შაბათი, თებერვალი 22, 2025
22 თებერვალი, შაბათი, 2025

ჩვენი სამყაროს დროებითი სტუმრები – სიკეთის ნაპერწკალი კეთილი სულები

ლიტერატურული პერსონაჟი ბიჭები, რომლებმაც აქ სულ ცოტა ხანი დაჰყვეს, მაგრამ საკუთარი კვალი მარადიულად დატოვეს.

ამ წერილში მინდა, ის პერსონაჟები გავიხსენოთ, რომლებიც ჩვენთან მოსასვლელად ზეციდან ჩამოშვებულ სინათლის სხივს ჩამოჰყვნენ, სიკეთის მარცვლები დათესეს და უკან დაბრუნდნენ. ყოველ წელს უამრავი ბავშვი მიფრინავს ჩვენგან და დიდ ნაღველს ტოვებს. „გარდაცვლილი ბავშვები“ – ეს სიტყვათა შეთანხმებაც ოქსიმორონია. თითქოს არაფერი ესაქმება სიკვდილს ბავშვთან, რომელთანაც მხოლოდ სიხარული, სიცილი და მზიანი დღეები უნდა ასოცირდებოდეს. მაგრამ ცხოვრება რთულია, რაც ასაკი გვემატება, მის სირთულეს უფრო და უფრო მეტად ვიწვნევთ საკუთარ თავზე, რაც ვუახლოვდებით მარადიული სამყაროს კარიბჭეს. და თურმე მსოფლიოს ყველაზე დიდი მუდმივი საშინელება: ომი, არ ინდობს არც უმანკო სიცილს და არც ბედნიერ მომავალს. კი ბავშვებს ხოცავენ, ბავშვები კვდებიან. ხშირად მშობელს იმის საშუალებაც არ აქვს რომ შვილი დაიხსნას რაღაც გამოუცნობი ავადობისგან, გამოუცნობი ტრაგედიისგან და უბედური შემთხვევებისგან.

სულ მგონია, რომ ლიტერატურის მარადიული ბავშვები, ზუსტად ისინი არიან, ვინც ვერ გადაურჩა ან რთულად გადაურჩა ამქვეყნიურ სისასტიკეს. ვინც არჩია წასვლა იქ, სადაც მარადიული მზე ანათებს და ვარსკვლავები კაშკაშებენ.

კარგ მხატვრულ ტექსტებში ყველა ჩვენს კითხვაზე ვიპოვით პასუხს, ასევე იმაზეც – რატომ მიფრინავენ ბავშვები ძალიან შორს. ეს დღეებია ძალიან კარგ წიგნს ვკითხულობ, რომელიც ახლახან გამოიცა ქართულ ენაზე: „პიტერ პენი კენსიგტონის ბაღებში“, როგორ იქცა პიტერ პენი პიტერ პენად, როგორ გახდა ის მარადიული ბავშვი. ამ ჩემი ფიქრების ინსპირაციაც ეს წიგნია, რომელიც ადამიანს ძალიან, ძალიან დააფიქრებს. ფანჯრიდან გაფრენილი პიტერი ჩიტებთან იზრდება, შემდეგ ფერიებთან ხვდება, რომლებიც სანუკვარ სურვილს უსრულებენ: ფრთებზე უღიტინებენ და პიტერი დედასთან გაღებული ფანჯრიდან ბრუნდება, თუმცა დედა მას ვერ ხედავს, მისი არ ესმის, პიტერი ხომ გაფრენილი ბავშვია! მისი დანახვა ჩვენი სამყაროს ხედვითა და სხეულით შეუძლებელია. არადა, ის ისე ახლოსაა დედასთან, შეიგრძნობს მის სურნელს, ლამის ეხება კიდეც… მეორედ მისულ პიტერს ფანჯარაზე უკვე გისოსები ხვდება და დედა პატარა ბიჭთან ერთადაა. ესეც სიმბოლურია, იმ ქვეყნიდან მობრუნება შეუძლებელია, მეორე შანსი არ არსებობს. რაც ჩვენს ზღაპრებში კარგად არის აღწერილი, საიქიოდან მობრუნებული არავის უნახავსო, როცა ერთი გაბედავს სიკვდილის დამარცხებას და მარადიულ სიცოცხლეს ჩაეჭიდება, ეს ჩაჭიდებაც, ეს მარადიულობაც საშინლად მომაბეზრებელია, საშინლად დამთრგუნველი. ხანგრძლივი ბედნიერება – უინტერესოა, ადამიანებს ყოველთვის სჭირდებათ ვნებები და გრძნობები, აღფრთოვანებებს აუცილებლად დაცემა უნდა ცვლიდეს, ეს არის ამ სამყაროს კანონი, რომ დაეცემი, წამოდგე და რომ წამოდგები, დაეცე. ჰოდა, მარადიული ნეტარებიდან გამოქცეული ზღაპრის პერსონაჟი, ბრუნდება თავის სოფელში, სადაც ვერაფერს და ვერავის ვეღარ ცნობს, დროის მსახვრელ ხელს შესანიშნავად უმუშავია, თავად ხომ უდროობაში იყო, იქ სადაც დრო არ არსებობდა. ამიტომ მისთვის თითქოს რამდენიმე წელი, ჩვენს საუკუნეს უდრიდა. აი, ხალხური ზღაპრების სიბრძნეც, საიქიოს ჩვენი სამყაროსგან პირველ რიგში უდროობა განასხვავებს. დრო – სწორედ მასში ვხვდებით ადამიანები და როდესაც სხეულს ვკარგავთ, დროც გვეკარგება.

პატარა უფლისწული – ეს ყველასთვის საყვარელი პერსონაჟი, რომელიც პლანეტიდან პლანეტაზე დაიარება და მეგობრებს დაეძებს, სინამდვილეში სწორედ იმ კითხვებზე პასუხის ძიებაა, რომლებიც დასაწყისში ვახსენეთ – სად მიდიან ბავშვები, რომლებიც გვტოვებენ? და როგორც ვთქვით ლიტერატურა პასუხების ამოუწურავი წყაროა. პატარა უფლისწული ჩვენს პლანეტაზე, თავის პატარა სამყაროდან მოდის და როგორც ყველა ბავშვი, ისიც ძალიან ცნობისმოყვარეა. საბოლოოდ სახლში დაბრუნების გზა, სხეულთან გამომშვიდობებაა, ჰაერზე მსუბუქი უნდა იყო, რომ კოსმოსში პლანეტათა შორის სისწრაფე განავითარო, რომ დროიდან უდროობაში გაემგზავრო. გამგზავრება ტკივილით მიიღწევა, ჩვენებური სიკვდილი – სადგურია, საიდანაც მატარებლები ზემოთ მიქრიან.

„მწვანეთითება ტისტუ“ – კიდევ ერთი სიკეთის ანგელოზის, სიკეთის ბიჭუნას თავგადასავალია. რთულია ამ სამყარომ დაიტიოს ის, ვისი გულიც სუფთა და წკრიალაა, ტისტუს კეთილშობილება იმხელაა, რომ მას ჯადოსნური თითები აქვს, შეუძლია ყველაფერი ყვავილებში, სიმწვანეში გაახვიოს, ომის სიმბოლო – ტანკი მშვენიერი ყვავილებით შეამკოს, ღარიბების ჩამონგრეული სახლები ხვიარა მცენარეებით გაალამაზოს. ტისტუც ვერ დარჩება ჩვენთან დიდხანს. შეუძლებელია ასეთმა ადამიანმა მატერიალურ სამყაროში დიდხანს დაყოს. მისი სხეული მსუბუქი და ჰაეროვანია, მისი გული უზარმაზარი, თვალებიდან სიკეთე იღვრება, თითებიდან ყვავილები. როდესაც ყველაზე დიდ საშინელებას, ომს შეაჩერებს, ტისტუ მიწას ტოვებს და ბრუნდება სახლში, საიდანაც ჩვენ ყველანი მოვდივართ, თუმცა ერთეულები თუ ახერხებენ დროულად და შეუბილწავად შინ დაბრუნებას.

ძმები ლომგულებიც ასეთი ბიჭები არიან, მამაცები და კეთილები. რომლებმაც დიდხანს ვერ გაძლეს ჩვენს დუხჭირ და სასტიკ სამყაროში. მათი ადგილი ჩვენთან ვერ მოიძებნა, ხანძარი თუ ავადმყოფობა ის პორტალი აღმოჩნდა, რომელმაც ძმები საოცარ და მარადიულ სამყაროში გადაიყვანა, სადაც გაგრძელდა მათი შესანიშნავი თავგადასავალი, მათი ამბავი, ამბავი – სიმამაცისა, სიყვარულისა და თავგანწირვისა. საბოლოოდ ყველა ტანჯვა, ყველა პრობლემა სრულდება, და არც ისაა მოგონილი, რომ ზღაპრის ბოლო კეთილია, თუმცა ამ სიკეთის დანახვა ჩვენ ადამიანებს არ შეგვიძლია, ვხედავთ მხოლოდ ზედაპირულს, რაც თვალით ჩანს, გულით ხედვა რთულია და შეუძლებელი, სწორედ გულით ხედვას გვირჩევდა პატარა უფლისწულიც. ძმები ლომგულებიც, თავიანთ ტანჯულ დედიკოსთან ერთად ბედნიერებას პოულობენ, ოღონდ აქ არა, და ახლა არა, იქით – მარადიულ სამყაროში, დიდი ტანჯვისა და ბრძოლის შემდეგ. და სწორედ ასეთი ბედნიერებაა მუდმივი და ხელშეუხებელი, როდესაც ყველა ტკივილი გამოვლილია, ყველა სიმწარე ნანახია – დგება დრო მარადიული სიმშვიდის.

ჰარი პოტერიც ჯადოსნური ბიჭია, მას მაგიური შესაძლებლობები აქვს და ერთგული მეგობრები ჰყავს. ჰარის მუდმივი კავშირი აქვს მიღმურ სამყაროსთან, თავად ჩვენს სამყაროში რჩება და აქ ამარცხებს ყველაზე დიდ ბოროტებას. ის გადარჩენილი ბიჭია შუბლზე ნაიარევით, მყარად დგას მიწაზე და იბრძვის თავგანწირვით; იბრძვის, რომ სწორედ აქ, ამ დროში გაიმარჯვოს სიკეთემ და დამარცხდეს ბოროტება, ზღაპრის კეთილი დასასრული სწორედ აქ შედგეს. ჰარი ახალი დროების ბავშვია, ახალი შესაძლებლობებითა და ბრძოლის სურვილით. თუმცა მას ძალას იმქვეყნად წასული ახლობელი ადამიანები აძლევენ. ეს ამბავი იმის დასტურია, რომ ზოგიერთი ადამიანი სწორედ დედამიწაზე სიმშვიდის დასამყარებლად და ბოროტების გასანადგურებლად იბადება, მას მყარი ჯავშანი აქვს – ეს ჯავშანი მეგობრობა და სიყვარულია, სწორედ ის, რასაც პატარა უფლისწული დაეძებდა, რაც ასე აკლდათ ძმებ ლომგულებს და რაც ვერ გამოცადა ჩვილმა პიტერმა, როდესაც ფანჯრიდან გაფრინდა.

ლიტერატურის ამგვარი წაკითხვა, მისი დაკავშირება ჩვენი ცხოვრების ყველაზე დიდ საიდუმლოსთან და ყველაზე ბევრ პასუხგაუცემელ კითხვასთან, ტექსტში საიდუმლოს ძიება, კავშირების დანახვა, ამ ყველაფრის დაკავშირება ძველ მითოლოგიასთან, ზღაპრებთან – ეს სწორედ ის არის, რასაც წიგნების ძალას ვუწოდებთ. წიგნები ზღაპრული ჯადოსნური სარკეებია, სადაც ჩავიხედავთ და ყველაფერი ხელისგულზე გადაიშლება: სიცოცხლე თუ სიკვდილი, ჩვენი სამყარო თუ უამრავი სხვა განზომილება. მთავარია, მივენდოთ, მთავარია წავიკითხოთ და დავიჯეროთ.

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“