ერთხელ, ქუჩაში მიმავალი დედა-შვილს შორის საინტერესო და საყურადღებო საუბრის უნებლიე მოწმე გავხდი. 5-6 წლის ბიჭუნა უხალისოდ ატრიალებდა ხელში მისთვის ახლადნაყიდ ბურთს და უკმაყოფილებას ვერ მალავდა: „მე ეს ფერი არ მომწონს, მეორე ფერის ბურთი მინდოდა“. დედისთვის გაუგებარი იყო რატომ გამოხატავდა უკმაყოფილებას ბავშვი და ცდილობდა მისი „ჭირვეულობა“ ჩაეხშო – „მე კი ეს ფერი მომწონს და საერთოდ რა მნიშვნელობა აქვს რა ფერის იქნება, ხომ გიყიდე ახალი ბურთი. შეეშვი წუწუნს“.
მშობლები, როგორც წესი, თვლიან რომ მათ უკეთ იციან თუ რა არის კარგი და რა არის ცუდი მათი შვილისთვის. სწორედ ამიტომ, გარკვეულ ასაკამდე სანამ მოზარდისგან სერიოზულ პროტესტს არ წააწყდებიან, თავად წყვეტენ რა ჩაიცვას, რა ჭამოს, ვისთან იმეგობროს მისმა შვილმა. მანიპულირების შიშით ბევრი ზრდასრული თრგუნავს შვილის მცდელობებს გააკეთოს რაიმე საკუთარი შეხედულების მიხედვით და მტკიცედ დაიცვას საკუთარი პოზიცია თუნდაც უმნიშვნელო საკითხებზე. ასეთი სტრატეგია ხშირად სერიოზული პრობლემების შემქმნელი ხდება დამოუკიდებელი პიროვნების ფორმირების პროცესში.
რატომ არის მნიშვნელოვანი მივცეთ ბავშვს არჩევანის თავისუფლება:
- არჩევანის თავისუფლება ეხმარება ბავშვს განვითარდეს როგორც პიროვნება, ის მისი პიროვნების განვითარების ხელშემწყობი ხდება. პატარები ხშირად უსუსურად და უფროსებზე დამოკიდებულად აღიქვამენ თავს. თუმცა, როცა მათ ეძლევათ შესაძლებლობა დამოუკიდებლად მიიღონ ზოგიერთი, მათი ასაკისათვის შესაფერისი გადაწყვეტილება, უჩნდებათ დამოუკიდებლობის განცდა და საკუთარ თავში მეტი დარწმუნებულობა. ეს კი, თავის მხრივ, ეხმარება მათ პიროვნულ განვითარებაში და მომავალი ცხოვრებისათვის მომზადებაში;
- ბავშვისთვის არჩევანის თავისუფლების მიცემით ჩვენ, უფროსები გამოვხატავთ პატივისცემას მისი აზრის და სურვილების მიმართ. ეს ეხმარება ბავშვს იგრძნოს თავი მნიშვნელოვნად, ღირებულად და პატივცემულად. გადაწყვეტილების მიღება მნიშვნელოვანია ბავშვის თვითშეფასებისა და საკუთარი მნიშვნელოვნების გაცნობიერებისათვის. მას უნდა ესმოდეს, რომ ოჯახში პატივს სცემენ, როცა აძლევენ შესაძლებლობას მოიქცეს საკუთარი შეხედულების მიხედვით. ბავშვმა უნდა იგრძნოს, რომ მისი აზრი მნიშვნელოვანია ოჯახისთვის, რომ მის ქმედებებს მოაქვს სარგებელი და სიხარული. სწორი არჩევანის გაკეთებით ბავშვი გახდება უფრო თავდაჯერებული, დარწმუნებული საკუთარ თავში; პოზიტიური შედეგებით კი გაიგებს, რომ საგულდაგულოდ გააზრებულ გადაწყვეტილებას მივყავართ სასურველ შედეგებამდე. ის იგრძნობს სიამაყეს, ძალას. მომავალში კი მას ექნება უნარი მიიღოს გადაწყვეტილება და აიღოს პასუხისმგებლობა საკუთარ არჩევანზე;
- არჩევანის თავისუფლების მინიჭებით ბავშვი გახდება უფრო პასუხისმგებლიანი. როცა მოზარდს ვაძლევთ შესაძლებლობას გააკეთოს არჩევანი, ჩვენ მას ვეხმარებით პასუხისმგებლობის განვითარებაში. პატარა ბავშვებს ყოველთვის არ ესმით, რომ მათ მოქმედებას შეუძლია გავლენა მოახდინოს სხვა ადამიანებზე. თუმცა, როცა იწყებენ გადაწყვეტილების მიღებას, ისინი ხდებიან, უფრო მეტად პასუხისმგებლიანები თავის ქცევაზე და სწავლობენ გადაწყვეტილების მიღებას შედეგების გათვალისწინებით. ცხოვრება ისეა მოწყობილი, რომ ჩვენს თითოეულ არჩევანს აქვს შედეგები და ეს არის ზუსტად ის, რაც უნდა ისწავლოს ბავშვმა არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ საკუთარი გამოცდილებით. რა თქმა უნდა მოზარდმა შეიძლება დაუშვას შეცდომა, მაგრამ ნეგატიური გამოცდილება ასწავლის მას დაფიქრდეს თავის გადაწყვეტილებაზე;
- არჩევანის თავისუფლების მიცემით ჩვენ ვეხმარებით ბავშვს კრეატიულობის და აზროვნების განვითარებაში. თუ ბავშვს არ მივცემთ არჩევანის თავისუფლებას, ამით შევზღუდავთ მის შემოქმედებით უნარებს, შევაფერხებთ მის პიროვნულ განვითარებას, დავაკარგვინებთ დამოუკიდებლობის განვითარების შესაძლებლობას. რა თქმა უნდა, ჩვენ, უფროსებს უფრო მეტი გამოცდილება გვაქვს, მაგრამ ბავშვებს შეუძლიათ მიიღონ ორიგინალური, არასტანდარტული გადაწყვეტილებები, რისი წყალობითაც იწყებენ აზროვნებას უფრო შემოქმედებითად. ეს კი საკუთარი შემოქმედებითი უნარების განვითარების და მომავალი ცხოვრებისათვის მომზადების საშუალებას აძლევს ბავშვს;
- ბავშვისათვის არჩევანის თავისუფლებამ შეიძლება მნიშვნელოვნად შეამციროს ისეთი ქცევითი და ემოციური გამოვლინებები, როგორიცაა ჭირვეულობა, ჟინიანობა, სიჯიუტე. ყოველივე აღნიშნული პატარებში, როგორც წესი, თავისუფლების შეზღუდვით, უზომო კონტროლით და დამოუკიდებლობის ნაკლებობით არის გამოწვეული. ბავშვს სურს რაღაც გააკონტროლოს საკუთარ ცხოვრებაში, მიიღოს პატარა გადაწყვეტილებები მაინც. მივცეთ მას შესაძლებლობა იგრძნოს თავი ძლიერად და უნარიანად, რომელსაც შეუძლია რაიმე გავლენის მოხდენა და უარყოფითი ქცევითი გამოვლინებები შესამჩნევად შემცირდება;
- გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღებით ბავშვი სწავლობს თავისი სურვილებისა და ემოციების უკეთ გაგებას. როგორ გაიგებენ მოზარდები რა მოსწონთ სინამდვილეში, თუ ჩვენ ყოველთვის ყველაფერს მათ ნაცვლად გადავწყვეტთ. შემდეგ კი ვსაყვედუროთ და ვწუხვართ იმის გამო რომ „მას არაფერი უნდა“. შესაძლოა მოზარდმა ჯერ კიდევ ადრეულ ბავშვობაში ვერ ისწავლა არჩევანის გაკეთება და გადაწყვეტილების მიღება, რადგან ჩვენ, უფროსები მას ამის საშუალებას არ ვაძლევდით და მის ნაცვლად თავად ვაკეთებდით ყველაფერს;
- ბავშვისთვის არჩევანის თავისუფლების მინიჭება განამტკიცებს მის კავშირს მშობლებთან. როდესაც უფროსები ვავლენთ ინტერესს ბავშვის მიმართ და ვითვალისწინებთ მის სურვილებს, ეს განამტკიცებს ნდობას და ურთიერთგაგებას ჩვენ შორის, რაც თავის მხრივ, ჩვენ შორის კავშირის განმამტკიცებელიცაა.
იმისათვის რომ ბავშვმა შეძლოს გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღება, დამოუკიდებლად მოქმედება, შევეცადოთ მის ნაცვლად არ გავაკეთოთ ის, რისი გაკეთებაც განვითარების კონკრეტულ ასაკობრივ საფეხურზე მას უკვე შეუძლია.
რა არის ის, რაც არ უნდა გავაკეთოთ უფროსებმა ბავშვის ნაცვლად:
- ნუ ვილაპარაკებთ ბავშვის მაგივრად. ალბათ ყველა გავმხდარვართ იმის მოწმე, თუ როგორ პასუხობს დედა უცხო ადამიანის მხრიდან ბავშვისკენ მიმართულ შეკითხვას. მაგ. თუ დედასთან ერთად მოსეირნე პატარას შემთხვევით შემხვედრი მშობლის შორეული ნაცნობი შეკითხვით მიმართავს – „ გამარჯობა საყვარელო, რა გქვია“? მშობელი დაუფიქრებლად იწყებს პასუხის გაცემას და ეუბნება, რომ ამ მშვენიერ პატარას ქვია გიო. ხშირად მშობელი ამას მარტო მაშინ კი არ აკეთებს, როცა ბავშვი ძალიან პატარაა და ჯერ ლაპარაკი არ იცის, არამედ მაშინაც, როცა მეტყველებას უკვე საკმაოდ არის დაუფლებული და თავადაც შეუძლია შეკითხვებზე პასუხის გაცემა. ასეთი მოქმედებით ჩვენ ბავშვს ვართმევთ შანსს უპასუხოს დასმულ კითხვებს დამოუკიდებლად, განივითაროს დამოუკიდებლობა და დარწმუნებულობა საკუთარ თავში. ასეთ შემთხვევაში ჩვენ შეიძლება დახმარება აღმოვუჩინოთ ბავშვს, ვასწავლოთ როგორ უპასუხოს მისკენ მიმართულ შეკითხვას და გავამხნეოთ, თუ ის მორცხვობს, საშუალება მივცეთ ბავშვს თავად ისაუბროს საკუთარი თავის შესახებ;
- ზედმეტად ნუ დავეხმარებით ბავშვს. დაახლოებით 2-2,5 წლიდან პატარებს უკვე შეუძლიათ დამოუკიდებლად ჩაცმა, საკუთარი ჭიქის გარეცხვა და სათამაშოების დალაგება. სწორედ ამ ასაკში ბავშვებს სურთ ყველაფერი გააკეთონ დამოუკიდებლად და დაჟინებით მოითხოვენ ამას. სამწუხაროდ ბევრ ოჯახში უფროსები მუდმივად უკან დასდევენ ბავშვებს, ულაგებენ სათამაშოებს, აცმევენ, ღილებს უკრავენ, ხელით აჭმევენ, უმზადებენ სასკოლო ნივთებს და ულაგებენ ჩანთაში, ალაგებენ საწოლს და ამ ყველაფერს 9-10 წლამდე აკეთებენ. ასეთ შემთხვევაში ბავშვს უჩნდება უმწეობის, უსუსურობის განცდა და იწყებს ფიქრს – „მე თავად არაფერი შემიძლია გავაკეთო დამოუკიდებლად. დედის, მამის, ბებიის გარეშე თავს ვერაფერს გავართმევ“. ასეთ შემთხვევაში ბავშვს გაუჭირდება წინააღმდეგობის გადალახვა და ნებისმიერ სირთულეზე რეაგირება ექნება ისტერიული ქცევით, განუვითარდება საკუთარ თავში დაურწმუნებლობა. შეუძლებელია ბავშვი ჩამოყალიბდეს დამოუკიდებელ პიროვნებად, თუ მას არ მივცემთ საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის საშუალებას. დავრთოთ ბავშვს ნება გააკეთოს ის, რაც მას სურს, თუ ეს საფრთხეს არ შეუქმნის მის სასიცოცხლო ინტერესებს. რა თქმა უნდა, პირველ ხანებში ბავშვის მიერ განხორციელებული მოქმედებები იდეალური არ იქნება, მაგრამ ეს სრულიად ნორმალურია;
- პატივი ვცეთ ბავშვის გემოვნებას. უფროსები ხშირად ვცდილობთ თავს მოვახვიოთ ბავშვს ჩვენი საკუთარი მუსიკალური გემოვნება, ჩვენთვის მოსაწონი ფილმები, ტანსაცმლის სტილი. ბუნებრივია, რომ ეს კეთილი განზრახვით კეთდება, მაგრამ აქ ყურადღება უნდა გავამახვილოთ იმაზე, რომ ეს ყველაფერი უარყოფს ბავშვის ინდივიდუალურობას. ხშირ შემთხვევაში საკუთარი გემოვნების თავსმოხვევა სრულიად საწინააღმდეგო, საპირისპირო ეფექტს იძლევა – ბავშვი აკეთებს ან მოწონს ნებისმიერი რამ თუკი ის იმის საწინააღმდეგოა, რასაც ვთავაზობთ ჩვენ, უფროსები. იმისათვის, რომ ასეთ „ხაფანგში“ არ მოვხვდეთ, ვისიამოვნოთ, დავტკბეთ საყვარელი ფილმებით და მუსიკით. ბავშვს კი მივცეთ საშუალება თავად შეარჩიოს მისი მოსაწონი და თავს არ მოვახვიოთ ჩვენი ინტერესები და შეხედულებები;
- გვახსოვდეს, რომ ბავშვმა უნდა ისწავლოს გადაწყვეტილების მიღება ოჯახის სხვა წევრების სურვილების გათვალისწინებით. ამიტომ, ის განაწყენებული რომ არ დარჩეს, განვიხილოთ სხვადასხვა ვარიანტები;
- თუ ბავშვის არჩევანი წარუმატებელია, არ ღირს მისი გადაწყვეტილების გაკრიტიკება, შევთავაზოთ გაანალიზოს თავისი არჩევანი – რა დადებითი და უარყოფითი მხარეები, რა პლუსები და მინუსები აქვს მის არჩევანს. თუ ბავშვი დაჟინებით მოითხოვს თავისი გადაწყვეტილების განხორციელებას, მთელი რიგი მინუსების გამოვლენის შემთხვევაშიც კი, შევთავაზოთ დაფიქრდეს სარეზერვო გეგმაზე. აშკარა წარუმატებლობის შემთხვევაში მოვერიდოთ ისეთ ფრაზებს, როგორიცაა: „ჩვენ შენ გაფრთხილებდით, მაგრამ არ მოგვისმინე“. საყვედურების ნაცვლად შევეცადოთ განვსაზღვროთ შექმნილი სიტუაციიდან გამოსვლის გზები. ცხოვრება ყოველთვის უამრავ შესაძლებლობას გვაძლევს ადამიანებს. ძალიან მნიშვნელოვანია მათი დროულად შემჩნევა და სწორი არჩევანის გაკეთება
დაბოლოს, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ არჩევანის თავისუფლების მიცემა ბავშვისთვის უამრავი სირთულის თავიდან აცილების საშუალებას მოგვცემს მისი აღზრდის პროცესში. ამასთან, გავითვალისწინოთ ბავშვის ასაკობრივი თავისებურებები და განვითარების ყოველ ეტაპზე დამოუკიდებლად მოქმედების საშუალება იმ დოზით მივცეთ, რაც მისი ფსიქიკისთვის ასატანი იქნება. გვახსოვდეს, რომ ჩვენი ამოცანაა დავეხმაროთ ბავშვს განვითარებასა და მომავალი ცხოვრებისათვის მომზადებაში მისი სურვილებისა და ინტერესების გათვალისწინებით.