კვირა, აპრილი 28, 2024
28 აპრილი, კვირა, 2024

პორტრეტი, დახასიათება, აღწერა და აუდიოაღწერა

გამოსახვა ქართული სიტყვაა და ფრანგულად პორტრეტი ჰქვია. არ ვიცი, არსებობდა თუ არა ეს ფრანგული სიტყვა თელ-ელ-ამარნის ეგვიპტურ პერიოდში (ძვ. წ. XIV ს.), ფეხმარდი აქილევსის დროს ან თუნდაც ორი საუკუნით გვიან (ძვ. წ. VI ს.), როცა კოლ­ხუ­რი თეთ­რით დაღრენილი ლომის, ხარის ან ფრთოსანი რაშის მშვენიერი პორტრეტები მიმოიქცეოდა მახლობელ ქვეყნებში. იქიდან მოყოლებული კი მრავალგვარად გამოისახება სტატიკური ობიექტები, გრძნობები, ემოციები, ხასიათები, დამოკიდებულებები, განწყობები; დინამიკური მოვლენები, ქცევები, მოქმედებები, მოძრაობები. გამოისახება ფერით, ხაზით, დაზგურად, მონუმენტურად, ხმით ან სულაც უხმო სიტყვით და ამ უკანასკნელს ზოგჯერ იმაზე მეტი ძალა აქვს, ვიდრე ჩანს ან წარმოგვიდგენია. მოკლედ, პორტრეტი სახეა, სიტყვებით ასახულ სახეთა სიმრავლე კი – ლიტერატურა, რომელშიც აღწერის მემორიალური საწყისიდან პორტრეტებმა სიტყვაში გადმოინაცვლეს სახეების უკვდავსაყოფად მათი თვითმყოფადობის, სულიერებისა თუ უსულგულობის ან სხვა ოპოზიციური მახასიათებლების წარმოსაჩენად.

„პორტრეტი“ სიტყვაა, რომელიც ერთნაირი ძალაუფლებით წარმოგვიდგენს მდიდარსა თუ ღარიბს, ლამაზსა თუ უღიმღამოს. მიიჩნევენ, რომ იგი აღწერს მოქმედი პირის გარეგნობ, სახ, ტანადობას, ტანსაცმელს თუ მოძრაობას. ეს შეიძლება გამოიხატოს პირდაპირი აღწერით, ეპითეტისა და შედარების ტროპებით, მაგალითად, ასე: ფაქიზი იყო შორენა, როგორც ქერუბიმის ფრთენი და სევდიანი, როგორც ყინწვისის მჭმუნვარე ანგელოზი. ყელისმიერი ხმა ჰქონდა, ისეთი წკრიალა, როგორც ვერცხლის ეჟვნები, ხევისბერების დროშის ბუნზე შებმულნი. ჰარილესავით რბილი და ტფილი იყო მისი ბუნება სრულად (დიდოსტატის მარჯვენა). ირიბად, მეტაფორულად, ავტოპორტრეტით, რომელშიც თოთოეული ხაზი სიმბოლური ხატია ან ურთიერთმკვეთი მეტაფორა, ფერია კონტრასტისთვის ან მეტაფიქცია:  ... გეპატიჟებით მარტოობაზე!თუმც ვერაფერი მასპინძლობაა კურცხალი თვალთან,ჭაღარა თმაში,ღიმილში ნაოჭი.და ოთახის ყვავილები ვერ ყვავილობენ მხოლოდ იმიტომ,აკლიათ თურმე კალიუმი ნიადაგში,უმზეობისგან ფერმიხდილები,ფანჯრის რაფიდან უხმობენ მგზავრებს.და ვინაც დღემდე ჩემთან ერთად ამ ნუგბარს აგემოვნებდა,დღეს ამიჯანყდა.და ითხოვს პასუხს კითხვაზე,რომელსაც გავურბოდი მთელი ცხოვრება.ითხოვს სიცარიელის ამოვსებას,ზღაპრის ახდენას,სიზმრის გაცხადებას!და ვიდრე ბედისწერა, ეს ურჩი პოეტი,დამიგებს მახეს, რომ დამანახოს ჩემი სახე,მოვირგებ ნიღაბს,იაფად ნაყიდს მეორადი ნივთების მაღაზიაში.ფრთხილად ვიღებ გარდერობშისადღესასწაულო კაბასავით გადანახულ ჩემს ქალობასდა ვერ ვირგებ.ნივთად ქცეული სიცარიელე მკარნახობს,რომ გამოვტოვე შესაძლებლობა, ვიყო ქალი.ტკივილებს, სახიფათოდ გაზრდილებს,ვუზომავ არტერიულ წნევას,ვატყუებ ტკივილგამაყუჩებელი აბებითდა სევდით ვუკრავ ცხელ შუბლს.იდუმალებით შეზავებულ ხილვებში,გვერდით ვუწვები სიკვდილს თავისთავის დაკარგვის სურვილითდა შენზე ფიქრით გაჯერებულ გარემოს,ვნების მარილი რომ არ აკლია,ხელისგულებში ვალღობ.ვსვამ მანძილს, ჩვენ რომ გვაშორებსდა თვალებში, ფინჯანზე დალექილიყავის ნალექივით რომ ამომიღამდა,ასანთის ღერით ვახატავ მზეს.(ნატო ინგოროყვა)

პერსონაჟის გამოსახვა, მისი აღწერა, როგორც პორტრეტი, შესაძლოა საძიებელი იყოს დიალოგებში:
„გაიღო კარი, დაკონკილი დედაბერი შემოვიდა, წელკავი ქონდა თუ სიბერით იყო მოხრილი, არ ვიცი, მარა მეტი მოკუზვა ნამდვილად აღარ შეიძლებოდა. მაინც ყოჩაღად შემოვიდა, ნამეტანი ყოჩაღად. იმას რა გამართავდა და გაიმართა წელში, რამდენიც შეძლო, წაიღო გაშლილი ხელისგული შუბლისკენ, კარგად გაწრთვნილი სალდათივით მოგვესალმა, მოგვახსენა რაღაც. ნახევარიც ვერ გავიგეთ მისი ნათქვამი, არც ერთი კბილი არ ჰქონდა საცოდავს. გაათავა ჩიფჩიფი, ჩამოიღო ხელი, დადგა სმენაზე.

კაი ხანს ვერ დავძარით ენა…

ისევ დააპირა დედაბერმა მოხსენება, გააჩერა დათამ, ჩავიცმევთ და მერე მობრძანდიო, უთხრა.

– ვინ იყო და რა იყო ეს ქალი, მოსე ჩემო, რას იტყვი შენ? – მკითხა დათამ…

– არაა ეგ ქალი გადარეული… არაა მაგ ქალი გიჟი…

– შე სასიკვდილე, ასინეთა, შემოდი ახლავე, ტკიპასავით რომ მიკვრიხარ მაგ კარს… წადი ახლა და ჩაჯექი ნაობახტში შენით!

– კი წავალ ნაობახტში და ჩავჯდები, მარა შენთვის არ მიგდია ყური მე, ამ კაცებზე ვიყავი მიყურადებული.

– რავა, ამათ ნათქვამს მე ვერ გავიგონებდი, თუ?

– კი გაიგონებდი, მამავ და მარჩენალო, გაიგონებდი, აპა ვერ გაიგონებდი? მარა ორი ადამიანი რომ გაიგონებს და მიხვდება ყველაფერს, ერთი კაცი გაიგონებს და მიხვდება ისე?“

იცანით, ალბათ, ფრაგმენტი „დათა თუთაშხიას“ ერთ-ერთი სახასიათო პერსონაჟის პორტრეტისა, რომლის სახასიათო თვისებები შეირჩევა მწერლის, პროტაგონისტისა თუ სხვა პერსონაჟების დამოკიდებულებით და არსებულ რეალობასთან თანაკვეთით. მაგრამ თუ ასინეთას დახასიათების დაწერა დაგვავალეს, უნდა გვესმოდეს, რომ ეს სულ სხვა ამოცანაა, რადგან, აღწერის ტიპებისგან განსხვავებით, დახასიათება მეტყველების სხვა, მსჯელობის ტიპია და ტექსტის მიხედვით ითხოვს ჩვენი თვალსაზრისის დასაბუთებას მკითხველის დასარწმუნებლად. დასაწყისისთვის ფიგურალურად, ალბათ, T-ს ან შემდეგნაირი დიაგრამით გამოვსახავდი:

 

როგორ დავახასიათოთ აღწერის ესა თუ ის ობიექტი?

  1. აღვწეროთ პერსონაჟის გარეგნობა, რადგან გარეგნული თვისებები ხელს უწყობს მისი შინაგანი ბუნებისა და ხასიათის გამომჟღავნებას;
  2. გარეგნობასთან შეფარდებული მოქმედებათა აღწერა, მიდრეკილებები, განცდები, რომლებიც ქმნის ამ პიროვნებათა ხასიათს;
  3. შინაგანი თვისებები;
  4. პერსონაჟისადმი ავტორის დამოკიდებულება;
  5. როგორ საზოგადოებაში უხდება ცხოვრება მას;
  6. რა მორალურ-ზნეობრივი პრინციპებით ცხოვრობს საზოგადოება და პერსონაჟი ინარჩუნებს თუ არა ინდივიდუალობას;
  7. პერსონაჟის დამოკიდებულება საკუთარი თავის მიმართ;
  8. როგორ მეტყველებს პერსონაჟი, როგორ ენობრივ თავისებურებებს იჩენს მოქმედი პირი;
  9. როგორ ახასიათებს პერსონაჟს ავტორი, როგორ ახასიათებს მას სხვა (დადებითი ან უარყოფითი) პერსონაჟი, როგორია ჩვენი პირველი შეხვედრა მასთან. მაგალითად, ნესტან-დარეჯანს დიდხანს ვიცნობთ სხვებისგან და მხოლოდ წერილის წერის დროს ვხვდებით პირისპირ;
  10. თუ პერსონაჟი დუმს, მაშინ მეტაფორა დაგვეხმარება, სადმე იქნება „ჩამალული“ და ალბათ, პერსონაჟიც მეტაფორულად „დუმს“;
  11. დავალაგოთ პერსონაჟის თვისებები ძირითად და მეორეხარისხოვან თვისებებად, დადებით და უარყოფით თვისებებად;
  12. დაბოლოს, რა დამოკიდებულება გვაქვს ჩვენ ნაწარმოების მოქმედი პირის მიმართ, ჩავწვდეთ მის შინაგან ბუნებას, რას ფიქრობს, რას გრძნობს… სიყვარული, აღტაცება, დაღონება, გაჯავრება… ანუ პერსონაჟის ემოციებზე დაკვირვება ასევე აუცილებელი მასალაა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი