – პეტრიწი სხეულებრივს ვერ მიაწერს დამოუკიდებელი აქტიურობის უნარს, თუნდაც იმიტომ, რომ განსხეულება მხოლოდ ღვთაებრივი ძალის შედეგია. სხეული, საერთოდ, მხოლოდ იმიტომ არის აქტიური, რომ მასში სული არსებობს. სული შეიძლება განშორებადიც იყოს და განუშორებელიც სხეულისგან (სულის არსებობას ნეოპლატონიკოსები მცენარეებსა და ქვებშიც უშვებენ). სხეულის უბრალო მოძრაობაც კი სულის აქტივობის გამოვლინებაა.

სული პეტრიწთან სხეულის შიგნით კი არ არის, არამედ მოიცავს სხეულს, „ზესთა ძეს და შორის სხეულთაგან“. ანუ სხეული არ არის სულის „საფლავი“.

დემიურგი (აბსოლუტური ძალა) იდეათა სამყაროა, მატერია – ეს სამკუთხედია. დემიურგი პიროვნულობასა და მიზანს მოკლებულია, მას მხოლოდ სიკეთე უნარჩუნდება.

პეტრიწის ონტოლოგიაში საჭიროა დროის პრობლემის, ადგილისა და ანალიზის გაგება; სივრცის პრობლემა მას იმდენად არ აწუხებს. თავად ტერმინი „სივრცე“ პეტრიწთან ერთია სამი განზომილებიდან („განსაზიდიდან“). ის სიფართეა, სიგრძისა და სიღრმის გვერდით. ის, რასაც დღეს სივრცე ეწოდება, აღინიშნება ტერმინით „ადგილი“. „ადგილი-შორისობა“ სხეულებრივი სპეციფიკაა. ხოლო როცა გვართა და იდეათა ადგილზეა მსჯელობა, ანალოგიის წესით უნდა გაკეთდეს, რადგან იდეალურს არ აქვს მოცულობა, რომელიც ყოველ ვრცეულს ახასიათებს. ასე რომ, სივრცე დამახასიათებელია სხეულთათვის. ყველაფერი, რაც მასშია მოქცეული, შედგენილია და მიზნობრივ მოძრაობას ემორჩილება. მას თავშივე აქვს თავისი მოძრაობის მისკენ მისწრაფება. სულ სხვა სტრუქტურისაა დრო. ის, ტრადიციულად, თავსატეხს წარმოადგენდა და არც პეტრიწთანაა ამ მხრივ სიმარტივე.

პეტრიწის კომენტარებში მთელი სისრულითაა მოცემული არისტოტელეს მოძღვრება დროის შესახებ. მრავალი მოაზროვნე მიიჩნევდა, რომ არისტოტელეს, მიუხედავად მის მიერ გაკეთებული სპეციფიკური ანალიზისა, დროის პრობლემის გადაჭრის საქმეში პლატონზე წინ არ წაუწევია. პლატონი აკრიტიკებდა კიდეც არისტოტელეს ამ პოზიციიდან. პეტრიწიც ამ ტრადიციას მისდევს, ცდილობს, აჩვენოს, რომ ძირითადი და არსებითი დროის პრობლემაში პლატონისგან მოდის.

გასაოცარია ის გარემოება, რომ მთელ ამ კვლევაში სიტყვა „დრო“ არსადაა. მისი შესატყვისი იმდროინდელ ქართულ ლიტერატურულ ძეგლებში არის „ჟამი“. დრო იხმარება „ვადის“ ან ხვედრის გაგებით. „ვადას“ ნიშნავს ის რუსთველთანაც. ეს ჩვენი ეროვნულობის უკეთ გასაგებად გამოგვადგება – დროის მიჩნევა „ვადად“, რომელიც მიცემული აქვს ადამიანს და, საერთოდ, ყოველ კონკრეტულ არსებას, იმაზე მიუთითებს, რომ დრო ქართულ ენით ცნობიერებაში ძალზე მჭიდროდ არის დაკავშირებული ადამიანის ცხოვრების საზრისთან, მის ამქვეყნიურ მოვალეობასთან. ეს კავშირი პეტრიწთანაც მკაფიოდ ჩანს, მაგრამ ტერმინი „დრო“ მას ძალიან სუბიექტურად მიაჩნია.

პეტრიწი ტერმინებს აზუსტებს. მისი აზრით, ქართული სიტყვა „ჟამი“ ბერძნული „ქრონოსის“ შესატყვისად არ გამოდგება, ამიტომ პეტრიწი ქრონოსს ქართული ტრანსკრიფციით ხმარობს. ეს საჭიროა დროის პლატონური კონცეფციის, კერძოდ, გრძნობადი და ზეგრძნობადი სამყაროების დროების განსხვავებულობის დებულების დასასაბუთებლად. არისტოტელე ამტკიცებდა, რომ „დრო მოძრაობის ზომაა“. ეს ნიშნავს, რომ დრო ვრცელდება მხოლოდ იმაზე, რაც მოძრაობს, ანუ მხოლოდ იმაზე, რაც კოსმოსშია, პირველი მამოძრავებელი კი მის მიღმაა. რამდენადაც მხოლოდ სხეულები არ არსებობენ, პეტრიწს სურს, დაასაბუთოს, რომ ყოველივე არსებულს აქვს თავისი შესაბამისი, ზემოხსენებულისგან განსხვავებული დრო. არისტოტელე წინააღმდეგობად მიიჩნევდა რამდენიმე დროის დაშვებას. პეტრიწი ცდილობს, დაასაბუთოს, რომ კოსმოსის სხვადასხვა სფეროში სხვადასხვა მოძრაობაა, ამიტომ დროც ამ სფეროებში სხვადასხვაგვარია, თუმცა ზედროულის შესაბამისი „დრო“ მასთან მაინც პრინციპულად განსხვავებულია… კოსმოსის შვიდი სფერო არსებობს საყოველთაო დროში („საყოველთაოსა ჟამსა შორისად“), ხოლო გრძნობადი – „ნაწილებისა ჟამსა შორისად“. ამ უკანასკნელში მეტია დაპირისპირება ფორმასა (გუარსა) და მატერიას, მიზნობრიობასა და აუცილებლობას შორის. ამიტომ აქ, ამ წარმავალ, გრძნობად არსებათა სფეროში, მოქმედებს ბედისწერა როგორც განგებისგან განსხვავებული. განგების (წინასწარჭვრეტის) და ბედისწერის განსხვავებულობის საკითხის განხილვისას პეტრიწი ასკვნის: ბედისწერა (ბედი, ხვედრი) შემთხვევითობაში მიიკვლევს გზას. განგება მხოლოდ კეთილის მიზეზად ცხადდება, ბედი კი ნივთთა კავშირებისა, რომელიც საყოველთაო არ არის და მხოლოდ საბოლოო ჯამში, ანგარიშში, ემორჩილება განგებას.

ჟამის მარადიულ ცვალებადობაში მაინც არის რაღაც ისეთი, რაც ჟამს არ ემორჩილება, ე.ი. უსხეულოა. იგი უმაღლესი საწყისის თავისებურ თანაობას (პეტრიწის ტერმინია, თანამყოფს ნიშნავს) გამოხატავს ცვალებადში. იგია საგნის არსება, როგორც მისი ბუნება. წარმავალ საგანთა არსი, არსება წარუვალი და უკვდავია. კვდება ესა თუ ის ადამიანი, მაგრამ არა ადამიანობა.

დროის პრობლემისადმი მსგავსი მიდგომაა სამასი წლის შემდეგ აღორძინების საწყისებთან მდგარ მოაზროვნის – პროკლეს მოწაფე ნიკოლოზ კუზანელის ნაშრომში „ნადირობა სიბრძნეზე“. იგი თითქოს იმეორებს მისთვის უცნობი ქართველი მოაზროვნის დებულებას და ამბობს, რომ მოძრაობის საზომი დროა. პლატონი ღრმად ხედავდა პრობლემის არსს, როცა ამტკიცებდა, რომ დრო, თავის მხრივ, „მარადიულის ხატია“. თუმცა მათი პოზიციები განსხვავდება ერთმანეთისგან. მაგალითად, პეტრიწისგან განსხვავებით, რომის ეკლესიის კარდინალი ამტკიცებდა, რომ სამყაროს ჰქონდა დასაწყისი და ექნება დასასრულიც.

დრო როგორც მარადიულის ხატი და სახე, პეტრიწის აზრით, ჰგავს კიდეც თავის იდეალურ ნიმუშს და განსხვავდება კიდეც მისგან. ნეოპლატონიკოსებისთვის შედეგს არ შეუძლია, თავისი მიზეზის მთელი სიმდიდრე და სიდიადე აითვისოს. ამიტომ მარადიულში უძრავად, დროის გარეშე არსებული გრძნობადსა და სხეულებრივში დროითა და მოძრაობითაა წარმოდგენილი სასრულის მოძრაობაში (ცვალებადობაში, წრებრუნვაში, მემკვიდრეობაში), ნარჩუნდება მისი არსება როგორც უძრავი ანუ ზედროული. მარადიულში კი არსებობა და არსება ერთი და იგივეა. მას არც მოძრაობა ახასიათებს, არც აწმყო, წარსული თუ მომავალი. ეს მიღმური, უძრავი მარადისობაა. დროში (წუთისოფელი) კი ყველაფერი სამგანზომილებიანი დროის საშუალებით იზომება.

დროში მოძრაობის სახით არსებობს მარადიულიც (ცის მოძრაობა, საყოველთაო სული) და გრძნობად-წარმავალიც. შესაბამისად, სხვაა საყოველთაო ჟამი, რომელიც მოიცავს საყოველთაო სხეულს, სახელდობრ, ცასა და ნაწილებით ჟამს, ოთხი ელემენტისგან შემდგარს, წარმავლის მომცველსა და განმსაზღვრელს. ცა, მართალია, სხეულებრივია, მაგრამ შედგება არა ოთხი ელემენტისგან, არამედ მეხუთისგან. ცისა და ციურ სხეულთა შემადგენელ ამ ელემენტს შერჩა ლათინური სახელი – კვინტესენცია, რომელიც იოანე პეტრიწისთვის უცნობი იყო.

პეტრიწს იდეალური სფეროს საზომი აინტერესებს. ეს ის სფეროა, რომელშიც არც მოძრაობაა, არც ჟამი და არც სხეულებრივი არსებობა, რადგან იდეალურს არ აქვს ნაწილები. მაგრამ რადგან შინაგანად დიფერენცირებული ფუნქციების მქონე არსებულია (იდეათა სფერო), არსებობის გარკვეული საზომი მასაც უნდა ჰქონდეს. ნეოპლატონიკოსები მას გარკვეული ტერმინით მოიხსენებდნენ, რომლის ქართული შესატყვისიც იპოვა პეტრიწმა – „საუკუნოჲ“, როგორც მარადიულობის აღმნიშვნელი. ამ ტერმინს ექვთიმე ათონელიც იყენებს ბასილი კესარიელის „სწავლანის“ თარგმანში და ეფრემ მცირეც „არეოპაგეტიკის“ თარგმანში.

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

 გრიგოლ კოსტავა

გაზაფხული. დაბრუნება

სიყვარულის მაგია

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“