სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

როცა კლასი მრავალრიცხოვანია

ალბათ ყველას შეგიმჩნევიათ, როგორ ანათებს ზოგიერთი ადამიანი. პირველივე შეხვედრაზე ახდენს შთაბეჭდილებას, ყველას ამახსოვრებს თავს და ეს ყოველთვის ექსპრესიულობის ხარჯზე არ ხდება. შესაძლოა, ის სულაც არ საუბრობდეს ხმამაღლა, თავდაჯერებულად და მხოლოდ გარეგნულად იყოს დასამახსოვრებელი. მაინცდამაინც მიმზიდველ გარეგნობას არ ვგულისხმობ. ადამიანების ნაწილი ბუნებრივადაა ასეთი, როცა მეორე ნაწილი ნაკლებად შესამჩნევია. ამით თუ აიხსნება, რატომ გვახსოვს იმ უცხო ადამიანის სახე, რომელსაც ოდესღაც შემთხვევით გადავეყარეთ და შესაძლოა, მასთან გასაუბრების შანსიც კი არ მოგვცემია, მაშინ როდესაც გონებიდან ნელ-ნელა გვიქრება იმ ადამიანების სახეები, ვისაც დიდი ხნის წინ კარგად ვიცნობდით.

მეორე მხრივ, იყო ნაკლებად შესამჩნევი – არ ნიშნავს, ნაკლები სათქმელი გქონდეს.

ზოგი ადამიანი მეტისმეტად ხმამაღალია იმისთვის, რომ არ დაგამახსოვრდეს, ზოგი თვალებით საუბრობს, ზოგი – ხელების დახმარებით, ზოგი საერთოდ არ უწევს ხმას, თუმცა სწორედ ხმის ტემბრით ისაკუთრებს ჩვენს გონებას, ზოგს კი ხმის ამოღებაც არ სჭირდება იმისთვის, რომ გაფიქრებისთანავე მისი სახე თვალწინ დაგვიდგეს.

ცხადია, ამ პროცესს ყურადღებით ვერ დააკვირდებით, თუ ყოველდღე ასზე მეტ ადამიანთან მაინც არ გიწევთ შეხვედრა. ოდესმე დაბრუნებულხართ აფთიაქში იმის გამო, რომ რამე დაგრჩათ ან დაგავიწყდათ და გაგკვირვებიათ, რომ ფარმაცევტს ახსოვხართ? ან, პირიქით, არ ახსოვხართ, როდესაც ორიოდე წუთის წინ გესაუბრებოდათ? ხშირად გვიფიქრია, დღეში ჩვენნაირს იმდენს ესაუბრებიან, ყველას რა დაამახსოვრებთო. მართლაც, ზოგჯერ შეიძლება წესიერად არც კი შემოგხედონ, ისე მიიღონ შეკვეთა და კარის გახურვისთანავე თქვენი სახე მათი გონებიდან კვამლივით გაქრეს, ზოგჯერ კი, პირიქით, ისე გესალმებიან, თითქოს ყოველდღე გხედავდნენ, მაშინ როცა სულ მეორედ ხართ იქ.

ეს არც სილამაზეზეა დამოკიდებული და არც იმაზე, რამდენად მოხდენილად გამოვიყურებით მოცემულ მომენტში. ეს ბუნებრივი, თანდაყოლილი ფენომენია, თუმცა მეორე მხარეზეცაა დამოკიდებული – ის, ვინც სხვისთვის დასამახსოვრებელია, ჩემი გონებიდან განზე გახედვისთანავე ორთქლდება.

ასეა თუ ისე, საერთო ჯამში, მაინც ორ კატეგორიად ვერთიანდებით: ისინი, ვინც ამახსოვრდებათ და ისინი, ვინც არ ამახსოვრდებათ.

როდესაც კლასი ძალიან დიდია, მასწავლებელს მეტი დრო სჭირდება მოსწავლეების გასაცნობად. გულზე ხელი დავიდოთ: არიან ისეთი ბავშვებიც, რომელთა სახელებიც და სახეებიც პირველივე გაკვეთილიდან გვახსოვს და ისეთებიც, ვისი სახელის გასახსენებლადაც დღის ბოლოს სიის შემოწმება გვჭირდება. ამას არაფერი აქვს საერთო მათ აკადემიურ მოსწრებასთან.

რასაკვირველია, თანდათან ერთმანეთს ვეცნობით და ყველაფერი თავის ადგილას დგება, მაგრამ ფაქტი ჯიუტია: კლასიდან ერთი ან რამდენიმე სხვებზე ადვილად იკავებს ადგილს ჩვენი მეხსიერების ხვეულებში.

ყოველთვის, როდესაც მრავალრიცხოვან კლასზე ვსაუბრობდი, მაქსიმუმ 25-30 ბავშვს მოვიაზრებდი, მაგრამ დღეს, როდესაც კლასში შესვლისთანავე 60-65 წყვილი თვალი მოუთმენლად შემომყურებს, ვხვდები, რა ყოფილა ნამდვილი სირთულე. მით უმეტეს, მათ ყოველდღე არ ვხვდები, კვირაში ერთხელ ან ორჯერ ერთად გატარებული ორმოცი წუთი კი არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ისინიც გაიცნო და მკაცრად გაწერილ საგაკვეთილო გეგმასაც მიჰყვე. მასწავლებელს თავისი შიმშილი აქვს, მოსწავლეებს – თავიანთი. ამ შიმშილს კარგად გაცნობის და კომუნიკაციის შიმშილი ჰქვია, ის რაღაც უფრო მეტს მოითხოვს, ვიდრე სწორხაზოვანი გაკვეთილის გეგმაა. სწორედ ასე ნადგურდება ჩემი შესვენებები და დაუსრულებლად ვპასუხობ ერთსა და იმავე, უკვე მილიონჯერ მოსმენილ შეკითხვებს, რაც მათ სახეებზე უზომოდ ბედნიერ და იმავდროულად მოუთმენელ გამომეტყველებას აჩენს. მეტი უნდათ და უნებურად მშობლიურ ენაზე გადადიან, მე კი მათი ენა არ მესმის, ჩემი ქართველი მოსწავლეები მახსენდება და მონატრება გულს მიკლავს.

პირველ კვირას კლასიდან მხოლოდ ერთი ან ორი მახსოვდა ხოლმე. რაღაც ასე: „ახლა სად მაქვს გაკვეთილი? მესამე მეცამეტეში? ეგ რომელი კლასია? ჰო, იმ გოგოსი“. „ახლა სად? მესამე მეოცეში? ეგ რომელია? ჰო, იმ ბიჭუნასი“. „მეორე მეექვსე? ჰო, ის სამი ბავშვი“.

მეორე კვირას კლასთან ასოცირებული ორი წყვილი თვალი ოთხი გახდა, მერე – ექვსი, მერე – რვა და ა.შ. მაგრამ სამოცი?! ეს ხომ ძალიან ბევრია! როგორ შეძლოს მასწავლებელმა ყველას გაცნობა, ყველას ამოცნობა, ყველას დამახსოვრება, მით უმეტეს, როცა სულ მათთან არ არის? ზოგი ძალიან თამამია, ბევრს ლაპარაკობს, შეცდომების არ ეშინია, სულ ხელს იწევს, ზოგი გამორჩეულად თბილია, სტიკერებს გჩუქნის, კლასში შესულს გეგებება და ნახატებს გაჩვენებს, ზოგი არასდროს გიყურებს, გგონია, არც კი გისმენს, გაკვეთილზე ხატავს და ასე იქცევს შენს ყურადღებას, თუმცა მაინც ყველაფერზე სწორად გცემს პასუხს. მაგრამ დანარჩენები? ვინც სულ ჩუმად ყოფნას ამჯობინებს და ცდილობს, თვალში არ მოგხვდეს? განა იმიტომ, რომ სათქმელი ან საჩვენებელი არაფერი აქვთ, – უბრალოდ, ასეთები არიან, შეუმჩნევლები. თან რა ადვილია, სამოც კაცში შეუმჩნეველი იყო! არადა, თუ შეამჩნიე და ბიძგი მიეცი, შესაძლოა, ყველაზე კაშკაშა სინათლით დაიწყონ შენთვის ნათება. მაგრამ ვიდრე ამას მიხვდები, ვიდრე მოქმედებაზე გადახვალ, რა უნდა ქნა მასწავლებელმა?

ამ კითხვებზე პასუხი საახალწლოდ გამართულ ზეიმზე მივიღე. ყველა კლასმა საკუთარ საკლასო ოთახში მოაწყო მცირე წვეულება და ეს წვეულება საოცრად ჰგავდა ერთმანეთის უკეთ გასაცნობად დაგეგმილ აქტივობას. მასწავლებლებმა მოსწავლეებს რამდენიმე დღით ადრე სთხოვეს, წარმოედგინათ ის, რაც უყვარდათ და რაც, მათი აზრით, ყველაზე უკეთ გამოსდიოდათ. ზოგმა იცეკვა, ზოგმა იმღერა, ზოგმა დაუკრა, ზოგმა კომედიური ნომერი წარმოადგინა, ზოგმა ფოკუსები გვაჩვენა, ზოგმა ლექსი წაიკითხა. ყველაფერი იყო, ინტერესიდან ჰობიმდე, ფოლკლორიდან თანამედროვეობამდე. მასწავლებლები არც მათ არჩევანში ჩარეულან და არც ნომრების დახვეწაში მიუღიათ მონაწილეობა. კლასიდან კლასში დავრბოდი, რომ ყველას ნახვა მომესწრო. ცხადია, სირბილში ბევრი რამ გამომრჩებოდა, მაგრამ რაც ვნახე, აღმაფრთოვანა. გამაგიჟა იმ ბავშვების წარმოდგენამ, რომლებსაც ამ ზეიმამდე დერეფანში რომ შევხვედროდი, ვერც კი გავიხსენებდი, ჩემს კლასში იყვნენ თუ არა!

ამიტომ ასე ვფიქრობ: იქნებ ღირდეს, თვეში ერთი გაკვეთილი ან ერთი საღამო „გავწიროთ“ იმისთვის, რომ მოსწავლეებს საშუალება მივცეთ, საკუთარი თავი, ინტერესები და შესაძლებლობები წარმოაჩინონ? ვუწოდოთ ამას თუნდაც ზეიმი. თუ მათ ასე აბედნიერებთ ერთმანეთის ხელახლა გაცნობა და თავის წარმოჩენა, განა ეს ზეიმი არ არის?!

„Teacher, let me try“, – გაისმის ხოლმე ჩემს ზურგს უკან და მივიხედავ თუ არა, მაშინვე მახსენდება – ეს ხომ ის ბიჭუნაა, ჰიპ-ჰოპი რომ იცეკვა, ეს კი ის გოგოა, უცნაურ საკრავზე რომ დაუკრა. „მოდი, იმან სცადოს, ფოკუსებს რომ ატარებდა“, – ვუპასუხებ ხოლმე და ფოკუსების მოყვარული სიცილით მოიკვლევს გზას ახითხითებულ თანაკლასელებს შორის. მეც საბოლოოდ ბედნიერი ვარ, ყველას სახე მახსოვს და ყველას საკუთარი ადგილი აქვს.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“