ხუთშაბათი, სექტემბერი 12, 2024
12 სექტემბერი, ხუთშაბათი, 2024

როგორ ვასწავლოთ თავისუფალი თემის წერა დაწყებით საფეხურზე

რამდენად დაუჯერებლადაც არ უნდა ჟღერდეს, ჩემს პროფესიულ გამოცდილებაზე დაყრდნობით, შემიძლია თამამად გითხრათ, რომ წერა ყველა ბავშვს შეუძლია. მთავარია, მოვძებნოთ მინავლებული შემოქმედებითი ნაპერწკლები და სული შევუბეროთ.

მკაფიო ინსტრუქცია, მოდელირება, აქტიური მოსმენა, თვითპრეზენტაციისთვის დროის დათმობა, განმავითარებელი კომენტარებით წახალისება, აუდიტორიისთვის მათი ნაშრომების გაზიარება – აი, ის ეფექტური გზები, რომლებსაც წერის სწავლებისას ვიყენებ.

მეოთხეკლასელებს ხმამაღლა წავუკითხე ნორვეგიელი მწერლის, მარია ფარის წიგნი „ვაფლის გულები“. წიგნის დასრულების შემდეგ ფორმატზე ჩამოვწერე თავისუფალი თემის სათაურები, რომლებიც წიგნის მიხედვით მოვიფიქრე და გაკვეთილი ნაბიჯ-ნაბიჯ დავგეგმე.

თემის სათაურები ამგვარად გამოიყურებოდა:

  • ჩემი პაპა/ბაბუა
  • თოვლიანი დღე
  • სხვა სკოლაში გადასული კლასელი
  • ჩხუბი თანატოლთან
  • საყვარელი ნამცხვარი
  • დაუვიწყარი ცელქობა
  • ჩემი კლასელი ბიჭები/გოგოები
  • ყველაზე სევდიანი დღე
  • ჩემი მეგობრის დედა/მამა
  • ფული და ხელნაკეთი წიგნები
  • მონატრება
  • ჩემი უბანი
  • ნაქსოვი ტანსაცმელი
  • ჩემი მასწავლებელი
  • ზამთრის ჩვეულებრივი დღე
  • ხიფათი
  • ჩემი ბებიაა
  • ჩემი ნათესავები

თავდაპირველად მოსწავლეებს გავაცანი დაფაზე გაკრულ ფორმატზე ჩამოწერილი სათაურები, რომელთა მიხედვით გავიხსენეთ წიგნის ეპიზოდები, პერსონაჟები, განვითარებული მოვლენები.

შემდეგ ხმამაღლა წავუკითხე ჩემი შერჩეული სათაურის მიხედვით დაწერილი თავისუფალი თემა, რომელსაც თქვენც გიზიარებთ:

 

ჩემი პაპა

თრილეს პაპამ ჩემი პაპა გამახსენა. მაღალი, მწვანეთვალება, ბრგე, მხრებგაშლილი – ასე ჩამრჩა მეხსიერებაში პაპაჩემი შიო.

ტანისამოსიც უცნაური ეცვა – ბეწვიანი „უშანკა“ ქუდები, კოსტიუმები, ყავისფერი შარვალი, რეზინის მაღალყელიანი ჩექმები. ხშირად შიო პაპას გარდერობში ვიქექებოდი და 6-7 წლის გოგო მის ტანსაცმელს ვიცვამდი.

ერთხელ დედა პაპას ფრჩხილებს აჭრიდა და მე მიკვირდა დედას სიკეთე. მგონი, მაშინ პირველად ვისწავლე ადამიანის სიყვარული და სიბრალული.

პაპა ნახევარ-ლიტრიანი ჭიქით სვამდა ჩაის. შიგ პურს ყრიდა, ალბობდა და ყველს ატანდა. ესეც ძალიან მიკვირდა. ვფიქრობდი, რომ ვერასდროს შევჭამდი ჩაიში ჩამბალ პურს.

პაპას საოცარი მწვანე ფერის თვალები ჰქონდა. ხშირად ვეუბნებოდი, კატის თვალები გაქვს-მეთქი და სწყინდა. ახლა ვხვდები, რომ არასწორად ვეუბნებოდი, უნდა მეთქვა, ისეთი მწვანე თვალები გაქვს, როგორც კატებს-მეთქი. შიო პაპას მწვანე თვალები იყო პირველი რამ, რამაც ამ სამყაროში გამაკვირვა და გამაოცა. ჩემს უფროს გოგონას აქვს მწვანე თვალები. ხშირად მეკითხებიან, საიდან გამოჰყვაო. ამ დროს შიო პაპა მახსენდება.

პაპა უზარმაზარ ტრაქტორს მართავდა და მიუვალ მთებში გზები გაჰყავდა. ისეთ სახიფათო ადგილებში მუშაობდა, რომ თურმე მისი გაბედულების შესახებ გაზეთებში სტატიებს წერდნენ.

ზამთრის ერთ დღეს პაპა ყინულზე მოცურდა და ფეხი მოტყდა. თბილისში წამოვიყვანეთ. დედა და მამა უვლიდნენ. აბაზანაში ღრუბელს უფენდნენ და პატარა ბავშვივით აბანავებდნენ. ერთი წლის შემდეგ დედამ გამაღვიძა და მითხრა, შიო პაპა გარდაიცვალაო. ის პირველი ადამიანი იყო, ვისმა სიკვდილმაც გული მატკინა.

 

მომდევნო ნაბიჯად ვთხოვე დამოუკიდებლად შეერჩიათ სასურველი სათაური და დაეწერათ თავისუფალი თემა – ნებისმიერი რამ, რასაც სათაური გაახსენებდა.

დამხმარე რჩევები ამგვარი იყო:

  • სათაურის მიხედვით გაიხსენე საკუთარი ცხოვრებიდან საინტერესო, დაუვიწყარი, შთამბეჭდავი, სევდიანი ან სასიხარულო ამბავი;
  • დააკვირდი, როგორ ემოციებს აღძრავს შენი არჩეული სათაური და აღწერე შენი ემოციები;
  • წერე თავისუფლად, არ იფიქრო იმაზე, თუ როგორ წერ;
  • მიჰყევი შენს გულის ხმას;
  • პირველი წინადადება მეთაურს ჰგავს – შეარჩიე ის და დანარჩენი წინადადებები მას გაჰყვებიან;
  • შეგიძლია წიგნიდან სათანადო ეპიზოდი გაიხსენო და მერე შენი ამბავი გვიამბო;
  • შენი ნაწერი გადაიკითხე, ჩაასწორე და თუ სურვილი გაქვს, დახატე შესაბამისი ილუსტრაცია.

ბოლო ეტაპი კი ერთმანეთისთვის თავისუფალი თემების წაკითხვა იყო. ახლაც სიხარულით მევსება გული იმის გახსენებისას, როგორი შესანიშნავი და გულწრფელი თემები დაწერეს. ჩემს ბლოგზე ატვირთულ ნაშრომებს ამ ბმულზე წაიკითხავთ:

https://comreadspress.wordpress.com/2023/07/27/%e1%83%97%e1%83%90%e1%83%95%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%a3%e1%83%a4%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%97%e1%83%94%e1%83%9b%e1%83%90-%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%90-%e1%83%a4%e1%83%90/

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ქალაქი, როგორც ტექსტი

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“