ვფიქრობ, დღეს სასწავლო-სააღმზრდელო დაწესებულებებში, სკოლებსა და საბავშვო ბაღებში მომუშავე ნებისმიერი ადამიანი, ასევე მშობელთა საკმაოდ დიდი ნაწილი დამეთანხმება, რომ წლითიწლობით სულ უფრო და უფრო უარესდება ბავშვთა მენტალური ჯანმრთელობის მდგომარეობა. ბავშვის მენტალურ, ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე საუბრისას არ შეიძლება არ აღინიშნოს, რომ ბევრ მშობელს თავად სიტყვები: „ფსიქიკა“, „ფსიქიკური“, „ფსიქოლოგიური“ ძალიან აშინებს. ისინი ყველანაირად ცდილობენ პრობლემას გაექცნენ და ბავშვის ქცევაში, მის ემოციურ-სოციალურ მდგომარეობაში დაფიქსირებული ცვლილებები ნებისმიერი სხვა მიზეზით ახსნან – „არა, არა, ფსიქიკასთან ჩვენ ყველაფერი წესრიგში გვაქვს, ბავშვი ბუნებით არის ასეთი“ – ამბობენ ისინი და ამით ცდილობენ თავის დამშვიდებას. თუმცა, გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ პრობლემისგან გაქცევა სირთულეებს ნამდვილად ვერ დაგვაძლევინებს. სამწუხაროდ ჯერ კიდევ არსებობს ძალიან ბევრი სტერეოტიპი და მცდარი წარმოდგენა, დაბნეულობა ამ სფეროში, რაც შესაძლოა გამოწვეული იყოს ინფორმაციის დეფიციტით მენტალური ჯანმრთელობის საკითხებთან დაკავშირებით.
მენატალური ჯანმრთელობა ეს არის ადამიანის ემოციური და სულიერი კეთილდღეობის მდგომარეობა. ეს არის მდგომარეობა, როდესაც ადამიანს შეუძლია საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება, ჩვეულებრივ ცხოვრებისეულ სტრესთან გამკლავება, პროდუქტიულად და ნაყოფიერად მუშაობა. ბავშვის მენტალური ჯანმრთელობა ეხება მის ემოციურ და ფსიქოლოგიურ კეთილდღეობას. ის მოიცავს ისეთ ასპექტებს, როგორიცაა ემოციური სტაბილურობა, სტრესთან გამკლავების უნარი, ჯანსაღი ურთიერთობების განვითარება და ცხოვრებისეულ სიტუაციებთან წარმატებული ადაპტაცია.
გავითვალისწინოთ ის ფაქტიც, რომ მენტალური ჯანმრთელობა სრულიადაც არ ნიშნავს იმას, რომ ბავშვი მუდმივად ბედნიერია, მუდმივად კარგ ხასიათზეა. თუ ის ცუდ შეფასებას იღებს სკოლაში, შესაძლოა მან ინერვიულოს, თავი დამნაშავედ იგრძნოს და მოიწყინოს კიდეც. თუმცა, იმ შემთხვევაში, როცა ის ახერხებს გაუმკლავდეს უარყოფით ემოციებს, გადაიტანოს ისინი და გააგრძელოს სვლა წინ, თუ შეუძლია მომხდარის გაანალიზება, შესაბამისი დასკვნების გაკეთება და ქცევის კორექტირება მომავალში, თავისუფფლად შეიძლება ითქვას, რომ მის მენტალურ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. მენტალური ჯანმრთელობის ნიშანს წარმოადგენს ასევე ისიც, თუ რამდენად სწრაფად ახერხებს ბავშვი ცხოვრებისეულ ცვლილებებთან ადაპტირებას. ბავშვის კარგ მენტალურ ჯანმრთელობას აქვს გრძელვადიანი დადებითი შედეგები მისი განვითარებისთვის. კარგი მენტალური ჯანმრთელობის მქონე ბავშვი, როგორც წესი, ავლენს საუკეთესო სასწავლო შედეგებს, აქვს კარგი ურთიერთობა თანატოლებთან და უფროსებთან, ასევე მეტი შესაძლებლობები თვითრეალიზაციისა და წარმატებისათვის მომავალ ცხოვრებაში. მენტალური ჯანმრთელობის დარღვევა კი სერიოზული პრობლემების წინაშე აყენებს, როგორც თავად ბავშვს, ასევე მასთან ურთიერთობაში მყოფ უფროსებს.
მენტალური ჯანმრთელობის დარღვევის ძირითადი ნიშნები და სიმპტომები ბაშვებში:
- ქცევითი ცვლილებები – მკვეთრი ცვლილებები ბავშვის ქცევაში, ისეთი, როგორიცაა აგრესიულობა, იზოლაცია, გადაჭარბებული მოძრაობა, საკუთარი თავით უკმაყოფილება, შფოთვა შესაძლოა ბავშვის მენტალური ჯანმრთელობის პრობლემების ნიშანი იყოს;
- ემოციური პრობლემები – ბავშვმა შეიძლება გამოავლინოს ხშირი ემოციური აფეთქებები, ცუდი გუნება-განწყობა, აპათია. ემოციური აფეთქება, ისტერიკა და გაღიზიანება მიუთითებს იმაზე, რომ მოზარდი ვერ უმკლავდება თავის ემოციებს. მაგ. სიტუაციები, როდესაც მოსიყვარულე და თავაზიანი ბავშვი გარდაიქმნება გაღიზიანებულ მეამბოხედ, სიფრთხილეს და ჩვენს ყურადღებას საჭიროებს;
- ძილთან დაკავშირებული პრობლემები – ძილის დარღვევა შეიძლება დაკავშირებული იყოს მენტალური ჯანმრთელობის პრობლემებთან;
- სწავლისადმი ინტერესის დაქვეითება – სასწავლო მოტივაციის დაკარგვა პირველი განგაშის ნიშანი უნდა გახდეს. მისი იგნორირება და უყურადღებოდ დატოვება არ შეიძლება. თუ ბავშვი ადრე ხალისიანი და ბედნიერი იყო, მოსწონდა სწავლა და სიხარულით, სიამოვნებით მეცადინეობდა, მაგრამ უეცრად, მოულოდნელად დაიწყო ჩივილი ძალების დაკარგვაზე, მნიშვნელოვანია ყურადღება მივაქციოთ და მივიღოთ საჭირო ზომები;
- ბავშვის არაადეკვატური რეაქცია – თუ ბავშვი გაღიზიანებული რეაგირებს უფროსების, მშობლების, პედაგოგების მშვიდ მოთხოვნებზე, „იწვევს“ და „რთავს“ მათ კონფლიქტში. სიტუაციის თვითდინებაზე მიშვება არ შეიძლება. ემოციურ არასტაბილურობას და უკონტროლო აგრესიას არა მხოლოდ ოჯახურ უსიამოვნებამდე მივყავართ, არამედ ის ასევე ნეგატიურად მოქმედებს ემოციურ მდგომარეობაზე, რისი დაშვებაც ნამდვილად არ ღირს;
- ბავშვის მენტალური არაელასტიურობა, მოუქნელობა – თუ ბავშვი ზედმეტად მგრძნობიარეა მისთვის ნაცნობი სიტუაციების მიმართ, ცდილობს ერთი და იგივე ქმედებების ზედმიწევნით გამეორებას ყოველდღიურად და ოდნავი ცვლილებებიც კი აშინებს, ამან სიფრთხილისაკენ უნდა მოგვიწოდოს და ყურადღების გარეშე არ დავტოვოთ ასეთი ქცევითი გამოვლინებები.
ბავშვის მენტალური ჯანმრთელობის დარღვევის გამომწვევი ძირითადი მიზეზები:
- როგორც წესი, პირველი პრობლემები ბავშვის მენტალურ ჯანმრთელობაში შესამჩნევია უკვე საბავშვო ბაღში. ეს საკმაოდ რთული პერიოდია ბავშვისთვის, როცა იცვლება მთელი მისი ცხოვრება და შესაბამისად ქცევაც. მშობლები ხედავენ ამ ცვლილებებს და ხანდახან იბნევიან კიდეც, არ იციან როგორ მოიქცნენ, როგორი რეაგირება ჰქონდეთ ბავშვის მიუღებელ ქცევაზე. ზოგი ამას ბავშვის ახირებას მიაწერს, ზოგი გენეტიკურ პარალელებს ავლებს („ის ასეთი ბაბუას ჰგავს, მისი გენები აქვს“), მაგრამ სინამდვილეში ყველაფერი შეიძლება ბევრად უფრო რთულად იყოს;
- ბავშვის მენტალური ჯანმრთელობის დარღვევის მიზეზი შეიძლება გახდეს ოჯახური გარემო, დაძაბული ურთიერთობა ოჯახის წევრებს შორის, არაკეთილსაიმედო სოციალური გარემოცვა, სტრესული სიტუაციები;
- ბავშვის მენტალურ ჯანმრთელობაზე სერიოზულ უარყოფით გავლენას ახდენს მისი შედარება სხვა ბავშვებთან – „როგორი ჭკვიანი და ბეჯითი ბიჭია შენი კლასელი გიო. როგორ მინდა შენც ასეთი იყო. რა დაგემართა, რატომ ვერ ახერხებ ისე ისწავლო და ისე მოიქცე, როგორც გიო“. ასეთი შედარებებით სერიოზულ ზეწოლას ვახდენთ მოზარდზე, რაც, თავის მხრივ, მისთვის ძლიერ სტრესად იქცევა;
- მშობლების ძალიან დიდმა მოლოდინებმა შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახდინოს ბავშვზე. მდგომარეობა განსაკუთრებით მაშინ მწვავდება, როცა მოზარდის რეალურ შესაძლებლობებსა და მშობლების მოლოდინებს შორის დიდი განსვლა ან სრული შეუსაბამობაა;
- ბავშვის უზომო, ასაკთან და მის ინდივიდუალურ შესაძლებლობებთან შეუსაბამო დატვირთვამ შეიძლება ასევე უარყოფითი გავლენა მოახდინოს მენტალურ ჯანმრთელობაზე.
როგორ შევინარჩუნოთ და განვამტკიცოთ ბავშვის მენტალური ჯანმრთელობა – რეკომენდაციები:
- ბავშვის მენტალურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა საკმაოდ ადრეულ ასაკში უნდა დავიწყოთ. ჯერ კიდევ ჩვილობის პერიოდში ბავშვი იღებს ემოციური ურთიერთობის გამოცდილებას. ამიტომ, იმაზე, თუ როგორ ურთიერთობს დედა ბავშვთან, დამოკიდებული იქნება მისი ემოციური მდგომარეობა და ფსიქიკური ჯანმრთელობა. დედასთან ემოციური ურთიერთობა ბავშვისთვის სიმშვიდის გარანტია;
- უზრუნველვყოთ მხარდაჭერა და ეფექტიანი კომუნიკაცია. შევქმნათ ბავშვისთვის უსაფრთხო და მხარდამჭერი გარემო, სადაც ის შეძლებს საკუთარი ემოციებისა და გრძნობების გამოხატვას; რეგულარულად ვიურთიერთობოთ მასთან და დავინტერესდეთ მისი ცხოვრებით;
- ჩავრთოთ ბავშვი მისთვის სასურველ სპორტულ სექციებში, ორგანიზება გავუკეთოთ სხვადასხვა აქტიურ თამაშებს ღია ცის ქვეშ. გავითვალისწინოთ, რომ ფიზიკური აქტივობა ხელს უწყობს ენდორფინების გამომუშავებას, რომელიც აუმჯობესებს ადამიანის გუნება-განწყობას;
- ვასწავლოთ ბავშვს სტრესის მართვის სხვადასხვა სტრატეგია, დავეხმაროთ განივითაროს სტრესთან გამკლავების ეფექტიანი ხერხები, ისეთი, როგორიცაა ღრმა სუნთქვა, მედიტაცია, ასევე მისთვის საინტერესო საქმიანობით დაკავება;
- გავითვალისწინოთ, რომ ბავშვს ესაჭიროება სტაბილურობა და პროგნოზირებადობა, ამიტომ შევიმუშაოთ მასთან ერთად დღის რეგულარული განრიგი და დავეხმაროთ მის დაცვაში;
- თუ ბავშვს ვამჩნევთ მენტალური ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემებს, რომლებიც ხელს უშლის მას ნორმალურად ცხოვრებასა და განვითარებაში, აუცილებლად უნდა მივმართოთ პროფესიონალებს დასახმარებლად. ისინი შეძლებენ ადეკვატურად შეფასებას და შესაბამისი მკურნალობის შეთავაზებას;
- მნიშვნელოვანია, რომ დროული რეაგირება გვქონდეს დარღვევებზე ბავშვის ქცევაში, რამდენადაც ფსიქიკური დარღვევების ადრეულ ეტაპზე გამოვლენა მათ წარმატებით დაძლევას უწყობს ხელს;
- გავითვალისწინოთ, რომ ფსიქოლოგთან მიმართვა სრულიადაც არ ნიშნავს იმას, რომ ბავშვს სერიოზული ფსიქიკური პრობლემები აქვს და მას მედიკამენტოზური მკურნალობა ესაჭიროება. უმრავლეს შემთხვევაში დახმარება შედგება თამაშით თერაპიისგან, ნდობით განმსჭვალული ურთიერთობის დამყარებისა და ბავშვთან მჭიდრო კომუნიკაციისგან. საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ბავშვის ქცევის კორექცია უნდა მიმდინარეობდეს მშობლებთან მუშაობის გზითაც, მათი კონსულტირებით და ბავშვთან მიდგომების ძიებით. თუ მუშაობა ტარდება რეგულარულად, გაღიზიანების გარეშე და ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე, პროგრესი აუცილებლად შესამჩნევი იქნება და პრობლემებიც წარმატებით მოგვარდება.
დაბოლოს, ზემოაღნიშნული რეკომენდაციების გათვალისწინება და ყურადღების გამახვილება მენტალური ჯანმრთელობის ძირითად ნიშნებსა და სიმპტომებზე დაგვეხმარება შევქმნათ ოპტიმალური პირობები ბავშვის ჯანსაღი განვითარებისა და კეთილდღეობისათვის.