სამშაბათი, აპრილი 30, 2024
30 აპრილი, სამშაბათი, 2024

„ბედნიერი გაკვეთილები“ ხარისხიანი განათლებისთვის

ბედნიერი საკლასო გარემოს შექმნა ბევრი მასწავლებლის საერთო მიზანია. XXI საუკუნის დამდეგს, განსაკუთრებით – 2007-2008 წლიდან, ბრიტანულ და გერმანულ სკოლებში „ბედნიერების გაკვეთილებიც“ კი შემოიღეს. საგანმანათლებლო სისტემის მიმართ ასეთი მიდგომა დღეს უკვე ფართოდ არის გავრცელებული, თუმცა თავის დროზე ის, ფორმატიდან გამომდინარე, საკმაოდ ინოვაციური იყო.

ბედნიერების სწავლების მეთოდს საფუძვლად დაედო პოზიტიური ფსიქოლოგია. ეს არის მიდგომა ადამიანის აზრების, გრძნობებისა და ქცევის კორექციისთვის სისუსტეების ნაცვლად ძლიერ მხარეებზე ფოკუსირებით, ცუდის გამოსწორების ნაცვლად კარგზე აქცენტირებით. ეს არის „მეცნიერული შესწავლა იმისა, თუ რა ხდის ცხოვრებას ყველაზე ღირებულს“. პოზიტიური ფსიქოლოგიის ფუძემდებელია მარტინ სელიგმანი. მისმა „დასწავლილი უმწეობის“ თეორიამ (XX ს-ის 60-70-იანი წლები) დიდი გავლენა მოახდინა განათლების მეცნიერების განვითარებაზე. პოზიტიურმა ფსიქოლოგიამ, რომელიც, თავის მხრივ, ევროპული პედაგოგიკის, ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის მიღწევებს ეყრდნობა, საფუძველი ჩაუყარა ქოუჩინგს, განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭა სწავლებისა და ურთიერთობის პოზიტიური პრინციპების გამოყენებას ცხოვრების ყველა სხვა სფეროში.

აღნიშნული მეთოდისთვის ექსპერიმენტულ ბაზად შეარჩიეს ბრიტანეთის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საშუალო სკოლა – ველინგტონის კოლეჯი. კოლეჯი 1853 წელს დაარსდა და სახელი დაერქვა ჰერცოგ ველინგტონის პატივსაცემად, რომელმაც ვატერლოოს ბრძოლაში ნაპოლეონი დაამარცხა. ამ „სასკოლო რევოლუციაში“ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა კოლეჯის დირექტორმა, ცნობილმა ბრიტანელმა ისტორიკოსმა ენტონი სელდონმა. მალე ერნსტ ფრიც-შუბერტმა (გერმანელი პედაგოგი, მის მიერვე დაარსებული ფრიც-შუბერტის ინსტიტუტის ხელმძღვანელი) სკოლის სასწავლო გეგმაშიც კი შეიტანა საგანი „ბედნიერება“ იმ მოსაზრებით, რომ მოსწავლეებს უნდა უხაროდეთ გაკვეთილები, ისინი მხოლოდ სასწავლო მიზნების მისაღწევად არ უნდა დადიოდნენ სკოლაში, შეიძლება ითქვას, მხოლოდ ამისთვის არ უნდა არსებობდეს სკოლა. „ბედნიერების გაკვეთილებმა“ პოპულარობა მოიპოვა იტალიაში, შვეიცარიაში, ავსტრიაში…

რატომ გახდა ეს საკითხი ასეთი მნიშვნელოვანი თანამედროვე განათლებაში?

  • როგორც ცნობილია, მოსწავლეთა ემოციური კეთილდღეობა პირდაპირ გავლენას ახდენს მათ სასწავლო გამოცდილებასა და აკადემიურ წარმატებაზე, რადგან ბედნიერი მოსწავლეები უფრო მოტივირებული არიან, მეტ კითხვას სვამენ, უფრო აქტიურად სწავლობენ, რაც ხელს უწყობს ახალი კონცეფციებისა და იდეების შესწავლას.
  • დადებითი ემოციები კოგნიტიური ფუნქციონირების გაუმჯობესებასთანაც არის დაკავშირებული. ბედნიერი მოსწავლის ტვინი უფრო მგრძნობიარეა ინფორმაციის გადამუშავებისა და შენარჩუნების მიმართ, რაც იწვევს უკეთ აღქმასა და დამახსოვრებას.
  • ბედნიერების განცდა მეხსიერების ძლიერი სტიმულატორია, რადგან იწვევს ასოციაციური ვიზუალური ხატების შექმნას და ამით ხელს უწყობს მასალის ათვისებას.
  • ბედნიერი საკლასო გარემო ხელს უწყობს სტრესის, შფოთვის შემცირებას, მოსწავლეები თავს დაცულად გრძნობენ, რაც მათ საშუალებას აძლევს, უფრო მეტად გაამახვილონ ყურადღება სწავლაზე.
  • ბედნიერება ავითარებს შემოქმედებითობას და ხელს უწყობს კრიტიკული და კრეატიული აზროვნების განვითარებას, ინოვაციურ გადაწყვეტილებებს.
  • ბედნიერება ააქტიურებს მოსწავლის ემოციურ, სოციალურ და ფსიქოლოგიურ ზრდას, პიროვნულ განვითარებას, პოზიტიური სასკოლო და საკლასო კულტურის ჩამოყალიბებას.
  • სწავლაში ბედნიერების განცდა მოსწავლეს უწყვეტი განათლებისკენ უბიძგებს.

მაგრამ როგორ გამოიწვიოს მასწავლებელმა ასეთი განცდები? რა გააკეთოს ამისთვის?

ექსპერიმენტული კვლევების შედეგად გამოიყო მიდგომები, რომლებიც ხელს უწყობს გაკვეთილებზე ბედნიერი ატმოსფეროს შექმნას, მაგალითად:

  • მოსწავლესა და მასწავლებელს შორის თანამშრომლობის გაზრდა. რეალური მხარდაჭერის მიღება მოსწავლეს მასალის უკეთ გაგებაში ეხმარება. ამით საკლასო ოთახში იქმნება „ბედნიერების ტერიტორია“ და მოსწავლეები აცნობიერებენ, რომ თქვენთან ყოველთვის შეუძლიათ იპოვონ მხარდაჭერა, რომ თქვენ გვერდით ყოველთვის დაცულები იქნებიან. ჩვენს ცხოვრებაში ისე არაფერი უწყობს ხელს ბედნიერების განცდას, როგორც ადამიანებთან კარგი ურთიერთობა;
  • მოსწავლეებისთვის, გარდა სასკოლო დავალების, სხვა საკითხებზე საუბრის (ანუ სოციალური ქცევის) საშუალების მიცემა. საჭიროა ყოველდღიურად რამდენიმე წუთი თანაკლასელებთან კომუნიკაციისა და ჯანსაღი ურთიერთობისთვის;
  • თვითშემეცნებაზე, საკუთარი თავის გაგებაზე ორიენტირებული გაკვეთილების ჩატარება. შეუძლებელია საკუთარი პოტენციალის რეალიზება, თუ არ იცი, ვინ ხარ;
  • ცნობილია, რომ ბედნიერების თანმხლებია სიმშვიდე და წესრიგი. ამის მისაღწევად ეფექტური სტრატეგიაა შუქნიშნის გამოყენება. შუქნიშნის პრინციპს ნებისმიერი სკოლის ნებისმიერი მოსწავლე იცნობს, ამიტომ ადვილად შეიძლება შეთანხმდნენ სიმბოლურ მნიშვნელობებზე: წითელი შუქი ლაპარაკობს მხოლოდ მასწავლებელი ან სრულდება ინდივიდუალური დავალება; ყვითელი შუქი – კომუნიკაცია და მოსწავლის პასუხი (ამ დროს მასწავლებელს არ აქვს უფლება, შეაჩეროს მოსწავლე); მწვანე შუქი – წყვილებში ან გუნდური მუშაობა. ეს არის კომუნიკაციის რეალური თავისუფლება. დისციპლინის მართვა გაადვილდება, თუ მასწავლებლები თავად არ დავივიწყებთ ამ მიდგომას;
  • კომფორტული მუშაობისთვის ეფექტურია „წერილობითი თანხმობა“. შედგენილი სია თვალსაჩინო ადგილზე განთავსდება, წესებს კი არავინ დაარღვევს (მაგალითად, არ დაიყვირებს). ეს გაკვეთილზე კომფორტულ, უსაფრთხო გარემოს შექმნის. წესებში მითითებულია „სასჯელიც“, რომელიც შეიძლება მასწავლებელსაც დაეკისროს და მოსწავლესაც იმ შემთხვევაში, თუ სათანადოდ არ იქნება მომზადებული გაკვეთილისთვის (მაგალითად, თუ მასწავლებელი აღმოჩნდა ასეთ სიტუაციაში, მან მოსწავლეებს უნდა მისცეს საშუალება, თავისუფლად გამოიყენონ საგაკვეთილო დრო);
  • დააჯილდოვეთ თუნდაც მცირე წარმატებისთვის, მოუსმინეთ მათ დადებით ემოციებს, როგორ იხსენებენ მეგობრებთან გატარებულ დროს. თქვენიც უამბეთ. ისინი ბაძავენ მასწავლებლებს და მიბაძავენ გახსნილობაში, გულწრფელობასა და კეთილგანწყობაშიც;
  • სხვადასხვა ფორმატის, მრავალფეროვანი გაკვეთილები, სათამაშო ტექნოლოგიების, Kahoot, Quizizz და სხვა აპლიკაციების გამოყენება უბიძგებს მოსწავლეებს, მოიძიონ პასუხები მასწავლებლის კითხვებზე ინტერნეტში, წიგნებში, ტექსტებში, სურათებში და ა.შ.
  • ცხოვრებისეული მაგალითების“ მოყვანა, მიზნების დასახვისა და რეფლექსიის სწავლება ძალიან დაეხმარება მოსწავლებს იმის გაგებაში, რაში სჭირდებათ სკოლა. ამისთვის ნებისმიერი თემის გავლის დროს შეიძლება შევარჩიოთ ნათელი და მარტივი მაგალითები, თუნდაც „როგორ აპირებთ კონკურსში გამარჯვებას, თუ მოწინააღმდეგის სტრატეგიაში სუსტი წერტილი ვერ იპოვეთ? მოდი, გავარკვიოთ, როგორ გააკეთა ეს ნაპოლეონმა“ და ა.შ. დააფიქრეთ მოსწავლეები, რა გააკეთეს მიზნის მისაღწევად. აქტიურად ჩართეთ რეფლექსიის ტექნიკაც: ესე, საბორტო ჟურნალი, წერილობითი ინტერვიუ, სინქვეინი, დაასრულე წინადადება, „პლუს-მინუს-საინტერესო“, „კომპლიმენტი“ და სხვ. მნიშვნელოვანია ორმხრივი მრგვალი მაგიდის გამოყენებაც.

 

 

  • საშინაო დავალება ფიქრისკენ უნდა უბიძგებდეს მოსწავლეს. მაგალითად, ისტორიასა და ლიტერატურაში:
  • დიდი ზომის ტექსტების დამუშავებისას აქტიურად შევთავაზოთ ტექსტის რუკა, გეოგრაფიული რუკის დახატვაც კი: სად იყო მთავარი მოქმედი პირი, ვისთან ურთიერთობდა და ა.შ.;
  • ძველი ადამიანის შესახებ აბზაცის გამეორების ნაცვლად შევთავაზოთ მასზე ზღაპრის მოფიქრება;
  • ვიმუშაოთ „ხუთი პრინციპით“. მაგალითად, შევთავაზოთ ეპოქისთვის დამახასიათებელი სამუშაო და საბრძოლო იარაღების, ცხოვრების წესის აღწერა, ხელოვნების დეტალების გამოყოფა, კაცობრიობის ისტორიაში მათი მნიშვნელობის აღწერა;
  • შეადგინეთ ერთი საშინაო დავალება ორივე საგნისთვის, მაგალითად: „როგორ აისახა ისტორიული მოვლენა ლიტერატურულ ნაწარმოებში?“, „რა გავლენა მოახდინა გეოგრაფიულმა აღმოჩენებმა ადამიანის პიროვნულ განვითარებაზე? მოიყვანე მტკიცებულებები“;
  • დაარქვით გაკვეთილებს „ისტორია და ბედნიერება“; „ქართული და ბედნიერება“, ინტეგრირებულ გაკვეთილებს – „ისტორია, ლიტერატურა და ბედნიერება“… ასეთი სათაურები შეიძლება სამუშაო ფორმატის ორიენტირებად იქცეს.

შეიძლება ითქვას, რომ ამგვარი მიდგომები, პოზიტიური და საინტერესო სასწავლო გარემოს შექმნა, მოსწავლეებზე გულწრფელი ზრუნვა, მათი ინტერესების გაგება, მათი ძლიერი მხარეების აქცენტირება, სწავლების მრავალფეროვანი მეთოდების გამოყენება, მოსწავლეთა ინდივიდუალური დინამიკის გათვალისწინება, რელევანტური დავალებები, პრაქტიკული პროექტები და ინტერაქციული თამაშები, ინტეგრირებული ტექნოლოგიური ინსტრუმენტები და რესურსები, რომლებიც მოსწავლეთა ინტერესებსა და უნარებს შეესაბამება, მოსწავლეთა აღიარება და ქება, მკაფიო ინსტრუქციები, რომლებიც ამცირებს იმედგაცრუებას და დაბნეულობას, იუმორი, თავისუფალი არჩევანი, დავალებებში მოსწავლეთა ჰობისა და ინტერესების გათვალისწინება, კომფორტული ფიზიკური გარემო, მეგობრული, თანამშრომლობითი სივრცე ნამდვილად უწყობს ხელს ბედნიერი გარემოს შექმნას.

ჩავატაროთ „ბედნიერების მომნიჭებელი გაკვეთილები“, ვასწავლოთ ბავშვებს საქმისადმი სერიოზული მიდგომა და ამ გზით სასკოლო განათლებასაც ხარისხობრივად განსხვავებულ საფეხურზე აიყვანთ.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი