ნებისმიერ მშობელს სურს, განათლებული, მოაზროვნე შვილი ჰყავდეს, თუმცა ცოტას თუ შეუძლია ახსნას, რა არის კრიტიკული აზროვნება და კიდევ უფრო ნაკლები ასწავლის შვილს აზროვნების ინსტრუმენტებს. ეს გასაკვირი არ არის, რადგან დღევანდელი მშობლების უმრავლესობას სკოლაში კრიტიკული აზროვნება არ გვისწავლია. მეტიც: არცთუ შორეულ წარსულში სოციუმში კითხვების დასმა და განსხვავებული პოზიციის გამოხატვა უზრდელობადაც კი მიიჩნეოდა. დღემდე ნაწილობრივ ცუდ ტონად ითვლება, როცა ბავშვი მშობელს ან სხვა უფროსს თუნდაც თავაზიანად ეკამათება.
ეს სტატია მშობლებს აღზრდის პროცესის ისე წარმართვაში დაეხმარება, რომ ხელი შეუწყონ შვილებში კრიტიკული აზროვნების განვითარებას, რადგან თუ ადრეული ასაკიდან არ ვიზრუნეთ ბავშვის აზროვნების უნარის გაუმჯობესებაზე, ის შეიძლება ვერ გადაურჩეს ჩვენი დროის ყველაზე აქტუალურ საფრთხეებს, ადვილად მოექცეს სხვისი გავლენის ქვეშ, გახდეს მანიპულაციის, დეზინფორმაციის მსხვერპლი, გაუჭირდეს პრობლემის იდენტიფიცირება და მისი გადაჭრის გზების პოვნა.
წავახალისოთ კითხვების დასმა – დავიწყოთ იმით, რომ კრიტიკული აზროვნება ცნობისმოყვარეობას ეფუძნება. ბავშვის აღზრდა კი ხანგრძლივი და რთული პროცესია, რომელსაც უამრავი გამოწვევა ახლავს თან, მათ შორის – მშობლის გადაღლა, გამოფიტვა, გადაწვა, რი გამოც დიდია რისკი, ბავშვს კითხვების დასმა ავუკრძალოთ, მით უმეტეს, თუ ეს კითხვები უხერხულობას ქმნის, უადგილო გვეჩვენება, არასოდეს მთავრდება და იმაზე მეტ დროს მოითხოვს ჩვენგან, ვიდრე გვაქვს.
სპეციალისტები გვირჩევენ:
- არასოდეს დავსაჯოთ ბავშვი კითხვების გამო;
- არ შეურაცხვყოთ, მაგალითად, არ ვუთხრათ: „რა სისულელეს მეკითხები“;
- თუ შეკითხვა უდროო ან უადგილოა, ვთხოვოთ საუბრის გადადება;
- თუ პასუხი არ გვაქვს, ვაღიაროთ, ვითხოვოთ დრო, მოვიძიოთ ინფორმაცია და ისე დავუბრუნდეთ ჩვენს პატარას.
ამ რეკომენდაციების შესრულებით მივაღწევთ იმას, რომ ბავშვს არ მოერიდება კითხვების დასმის, რაც დაეხმარება თვალსაწიერის გაფართოებაში, ინფორმაციის მიღებისა და გადამუშავების, დიალოგის წარმართვის უნარების გამომუშავებაში. ეს ყველაფერი კი მეტად მნიშვნელოვანია კრიტიკული აზროვნების განვითარებისთვის.
დავუთმოთ დრო არგუმენტირებულ მსჯელობას – კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია ბავშვთან ჯანსაღი დისკუსიის წარმოება, საუბრის დროს მრავალფეროვანი და გასაგები არგუმენტების მოშველიება.
ზოგჯერ მშობლებს გვსურს, ბავშვებმა ჩვენს/სხვის შეცდომებზე ისწავლონ და საჭიროდ აღარ მიგვაჩნია, ავხსნათ ანბანური ჭეშმარიტება. მაგალითად, „ეკრანთან ბევრი დროის გატარება არ შეიძლება“, „ბევრი ტკბილეულის ჭამა ჯანმრთელობისთვის საზიანოა“ და ა.შ. გვავიწყდება, რომ ასეთ საკითხებზე მოჭრილი შაბლონებით საუბრით შვილებს შესაძლებლობას ვართმევთ, იფიქრონ, თვალი გაუსწორონ პრობლემას, თავად გაიაზრონ და თავადვე მოიფიქრონ გამოსავალი. ასეთ დროს მშობლები ხშირად ვეუბნებით შვილებს: „დედა ვარ/მამა ვარ და შენზე უკეთ ვიცი!“, „უნდა დამიჯერო, შენზე დიდხანს მიცხოვრია!“ „უფროსს სიტყვას ნუ უბრუნებ!“, „უფროსი რომ გეუბნება, ე. ი. ასეა“, რასაც გასწავლი, ის ისწავლე!“, „სად მაქვს ამდენი დრო, ერთხელ რომ გეტყვი, დაიმახსოვრე!“ – და ა.შ. მაგრამ ეს არგუმენტები არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ბავშვმა ჩვენი რჩევა გაითვალისწინოს. ამ დროს იზრდება კონფლიქტის რისკი და იმის საფრთხე, რომ იქ, სადაც ჩვენ არ ვიქნებით, ბავშვი მაინც ჩაიდენს ჩვენთვის მიუღებელ საქციელს. ამიტომ არის აუცილებელი საკითხის სიღრმისეული განხილვა, დეტალური ანალიზი, რომ ბავშვმა თავად შეძლოს იმ ზიანის გააზრება, რომელიც მას ემუქრება.
მშობლებს შეგვიძლია, აღზრდის პროცესში გამოვიყენოთ საკვანძო კითხვები, რათა წავახალისოთ ბავშვების აზროვნება. ეს კითხვებია:
- რას ფიქრობ ამ საკითხზე?
- რატომ გგონია ასე?
- საიდან იცი ეს?
- შეგიძლია, უფრო მეტი მითხრა ამაზე?
- კითხვა ხომ არ გაქვს?
დავაზღვიოთ ავტორიტეტისადმი უპირობო მორჩილების რისკი – მზად ვიყოთ იმისთვის, რომ შეიძლება, შვილმა უპირობოდ არ მიიღოს ჩვენი მითითება. ზოგჯერ ასეთ მომენტებს მშობლები პირად შეურაცხყოფად ვიღებთ და ეს მოთმინებას გვაკარგვინებს. მშობლებს უნდა გვახსოვდეს, რომ ავტორიტეტისადმი უპირობო მორჩილება გრძელვადიან პერსპექტივაში შეიძლება დიდი ზიანის მომტანი გახდეს ჩვენი შვილისთვის, ამიტომ შევიარაღდეთ არგუმენტებით და მოვემზადოთ ხანგრძლივი დებატებისთვის, მაშინაც კი, როცა მიგვაჩნია, რომ ანბანური ჭეშმარიტების ახსნა გვიწევს, და ნუ გაგვახარებს, რომ ბავშვი არასოდეს გვეკამათება, არასოდეს გამოთქვამს თავის მოსაზრებებს, სურვილებს და მზად არის მიიღოს ყველაფერი, რასაც ვთავაზობთ. ბავშვს საკმარისი თავისუფლება უნდა ჰქონდეს, რათა იფიქროს და დამოუკიდებლად გადაჭრას სხვადასხვა სირთულის საკითხები.
კრიტიკული აზროვნების ინსტრუმენტების გამოყენება მეტ დროს, ენერგიას და განათლებას მოითხოვს, მაგრამ ეს დანახარჯი შედეგად ნამდვილად ღირს: ბავშვი პრობლემის გადაჭრას, მსჯელობას, არგუმენტების მოშველიებას, დისკუსიის ტექნიკას, საწინააღმდეგო აზრის მშვიდად დაფიქსირებას ეჩვევა და არა ავტორიტეტისადმი უპირობო მორჩილებას.