სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

კლასგარეშე ღონისძიებები ბავშვის სწავლებასა და განვითარებაში

ვფიქრობ, ადამიანები, რომლებსაც პირდაპირი ან არაპირდაპირი შეხება აქვთ სკოლასთან და ბავშვებთან, დამეთანხმებიან, რომ მოსწავლეთა უმრავლესობისთვის სკოლაში ყოფნის პერიოდში კლასგარეშე ღონისძიებებში მონაწილეობა  ერთ-ერთი საყვარელი საქმიანობაა. მაშინაც კი, თუ ზოგიერთი მათგანი ყველანაირი ხერხით ცდილობს საგაკვეთილო პროცესიდან „თავის დაღწევას“, კლასგარეშე ღონისძიებებში დიდი გატაცებით და ინტერესით ერთვება.  შემთხვევითი არ არის, რომ სკოლის დამთავრების შემდეგ ბევრი ადამიანი სიყვარულით იხსენებს იმ კლასგარეშე ღონისძიებებს, რომლებშიც იღებდა მონაწილეობას მოსწავლეობის პერიოდში.

 

უნდა ითქვას, რომ კლასგარეშე ღონისძიებები საგანმანათლებლო პროცესის ნაწილი და პედაგოგიური საქმიანობის მნიშვნელოვანი ელემენტია.

 

კლასგარეშე ღონისძიებების როლი ბავშვის სწავლებასა და განვითარებაში:

  • საგაკვეთილო პროცესი, როგორც წესი, დროში შეზღუდულია, რაც ხშირად პედაგოგს საკითხის მრავალმხრივი და მრავალფეროვანი განხილვის საშუალებას არ აძლევს. კლასგარეშე აქტივობები ერთგვარად აგრძელებს და აღრმავებს პროცესს, რომელიც საგაკვეთილო მეცადინეობის დროს იწყება, ასევე უზრუნველყოფს საინტერესო და შემეცნებით დასვენებას;
  • გასათვალისწინებელია, რომ ყველა ბავშვს არ შეუძლია სრულად გამოავლინოს საკუთარი შემოქმედებითი და ინტელექტუალური პოტენციალი საგაკვეთილო პროცესში. კლასგარეშე ღონისძიება შეიძლება სერიოზული დამხმარე საშუალება აღმოჩნდეს ასეთ დროს პედაგოგისთვის;
  • ძალიან ხშირად ინტერესი და მოტივაცია რომელიმე სასწავლო საგნის მიმართ შეიძლება გაძლიერდეს სწორედ კლასგარეშე ღონისძიების ჩატარებისას, ან რაიმე ფორმით განხორციელებულმა აქტივობებმა გავლენა მოახდინოს მომავალი პროფესიის არჩევაზე;
  • კლასგარეშე ღონისძიება, როგორც წესი, ბავშვის შემოქმედებითი უნარების განვითარებისა და მისი პიროვნული ზრდის ხელშემწყობი ხდება;
  • კლასგარეშე ღონისძიებებში მონაწილეობა აფართოებს მოსწავლის თვალსაწიერს, შესაძლებლობას აძლევს მას ჩაუღრმავდეს საკუთარ გატაცებას და ისწავლოს რაღაც მნიშვნელოვანი მშვიდ, არაიძულებით გარემოში;
  • სკოლის ერთ-ერთი პრიორიტეტული ამოცანა სოციალური უნარ-ჩვევების განვითარებაა. კლასგარეშე ღონისძიება ხშირად საუკეთესო საშუალებას წარმოადგენს აღნიშნული ამოცანის განსახორციელებლად, რადგან ასეთი ღონისძიებების მომზადებისა და ჩატარების პროცესში ბავშვები სწავლობენ მოსმენასა და განსხვავებული შეხედულებების პატივისცემას, რაც მათ მომავალში სხვა ადამიანებთან ეფექტიან ურთიერთობასა და ჯგუფში ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული გარემოს ჩამოყალიბებაში დაეხმარება;
  • კლასგარეშე ღონისძიებები საჭიროებს, მოითხოვს საკითხისადმი შემოქმედებით მიდგომას და არასტანდარტულ აზროვნებას, რაც აიძულებს ბავშვს გამოვიდეს აზროვნების ჩვეული ჩარჩოდან. კრეატიული მიდგომა ბევრის მიღწევის საშუალებას იძლევა. ის მოზარდები, რომლებიც მიისწრაფვიან, გამოვიდნენ აზროვნების ჩვეული ჩარჩოდან, მომავალში წარმატებულ ადამიანებად ყალიბდებიან და ცხოვრებაშიც ძალიან ბევრს აღწევენ;
  • კლასგარეშე ღონისძიებები მოსწავლის სასკოლო ცხოვრების გამრავალფეროვნების საშუალებას იძლევა. გაკვეთილების პარალელურად კონკურსების, კონფერენციების, კონცერტების, სპორტული, ასევე გონებამახვილთა და საზრიანთა შეჯიბრებების, ვიქტორინების, ჩატარება, გამოფენების, თეატრალური წარმოდგენების, ექსკურსიების მოწყობა მრავალფეროვანს, საინტერესოს და მიმზიდველს ხდის ყოველდღიურ სასკოლო ცხოვრებას;
  • კლასგარეშე აქტივობებს აქვს საგანმანათლებლო, აღმზრდელობითი და განმავითარებელი ფუნქცია. ძირითად სასწავლო პროცესთან შედარებით აქ საგანმანათლებლო ფუნქცია უფრო დამხმარეა დანარჩენი ორი მიმართულებისათვის. კლასგარეშე ღონისძიების აღმზრდელობითი და განმავითარებელი ფუნქცია მოიაზრებს მოზარდის ინტელექტუალური, შემოქმედებითი, ფსიქოლოგიური და ემოციური თავისებურებების გამოვლენასა და განვითარებას, მის პიროვნულ ზრდას;
  • კლასგარეშე ღონისძიებები, მათი სწორად ორგანიზების შემთხვევაში, ეხმარება მოსწავლეებს თვითრეალიზებაში, საკუთარი ინდივიდუალურობის გამოვლენაში, დამოუკიდებლად მოქმედების უნარის განვითარებასა და სოციალიზაციაში;

იმისათვის, რომ კლასგარეშე ღონისძიება შედეგიანი, ეფექტიანი აღმოჩნდეს და თავისი ფუნქცია შეასრულოს, საჭირო იქნება გარკვეული პირობების დაცვა.

 

რეკომენდაციები კლასგარეშე ღონისძიების ჩასატარებლად: 

  • უპირველეს ყოვლისა უნდა გავითვალისწინოთ, რომ ნებისმიერი კლასგარეშე ღონისძიება წარმოადგენს პროცესს, რომელიც საკუთარ თავში მოიცავს მომზადებას, ორგანიზებას, ჩატარებას-რეალურ განხორციელებასა და ანალიზს.

მომზადების ეტაპზე ხდება ღონისძიების თემის შერჩევა. ვადგენთ, რა თემატიკა და აღმზრდელობითი მიმართულება იქნება უფრო საინტერესო და საჭირო კონკრეტული კლასისთვის და თითოეული მოსწავლისთვის. ამისთვის შეიძლება ჩატარდეს გამოკითხვა მოსწავლეებსა და მათ მშობლებში. თემის განსაზღვრის შემდეგ კლასთან ერთად ვაყალიბებთ ღონისძიების მონახაზსა და ამოცანებს, ვარჩევთ მის ფორმას, ვადგენთ განსახორციელებელ გეგმას, განვსაზღვრავთ საჭირო, აუცილებელ მასალებსა და აღჭურვილობას. კლასის მონაწილეობა ღონისძიების დაგეგმვასა და ორგანიზებაში აღმზრდელობითი საქმიანობის ნაწილს წარმოადგენს.

ორგანიზების ეტაპზე  ხორციელდება მონაწილეებს შორის როლებისა და პასუხისმგებლობის განაწილება. სასურველია, რომ კლასიდან რაც შეიძლება მეტი მოსწავლე იყოს ჩართული ნებისმიერ აქტივობაში. რა თქმა უნდა, თითოეულ მათგანს უნარებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა და გარკვეული როლის შესრულება. ორგანიზების ეტაპზე ხორციელდება ასევე საჭირო მასალების, დეკორაციების, კოსტიუმების მოძიება, შერჩევა და მომზადება, ხელსაწყოების, ტექნიკური აღჭურვილობის დამონტაჟება, დაყენება. საჭიროებიდან გამომდინარე ხდება ღონისძიების სცენარში ცვლილებების შეტანა, ცალკეული აქტივობების რიგითობის დადგენა და თითოეული აქტივობისათვის დროის განსაზღვრა. სცენარში აქტივობები ლოგიკურად უნდა იყოს დაკავშირებული ერთმანეთთან და ერთი კონკრეტული სიუჟეტის განვითარებას წარმოადგენდეს.

ჩატარება –  ღონისძიების დაწყებამდე მნიშვნელოვანია შევამოწმოთ მონაწილეთა მზაობა, მათი ემოციური და ფიზიკური მდგომარეობა, ტექნიკური მოწყობილობის და დარბაზის მდგომარეობა. თვალ-ყური ვადევნოთ, რომ არ მოხდეს გადახვევა წინასწარ მომზადებული გეგმიდან. ეს საშუალებას მოგვცემს, დროულად გამოვასწოროთ ღონისძიების ჩატარების დროს წარმოქმნილი ხარვეზები.

ანალიზი – ღონისძიების ჩატარების  შემდეგ მოსწავლეებთან ერთად შევაჯამოთ, გავაანალიზოთ და შევაფასოთ განხორციელებული აქტივობები. ეს იქნება ერთ-ერთი გზა შეძენილი გამოცდილების განსამტკიცებლად. აფიქსირებენ რა ჩატარებული კლასგარეშე ღონისძიების დადებით მომენტებს და ნაკლოვანებებს, მოსწავლეები სწავლობენ ანალიზს, კრიტიკულ აზროვნებას. აუცილებელია, აღინიშნოს, შეესაბამებოდა თუ არა ჩატარებული ღონისძიების ფორმა და შინაარსი დასახულ მიზანსა და ამოცანებს; მიღწეული იქნა თუ არა სასურველი შედეგი, და თუ არა, რა იყო ამის მიზეზი. ერთობლივი განხილვის შემდეგ შეიძლება მოსწავლეებთან ჩავატაროთ ანკეტირება, გამოკითხვა, სადაც ისინი შეძლებენ უფრო დეტალურად გამოთქვან თავიანთი აზრები, ჩამოწერონ უარყოფითი და დადებითი მომენტები, წამოაყენონ და დააფიქსირონ წინადადებები შემდგომში ღონისძიებების ორგანიზების და ჩატარების გაუმჯობესების უზრუნველსაყოფად.

 

  • კლასგარეშე ღონისძიების მომზადებისა და ჩატარების დროს აუცილებელია, გავითვალისწინოთ იმ ბავშვების ასაკი, რომლებთანაც განზრახული გვაქვს ღონისძიების ჩატარება. ასაკთან ერთად მნიშვნელოვანი იქნება მონაწილე ბავშვების ინდივიდუალური და ტიპოლოგიური თავისებურებების გათვალისწინება;
  • ღონისძიების ეფექტიანობა ბევრად უფრო მაღალი იქნება, თუ თემის შერჩევისას ამოვალთ კლასის საჭიროებებიდან. ეს ბევრად გაზრდის კლასგარეშე ღონისძიების აღმზრდელობით და განმავითარებელ ფუნქციას.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სწორად დაგეგმვის და წინასწარ მომზადებული გეგმის მიხედვით ჩატარების შემთხვევაში, კლასგარეშე ღონისძიებას სერიოზული დახმარება შეუძლია პედაგოგისათვის ბავშვებთან როგორც საგანმანათლებლო, ასევე სააღმზრდელო მუშაობის პროცესში და მოზარდის წარმატებულ პიროვნებად ჩამოყალიბების უზრუნველსაყოფად.

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“