სამშაბათი, აპრილი 30, 2024
30 აპრილი, სამშაბათი, 2024

სკოლაში დატრიალებული ვაფლის გულების სურნელი

მარია ფარის „ვაფლის გულები“ ოთხი წლის წინ წავიკითხე. ჩემი მესამე შვილის დაბადებისას ვიფიქრე, უფროსი გოგონასთვის წამეკითხა, ყურადღების ნაკლებობა რომ არ ეგრძნო. კითხვისას ფურცლის არშიებზე თეკლას მინაწერებს ვუტოვებდი და ვაფიქრებდი ლამაზ წინადადებებზე, სიტყვებზე, ღირებულებებზე, პარალელებზე. შემდეგ მან წაიკითხა და შთაბეჭდილებები გამიზიარა. „ვაფლის გულების“ პირველი გამოცემა ჩვენი ოჯახის ბიბლიოთეკის გამორჩეული წიგნი გახდა.

ამ ზაფხულს ჩემი წიგნიერების ჯგუფში ნორვეგიიდან შემოგვიერთდა 9 წლის ანაკო, რომელიც „ვაფლის გულების“ მთარგმნელის, თამარ ტაბახმელაშვილის, შვილი აღმოჩნდა. თამარს რომ ვაჩვენე თეკლასთვის წაკითხული წიგნი, ძალიან გაუხარდა. მაშინ მთარგმნელს დავპირდი, რომ „ვაფლის გულებს“ ჩემს მოსწავლეებს წავუკითხავდი.

წიგნის კითხვა იანვარში დავიწყეთ. ბავშვებს „ვაფლის გულებს“ სამი თვის განმავლობაში ხმამაღლა ვუკითხავდი. ეს იყო ჯადოსნური თავგადასავალი, რომელიც არასდროს დაგვავიწყდება. კითხვისას მრავალგვარ მეთოდს ვიყენებდი, მაგალითად, ვარაუდების გამოთქმა, სიტყვის რუკა, ვენის დიაგრამა, ეპიზოდის დახატვა და არჩევანის წერილობით დასაბუთება, მკითხველის თეატრი, თავისუფალი თემა, პირადი წერილი, პერსონაჟების დახასიათება, თხრობა სამი სიტყვის – თავიდან… შემდეგ… ბოლოს… – გამოყენებით.

ამ ყოველივეს გარდა, მოვაწყვეთ ფეხტური უბანში და ბავშვები შემხვედრ ადამიანებს წიგნის შესახებ უამბობდნენ, „მეორადი“ ტანსაცმლის მაღაზიაში კი პერსონაჟებისთვის ტანისამოსი შევარჩიეთ. წიგნის კითხვისას ყველაზე კაშკაშა ამბად გვექცა ნორვეგიიდან მარიამის სტუმრობა. მარიამი კლასის დამრიგებლის, დალი მასწავლებლის, პირველი სადამრიგებლოს მოსწავლე იყო და ბავშვებისთვის ამ კუთხითაც მნიშვნელოვანი იყო მისი სტუმრობა, დაინახეს, რომ მასწავლებლისა და მოსწავლის ურთიერთობა ამდენი წელი გრძელდება და დიდი სიყვარულით არის გამყარებული. მარიამი თავის ორ ბიჭთან – დანიელთან და ჰერიოლფთან – ერთად გვესტუმრა, საჩუქრად „ვაფლის გულების“ ნორვეგიული გამოცემა ჩამოგვიტანა და ერთი ეპიზოდი ნორვეგიულად წაგვიკითხა. მეოთხეკლასელებმა თანატოლ ბიჭებს ბევრი რამ ჰკითხეს. ბოლოს მათ წერილები მისწერეს, დანიელმა და ჰერიოლფმა კი შთაბეჭდილებები პოსტერზე ნორვეგიულად დაგვიწერეს. მაშინ მარიამს ვუთხარით, რომ წიგნის დასრულების შემდეგ ვაფლის გულების გამოცხობას ვაპირებდით. მარიამი მეორე დღეს ოსლოში გაფრინდა, მე კი  კურიერმა რამდენიმე დღეში შინ მომიტანა ვაფლის გულების საცხობი, რომელმაც მარიამმა ჩვენთვის გამოიწერა. ერთი სული გვქონდა, როდის დავასრულებდით წიგნის კითხვას. ბოლო თავის წაკითხვისას ცრემლები მოგვადგა, გვენანებოდა წიგნთან გამომშვიდობება. შთაბეჭდილებების კითხვარის ერთ-ერთი კითხვა ამგვარი იყო, უნდა გაეხსენებინათ წიგნის კითხვისას ყველაზე შთამბეჭდავი მომენტები. ბავშვები წერდნენ, რომ ამ წიგნს მგონი ყურები აქვსო, რადგან ხმამაღალი კითხვისას გაჟღერებული სიტყვები და ფრაზები მყისიერად ცოცხლდებოდა ხოლმე, მაგალითად, ერთხელ ლენა და თრილე ფეხბურთის საყიდელი ფულის შესაგროვებლად ქალაქში წავლენ, მოედანზე ბლოკფლეიტაზე უკრავენ და ზუსტად ამ დროს პარალელური კლასიდან ფლეიტის ჯადოსნური ხმა გავიგონეთ. ხმა კედელს არღვევდა და ჩვენთან შემოდიოდა. ბავშვებს ვთხოვე, დამელოდეთ-მეთქი და პარალელურ კლასში შევიხედე. მუსიკის მასწავლებელი, მარიამი, ბავშვებისთვის ფლეიტაზე უკრავდა.

კიდევ ბევრი რამ დაემთხვა – წელიწადის დროები, კვირის დღეები, პერსონაჟების ასაკი. „მე კი საუკეთესო მეგობარი მყავს“, ვფიქრობდი ბედნიერი“. – წიგნის ბოლო წინადადება წავიკითხე და გაკვეთილის გამოსვლის ზარიც გაისმა.

„ვაფლის გულები“ 9 წლის გოგო-ბიჭის არაჩვეულებრივ მეგობრობაზეა. თრილეს დიდი ოჯახი ჰყავს, ლენას კი დედა ზრდის. არა მარტო ბავშვებისთვის, ზრდასრულების საკითხავია „ვაფლის გულები“. ლენა და თრილე ცელქობენ, მუდამ ხიფათში ებმებიან და უფროსების სწორი უკუკავშირი პირად მაგალითად იკითხება. ლენას და თრილეს ცნობისმოყვარეობა და სურვილები მშობლებისთვის, ნათესავებისთვის, მასწავლებლისთვის მისაღებია, რადგან ბავშვის ასაკობრივ თავისებურებებს კარგად იცნობენ. მკითხველისთვის მათილდეს ყურეს მაცხოვრებლების მაღალი ცნობიერება, მიმღებლობა, ჰუმანურობა, ერთიანობა, ცხოვრების წესი დადებითი იმპულსების მომტანია.

ავტორი მხატვრულ ხერხად იყენებს იუმორს, რაც ბავშვებს ყველაზე მეტად მოსწონთ. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ხაზი, რაც წიგნის სიუჟეტს ბოლომდე გასდევს, ლენას და თრილეს პაპიდასთან და პაპასთან მეგობრობაა. ამგვარი ღირებულებების მქონე წიგნის წაკითხვა ბავშვების გულს სითბოთი, სინათლით, სიყვარულით ავსებს. ისინიც ფიქრობენ საკუთარ ბებიებსა და პაპებზე, მათაც სურვილი უჩნდებათ უფროსებთან მეგობრობის.

წიგნში კი ვაფლის გულების მადისაღმძვრელი სურნელი ტრიალებს.

„პაპიდას მშვენიერი სახე აქვს, რადგან სულ იღიმება. როცა ჩვენთან მოდის, ყველას გვიხარია და ხუმრობის გუნებაზე ვდგებით. ლუდოს ვთამაშობთ, კარამელს ვწუწნით, და პაპიდას და პაპას მოყოლილ ამბებს ვისმენთ. შემდეგ პაპიდა ვაფლებს აცხობს. ბევრ რამეზე ამბობენ, მსოფლიოში საუკეთესოაო, მაგრამ დამიჯერეთ, პაპიდას ვაფლს დედამიწის ზურგზე მართლა ვერაფერი შეედრება“. – ამბობს მთხრობელი, 9 წლის ბიჭი, თრილე.

ვაფლის გულები თრილესა და ლენასთვის ოჯახური სიმყუდროვის, ზრუნვის, უფროსებთან ურთიერთობის, სიხარულის სიმბოლოა. გადავწყვიტე, პაპიდას მსგავსად, მეც გამეხარებინა ჩემი მეოთხეკლასელი მოსწავლეები და მათთან ერთად კლასში გამომეცხო ვაფლები.

მხოლოდ ნამცხვრის გამოცხობით რომ არ შემოვფარგლულიყავი, რაც თავისთავად მრავალ უნარს ავითარებს, გადავწყვიტე, მოსწავლეებისთვის მცირე ზომის ტექსტის მახასიათებლები გამეცნო და რეცეპტის გამოყენებით გრამატიკის საკითხებსაც შევხებოდი. ეს სურვილი გამიჩინა ჩემი კოლეგის, ლია მეტივიშვილის, მიერ ჩატარებულმა გაკვეთილმა, რომლის შესახებ სოციალურ ქსელში გავეცანი.

გაკვეთილს, რომლის შესახებ გიამბობთ, კარგი მომზადება სჭირდება. ფიქრები ნელ-ნელა ებმოდა ერთმანეთს და საბოლოოდ ამგვარი სახე მიიღო:

სახალისო რეცეპტის დაწერა

ინტერნეტში მოვიძიე ვაფლის რეცეპტი, რომლის მიხედვით ჯერ შინ გამოვაცხვე ვაფლის გულები, შემდეგ დღიურში დავწერე საჭირო მასალა და მომზადების წესი და პოსტერზე გადავიტანე.

საჭირო მასალა

  • 4 მრგვალი კვერცხი
  • 2 ჩაის ჭიქა თეთრი შაქარი
  • მწიკვი მარილი
  • 400 მლ. ფითქინა რძე
  • 100 მლ. ყვითელი ზეთი
  • 1 შეკვრა სურნელოვანი ვანილი
  • 2 სუფრის კოვზი ფიფქოვანი გამაფხვიერებელი
  • 3 ჭიქა ფქვილი

 

მომზადების წესი

თასში სიმღერ-სიმღერით ჩაყარე ფქვილი, დაუმატეთ შაქარი, გამაფხვიერებელი, ვანილი, მწიკვი მარილი და მოურიეთ.

რობოტივით მშვიდად გატეხეთ კვერცხი და ცილა გულისგან გამოაცალკევეთ, კვერცხის გულს დაუმატეთ ზეთი, რძე და ცეკვა-ცეკვით მოურიეთ.

ცალკე თასში ბზრიალ-ბზრიალით გათქვიფეთ ცილა იმდენ ხანს, სანამ ფაფუკ ღრუბელს არ დაემსგავსება. ფხვიერ მასას შეურიეთ თხელი მასა და ლამაზი სიტყვების ჩურჩულით მოურიეთ, ბოლოს კი ამოფუებული ცილა შეურიეთ.

ვაფლის გულების ცომი მზად არის!

ახლა საცხობი გაახურე, სამი სუფრის კოვზი ცომი დაასხი და 5 წუთი დაელოდე, თან მგელივით იყმუვლე. ცომი რომ ყავისფერი გახდება, საცხობიდან ფრთხილად ამოიღე, გააგრილე, წაუსვი ხილფაფა ან შოკოლადის კარაქი და ნება-ნება შესანსლე.

სკოლაში წასაღები ნივთები

ეს ყველაზე შრომატევადი ნაწილია, რადგან უამრავი დეტალის გათვალისწინება გიწევს. შინ გამომცხვარი ვაფლების პროცესი ნივთების შერჩევისას ძალიან დამეხმარა, რადგან პრაქტიკულად გავთვალე, რა დამჭირდებოდა.

სამი თასი, მიქსერი, ორი დიდი თეფში გამომცხვარი ვაფლებისთვის, სუფრისა და ჩაის რამდენიმე კოვზი, ჩაის ტილო, მაგიდის გადასაფარებელი, ცელოფნის პარკი, ხის კოვზი ვაფლების ამოსაღებად, საზომიანი ჭიქა, ძველებური სათქვეფელა, კონტეინერში დაფასოებული საჭირო ინგრედიენტები, ვაფლის საცხობი, რეცეპტის პოსტერი, დღიურში ჩანიშნული საშინაო დავალების ინსტრუქცია, ცელოფნის პარკი ნარჩენებისთვის, დამაგრძელებელი საცხობებისთვის.

ამ ყოველივესთან ერთად, წასაღებად მოვამზადე ფირსაკრავი და ფირფიტები, რადგან წიგნის ბოლო ეპიზოდში თრილე და ლენა ვაფლის გულებს აცხობენ, პაპა ყავას სვამს და ბავშვებთან ერთად ყოფნისას შვიდი ფირფიტის მოსმენას ასწრებს. წიგნიდან გაცოცხლებულმა ნივთებმა, სურნელმა და მუსიკამ ჩვენი დღე გაალამაზა.

ვაფლების გამოსაცხობად სამი გაკვეთილი დაგვჭირდა. ნივთების სკოლამდე წაღებასა და ცხობის პროცესში ერთი მშობელი დამეხმარა. ისე დაემთხვა, რომ ნუციკოს დედას, ხათუნას, დაბადების დღე ჰქონდა და  ბოლოს სიურპრიზი მოვუწყვეთ – ვაფლის გულებში შუშხუნა ჩავარჭვეთ და ამგვარად მივულოცეთ ხათუნას დაბადების დღე, დახმარებისა და ჩვენთვის დათმობილი დროისთვის მადლიერება გამოვხატეთ.

 

გაკვეთილის ფაზები კი ამგვარი იყო:

 

  • გავიხსენეთ ფორმითა და ზომით განსხვავებული ტექსტები;
  • დაფაზე გაკრული პოსტერიდან საგულდაგულოდ წავიკითხეთ რეცეპტი, დავაკვირდით მის მახასიათებლებს – საჭირო მასალას, მომზადების წესს, მოქმედებათა თანმიმდევრობას. პოსტერზე ნივთების გვერდით პიქტოგრამები დავხატე, მაგალითად, „რობოტივით მშვიდად გატეხე კვერცხი“ – ამ წინადადებაში ჩავხატე რობოტი და ეს იქცა ცნობისმოყვარეობის აძვრის საუკეთესო საშუალებად, ერთი სული ჰქონდათ გაეგოთ, რა დატვირთვა ჰქონდა რეცეპტში ჩახატულ რობოტს;
  • რადგან გრამატიკის საკითხები უნდა მიმოგვეხილა, ამიტომ რეცეპტი გავახალისე დამატებითი სიტყვებით – მოვიფიქრე ზედსართავი სიტყვები (თეთრი, ფიფქოვანი, მრგვალი… ), ხოლო მომზადების პროცესის გასახალისებლად კი მოქმედებები (ცეკვა, სიმღერა, ბზრიალი, ლამაზი სიტყვების ჩურჩული, ყმუილი…) მივუთითე. შეიძლება ითქვას, რომ ამ მიგნებამ გაკვეთილს სულ სხვა ელფერი შესძინა;
  • რეცეპტის ტექსტის წაკითხვისა და დამუშავების შემდეგ, დაფაზე დავხაზე ცხრილი:

 

არსებითი სახელი

რა? ვინ?

რიცხვითი სახელი?

რამდენი?

ზედსართავი სახელი

როგორი?

ზმნა

რა ქენი?

 

 

 

 

 

 

 

     

 

  • ცხრილის გადახაზვის შემდეგ გავახსენე თითოეული მეტყველების ნაწილის მახასიათებელი, მათთან ერთად თითო სიტყვა ჩავწერე, შემდეგ კი წყვილებში იმუშავეს და თითოეულ გრაფაში სათანადო მეტყველების ნაწილი ჩაწერეს;
  • სანამ ბავშვები მუშაობდნენ, მე და ნუცას დედამ დაფის წინ რამდენიმე მერხი შევაერთეთ და ცხობისთვის საჭირო ნივთები და მასალა ამოვალაგეთ. მარიამის ნაჩუქარი საცხობის გარდა მშობლებმა ორი საცხობი გვათხოვეს, რამაც ცხობის პროცესი დააჩქარა;
  • შემდეგ დაიწყო ყველაზე სახალისო ეტაპი. გამოსაძახებელი ჩხირების საშუალებით ნაბიჯ-ნაბიჯ ვანაწილებდი საქმეს – ჩაყარეს ფქვილი, მწიკვი მარილი, გახსნეს ვანილისა და გამაფხვიერებლის პაკეტები, ჩაასხეს რძე და ზეთი, გავტეხეთ კვერცხები და გამოვაცალკევეთ გულა ცილისგან,პარალელურად, ნარჩენებს ცელოფნის პარკში ვათავსებდით, გამოყენებულ ნივთებს ვინახავდით, დასვრილ ნივთებს ვრეცხავდით; გავახურეთ საცხობები, თან ვმღეროდით, ვცეკვავდით, ვბზრიალებდით… 26 მოსწავლე იყო კლასში და ვაფლის გულების გამოცხობაში ყველამ მიიღო მონაწილეობა. სამ საცხობში ერთდროულად ჩაასხეს ბავშვებმა მომზადებული ცომი და სანამ ცხვებოდა, მგლებივით აყმუვლდნენ. მომზადების წესში მითითებული იყო, რომ ცილის ძირითადი მასისთვის შეთქვეფისას ლამაზი სიტყვები უნდა გვეჩურჩულა, თუმცა, ცილას კვერცხის გულები შეერია და ფაფუკი ღრუბლის მსგავსად ლეგა ღრუბელი გამოგვივიდა. არაფრით ერეოდა ცილა ცომს. დავიძაბეთ, დაგვავიწყდა ლამაზი სიტყვების ჩურჩული და ამ დროს მესმის საბას ხმა, გთხოვ, გთხოვ, შეერიეო. ზუსტად ამ დროს სხვამ დაიძახა, ლამაზი სიტყვების ჩურჩული დაგვავიწყდაო და საბას „გთხოვ, გთხოვ, შეერიე“ ულამაზეს შელოცვად გაჟღერდა. მერე ავჩურჩულდით, ვიძახდით ლამაზ და ჩვენთვის ძვირფას სიტყვებს –  დედა, ოჯახი, სიყვარული, მამა, შვილები… ერთი სახალისო ამბავი ის იყო კიდევ, რომ საჭირო მასალაში ფქვილის დაწერა დამვიწყებია და ესეც ბავშვებმა შენიშნეს;
  • სანამ ვაფლის გულები ცხვებოდა, რამდენიმე წყვილმა ცხრილში მოთავსებული სიტყვები წაიკითხა. ყველაზე მეტად ზმნის გრაფის შევსება გაუჭირდათ. სათითაოდ გავხაზეთ ყველა ზმნა მომზადების წესიდან და ესეც ადვილად აითვისეს;
  • ვაფლის საცხობებიდან კი ორთქლი ამოდიოდა და ვანილის სურნელი მთელ სკოლას მოსდებია. შესვენებაზე მოგვაკითხეს სხვა საგნის მასწავლებლებმა, მოსწავლეებმა და როცა მეექვსე კლასთან გაკვეთილის ჩასატარებლად მესამე სართულზე გავიქეცი, საკლასო ოთახში შემყვა ვაფლის გულების სურნელი, რომლითაც ჩემი ლაბადა გაჟღენთილიყო. მეშვიდე გაკვეთილზე მერვეკლასელებმა მითხრეს, ჩვენც ვიგრძენით საოცარი და სკოლისთვის უცხო სურნელი და მათემატიკის მასწავლებელმა გვითხრა, თუ შეიტყობთ, საიდან მოდის, მეც გამაგებინეთო;
  • ვაფლის გულებს, ბავშვების სურვილისამებრ, სათითაოდ წავუსვი შოკოლადის კარაქი და ნება-ნება კი არა, ელვის უსწრაფესად შესანსლეს.

 

საშინაო დავალება:

„ვაფლის გულების“ დამთავრების შემდეგ „სალამურას თავგადასავლის“ კითხვა დავიწყეთ. საშინაო დავალების ინსტრუქციაც ამ წიგნს დავუკავშირე:

მოიფიქრე სალამურასთვის საჭმლის ან დესერტის რეცეპტი. ჩამოწერე საჭირო მასალა და   მომზადების სახალისო წესი.

გასასვლელი ბილეთების კითხვა ახალი ძალებით მავსებს ხოლმე:

ამჯერად, შევთავაზე სურვილისამებრ შეერჩიათ სამი საკითხიდან რომელიმე და დაეწერათ, კერძოდ:

  1. ჩემი შთაბეჭდილებები
  2. 5 რამ, რაც დამამახსოვრდა
  3. რისი თქმა მსურს ლელა მასწავლებლისთვის

5 რამ სალომეს ბარათიდან:

  1. ვაფლის გულების გამოცხობა!
  2. ხათუნა დეიდას მოსვლა.
  3. სურათები რომ გადავუღეთ მე და ნატამ ლელა მასწავლებელს და დალი მასწავლებელს!
  4. ლელა მასწავლებლის რეცეპტი.
  5. მთელი კლასის მხიარულება და სიყვარული.

 

სალიტა:

  1. როცა ლელა მასი შემოვიდა მთელი სახლის ნივთებით.
  2. როდესაც გაბრიელი სპეციალისტივით ურევდა.
  3. როდესაც ლელა მასმა დიდი ფურცელი გაშალა.
  4. როცა ლელა მასწავლებელმა დავალება მოგვცა.

 

დემეტრე:

  1. ვაფლის გულები, საცხობი, მუსიკა, რეცეპტი და გართობა.

ანი:

  1. ნუცას სიმღერა.
  2. ცილისგან გაკეთებული ქაფი.
  3. კვერცხების გატეხა.
  4. ის, რომ ხათუნა დეიდას დაბადების დღე ვაფლების გამოცხობას დაემთხვა.
  5. მუსიკის მოსმენა.

ბარბარე:

  1. მე და სოფო რომ ვრეცხავდით ჭურჭელს.
  2. ყველა ჩართული ვიყავით.
  3. რომ გავდიოდით გასარეცხად, გაოცებულები გვიყურებდნენ.

სოფო:

  1. როცა ნუცამ და დაჩიმ წინსაფარი გაიკეთეს.

ცოტნე:

  1. თავი რესტორანში მეგონა.
  2. მეუბნებოდნენ, ნამდვილი მცხობელი ხარო.

 

ანდრია:

  1. ტატოს კვერცხი სხვა ჯამში ჩაუვარდა.
  2. ნატა რომ ცილას ურევდა.

ლიზი:

  1. ეს ჩემი საუკეთესო დღეა.

თედო:

  1. ნუცა რომ თქვეფდა და მე და საბას ცომი რომ შეგვასხა და დაგვთხვარა.
  2. მასწავლებლებმა რომ შემოიხედეს, რადგან ძალიან მაგარი სუნი მოდიოდა.
  3. ხათუნა დეიდას დაბადების დღე რომ იყო და მაინც რომ მოვიდა და ჩვენთან ერთად იყო და გვეხმარებოდა.

 

ნუცას შთაბეჭდილებები:

„ლელა მას, ძალიან კარგი დღე იყო. ძალიან გვასიამოვნეთ. დედას რომ ვუყურებდი, მასაც ჩვენსავით უხაროდა.

ლელა მას, რატომ გადაწყვიტეთ ასეთი გიჟური გაკვეთილი?“ – მწერს ბოლოს ნუცა.

ჩემო საყვარელო ნუციკო, ძვირფასო კოლეგებო, მკითხველებო, ამ „გიჟური“ გაკვეთილის ჩატარება იმიტომ გადავწყვიტე, რომ ბავშვებისთვის სასწავლო პროცესი უდიდეს სიხარულად და სიამოვნებად მექცია, წიგნის კითხვა შემეყვარებინა, კეთებით სწავლებით სხვადასხვა პროფესიის შესახებ გვესაუბრა, კოლეგის გამოცდილება გამეზიარებინა, მცირე ზომის ტექსტი დაგვემუშავებინა, გრამატიკის რთული საკითხები თამაშ-თამაშით დაგვემახსოვრებინა, ყველა ბავშვი ჩაბმულიყო საერთო საქმეში.

ჩემი ჩანაფიქრის პასუხად, მთელი სკოლა ვანილის სურნელში გაეხვა, ადამიანების ფიქრები გავაერთიანეთ, ნორვეგიაში მყოფ მარიამს, ჰერიოლფსა, დანიელს, მთარგმნელს სიყვარული და მადლიერება გავუგზავნეთ.

ვიცი, რომ ამ წიგნის ირგვლივ დაწყებული თავგადასავალი არ დასრულებულა და ხშირად შეგვახსენებს თავს. ბათუმში მცხოვრებ ლეა ბაკურაძეს, რომელიც გადაცემა „ბიბლიოთეკის“ საბავშვო რუბრიკის ავტორია, წერილები უნდა მივწეროთ და „ვაფლის გულები“ უნდა გავაცნოთ, ბათუმში ცხოვრობს ამ კლასიდან გადასული ორი მოსწავლე – მეგი და ნიკოლოზი – და ლეასთან ერთად მათაც მივწერთ პირად წერილებს.

ასევე, ვაპირებთ, რომ კლასში მოვიწვიოთ პაპები და კითხვები დავუსვათ.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი