„ქალაქებში ნაშენი გარემოს დომინირება ხშირად თრგუნავს ბუნებას, მაგრამ აქ არსებულ ბუნებრივ ელემენტებს შეუძლია, მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს ურბანული ცხოვრების ხარისხი და ქალაქელებს უკეთესი გარემო და დანარჩენ სამყაროსთან მეტი კავშირი შესთავაზოს“
ლუის ვირთი (1897-1952) –
ამერიკელი სოციოლოგი და ურბანისტი, ჩიკაგოს უნივერსიტეტის პროფესორი და საერთაშორისო სოციოლოგიური ასოციაციის პირველი პრეზიდენტი
დისკუსია ქალაქებში არსებული ეკოლოგიური გამოწვევებისა და გარემოსდაცვითი პრობლემების შესახებ არახალია. აქ არსებულ მძიმე ეკოლოგიურ მდგომარეობაზე ფრიდრიხ ენგელსი ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში წერდა თავის გახმაურებულ სტატიაში The Great Towns („დიადი ქალაქები“, 1845), სადაც უკვე აღნიშნავს, რამდენად დაბინძურებულია ჰაერი და წყლის სივრცეები ლონდონის, მანჩესტერის, ლივერპულის, ლიდსისა და დიდი ბრიტანეთის სხვა სამრეწველო ქალაქების მუშათა რაიონებში. გარემოს დაცვაზე, კლიმატის ცვლილებაზე, ეკოლოგიურ გამოწვევებზე, საცხოვრებელი გარემოსა და ჰაბიტატების შენარჩუნებაზე ყველა საუბრობს: ადგილობრივი ეკოაქვისტიც, რომელიც უბნის სკვერს იცავს და გაეროს გენერალური მდივანიც, რომელიც ნაირ-ნაირ საერთაშორისო კონფერენციაზე მსოფლიო საზოგადოებას „ბუნების დასაცავად პრინციპულ ბრძოლას“ სთავაზობს…
სამწუხაროდ, ამ უწყვეტი „ეკოლოგიური შინაარსის“ მქონე საინფორმაციო ნაკადში, რომელიც ჩვენს კომპიუტერებში, ტაბლეტებსა თუ ტელეფონებში, სხვადასხვა საინფორმაციო პლატფორმიდან მოედინება, რთულია მტყუან-მართლის გარჩევა და ფასეული ინფორმაციის გამორჩევა. ზოგი ერთს ამბობს და ზოგიც – მეორეს, თუმცა რომლის ნათქვამია სწორი, არგუმენტირებული და აკადემიურად გამართული, ხშირად ძნელი ამოსაცნობია.
განსაკუთრებული სიმწვავითა და სიმწარით წერს ქალაქში ბუნებრივი გარემოს განადგურებისა და მავნე ზეგავლენის შესახებ მე-20 საუკუნის ფრანგი მოაზროვნე, ფილოსოფოსი, სოციოლოგი და პუბლიცისტი ჟან ბოდრიარი (Jean Baudrillard):
„ყველაზე უარესი ის კი არ არის, რომ ყველა მხრიდან ნარჩენებით ვართ გარშემორტყმულნი, არამედ ის, რომ ჩვენ თვითონ ვიქცევით ნარჩენებად. მთელი ბუნებრივი გარემო ნარჩენად და ნაგვად გადაიქცა, ანუ სუბსტანციად, რომელიც არავის სჭირდება და ყველას უშლის ხელს, რომლისგანაც, მსგავსად გვამისა, არავინ იცის როგორ გათავისუფლდეს. ამასთან შედარებით, ორგანული სამრეწველო ნარჩენების მთები არაფერია. არსებობს საფრთხე, რომ მთელი ბიოსფერო ერთ მშვენიერ დღეს რომელიღაც არქაულ ნაშთად გადაიქცეს, რომლის ადგილიც ისტორიის სანაგვეზე იქნება. თუმცა ისე მოხდა, რომ საკუთრივ ისტორია მოხვდა საკუთარსავე სანაგვეზე, სადაც გროვდება არა მხოლოდ ჩვენ მიერ განვლილი და წარსულს ჩაბარებული პერიოდები, არამედ ყველა მიმდინარე მოვლენაც. დამთავრებისთანავე, ეს [მოვლენები] მაშინვე კარგავენ საზრისს; ამის მიზეზი მასობრივი ინფორმაციის საშუალებების დემპინგია – მათ შეუძლიათ მოვლენა ისეთ სუბსტანციად გადააქციონ, რომელიც მზად არის მოსახმარად, ხოლო შემდეგ, მაშინვე ნაგვად გადასაქცევად. ისტორიის ნაგავსაყრელი, საინფორმაციო ნაგავსაყრელად გადაიქცა“ (Jean Baudrillard, 2006).
სამწუხაროდ, ჟან ბოდრიარის შეფასებებითა და მოსაზრებებით, ურბანული გარემო, თანამედროვე ქალაქური სივრცე, ურბანული სოციალურ-კულტურული გარემო, სავსეა შიშითა და სიძულვილით.
ისეთ სერიოზულ საკითხზე საუბარს, როგორიც ჩვენი პლანეტა, დედამიწა, მისი ბუნება და ადამიანის საცხოვრებელ გარემოზე ჩვენივე მავნე ზეგავლენაა, ასეთივე სერიოზული სამეცნიერო მსჯელობა, ფაქტები და მყარი არგუმენტები სჭირდება. ამიტომაც გადავწყვიტე, თქვენთვის შემომეთავაზებინა რამდენიმე ამონარიდი ცნობილი და სერიოზული მკვლევრების სტატიებიდან, რომლებიც, ჩემი აზრით, თავს უყრიან ზოგად მოსაზრებებს ქალაქებში არსებულ ეკოლოგიურ პრობლემებსა და იმ მიმართულებებზე, რომლებიც სხვადასხვა სამეცნიერო დისციპლინების, სოციოლოგიის, ურბანისტიკის, ეკონომიკის, კლიმატოლოგების, გეოგრაფების, არქიტექტორების, ქალაქმგეგმარებლების, ეკოლოგებისა და ბიოლოგების წარმოდგენებით, აუცილებლად ყურადსაღებია და ჩვენს ძალისხმევას საჭიროებს.
წარმოდგენილი სტატიის ფორმად შევარჩიე სამეცნიერო სტატიების შესავალში, მსოფლიოს წამყვან მეცნიერთა მიერ მოყვანილი მოსაზრებები, რომლებიც, როგორც წესი, ქალაქებში ეკოლოგიური პრობლემების წარმოდგენასა და მათ ნათელ ფორმულირებას შეეხება. ვფიქრობ, ასეთი ტიპის ტექსტური კომპილაცია საინტერესო და სასარგებლო იქნება როგორც სკოლების, ისე – უმაღლესი სასწავლებლების პედაგოგებისათვის, რომლებიც გაკვეთილებისა თუ ლექციების დროს ამ საკითხებს ეხებიან.
დოქტორი შტეფან პაულაიტი (Dr. Stefan Pauleit), მიუნხენის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის (TUM-ის) პროფესორი, ლადშაფტური არქიტექტურის მიმართულების ხელმძღვანელი: „ისეთი კონცეფციები, როგორებიცაა, მწვანე ინფრასტრუქტურა (green infrastructure – GI), ბუნებაზე დამყარებული გადაწყვეტილებები (nature-basedsolutions, NBS), და ეკოსისტემების სერვისები (ES) ხაზს უსვამენ ბუნების მნიშვნელობასა და ბუნებრივი სისტემების, როგორც ქალაქის განუყოფელი ნაწილის, არსებობის აუცილებლობას ქალაქების მდგრადი განვითარების საქმეში. თუ, მაგალითად, „მწვანე ინფრასტრუქტურის“ კონცეფციას გამოვიყენებთ, ნათლად დავინახავთ, რომ მისი შინაარსი ფართოდ განიხილება მეცნიერებაში, ქალაქგეგმარებაში და პოლიტიკის ანალიზის სფეროებში. ეს აქტუალური გახდა იმიტომ, რომ ეს მიდგომა ხელს უწყობს ბუნების უკეთ დაცვას, ეხმარება ქალაქის მდგრადი განვითარების მიმართულებების დადგენას და შედეგად გვაძლევს ქალაქებს, სადაც საცხოვრებელი პირობები ოპტიმალური და მისაღებია. ყურადსაღებია ისიც, რომ „მწვანე ინფრასტრუქტურის“ კონცეფცია, ახალ კონტექსტში მოხვედრისას, ეჯახება უკვე დიდი ხნის წინ დადგენილ გეგმარებით პრაქტიკებს, რაც ხშირად წარმოშობს შეკითხვებს მათი შინაარსის, დამატებითი ღირებულებისა და განხორციელების საშუალებების შესახებ. „მწვანე ინფრასტრუქტურის“ კონცეფცია აშშ-ში 90-იან წლებში ლანდშაფტის ეკოლოგიის პრინციპებზე დაყრდნობით წარმოიშვა, ამერიკული ქალაქების გარშემო მიმდინარე „ურბანული ცოცვის/განშლის“ პროცესის (გარეუბნების უკონტროლო ზრდა ქალაქების გარშემო და დეველოპერების მიერ ახალ-ახალი „იაფიანი“ ნაკვეთების ჩართვა საგარეუბნო მშენებლობაში, ლ.ა.) საპასუხოდ. უნდა აღვნიშნოთ, რომ „მწვანე ინფრასტრუქტურის“ კონცეფცია თავისი შინაარსით მოიცავს გარკვეულ ორაზროვნებას, რადგან მეცნიერება, გეგმარება და პოლიტიკის ანალიზის სფეროები, განსხვავებულ ლოგიკას, არგუმენტაციასა და ინტერესებს ეყრდნობიან“ (Pauleit, S.,et al., 2021).
დოქტორი როკო პაჩე (Dr. Rocco Pace), EURAC-ის წამყვანი მკვლევარი, ქ. ბოლცანო (იტალია): „მოსახლეობის რაოდენობის ზრდა, კლიმატის ცვლილება, ჰაერის დაბინძურების მაღალი და ზრდადი დონე, სერიოზულ რისკებს ქმნის ქალაქებში ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების კუთხით. შესაბამისად, მდგრადი ურბანული გეგმარება აუცილებელია ქალაქებში ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად და ბუნებრივი ეკოლოგიური სისტემების მთლიანობის შესანარჩუნებლად. ურბანული ტყეები და ქალაქებში არსებული ტყიანი სივრცეები მნიშვნელოვნად არბილებს კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ უარყოფით ეფექტებს და ხელს უწყობს ქალაქში ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებას საცხოვრებელ რაიონებში. ჰაერის დაბინძურების სხვადასხვა ტიპი, გამოწვეული ხეების გაკაფვით [ან მათი სიმცირით], მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ხეების სახეობებზე და მათ თვისებებსა და შესაძლებლობებზე. ამიტომაც, ძალიან მნიშვნელოვანია ხეების სახეობების სწორად შერჩევა ქალაქში გარემოსდაცვითი, ოპტიმალური შედეგის მისაღებად გამწვანების ღონისძიებების დაგეგმვისას. ყველაზე მეტად შესაბამისი ხის სახეობების დასადგენად, ან სახეობების ნაზავის შესადგენად ძალიან სასარგებლოა ეკოსისტემების სერვისების მოდელირების საშუალებების გამოყენება, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, როგორც სწორი გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელი დამხმარე საშუალება (Pace, R., et al. 2018)“.
დოქტორი რიკე ჰანზენი (Dr. Rieke Hansen), ურბანისტი მკვლევარი, მიუნხენის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის (TUM-ის) პროფესორი: „გლობალური მასშტაბის მქონე ურბანიზაციის პროცესისგან გამოწვეული ზეწოლით ქალაქებში ცხოვრების ხარისხმა და მდგრადმა განვითარებამ პოლიტიკური იმპულსი შეიძინეს. გაეროს „ახალი ურბანული დღის წესრიგი“ (The UN’s New Urban Agenda, 2017) მოგვიწოდებს მდგრადი და ამავე დროს „კომპაქტური“ ურბანული განვითარებისკენ. კომპაქტური ქალაქის იდეალი მიზნად ისახავს მზარდ მდგრადობას, „ურბანული განშლის/ცოცვის“ თავიდან აცილებას, მაღალი სიმჭიდროვის მქონე საცხოვრისის განვითარებას, შერეულ ფუნქციურ ზონირებას, ეფექტურ საჯარო სატრანსპორტო სისტემებსა და ფეხით ან ველოსიპედით გადაადგილების ხელშეწყობას. მწვანე სივრცეები და სხვა საჯარო ადგილების განვითარება მიჩნეულია ფუნდამენტურ ღირებულებებად, რომელთაც უნდა დაეფუძნოს კომპაქტური ქალაქების ცხოვრების ხარისხი და მდგრადობა. გაეროს „მდგრადი განვითარების მიზნების“ მე-11 მიზანი გვეუბნება, რომ „ქალაქები უნდა იყოს ინკლუზიური, ელესტიური და მდგრადი სისტემები“, სადაც მწვანე სივრცეებისა და საჯარო ადგილების ხელმისაწვდომობა გარანტირებული უნდა იყოს საზოგადოების ნებისმიერი ფენის წევრისათვის. მაგრამ სინერგია ქალაქების კომპაქტირებასა და მწვანე სივრცეების ხელმისაწვდომობას შორის რთული მისაღწევია. ურბანული კომპაქტირება, ჩვეულებრივ, ითვალისწინებს მიწის ინტენსიურ გამოყენებასა და მოსახლეობის მაღალ სიმჭიდროვეს ფართობის ერთეულზე, არსებული განაშენიანების კონვერსია-გარდაქმნასა და „ბრაუნფილდების“ (ქალაქებში ყოფილი სამრეწველო ტერიტორიების, ლ.ა.) ხელახალ გამოყენებას. რეალობა ისაა, რომ ამ პროცესებმა შესაძლოა ზეწოლა მოახდინონ მწვანე და საჯარო სივრცეებზე და გამოყენების გაზრდილი ინტენსივობით და/ან კონვერსია-გარდაქმნის შედეგად, მათი სრული გაქრობა გამოიწვიოს. კლებადი რაოდენობის (ფართობის) საკომპენსაციოდ მნიშვნელოვან სტრატეგიად მიიჩნევა მწვანე სივრცეების ხარისხობრივი გაუმჯობესება ან მათი მულტიფუნქციურობის გაზრდა“ (Hansen, R. et al., 2021).
დოქტორი რუდოლფ ს. დე გროოტი (Dr. Rudolf S. de Groot), მაასტრიხტისა და ვეგენინგენის უნივერსიტეტების (ნიდერლანდები) პროფესორი, მკვლევარი ურბანისტი: „ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ეკოლოგიური ეკონომიკის კვლევის მიმართულებამ განსაკუთრებული ზრდა და განვითარება აჩვენა. ეს შეეხება განსაკუთრებით ეკოსისტემების ფუნქციებისა და სერვისების [ეკონომიკურ] შეფასებას (ვალუაციას). ეკოსისტემების ფუნქციებისა და სერვისების კონცეფციაზე და მათ ეკონომიკურ შეფასებაზე მსჯელობა ჯერ კიდევ შუა 60-იანი და ადრეული 70-იანი წლებით თარიღდება. ბოლო ხანს აღინიშნა ბუნებრივი ეკოსისტემებისა და საზოგადოებისთვის მათი მნიშვნელობის შესახებ სამეცნიერო პუბლიკაციების რაოდენობის, ფაქტობრივად გეომეტრიული ზრდა (მაგალითად, იხილეთ შემდეგი ავტორები: Pearce, 1993, Turner, 1993, De Groot, 1992, 1994; Bingham et. al. 1995, Daily 1997; Costanza et al. 1997; Pimentel & Wilson, 1997, Limburg & Folke, 1999, Wilson & Carpenter 1999; Daily et al. 2000). მიუხედავად ეკოსისტემების სერვისებისა და სიკეთეების შესახებ პუბლიკაციების რაოდენობის ზრდისა, სისტემატური ტიპოლოგის და ეკოსისტემების ფუნქციების ინტეგრირებული შეფასებისა და ღირებულების დადგენის საყოველთაო ჩარჩო კვლავ ბუნდოვანი და ჩამოუყალიბებელი რჩება“ (Rudolf S. de Groot, 2012).
დოქტორი რობერტ კოსტანცა (Dr. Robert Costanza), კროუფორდის საჯარო პოლიტიკის სკოლა, ავსტრალიის ეროვნული უნივერსიტეტის პროფესორი: „ტერმინი „ბუნების მიერ გაწეული სერვისები“ აკადემიურ ლიტერატურაში პირველად 1977 წელს გაჩნდა და იგი პირველად უოლტერ უესტმანმა გამოიყენა ჟურნალ Science-ში დაბეჭდილ შრომაში „რა ღირებულება აქვს ბუნების სერვისებს?“. პრაქტიკულად [უესტმანის] ტერმინის სინონიმური ტერმინი, „ეკოსისტემების სერვისები“ გამოიყენეს ცოლ-ქმარმა ერლიხებმა (Ehrlich and Ehrlich) 1981 წელს, 1983 წელს – ერლიხმა და მუნიმ (Ehrlich and Mooney).
უნდა ითქვას, რომ მსგავსი იდეები ბუნებისა და ბუნებრივი სისტემების დიდი მნიშვნელობის შესახებ ურბანულ სივრცეში დიდი ხნისა გახლავთ და მასზე დისკუსია თუ მისი თავისებურებებისადმი ყურადღება, სამეცნიერო ლიტერატურაში ათწლეულების წინაც აქტუალური იყო. მე-20 საუკუნის შუა წლებში კი მოხდა ის, რომ ქალაქისა და ქალაქთან დაკავშირებული ბუნებრივი სისტემების განადგურებამ და გაქრობამ, მზარდ ურბანიზაციასთან ერთად, სახიფათო მასშტაბებს მიაღწია; ეკოსისტემების გაქრობა უფრო ხილული გახდა და ყველა კონტინენტზე მასობრივი საცხოვრებელი უბნების, კორპუსებისა და მასივების მშენებლობამ საყოველთაო ხასიათი მიიღო. გარდა ფიზიკური განადგურებისა, დიდი ცოდნა დაგროვდა ეკოლოგიის, ეკოლოგიური სისტემებისა და დემოგრაფიის სფეროებში. გაჩნდა ახალი ცოდნა ბუნებისა და ბუნებრივი სისტემების „არასაბაზრო ღირებულებაზე“ (ამ საკითხებზე გამოქვეყნდა რამდენიმე დიდი მნიშვნელობის სამეცნიერო შრომა შემდეგი ავტორების მიერ: Boulding (1966), Daly (1968), Ayres and Kneese (1969), Odum (1971), და Freeman et al. (1973)” (Robert Costanza, 2017).
(პირველი ნაწილის დასასრული)