ეს ტექსტები იმ პროგრამიდან არ უნდა ამოეღოთ! — მე და ჩემი ბავშვები მათზე ბევრს ვსაუბრობდით და ამ საუბარში საღი აზრი და სიყვარული იბადებოდა, სიყვარული დაკვირვებისა და ჭვრეტისადმი, შემეცნებისადმი, ტექსტებისადმი, ლიტერატურისადმი, ბუნებისადმი, ავტორებისადმი, ერთმანეთისადმი… ისეთი, პავლესმიერი სიყვარული და ასეთიც, სოლომონისეული:
„ვეძებე ღამით ჩემს სარეცელზე ჩემი სულის შეყვარებული, ვეძებე იგი და ვერ ვიპოვე. ავდგები–მეთქი და მოვივლი ქალაქის ქუჩებსა და მოედნებს. მოვძებნი–მეთქი ჩემი სულის შეყვარებულს. ვეძებე იგი და ვერ ვიპოვე. შემომხვდნენ მცველნი, ქალაქის შემომვლელნი – ხომ არ გინახავთ ჩემი სულის შეყვარებული?“ (ქებათა ქება, თავი 4).
და ჩვენ, ყოველ ჯერზე, მათზე საუბარს ასე ვიწყებდით. მერე ვაგრძელებდით, რომ ყოველი ტექსტი ცოცხალი ორგანიზმია, რომელიც სუნთქავს, ზემოქმედებს, გააჩნია ძალა, მეხსიერება და მდგომარეობანი — სტატიკური ან დინამიკური, რომელთა შესაბამისად, მიძინებულია ან აქტიური და ცდილობს ჩვენს შეყოლიებას, აღელვებას, დამშვიდებას, გამხიარულებას თუ დაფიქრებას. ტექსტებს სხეულიც აქვთ, ორგანოებიც: თავი, ტანი, თვალები, გული, ძარღვთა სისტემა, ფეხები და ხელებიც კი და თავიანთი ავტორებივით ადევნება, ჩახუტება და უკვდავებაც კი შეუძლიათ. ტექსტებს ზოგჯერ უჩინმაჩინის ქუდი ახურავთ, მაშინაც ჩნდებიან, როცა გვინდა და მაშინაც — როცა არ გვინდა, ერთგულებაც ისე შეუძლიათ, გეგონება, რომ ერთი გული აქვთ, ერთი აზრი თუ ერთი წადილი.
მერე ასევე განვაგრძობდით, რომ ტექსტებს მშობიარობაც შეუძლიათ, ამის შესახებ ხომ უკვე სხვებისთვისაც დავწერე[1] და იმის შესახებაც, რომ ყოველი ტექსტი ინტერტექსტია[2], კვლავ და კვლავ წერაში კი ერთი უცვლელი ღირებულება — სიცოცხლე —იკვეთება და მას, ვისაც რა უნდა, იმას უწოდებს. სადღაც ჯილ დელიოზსა და ფელიქს გვატარსაც ვახსენებდით, — ისინი ამბობდნენ, სამყაროს სახე წარმოადგენს ხეს, უფრო ზუსტად, ფესვი ხე-სამყაროს სახეა და წიგნის პირველი ტიპი წიგნი-ფესვია, მისი კანონი კი ასახვის კანონია, „ერთი“ ყოველთვის ხდება ორიო. მათ მიერვე შემოტანილ ტერმინს ვზომავდით. ეს ტერმინი რიზომაა, — ისინი დასძენდნენ, რიზომა, როგორც მიწის ქვეშ ჩაზრდილი ღერო, რადიკალურად განსხვავდება ძირებისა და ფესვებისაგანო, რიზომა — ეს ბოლქვები და ტუბერებია წანაზარდების სხვადასხვა ხაზით, არასისტემური და მოულოდნელი განსხვავებებით, რომელთაც არ ძალუძთ, ერთმანეთს დაუპირისპირდნენ რაიმე თვისების ქონა-არქონით. პირიქით, რიზომის შემთხვევაში, ღერო შეიძლება განვითარდეს ყველა მიმართულებით და მიიღოს სხვადასხვა კონფიგურაციაო. მერე რიზომის სხვა განმარტებებსაც გავკრავდით კბილს[3], ფოტოებსაც მიმოვიხილავდით[4][5]) და ვმსჯელობდით.
მოდით, ამჯერად ჩავთვალოთ, რომ სოლომონს მიკუთვნებული „ქებათა ქება“ — „ქებაჲ ქებათაჲ“ არის რიზომა.
როგორც ცნობილია, წიგნი „ქებათა ქება“ ძვ. წ.-ის, დაახლოებით, 1020 წელს, ძველი ისრაელის მეფის, სოლომონს მიეწერება და მოგვითხრობს მწყემსი ბიჭისა და შულამელი გოგონას სასიყვარულო ამბავს. თუ რატომ ვამბობთ, რომ ეს ტექსტი სოლომონ მეფეს მიეწერება ან მას მიკუთვნებულია, — ეს სულ სხვა, ერთი-ორად საინტერესო საკითხია, რომელზე პასუხს ღმრთისა და მოყვასისათვის წამებული მამა, მკვლევარი და საზოგადო მოღვაწე, გრიგოლ ფერაძე გვცემს „ჯვარი ვაზისას“ 1932 წლის მე-2 ნომერში გამოქვეყნებული თავისი ნაშრომით — „ქებათა ქება“. ის ბრძანებს: „ამ წიგნის სახელია უფრო „შაირთა შაირი“, ვინაიდან ებრაული „შირ“ (წიგნს ქვია ებრაულად „შირ ჰაშირიმ“) და არაბულად — „შაირუნ“, უდრიან არა მხოლოდ ფილოლოგიურად, არამედ ეტიმოლოგიურადაც ჩვენ „შაირს“, რომელიც სემიტურ წარმოშობისა უნდა იყოს. ასეთი თარგმანი თვით წიგნის შინაარსის გაგებასაც ძლიერ გააადვილებდა, მაგრამ რადგან დღეს ჩვენს ერში ამ შაირს და შაირობას დაკარგული აქვთ რუსთაველის დროის „შაირობა პირველადვე სიბრძნისაა ერთი დარგი, საღმრთო, საღმრთოდ გასაგონი“-ს მნიშვნელობა, ვტოვებ ძველ სახელს — „ქებათა ქებასო“. ეს ქებანი შეგროვილია ხალხში ვიღაც უცნობი რედაქტორის მიერ და მაინცდამაინც ძლიერ სისტემატურად დალაგებულნი არ არიან და არც შეუბღალავად და უცდომილნოდ გადმოცემულნიო[6]. მათ მღეროდნენ აშუღები, პროფესიონალი მომღერლები, მომეტებულ წილად, ქორწილის დროს, რომელიც გრძელდებოდა ურიასტანში ერთი კვირა და რომლის დროს სიძეს ერქვა სახელად — „მეფე“… შეიძლება, ესენი იყვნენ უკეთესნი სხვა შაირებზე და ან შეიძლება ესენი ეკუთვნიან ერთ პროვინციას, სადაც თვით რედაქტორი ცხოვრობდა ან და მწყემსური მოსახლეობა იყოო.
გრიგოლ ფერაძე შესაძლოდ მიიჩნევს, რომ ამ შაირთაგან რამდენიმე, შესაძლოა, ეკუთვნოდეს სოლომონს, მაგრამ უფრო ჰგონია, რომ სოლომონი არის „მხოლოდ სინონიმი ახალგაზრდობის, ძალის და სიყვარულისა. მკვლევარი იქვე დაასკვნის, — ასეა თუ ისე, ჩვენ თვალწინ უუძველესი პოეზიაა კაცობრიობის და ამავე დროსაც უულამაზესიც. ჩვენ თვალწინ იშლება სრულიად ბუნებრივი სიყვარული ორ სქესის შორის — ორ ახალგაზრდა არსებათა შორის, მხოლოდ სიყვარულისათვის და ნაყოფისათვისო.
აღნიშნული განმარტება ძირფესვიანად ცვლის „ქებათა ქების“ მანამდელ განმარტებებს. მაგალითად, მე-10 საუკუნის, მრავალმხრივ საინტერესო „შატბერდის კრებულში“ დაცული, წმინდა იპოლიტე რომაელს მიკუთვნებული „თარგმანებაჲ ქებათა ქებათაჲს“ მიხედვით, „მეუფე“ ქრისტეა.
ჩვენც დავაკვირდეთ და ბავშვებიც დავაკვირვოთ, ამ „თარგმანებაში“ ფრაზა —„ამბორს-მიყავნ მე ამბორის-ყოფითა პირისა მისისათა, რამეთუ შუენიერ [უმჯობეს] არიან ძუძუნი შენნი უფროჲს ღჳნისა, და სურნელებაჲ ნელსაცხებელთა შენთა უფროჲს ყოველთა სურნელებათა“ — აი, როგორაა განმარტებული: „… სახჱ ესე ერისაჲ მის არს, რომელი ესე ევედრების ზეცისასა მას სიტყუასა, რაჲთა ამბოვრს-უყოს, რამეთუ პირი პირსა შეხებად ჰნებავს. რამეთუ ძალი სულისაჲ თჳსა მომართ შეყოფად ჰნებავს… და იტყჳს რომელ არს ესე თავადი: მცნებათა მათ მიერ, რომელთა ამცნებს შემოყოფილ ჩემდა ესე, რამეთუ პირისა მისგან სიყუარული არს, ღირს-მყავ“[7]. როგორი განმარტებაა? — სანდო? სახალისო და ცოტა კომიკური? — ბავშვებს უყვართ ამ კიტხვაზე დაფიქრება და გამოპასუხებაც.
„ქებაჲ ქებათას“ სხვა ტექსტებისაგან[8] განსხვავებით, იპოლიტე რომაელს მიკუთვნებულ, ციტირებულ აბზაცში არსად ჩანს ფრაზა: „სძალი ეტყჳს“. არადა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. გახსოვთ, ვეფხისტყაოსანში ავთანდილს ვინ აუხსნა სიყვარული? და ტარიელს? — რა თქმა უნდა, ქალებმა, სძლებმა. გამოდის, „ვეფხისტყაოსანიც“ „ქებათა ქების“ რიზომას მობმული ერთი ყველაზე მშვენიერი ბოლქვი თუ ტუბურაა? არაფერს ვამბობ აკაკის „ქებათა ქებაზე“.
არ უნდა ამოგეღოთ, უნდა ჩაგემატებინათ! ტონი მორისონივით მეც ვფიქრობ, სოლომონის „ქებათა ქებას“ „უნდა უსმინო, როგორც გრძელ, უსასრულო სიმღერას“, და მისამღერივით იმეორო სიტყვები: „ო, სოლომონ, ნუ დამტოვებ, ტკბილო კაცო, ნუ დამტოვებ, ბუბა… იალე… ტამბე“… ბავშვებთან ერთად უნდა უსმინოთ და ერთად იმღეროთ — ვინძლო, ამ მრუმე ყოფიერებაში ეს სანატრელი ტექსტი მათ ცხოვრებას ყველაზე მეტად გაალამაზებდა!
[1] მარიამ გოდუაძე, ბორხესი, ორუელი, ლომოური, კინგი — პრობლემის პრობლემები თუ როგორ მშობიარობენ ტექსტები? https://mastsavlebeli.ge/?p=39728
[2] მარიამ გოდუაძე, ერთი აუდიოაღწერა სამი მხატვრული ტექსტის გააზრებისთვის, ანუ, რას გვიყვება როკო ირემაშვილის „დავითი“, https://mastsavlebeli.ge/?p=41331
[3] http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=5&t=13466
[4] https://en.wikipedia.org/wiki/Rhizome
[5] Altტექსტი ფოტოსთვის: კოჭას/ჯანჯაფილის/ჯინჯერის რიზომა — ერთმანეთთან დაკავშირებული ბოლქვები, მწვანე ამონაყრებით
[6] გრიგოლ ფერაძე, ქებათა ქება, ჯვარი ვაზისა, პარიზი, 1932, N 2. გვ.35. https://iverieli.nplg.gov.ge/bitstream/1234/81199/1/Jvari_Vazisa_1932_N2.pdf
[7] შატბერდის კრებული X საუკუნისა, გამოსაცემად მოამზადეს ბაქარ გიგინეიშვილმა და ელგუჯა გიუნაშვილმა, გამომცემლობა მეცნიერება, თბილისი, 1979, გვ. 251.
[8] https://www.orthodoxy.ge/tserili/mtskheturi/qeb1-8.htm; https://www.orthodoxy.ge/tserili/gadasatseri/dzveli/qeba/qeba-1.htm;