ხუთშაბათი, აგვისტო 15, 2024
15 აგვისტო, ხუთშაბათი, 2024

„მართალს ვიტყვი“  — დავით გურამიშვილი და   სოლომონ აშის ექსპერიმენტი

ხომ ვიცით, „დავითიანი“ დავით გურამიშვილის მიერ როგორი სიმძაფრით დასურათებული ეროვნული დრამაა თავისი ისტორიული ორომტრიალით, ანალიზით და შედეგების შეფასებით! თან მთელი პოემა ვერდის „ნაბუქოდონოსორივით“ (და შეიძლება, უფრო მძლავრადაც) ჟღერს. ეს გენიალური, სწორუპოვარი პოეტი პოლიტიკური პროცესების სიღრმეებს ჭვრეტს და ისტორიით ამღვრეულ მორევში სიამოვნებით გვითრევს, – ალბათ, იმის სასწავლებლად, ასეთი მწარე და ავბედითი მატიანე ტკბილ კენწეროდ როგორ ვიქციოთ, იმის საჩვენებლად, რომ ისტორიას მოკვდავი ადამიანები ქმნიან და იმის გონებაში ჩასაბეჭდად, რომ თავად ადამიანს უკვდავი, დროში ფასდაუკარგავი ღირებულებები აქცევს ადამიანად!

კლასიკური პოეტიკის წესებზე აგებულ პოემაში ისტორიულ პირთა ხასიათები, ქცევა, დასნებოვნებული ფსიქიკა თუ ცნობიერების შინაარსი ისტორიულ ჭრილში იკითხება. ღვთის დამსახურებული საწყაულიც მიეგებათ მათ, ვინც ანტიღირებულებათა დაღმავალ კიბეს უფსკრულისკენ ჩაუყვა, თუმცა იქიდან ამოძვრომის გზაც ნათელია. ამ გზას სიმართლე ეწოდება და მის გარეშე პოეტს არსებობა არ შეუძლია:

„მართალს ვიტყვი, შევიქნები ტყუილისა მოამბე რად?

ვერას უქებ საძაგელთა, უფერულთა პირ-საფერად.

მე, თუ გინდა, თავიც მომჭრან, ტანი გახდეს გასაბერად,

ვინც არა ჰგავს კახაბერსა, მე ვერ ვიტყვი კახაბერად“.

სიმართლე განა მარტო პიროვნული ახირებაა?! მის გარეშე სენით იბილწება ქვეყანა, იღუპება საზოგადოება, კვდება ერი, და ეს არის მწერლის ყველაზე დიდი გულისტკივილი თუ საფიქრალი.

„მართალია, მძრახველს ძრახვა თვით კი ავად მოუხდების,

მაგრამ ფარვა სიავისა ქვეყანას არ მოუხდების!“

— აცხადებს ის.

ქართველ პოეტს ჯერ კიდევ მე-18 საუკუნეში კარგად ესმოდა, რომ სოციალურიზეგავლენის შედეგად ადამიანს ან ადამიანებისგან შემდგარ ჯგუფს შეუძლია შეცვალოს სხვა ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფის მოსაზრებები, რწმენა ან უბიძგოს მათ რაღაც კონკრეტულისკენ. ესმოდა, რომ სიცრუე, სიმართლის ღალატი კონფორმიზმია, რომელიც უნდა დაიგმოს, რადგან პირად ინტერესებს ხშირად საზოგადოებრივი თუ საქვეყნო ინტერესები ეწირება და ეს აუცილებლად აღმოსაფხვრელი ნაკლოვანებაა. ამ თვალსაზრისით, დავით გურამიშვილი სოციალურად მოაზროვნე ადამიანია, რომელსაც კარგად მოეხსენებოდა, რამდენიმე ურჩხულს შორის გამომწყვდეულ ქართველობას რა გაიყვანდა ფონს. გრძნობდა და გონივრულად აფასებდა მშვიდობიანი მორჩილების კონფორმულ მდგომარეობას უცხო ძალის მიერ ხელდებულობის პირობებში. ამიტომ იყო, რომ ხაზს უსვამდა ეროვნული საზოგადოებრივი ცხოვრებისა და სახელმწიფოებრივი ცხოვრების ფუძემდებლურ პრინციპებს, რომლებითაც საქართველოს საუკუნეები ჰქონდა გამოვლილი როგორც ეროვნულ სახელმწიფოს და „რომელთა შელახვა ადრე თუ გვიან გარდუვალად კატასტროფას ნიშნავდა“[1].

ახლა ვნახოთ, როგორ განიმარტება კონფორმულობა სამოქალაქო განათლების ლექსიკონში: კონფორმულობა სოციალური ქცევის ტიპია, რომელსაც ახასიათებს შემგუებლობა, მოვლენათა, ნორმატიული დანაწესებისა და შესაბამისი წესრიგის, მოსაზრებების, ღირებულებების, წარმოდგენების პასიური მიღება; საკუთარი პოზიციის უქონლობა.

დიმიტრი უზნაძის მოწაფისა და მისი საქმის გამგრძელებლის, აკად. შოთა ნადირაშვილის წიგნში „სოციალური განწყობა“ (1985) ვკითხულობთ: „ადამიანის ფსიქიკური აქტივობა თავისი ბუნებით არსებითად სოციალური ხასიათისაა… ადამიანი სოციალურ ჯგუფში ყალიბდება, იკმაყოფილებს თავის მოთხოვნებსა და მისწრაფებებს, სოციალური მოთხოვნების საფუძველზე ქმნის ღირებულებებს“[2]. შ. ნადირაშვილი აქვე წერს, რომ სოციალური ფსიქოლოგიის ჩამოყალიბებისთანავე აქტუალურ საკითხად იქცა პიროვნების აქტივობასა და მის განწყობაზე სოციალური ჯგუფის გავლენის ფსიქოლოგიური კანონზომიერებანი. პიროვნებაზე სოციალური ჯგუფის გავლენის ყველაზე ნათელ სურათს კი იგი კონფორმიზმის ფენომენში ხედავს და გვაცნობს სოლომონ აშის მიერ 1956 წელს ჩატარებულ ექსპერიმენტს, რომლის არსი ასეთია:

ცდისპირებს აძლევენ ორ ფურცელს, ერთზე სხვადასხვა სიგრძის სამი ხაზია დასმული, მეორეზე – ერთი, რომელიც აღნიშნული ხაზებიდან ერთ-ერთის ტოლია.

ჯგუფის რვა წევრიდან მხოლოდ ერთია ნამდვილი ცდისპირი, დანარჩენები ექსპერიმენტატორის ასისტენტები არიან. ისინი განგებ არასწორ პასუხს ასახელებენ. ნამდვილმა ცდისპირმა არაფერი იცის დანაჩენ მონაწილეთა წინასწარი მოლაპარაკების შესახებ. ცდისპირები ისე სხედან, რომ ნამდვილ ცდისპირს რიგის მიხედვით მეშვიდეს უხდება ცდის თითოეულ ვარიანტში პასუხის გაცემა. ყოველ ცდაში მისი წინამობედი ექვსი ცდისპირი შეთანხმებულად, ერთხმად, სტანდარტული ხაზის ტოლად მკვეთრდ განსხვავებულ ხაზს ასახელებს.

ინდივიდუალურ ცდებში ყველამ სწორად მიუთითა, სამი ხაზიდან რომელი იყო ცალკე წარმოდგენილი ხაზის ტოლი. ჯგუფური ცდების შედეგები სავალალო აღმოჩნდა: ცდისპირების მესამედზე მეტმა, 37%-მა, გაიმეორა ჯგუფის ყალბი პასუხი. მათზე ჯგუფის გავლენა ისეთი დიდი იყო, რომ ისინი, აშკარად აღქმული მონაცემების საწინააღმდეგოდ, ჯგუფის მიერ გამოთქმულ შეხედულებებს იმეორებენ.

თუ ობიექტების შეფასებისას მათი ზუსტი გაზომვა შეუძლებელია, კონფორმულობა 80%-მდე იზრდება. ჯგუფის კონფორმული გავლენის ეფექტი ისეთი ძლიერია, რომ შეუძლია ადამიანის გრძნობადი შინაარსების შეცვლა და აღქმითი ილუზიების აღძვრა.

როგორ ფიქრობთ, დავით გურამიშვილი სოლომონ აშის საექსპერიმენტო ჯგუფში რომ ყოფილიყო, რას იზამდა, ჯგუფის დანარჩენი წევრების ქუდს ისიც დაიხურავდა?

[1]  ნოდარ ნათაძე, „დავითიანის“ შინაარსი, აღნაგობა და ძირითადი მოტივები, https://www.nplg.gov.ge/civil/statiebi/saskolo/davitiani_shinaarsi.htm

 

[2] შ. ნადირაშვილი, იქვე, გვ. 230.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

მ ო რ ფ ი

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“