სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

მასწავლებლების პროფესიული განვითარება – ხედვა საკლასო ოთახიდან

მასწავლებლების მონდომება – განვითარდნენ, სურვილი ისწავლონ, რათა უკეთ ასწავლონ, ამოუწურავია. ამის დასტურია ის, რომ არასტაბილურ და ქაოსურ რეფორმებში უცვლელი რჩება სწორედ მასწავლებელთა უმრავლესობის მოტივაცია გაიუმჯობესონ პროფესიული უნარები.

თვითგანვითარებისთვის, პროფესიული ზრდისთვის, სასწავლო შედეგების გასაუმჯობესებლად მასწავლებლები შრომობენ სკოლაშიც და სკოლის გარეთაც. ეს ნიშნავს, რომ ისინი პირადი დროის დიდ ნაწილს უშურველად, ხშირად განუსაზღვრელად ახმარენ პროფესიულ საქმიანობას.

თავისუფალ დროს მე და ჩემი კოლეგები ხშირად ვიყენებთ მოსწავლეებზე ზრუნვისთვის, რესურსების მოსამზადებლად, პროფესიული ლიტერატურის საკითხავად. ეს დრო არასდროს ანაზღაურდება და არც საათობრივ ბადეშია გათვლილი.

პროფესიული განვითარების მცდელობები ზოგჯერ ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ბუნებრივი შემადგენელია, ზოგჯერ ამის საგანგებო შესაძლებლობა გვიჩნდება და ხელიდან არ ვუშვებთ, ზოგჯერ ეს წინასწარ არის დაგეგმილი.

ფორმალური და არაფორმალური განათლების შესაძლებლობებიც სათვალავშია მისაღები ზოგჯერ სახელმწიფო გვიყენებს მოთხოვნებს, ზოგჯერ არაფორმალური განვითარების შესაძლებლობით თავად ვინტერესდებით. აქ შევყოვნდეთ და კვლავ აღვნიშნოთ მასწავლებელი მიილტვის თვითგანვითარებისკენ და ამას აკეთებს შინაგანი და გარეგანი მოტივაციით, „გულით და გონებით“.

კიდევ რამდენიმე მარტივი ჭეშმარიტება

მასწავლებელი სკოლის საყრდენია, განათლების სისტემის უმნიშვნელოვანესი რგოლი, და საგანმანათლებლო მიზნების განხორციელება შესაძლებელი იქნება მხოლოდ მაშინ, თუ მასწავლებელი სათანადოდ იქნება მომზადებული, თუ მიიღებს სათანადო მხარდაჭერას პროფესიული ზრდისთვის, ღირსეულ სამუშაო პირობებს, ღირსეულ ანაზღაურებას.

უდავოა, რომ მაღალი სასწავლო სტანდარტის უზრუნველყოფას მხოლოდ მომზადებული და მხარდაჭერილი მასწავლებელი შეძლებს.

როდესაც სისტემა მასწავლებელს საცდელი კურდღლის მდგომარეობაში აყენებს ან დაუსრულებლად ცდის, ამტკიცებინებს მას, რომ ამ საპატიო წოდების „ღირსია“, როდესაც მასწავლებელს გამუდმებით უწევს დოკუმენტაციის წარმოება ამის დასადასტურებლად, მას ნაკლები დრო რჩება მოსწავლისთვის. როდესაც ბიუროკრატია, ცენტრალიზებული, სტანდარტიზებული მოთხოვნები მძლავრობს, როდესაც სწორედ აქეთ მიემართება მასწავლებლის ენერგია და სასიცოცხლო ძალები, მოსწავლე რჩება ქაღალდებს მიღმა.

ამაზე ბევრი ჩემი კოლეგა წუხს. ერთმანეთთან გულახდილი საუბრისას ამას ხშირად აღვნიშნავთ.

მასწავლებელი მხოლოდ მაშინ შეძლებს მოსწავლეებისთვის საუკეთესო თვისებებისა და უნარების გადაცემას, თუ თავად იქნება სწავლის ჟინით, უწყვეტი განათლების მიღებით დაინტერესებული.

უწყვეტი განვითარება მნიშვნელოვანია, თუ მასწავლებელს სურს, ფეხი აუწყოს დროს. პრაქტიკის გადახედვა, განახლება, კოლეგების გამოცდილების გაზიარება, საკუთარი გამოცდილების გაზიარება სხვებისთვის პროფესიის განუყოფელი ნაწილი უნდა იყოს.

ეს უნდა იყოს არა ერთჯერადი ფორმალური კონფერენციები, საიდანაც მაქსიმუმი, რის წამოღებასაც მასწავლებლები შეძლებენ, ჩანაწერები და თეზისებია, არამედ თანამშრომლობის ცოცხალი პროცესი. არა ტრენინგები და სულის შემხუთველი ონლაინ შეხვედრები, რომლებიც ძირითადად მასწავლებლების პირადი დროის ხარჯზე ინიშნება, მათი ძილისა და დასვენების ხარჯზე, არამედ სასიამოვნო, განმავითარებელი, დასამახსოვრებელი, შთამაგონებელი შეხვედრები, სადაც კი არ ცდიან ან მოძღვრავენ, არამედ უზიარებენ. ერთმანეთს უზიარებენ.

რა ავითარებს მასწავლებელს? რა ეხმარება მას პროფესიული უნარების დახვეწაში? თვითგანვითარებასა და კვალიფიკაციის ამაღლებაში? რა უწყობს ხელს პროფესიულ განვითარებას?

სეგრეგაცია? მასწავლებლების დაყოფა-დანაწევრება? სხვადასხვა სტატუსის მოსაპოვებლად შესავსები დოკუმენტაცია ან ამ დოკუმენტაციის ჯეროვნად წარმოებაში გაწაფვა? სტანდარტიზებულ სქემაში ჩართვა? სახელფასო დანამატი? მაკონტროლებელი მექანიზმების შემუშავება  კონტროლი და შეცდომების აღმოჩენა-დიაგნოსტირება? ონლაინ ტრენინგები?

მოქმედი პროფესიონალისთვის სამი ძირითადი  მიმართულება იკვეთება[1]:

  1. პირდაპირი სწავლა-სწავლება კონფერენციები, კურსები, საკონსულტაციო ფორმატი, ვორკშოპები პროფესიონალები ასწავლიან ერთმანეთს და სწავლობენ  ერთმანეთისგან;
  2. სკოლაში ურთიერთთანამშრომლობა ურთიერთდასწრება, კათედრების ქმედითი (და არა ფორმალური) საქმიანობა, მიმართული პროცესისკენ და არა ქაღალდთწარმოებისკენ, მუდმივი შეკრებები, სადაც პედაგოგიურ და მეთოდურ საკითხებზე მსჯელობენ;
  3. სკოლისა და პარტნიორების ურთიერთობა სკოლას აუცილებლად უნდა ჰქონდეს პარტნიორული-საგანმანათლებლო ურთიერთობა სასკოლო საზოგადოების მიღმა მდგარ ინსტიტუტებთან: პროფსასწავლებლებთან, უნივერსიტეტებთან, კვლევით ორგანიზაციებთან, არაფორმალური და ფორმალური განათლების ორგანიზაციებთან. ეს ურთიერთობა ერთჯერადი ტრენინგებითა და კონტროლით კი არ უნდა შემოიფარგლებოდეს, არამედ ცოცხალი სამუშაო პროცესი უნდა იყოს.

ამას აუცილებლად და საგანგებოდ უნდა დაემატოს სწავლება საკლასო ოთახში მოსწავლეებთან თანამშრომლობა, მათი ხმის გაგონება, მათთან ერთად სასწავლო პროცესის დაგეგმვა, მათი მონაწილეობითა და ორგანიზებით. თუ დააკვირდებით, სკოლაში მოზარდი დღეს მეტწილად პასიური მიმღებია იმისა, რასაც სთავაზობენ და თუმცაღა თვითმმართველობა ფორმალურად არსებობს, მოსწავლეს იშვიათად უსმენენ.

ისევ და ისევ, ენთუზიასტი, საუკეთესო მასწავლებლების  მიერ განხორციელებული პროექტების წყალობით კი ვხედავთ აქა-იქ ამის მაგალითებს, მაგრამ ესეც მეტწილად ინდივიდუალური და კერძო შემთხვევებია, უფრო – გამონაკლისები. და ეს კარგი მასწავლებლები ამბობენ:მოსწავლეებისგან ვისწავლეთ; მოსწავლეებისგან და მათთან ერთად ვსწავლობთ და ვქმნით!

ჩვენ დღეს ვასწავლით მუდმივად და სწრაფად ცვალებად სამყაროში. მასწავლებელი მხოლოდ მაშინ შეძლებს საუკეთესო უნარების განვითარებას, გადაცემას და საუკეთესო ცვლილებების განხორციელებას პროფესიაში, ქვეყანაში, თუ თავად ექნება უწყვეტი, მუდმივი განვითარების, თვითგანვითარების მოტივაცია.

ეს მოტივაცია მასწავლებლებს აქვთ. სისტემის პირდაპირი პასუხისმგებლობა და ვალდებულება ამ იმპულსების მოფრთხილება და ხელშეწყობაა.

[1] Developing Teachers – The Challenges of Lifelong Learning,  Chris Day, 2002

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“