შაბათი, თებერვალი 22, 2025
22 თებერვალი, შაბათი, 2025

დავალება შემოქმედებითი წერისთვის – დღიურის ერთი დღე

საინტერესო დავალება ზედმეტი არასდროსაა, მით უფრო, როცა სასწავლო სემესტრის ბოლოა და აღმოვაჩინეთ, რომ კურიკულუმით გათვალისწინებული პროგრამა თითქმის მთლიანად გავიარეთ და ახლა შეგვიძლია მშვიდად, სინდისის ქენჯნის გარეშე ვაკეთოთ ის, რაც გვინდა.

დავალების ფორმატი:

ფოტო წარსულიდან

 

დავალების პირობა:

წარმოდგენილია ქართველი მოწყალების დის, ანეტა ანდრონიკაშვილის ფოტო, რომელიც ხომალდ „პორტუგალზე“ დაიღუპა 1916 წელს. მან თავისი მაშველი რგოლი სხვას გადასცა. ანეტა სულ რაღაც 24 წლისა იყო…“.

1916 წელს ქართულ გაზეთ „სახალხო ფურცელში“ გამოქვეყნდა ცნობა:

 

„დღეს, 27 მარტს, ქაშვეთის ეკლესიაში გადახდილი იქნება პანაშვიდი გემ „პორტუგალზე“ დაღუპულ ანეტა ანდრონიკაშვილის სულის მოსახსენიებლად, რასაც გულითადი მწუხარებით იუწყებიან ნათესავები და ნაცნობები, ბებია, დედა, ძმები განსვენებულისა“.

 

დავალების პირობა:

 

  1. აღადგინე და დაწერე ბოლო დღე გოგონას დღიურიდან:
  2. მონიშნე დღე და რიცხვი.
  3. წერე პირველ პირში.
  4. გამოხატე გოგონას ემოციები, გრძნობები – მსოფლიოში ომია, ის კი თავისი

სახლიდან შორსაა…

  1. ამბავი, რომელიც შეიძლება წინა დღეს მომხდარიყო.
  2. იქნებ რაიმე წინათგრძნობა აქვს? იქნებ პირიქით, მხიარულ განწყობაზეა.
  3. ვინ ენატრება? რაზე ოცნებობს?
  4. გამოიყენე გრძნობა-აღქმის, ემოციების, გრძნობების გამომხატველი ზმნები.
  5. გამოიყენე ზედსართავი სახელები, აღწერე ზღვა, გემი, გოგონას კაიუტა…

 

 

ტექსტის რედაქტირება:

  1. წაიკითხე შენი ტექსტი ყურადღებით და გაასწორე შემდეგი ეტაპების მიხედვით.
  2. მხოლოდ ერთხელ წაიკითხე? საკმარისი არ არის, წაიკითხე სამჯერ, მათ შორის, ერთხელ ხმამაღლა.
  3. გადახედე ტექსტის სტრუქტურას – აბზაცები სწორად გამოიყენე?
  4. ეცადე საკუთარი ნაწერი უცხო თვალით წაიკითხო. რთულია? გეთანხმები, მაგრამ შესაძლებელია.
  5. ეცადე დააკავშირო შენი თავი – მკითხველი, და შენი თავი – მწერალი. როგორც მკითხველს, უნდა მოგეწონოს, რაც დაწერე, როგორც მწერალმა.
  6. დააკვირდი წინადადებებს, დასრულებული აზრი გადმოეცი? რამე სიტყვა ხომ
  7. არ გამოგრჩა?
  8. დააკვირდი, ყველა სიტყვა სწორად გიწერია? იქნებ სადმე მექანიკური შეცდომა დაუშვი?
  9. კიდევ ერთხელ დააკვირდი და გაასწორე გრამატიკული შეცდომები
  10. სასვენ ნიშნებზე რას იტყვი, დარწმუნებული ხარ, რომ სწორად დაწერე?
  11. ახლა, როცა შენი ტექსტი უკვე დაარედაქტირე და ყურადღებით წაიკითხე, შეგიძლია დასვა წერტილი, დაისვენო, რა კარგია, როცა დავალება უკვე დაწერილია.

 

  • დამატებითი ფაქტები ბიოგრაფიიდან:
  • ანა ანდრონიკაშვილი დაიბადა 1891 წელს სოლომონ ანდრონიკაშვილისა და ნადეჟდა ერისთავის ოჯახში.
  • პირველი მსოფლიო ომის დაწყებისთანავე შევიდა მოწყალების დების კურსებზე და წმინდა ნინოს ლაზარეთში დაიწყო მუშაობა.
  • იგი თავისი სურვილით წავიდა პირველ მსოფლიო ომში, მუშაობდა მოწყალების დად მცურავ ჰოსპიტალ „პორტუგალზე“. 1916 წლის 30 მარტს (ძველი სტილით 17 მარტს) „პორტუგალს“ ბუქსირით მიჰყავდა რამდენიმე ბრტყელძირიანი ნავი, რათა სანაპიროდან დაჭრილები აეყვანა ხომალდზე. ქალაქ რიზესთან, შავი ზღვის თურქეთის სანაპიროსთან ხომალდი შეჩერდა. იმ დროისთვის „პორტუგალზე“ არ იყვნენ დაჭრილები, მაგრამ იყვნენ ექიმები, მედდები და გემის მომსახურე პერსონალი; „პორტუგალი“ მცურავი ჰოსპიტალი იყო და მას ჰააგის კონვენცია იცავდა. ამიტომ გემის ეკიპაჟმა არანაირი თავდაცვითი ზომა არ მიიღო. გერმანულმა წყალქვეშა ნავმა გაუფრთხილებლად გაუშვა ტორპედო, რომელიც სამანქანო განყოფილების მახლობლად მოხვდა ხომალდს და ორ ნაწილად გახლიჩა. გემი ჩაიძირა.
  • პირველ მსოფლიო ომში ანეტას ძმებიც იბრძოდნენ.

(ფოტო – ეროვნული ფოტომატიანე)

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“