სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

„არა კი რ-ი“ – და სხვა თამაშები ზეპირმეტყველების გასაუმჯობესებლად

  • დავალება შეასრულე?
  • ცხადია… თუმცა, უკეთაც შემეძლო.
  • რთული იყო?
  • საკმაოდ. გონების დაძაბვა მომიწია…
  • რამდენი დრო დაუთმე?
  • 30 წუთზე ნაკლები.
  • რა იყო ის, რაც ყველაზე მეტად გაგიჭირდა?
  • სიტყვების მოძიება. ძნელია ხოლმე ზუსტი შესატყვისების პოვნა.
  • რა უნდა გააკეთო, შენი აზრით, რომ ლექსიკური მარაგი შეივსო? მხოლოდ კითხვა საკმარისი იქნება?
  • კითხვა აუცილებლად. ამასთან – სიტყვების ამოტივტივება და გამოყენებაა მნიშვნელოვანი. შესაბამისად, მუშაობა დაუღალავად. გახსენება-გამოყენება.
  • რა დაგეხმარება ამ მიმართულებით ყველაზე მეტად?
  • თამაში. აი, ეს თამაში, მაგალითად, ასეთია.
  • როგორი?
  • დიალოგია. ვმეტყველებთ. ამისთვის სიტყვებს წინადადებებად ვკინძავთ. ვიცავთ წესს. ოღონდ წესი შენ უნდა ახსნა. მე შეზღუდვები მაქვს და ძნელია. შეუძლებელიც.
  • შეზღუდვები და წესები ასეთია: დასმულ კითხვაზე არ უნდა გასცე „კი/არა“ პასუხი და პასუხებში არ უნდა გამოიყენო სიტყვები, რომლებიც „რ-ს“ შეიცავს. გაგიჭირდა პასუხების გაცემა ამ წესების დაცვით?
  • ძნელია. მუდმივად უნდა იფხიზლო. და ვხედავ, მნიშვნელოვან სიტყვათა დიდი ნაწილი შეიცავს ამ ასოს, წესებში ნახსენებს. და მიხდება სხვა სიტყვების მოძიება. განსხვავებულად დალაგება, წინადადება გასაგები ხომ უნდა იყოს…
  • მოგწონს ეს თამაში?
  • სახალისოა. თან ხვდები, როგორ მუშაობს გონება.
  • კიდევ ვითამაშოთ?
  • შეგვიძლია შემდეგაც ვცადოთ, ოღონდ ადგილები შევცვალოთ. მე ის ვიქნები, ვისაც შეზღუდვა მოხსნილი ექნება. წესები შენ უნდა დაიცვა…

 

***

გადახედეთ დიალოგს და მეორე პირის რეპლიკები ყურადღებით გადაიკითხეთ. მის რეპლიკებში ვერ ნახავთ „კი/არა“ პასუხს, ვერ ნახავთ „რ-ს“ სიტყვებში.

 

ამ დიალოგის წერისას საკმაოდ ბევრჯერ წავბორძიკდი, ძალიან მინდოდა იმ სიტყვების გამოყენება, რომლებიც „რ-ს“ შეიცავდა, მაგრამ რაკი წესი უნდა დამეცვა, ვცდილობდი, შესატყვისები მომეფიქრებინა.

პასუხი ისე ამეგო, რომ წესები დამეცვა.

ეს არის ძალიან სახალისო და სასარგებლო თამაში, რომელიც ქართულის გაკვეთილებზე შეგიძლიათ გამოიყენოთ საბაზო და საშუალო საფეხურზე. ზოგიერთ შემთხვევაში, დაწყებით საფეხურზეც დასაშვები იქნება. სხვათა შორის, ერთი მნიშვნელოვანი რამ, რაც გამოიკვეთა ამ თამაშის პრაქტიკაში გამოყენებისას ისაა, რომ მოპასუხე პასუხის გაცემამდე იღებს პაუზას, აწყობს წინადადებას, გონებაში წარმოთქვამს მას და მხოლოდ ამის შემდეგ ახმოვანებს. ეს ნამდვილადაა ის უნარი, რომელიც ასე გვაკლია. დასმულ კითხვაზე სხაპასხუპით, ბორძიკით პასუხის გაცემის ნაცვლად – დაფიქრება, მოსაზრებების თავმოყრა, რევიზია, მოწესრიგება და მხოლოდ ამის შემდეგ წარმოთქმა.

 

დავარქვათ ამ თამაშს „არა კი რი“ წესების უკეთ დამახსოვრებისთვის.

და… ითამაშეთ სიამოვნებით.

 

ზეპირი მეტყველების გაუმჯობესება და ლექსიკური მარაგის შევსება მნიშვნელოვანი უნარებია. სისტემატური ვარჯიში ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია. ნათლად და მკაფიოდ მოსაზრებების გადმოცემაში გასაწაფავად კარგი აქტივობაა თამაში „შიკრიკი და მწერალი“.

 

მითითებები მასწავლებლისთვის:

თავი მოუყარეთ რომელიმე მწერლის (ისტორიული პირის, საინტერესო, გამოჩენილი ადამიანის) ბიოგრაფიიდან 10-მდე საინტერესო ფაქტს. ამ გმირის შესახებ მოსწავლეებს გარკვეული წარმოდგენა უნდა ჰქონდეთ. მოღვაწეობის სფერო ან რაიმე საბაზისო მონაცემებიც საკმარისია. მოძიებული უტყუარი ფაქტების გარდა, მოიფიქრეთ 5-დან 10-მდე ისეთი ცნობა, რომლებიც არ შეიძლება მიემართებოდეს გმირს. მომზადებული ცნობები ფურცლებზე ამობეჭდეთ და კლასის კედლებზე გააკარით.

ნიმუში:

უტყუარი ფაქტი: ილია თავის მოსამართლეობრივ პრაქტიკაში ხშირად იყენებდა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზას. ყველა საქმეზე, რომელიც დასახიჩრებას, დაჭრას და სხვა ასეთებს ეხებოდა, ილია ნიშნავდა სასამართლო ექსპერტიზას.

გამოგონილი ფაქტი: ილია ჭავჭავაძე თავისი ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე ტყეში განმარტოვდა, ქოხი აიშენა და იქ განდეგილივით ცხოვრობდა. ის უარს აცხადებდა გადასახადების გადახდასა და პოლიტიკურ-საზოგადოებრივ მოღვაწეობაზე.

 

თამაშის დაწყებამდე დაყავით კლასი ჯგუფებად, ისე, რომ ის 4-5 მოსწავლისგან შედგებოდეს. ჯგუფმა უნდა აირჩიოს შიკრიკი და მწერალი.

მწერალს დასჭირდება კალამი და ფურცელი.

შიკრიკის ამოცანაა – დაიაროს კლასი, წაიკითხოს კედლებზე გამოქვეყნებული ცნობები და როგორც კი, მისი აზრით, უტყუარ ცნობას წააწყდება, დაიმახსოვროს, მიუბრუნდეს ჯგუფს, გაუზიაროს მოპოვებული ცნობა. ცნობის ნამდვილობაზე ჯგუფი იმსჯელებს და თუ საჭიროდ ჩათვლიან, მწერალი ფურცელზე დაიტანს.

საბოლოოდ თითოეულ ჯგუფს უნდა დაუგროვდეს საკმარისი მასალა პრეზენტირებისთვის.

ჯგუფის წევრების ამოცანაა, სათქმელი დაალაგონ ქრონოლოგიური ან რაიმე სხვა პრინციპით (მოიფიქრონ ქვესათაურები, წარდგენის ფორმატი…) და მოამზადონ კლასის წინაშე წარსადგენად. წარდგენისას ყურადღება მიექცევა მეტყველებას პარაზიტი ჩანართების გარეშე. პრეზენტირების უნარებს. მასწავლებლის დახმარებით მოხდება გაცხრილვა – თუ მოსწავლეები გამოგონილ ფაქტს მოახვედრებენ ბიოგრაფიაში, ეს კარგი საბაბი იქნება საუბრის წამოსაწყებად. რეალური ფაქტებისა და მოვლენების გასახსენებლად ან დასასწავლად.

 

ამ თამაშის მოდიფიცირება მრავალნაირად შეიძლება. ძიებისა და დამოუკიდებლად ამოცანების გადაწყვეტის უნარის განსავითარებლად მოსწავლეებს შეიძლება წინასწარ მივცეთ რამდენიმე პირის ცხოვრების შესახებ საინტერესო ფაქტების მოძიების დავალება. ეს საშუალებას მისცემს მათ, მოემზადონ თამაშისთვის, ზოგადი წარმოდგენა შეიქმნან მოღვაწეზე.

 

შესაძლოა, ვთხოვოთ მოსწავლეებს აბზაცების ლექსიკურად ზუსტად აღდგენა ან – პირიქით, საკუთარი სიტყვებით მთავარი აზრის გადმოცემა. ბიოგრაფიების გარდა, შესაძლებელია პუბლიცისტური წერილების ამ მეთოდით დამუშავებაც.

სასურველია, თამაშის ბოლოს გამოვლინდეს გამარჯვებული გუნდი. ეს ის გუნდი იქნება, რომელმაც ფაქტობრივი სიზუსტის დაცვით აღადგინა ტექსტი და რომელმაც განსაკუთრებით საინტერესოდ წარმოადგინა ის. წარდგენისას არ გამოიყენა პარაზიტი ჩანართები. წარდგენის სტილი და ფორმატი იყო ჯეროვანი.

 

ერთი წუთი

 

ზეპირმეტყველებას კარგად ამუშავებს ერთი წუთის განმავლობაში ერთი სიტყვის მიხედვით თემაზე საუბარი. სიტყვების მარაგი წინასწარ უნდა გაკეთდეს. შემთხვევითი შერჩევის პრინციპით მოსწავლე იღებს სიტყვას და მოუმზადებლად იწყებს საუბარს. ამ შემთხვევაში შინაარსობრივად ერთადერთი ამოცანა უნდა გადაწყვიტოს – ისაუბროს მოცემულ თემაზე და არ გამოიყენოს პარაზიტი ჩანართები. მსმენელებს კი შეგვიძლია, ვთხოვოთ დაკვირვება სხეულზე. როგორ დგას მომხსენებელი? რამდენად თავდაჯერებულია მეტყველებისას? აკონტროლებს თუ არა ჟესტიკულაციასა და მიმიკას? ამყარებს თუ არა აუდიტორიასთან კონტაქტს?

ეს სავარჯიშო ხშირად გამომიყენებია და მეც მიმიღია მონაწილეობა მოსწავლეებთან ერთად. შესრულება საკმაოდ რთულია, მაგრამ ხალისი და სარგებელი კი ბევრი მოქვს.

 

მოდიფიცირებული „ფრანკლინის მეთოდი“

 

წერილობითი უნარის განმავითარებელი მეთოდი, რომელიც ბენჯამინ ფრანკლინმა შეიმუშავა, ამ წერილში დეტალურად მიმოვიხილეთ. მისი მოდიფიცირება შესაძლებელია ზეპირმეტყველების განსავითარებლადაც. შეგვიძლია მოსწავლეებს კარგი პოდკასტი ან საინტერესო ვიდეოლექცია მოვასმენინოთ ნაწილ-ნაწილ და მოსმენილის მიხედვით ზეპირად აღდგენა ვთხოვოთ, რაც შეიძლება ახლოს ორიგინალთან.

 

ერთ-ერთი საუკეთესო მეთოდი ზეპირმეტყველების გასაუმჯობესებლად და ლექსიკის გასამდიდრებლად, ასევე საკუთარ ზეპირ გამოსვლაზე დაკვირვებისა და გაუმჯობესების ტექნიკის შემუშავებისთვის არის ვიდეოჩანაწერი. სოციალურ ქსელებში გავრცელებულია ერთგვარი „გამოწვევა“ – ადამიანები ყოველდღიურად 30 დღის განმავლობაში აკეთებენ 3-5 წუთამდე ვიდეო-ჩანაწერებს ნებისმიერ თემაზე. მონტაჟის გარეშე აქვეყნებენ და აკვირდებიან საკუთარ გამოსვლას. ასევე კომენტარებში სთხოვენ მაყურებლებს რჩევებს. 30 ვიდეო-ჩანაწერის შემდეგ ძალიან საინტერესო დასკვნა კეთდება – პირველი და ბოლო ჩანაწერი, უმეტესწილად, რადიკალურად განსხვავებულია ხოლმე. ადამიანები იუმჯობესებენ ზეპირი გამოსვლის უნარს, დგომას, პოზას, ლექსიკას, ჟესტიკულაციას. ეს ერთგვარ პროექტადაც შეიძლება მიეცეს მოსწავლეს. შედეგიცა და პროცესიც საინტერესო, სახალისო და ბევრის მომცემი იქნება.

 

ზეპირი გამოსვლისას სხეულის ფლობას, ორ ფეხზე მყარად დგომას, სხეულებრივ სიფხიზლეს (რას „აკეთებენ“ ხელები? ფეხები? თავი? თვალები საით იმზირებიან?) დიდი მნიშვნელობა აქვს. ამ მიმართულებით საუკეთესო მასწავლებლებად კარგი ორატორები გამოგვადგებიან. ინტერნეტში უამრავი ვიდეოა, რომლებშიც გამოცდილი გამომსვლელები სხვადასხვა თემას მიმოიხილავენ, თავიანთი საქმიანობისა და სფეროს სიახლეებს ან მიღწევებს გვაცნობენ. საუკეთესო პრეზენტაციები, გლობალური მასშტაბის პლატფორმებზე დიდ აუდიტორიებთან ზეპირი გამოსვლების ჩანაწერები ყველასთვის ხელმისაწვდომია, ვისაც ინტერნეტთან წვდომა აქვს. ნამდვილად ღირს დროის გამოყოფა იმისთვის, რომ შევისწავლოთ კარგი გამომსვლელების სხეულის ენა. ამ შემთხვევაში პრეზენტაციის შინაარსზე მეტად სწორედ ეს უნდა იყოს დაკვირვების ობიექტი – როგორ გამოიყურებიან, როგორ მოძრაობენ, რა ჟესტიკულაციას იყენებენ, როგორი მიმიკა და კონტაქტი აქვთ აუდიტორიასთან საუკეთესო გამომსვლელებს. ერთობლივი ყურება და საერთო განხილვაც ერთ-ერთ სამარჯვად შეგვიძლია ვაქციოთ. სხვათა შორის, ცუდი პრეზენტაციების, პარაზიტი ჩანართებით სავსე მეტყველების, ხმოვნებით შევსებული პაუზებით (ააა…მმმ…აააამმმმ…) მეტყველების ნიმუშებიც მნიშვნელოვანი განსახილველია.

 

ზეპირი გამოსვლა თვითგამოხატვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფორმაა და სკოლაში ამას საკმარისი დრო უნდა ეთმობოდეს. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ გადატვირთული საპროგრამო მასალის მიღმა, რასაკვირველია, არაა მარტივი დამატებითი აქტივობების განხორციელება, მაგრამ აქ მასწავლებლებიც „ვცოდავთ“. სწორედ ჩვენი პასუხისმგებლობაა იმ პრობლემებზე ხმამაღლა საუბარი, რომლებიც ხელს გვიშლის სასკოლო სწავლება გავხადოთ თანადროული, პრაქტიკული, საინტერესო, მიმზიდველი და სასურველი.

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“