ხუთშაბათი, ოქტომბერი 31, 2024
31 ოქტომბერი, ხუთშაბათი, 2024

ციფრული სამყარო და კომუნიკაციის პრობლემები ხმა, როგორც ავტოგრაფი

ციფრულმა ეპოქამ მოიტანა განუსაზღვრელი შესაძლებლობები და, ამავე დროს, ადამიანი დააშორა ცხოვრებას. კარგად თუ დავუკვირდებით, სოციალური ქსელი სოციალური იზოლაცია უფროა, ვიდრე გახსნილობა.

განსაკუთრებით ეს ბავშვებზე აისახება. მოზარდები, რომლებიც დიდ დროს სოციალურ ქსელებში ატარებენ, უქვეითდებათ საკომუნიკაციო უნარები. წერითი კომუნიკაციის დროს სხეულის ენა და მიმიკები ბლაგვდება, ღიმილაკები და ემოჯები თავის თავზე იღებენ ჩვენს ემოციურ გამოხატვას, რაც აღარიბებს რეალურ ცხოვრებაში ადამიანის მეტყველებით ურთიერთობებს და ადუნებს იმ კუნთებს, რომლებიც მონაწილეობენ შესაბამისი ჟესტ-მიმიკის წარმოქმნაში. წარმოიდგინეთ, სოციალურ ქსელში შეგხვდათ სტატუსი, რომელზეც გინდათ დააკომენტაროთ: „რა სასაცილოა“. ამას ადვილად გამოხატავთ ხარხალაკებით, მაგრამ შესაძლოა, არც გაგეღიმოთ, თუნდაც იმიტომ, რომ ამ დროს საზოგადოებრივ ტრანსპორტში იყოთ. თქვენი დაკომენტარებული – აჰაჰაჰაჰაჰა – უბრალოდ, ბგერებია, რომლებიც ემოციის გამოხატვასთან კი არა, შესაძლო გამოხატვასთან არის კავშირში.

უფრო შორს მიდის ეს პროცესი და სამეტყველო აპარატიც ატროფირებულია. თუ მოუსმენთ ახალგაზრდებს, ნახავთ, რომ გაუგებრად მეტყველებენ: არასწორი აქცენტები, ბგერების ჩაყლაპვა, ხმის ტემბრი, ტონი, დინამიკა იმდენად არეულია, რომ ქართულად მეტყველება აღარ ჰგავს ქართულს.  ეს პროცესი ადვილი შესამჩნევია  ვიდეოებშიც. ამ ყველაფერს კი განაპირობებს სოციალური ქსელით შეზღუდული კომუნიკაცია. ეკრანით გაშუალებული კომუნიკაცია მოქმედებს ადამიანის ფიზიკურ, ფსიქიკურ და სოციალურ ცხოვრებაზე.

კვლევების მიხედვით, ტექნოლოგიების გადაჭარბებული გამოყენება ართმევს ჩვენს ბავშვებს სოციალურ უნარებს. ბავშვებს ურჩევნიათ პირისპირ შეხვედრების ნაცვლად ესაუბრონ ერთმანეთს ონლაინ პლატფორმებზე. რეალურ ცხოვრებაში ურთიერთქმედების ჩანაცვლება ონლაინ კომუნიკაციით იწვევს იმას, რომ სულ უფრო ნაკლებად მივმართავთ სხეულის ენას და ჟესტ-მიმიკებს, საუბრის ტონიც ერთფეროვანი ხდება. ეფექტური კომუნიკაცია მოიცავს არა მხოლოდ სიტყვებს, რომლებსაც ვიყენებთ, არამედ სოციალური ნიშნების ინტერპრეტაციისა და რეაგირების უნარსაც.

ონლაინ კომუნიკაციას აკლია პირისპირ ინტერაქციის ნიუანსები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გაუგებრობა და ემოციების არასწორი ინტერპრეტაცია.

მოკლედ, ღარიბდება ჩვენი  თვითგამოხატვა მეტყველებით.

ჩვენ მივეჩვიეთ, ვიცხოვროთ საკუთარ სამყაროში და ვუყურებთ სმარტფონების ეკრანს, მაშინაც კი, როცა ადამიანების გარემოცვაში ვართ. დააკვირდით საზოგადოებრივ ტრანსპორტში ან სუფრებზე ადამიანებს და ნახავთ, რომ არავინ არ არის იქ, სადაც არის, მაგრამ არავინ არ იცის, სად არის, როდესაც მობილურის ეკრანს ჩასჩერებია.

„ვაზროვნებ, მაშასადამე, ვარსებობ“ ჩანაცვლებულია: „ციფრული ვარ, მაშასადამე, ვარსებობ“ – ფრაზით.

არა და, ჩვენი ხმა, ჩვენი ავტოგრაფია და ის უნდა იყოს „ტექნიკურად გამართული“.  გვაქვს თანდაყოლილი ხმის თვისებები, რომლებიც არ იცვლება, მაგრამ რისი შეცვლაც შესაძლებელია, იმის გამოსწორება ცვლის ჩვენი გამოთქმის ხარისხს და გავლენას სხვა ადამიანებზე.

გახსოვთ ხომ, სოკრატესთან დაკავშირებული ამბავი: ერთხელ მას ადამიანი მიუყვანეს და სთხოვეს, რომ მასზე რამე ეთქვა. სოკრატემ მას სთხოვა: „თქვით რამე, რათა დაგინახოთ!“  ხმა ახმოვანებს ჩვენს შინაგან სამყაროს…

დღეს სოციალურ ქსელებში ვიდეო-კონტენტის როლი სულ უფრო იზრდება. ვიდეოში უკვე მხოლოდ თქვენი ტექსტი კი არა, თქვენი ხმა – ძალიან მნიშვნელოვანია. ზოგიერთი გამოკვლევით ცნობილია, რომ ადამიანზე წარმოდგენას 55%-ით განსაზღვრავს მისი ჟესტ-მიმიკა, 38%-ით ხმა და მხოლოდ 7%-ით – საუბრის თემა.

მოდი, დავიწყოთ მარტივი სავარჯიშოებით. იმისათვის რომ თქვენი სახმო აპარატი მზად იყოს, რომ თქვენი აზრი სიტყვებში თავისუფლად დააბინაოს, ვიდეოს ჩაწერამდე ან სიტყვით გამოსვლის წინ გააკეთეთ ეს მარტივი ვარჯიშები:

 

სამეტყველო ორგანოთა სავარჯიშოები/მოთელვა

 

  1. ღეჭვა _ ტუჩებისა და ყბების გავარჯიშება

ვამოძრაოთ ორივე ბაგე, ქვედა ყბის მძლავრ მოძრაობასთან პარალელურად, რაც მოგვცემს დაახლოებით უხეში ღეჭვის მოძრაობას. სავარჯიშოებს ვიმეორებთ 8-10-ჯერ, საშუალო და სწრაფ ტემპში.

  1. ყვირილი – შეასრულეთ ყვირილის მოძრაობა – გახსენით პირი მაქსიმალურად;
  2. ბაგეების გავარჯიშება: ტუჩები მოვკუმოთ, ორივე ბაგეს გავზიდავთ რაც შეიძლება წინ, დინგისებურად, ყბები შეკრულია. შემდეგ ბაგეებს გავწევთ განზე მაქსიმალურად, ისე რომ კბილები არ გამოჩნდეს. ვარჯიშს ვიმეორებთ 8-10-ჯერ, საშუალო და სწრაფ ტემპში.
  3. ენის ტრიალი კბილების გარშემო

ტემბრის სავარჯიშო

ძროხის ზმუილი  – მოკუმული ბაგეებით, კბილები გახსნილი: მუუუუ – რეზონირებს გული და თავი

კატის კნავილი – მიაუუუ – ხმის ჟღერადობისთვის

 

დიქციის სავარჯიშო

მოკუმული ტუჩებით ვკითხულობთ ტექსტს;

ცხვირზე ხელით – ვკითხულობთ ტექსტს;

 

ეს მხოლოდ დასაწყისია!

აქვე ერთი რჩევა: გახსოვდეთ, რომ თქვენი ხმის ხარისხზე პოზიტიურად მოქმედებს სიცილი… დიახ…დიახ… სიცილი. სიცილი საუკეთესო სავარჯიშოა! ჰო და, ახლა გაიხსენეთ, ბოლოს როდის „გადაბჟირდით“ სიცილით და ისე გაიცინეთ, რომ თქვენი ხმა მეც გავიგონო!

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“