სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

მათემატიკა, ინგლისური და კულინარია ერთ გაკვეთილზე

მრავალფეროვანი სასწავლო მასალა სწავლების პროცესს საინტერესოს ხდის, რაც, თავის მხრივ, დადებითად აისახება მოსწავლეთა მოტივაციასა და შედეგებზე. ინტერაქტიური მეთოდები და სტრატეგიები, მოსწავლეთა აქტიური ჩართულობის გამო, საშუალებას იძლევა, პროცესი უფრო სახალისო და საინტერესო გახდეს.

eTwinning- ის საერთაშორისო პროექტ ,, პატარა მკვლევრებში“  შესრულებული ერთ-ერთი აქტივობის შემდეგ   გაჩნდა ინტეგრირებული გაკვეთილის ჩატარების იდეა. პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა შექმნეს კულინარიული რეცეპტების ელექტრონული წიგნი, გამოიანგარიშეს რეცეპტში მოცემული ინგრედიენტების პროცენტული შემადგენლობა, წონა და გამოთვალეს კერძის ფასი, მოცემული ინფორმაცია ასახეს დიაგრამებში და საბოლოოდ გადაიღეს კერძის მომზადების ვიდეო (პროექტის აქტივობა იხილეთ მოცემულ ბმულზე:  https://shorturl.at/acnp0 ).

გაკვეთილის მიმოხილვა:

მეშვიდე კლასის მოსწავლეები ჯერადების გამოანგარიშების მიხედვით გადანაწილდნენ ოთხ ჯგუფად. თითოეულ ჯგუფს დაურიგდა სხვადასხვა კერძის რეცეპტი და დაევალათ  მისი მომზადება. მოსწავლეებმა მითითებული ინგრედიენტები აწონეს  და გამოთვალეს თითოეული კომპონენტის პროცენტი, ააგეს დიაგრამები, მოამზადეს კერძი, თარგმნეს ინგრედიენტების დასახელება და რეცეპტი ინგლისურად. ჯგუფებმა საბოლოო პროდუქტი – ჯანსაღი სალათა და მისი მომზადების პროცესი ჟიურის წევრებს წარუდგინეს ინგლისურ ენაზე.

 

კულინარიული გამოფენა:

 

მოსწავლეებმა სიზუსტითა და შემოქმედებითობით გააცოცხლეს თავიანთი რეცეპტები საკლასო ოთახში, ზედმიწევნით მიჰყვნენ კერძების მომზადების ინსტრუქციას. მათი ძალისხმევის კულმინაცია იყო ჟიურის წევრების წინაშე პრეზენტაცია ინგლისურ ენაზე.  თითოეული ჯგუფის კულინარიული შედევრი შეფასდა არა მხოლოდ გემოვნური თვისებებით, არამედ მომზადებული კერძის ვიზუალური გაფორმების გათვალისწინებითაც.

 

შეფასება:

 

მასწავლებლებმა, მოსწავლეთა მათემატიკური გამოთვლები და საპრეზენტაციო უნარები შეაფასეს  კონსტრუქციული უკუკავშირითა და  განმავითარებელი შეფასებებით.  ჟიურიმ შეფასებისას ყურადღება გაამახვილა კერძების ვიზუალურ, ესთეტიკურ მხარეზე და გემოვნურ თვისებებზე, რამაც კულინარიულ გამოწვევას კონკურენტული ელემენტი შესძინა. მათემატიკისა და ინგლისური ენის პედაგოგების ურთიერთთანამშრომლობამ გადამწყვეტი როლი შეასრულა მოსწავლეთა მიერ დავალების წარმატებით შესრულებაში.

 

მოსწავლეთა მიღწევა:

 

ჩატარებულმა ინტეგრირებულმა გაკვეთილმა გამოკვეთა პრაქტიკული, საგანთაშორისი, ინტეგრირებული სწავლების მნიშვნელობა სასკოლო ცხოვრებაში. მოსწავლეებმა არა მხოლოდ მათემატიკური და ენობრივი უნარები დახვეწეს, არამედ განავითარეს გუნდური მუშაობის ჩვევა, კრეატიულობა და მეტად დააფასეს კულინარიის ხელოვნება. ჩატარებული გაკვეთილი დასტური იყო იმისა, რომ  სწავლების ინოვაციური მეთოდები ზრდის მოსწავლეთა აქტიურ ჩართულობას სასწავლო პროცესში.

 

ამგვარად,  ინტეგრირებული გაკვეთილი: ,,კულინარიული რეცეპტები მათემატიკისა და ინგლისურის გაკვეთილებზე” ჩატარდა წარმატებით, გაკვეთილის მიზნები იყო მიღწეული, მოსწავლეებმა შეძლეს საკუთარი ნიჭისა და უნარების გამოყენება რამდენიმე არამომიჯნავე სასკოლო დისციპლინაში, როგორიცაა მათემატიკა, ინგლისური ენა და კულინარიული ხელოვნება. სკოლამ შექმნა პრეცედენტი  მიმზიდველი საგანმანათლებლო გამოცდილებისთვის, რომელიც შთააგონებს შემოქმედებითობას და კრიტიკულ აზროვნებას.

დანართი:   გაკვეთილის გეგმა: https://shorturl.at/dgkrU

https://shorturl.at/bgvQ2

გამოყენებული ლიტერატურა:

1.,,მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის გზამკვლევი“ – 2014, მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი

  1. ,,ინტერაქტიური სწავლება“ – მ. ბოჭორიშვილი, ნ. ნამიჭეიშვილი – 2013
  2. https://mastsavlebeli.ge/?p=14304– ქეთევან ოსიაშვილი, რატომ გვჭირდება ინტეგრირებული გაკვეთილი
  3. განვითარებისა და სწავლების თეორიები – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, თბილისი, 2008 წ;

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“