***
კაიროში ბედუინებისგან პიტნის, ლავანდის და ლიმონის ზეთი ვიყიდე, თავის ტკივილს და სურდოს შველისო. მაშინ ვერავინ დამაჯერებდა, რომ მართალს ამბობდნენ.
***
ორი დღეა სელფის გადაღებას ვცდილობ, დამეტანჯა მაჯა და ფოტო არ არის. ისევ თქვენმა მარჯვენამ იხაროს.
***
ერთი მიტოვებული მოთხრობის პერსონაჟი დამესიზმრა. ასეთი მშვენიერიც არ მეგონა.
***
ერთ სიზმარს ვერ შეველევი: ჰაერი იმდენად მკვრივია, ხელს ვაბჯენ და მსუბუქი ნახტომით ფრენას ვიწყებ.
***
საგზაო ნიშნის სიყვარული რაღაა, მაგრამ ტრასაზე თავდახრილი ნაძვის და ჯორკოს დანახვას არაფერი მირჩევნია.
***
ჯერჯერობით ასაკობრივ ცვლილებებს ვებრძვი უფასოდ – გულგრილობით.
***
ვითომ 3×4-ზე ფოტო მიმიტანია სამსახურში. ფონზე ჩემი ოთახის შპალერია. მეტიც, ამ ფოტოს სრულმასშტაბიან ვერსიაში გვერდით ჩემი და ზის, კალთაში მეგობრის დისშვილით. 1998 წელია, მეტი არ იქნება.
***
„კერძო დეტექტივი“ მთხოვს მეგობრობას. ვერ გავიგე, უკვე მოგზავნილია თუ მომსახურებას მთავაზობს.
***
მშობელთა კრებაზე ყველა სმარტფონში ინიშნავდა რაღაცებს, მე – სამწლიანი დაძველების ბლოკნოტში.
***
ამბავს გამოიგონებ, დამაჯერებლობისთვის ცოტა ნამდვილსაც გაურევ და ბოლოს მკითხველი მოგწერს: „გამარჯობა, პაპაჩემის მეტსახელი გაქვთ ნახსენები, მე რაჯამაანთ პეტრეს შვილიშვილი ვარ.“
***
თუ კიდევ დავწერ წიგნს, ასეთი მიძღვნა ექნება: „ლევ, პური გამოიყოლე.“
***
ლევანი ნამდვილ ამბებს წერს, მე – გამოგონილს და წაკითხვისას სულ პირიქით გეგონება.
***
ჭაღარასთან ერთად თვითირონია თუ არ შეგეპარა, დაღუპულია საქმე. ადრე გაჭაღარავებულებზე არაფერს ვამბობ.
***
მივალ ხოლმე დედაჩემთან, მდუმარედ დავლევ ჩაის და წამოსვლის წინ ვეტყვი:
„ასეთი ამბები.“
***
ჩამოვისხამ ჩაის, გამახსენდება საქმე, დავიწყებ ბოდიალს ჭიქიანად, შემოვდგამ სადღაც და მიმავიწყდება. საღამოს სად აღარ ვპოულობ ჭიქებს გაციებული ჩაით. ანგელოზების ჩაია ეგ.
***
ელიავას ბაზრობაზე ყველაფერი იშოვება, მათ შორის სათაურები, მაგალითად, „ლომი და გელა“. საქმეში ჩახედული კაცი უმალ მიხვდება, რომ არც ლომია მხეცი და არც გელა – კაცი. ეს ცოტა ძვირია, მაგრამ უფრო იაფსაც წააწყდებით –„წმინდა მიწა და მოწიოკება“. ო, „ხმელი წიფელა“ გაყიდულია, მაგრამ შეკვეთით ზუსტად ასეთივეს მოგართმევენ. მერწმუნეთ, ვაჟაც ვერ გაარჩევს.
***
„პარასკევი დღეა, „ლიტერატურული საქართველოს“ და „ლიტერატურნაია გაზეტას“ მოპარვა რომ არ დაესწროთ, დილითვე გავხსენი ყუთი“, – 1994 წლის ამბავს იხსენებს ჩანაწერებში ვახტანგ დავითაია.
ასეთი დროც ყოფილა. ახლა ან ყუთი სადაა ან ლიტერატურულ გაზეთს ვინ მოგპარავს.
***
ფეისბუქზე ახალი გატაცება გავიჩინე – დავდევ იმ ხალხს, ვინც ქარიშხლებს დასდევს (storm chaser), ტეხასის ამინდი ზეპირად ვიცი და აქ რომ გაწვიმდება, მიკვირს.
***
ჩემს მშობლებს 70 წლამდე დედები ჰყავდათ. ასეთია ადრეული ქორწინების თავისებურება.
***
სამი ფაილი ერთვოდა მეილს: “ru”, “si”, “ko”
***
„ეიბუძგეთ, ბაღნებო, საბუძგიას გიყობით,“ – მოსმენისას რომ დაგბურძგლავს, ისეთი ამბების მოყოლა იცოდა ერთმა მასწავლებელმა ჩემს სოფელში. საქართველოს ისტორიას ასწავლიდა, სხვათა შორის.
***
– ოთახში რამდენი საწოლია?
– საკმარისი, ჩემო კარგო.
ჩვენებური ტურიზმი – ვისწავლით, სულ ასე ხომ არ ვიქნებით.
***
პროზაკს პროზა ჯობს, მცირეც კი. მე მკითხეთ.
***
– ალო, ლამარა!
– შეგეშალათ.
– შემეშალა? გკითხავთ მაინც, ნახალოვკიდან რესპუბლიკურისკენ რა მიდის?
***
მყიდველი აფთიაქარს: წამალი რეაქციაში ხო არ შევა პაციენტთან? ცოტა პრეტენზიულია და…
***
იმდენი შლაპა დამიგროვდა, აგვისტოში პლაჟის ფოტოგრაფობას ვაპირებ.
***
„დე, ეხლა არის ხვალ, მოგვიანებით და დღის მეორე ნახევარში,“ – მატასიმ მოაგროვა ყველა ჩემი შესაძლო პასუხი მის თხოვნებზე.
***
„გალოპი ისმის მწვერვალზე,“ – ასე პოეტურად ჟღერს ჩემი კარდიოგრამის დასკვნა.
***
„პარპალობს და ციმციმობს? პაჭუნობს თვალივით? ხოდა, გამორთე და თავიდან ჩართე!“ იცოდეთ თქვენც.
***
არ მინდა თაიგული, დაფურცლეთ, დააჭკნეთ და ყვავილების ჩაი მომართვით.
***
ისეთი ფასი მითხრეს, ერთად ვკიოდით მე და ჩაიდანი. თუ ვიყიდე, ჩანთის მაგივრად დავიჭერ, ჩემს ხაბაკს კი ეყოფა.
***
მოკლედ რას არ ვიგონებთ, სტუმრებს ხან ფოლკნერის რეცეპტით ვუზავებთ ვისკის, ხან ო’ჰენრის კოქტეილით ვმასპინძლობთ. ჰოდა, ოტიას რა უყვარდა, იოსელიანს?
***
სამი დღეა ჩანთაში ჩამიცხოვრდა პატარა ობობა. გამოჩნდება, დაიკარგება, ჩანთის გადმოპირქვავებას არ ვაპირებ.
***
სამარშრუტოს თამაში: ერთი სავარძელი თავისუფლდება და ყველა ადგილს იცვლის.
***
აღარ ვიცი, რისი უფრო მეშინია – ტერორიზმის თუ ანტიბიოტიკის დაუძლურების.
***
შემოქმედებითი წერა არ გამორიცხავს ფაქტების გადამოწმებას. სადღაც უნდა მეთქვა.
***
only me-სთვის გაზიარებული პოსტები ან საყოფაცხოვრებოა ან საგანმანათლებლო. დასამალი რა მაქვს.
***
ხანდახან შეგხვდება ადამიანი და ვერ იხსენებ, საიდან იცნობ. სამსახურზე შეეკითხები – ახლა სად ხარ, გპასუხობს – ისევ იქ. მოიკითხავ – სახლში როგორ ხართ, არ შეგაწუხებს ვრცელი პასუხით – ვართ, ძველებურად. ასეთი დაუნდობელი როგორ უნდა იყო!
***
ღამით მატასი ჩაავლებს ხოლმე ჩაძინების მომენტს და გაბრუებული ამბობს – „თავი ზღაპარში მგონია“. დედამაც იცის, რომ ეგ წამი არის უდიდებულესი.
***
მეგობრებო, თქვენი სტატუსების კომენტარებში მოლივლივე წერტილები რომ ჩნდება, ვიღაც წერსო და ტექსტის გამოჩენას საშველი არ ადგება, მე ვარ.
***
რაზეც მითქვამს, არ გავაკეთებ, ყველაფერი ჩამიდენია. გასაკეთებლებიც მაგ სიაში უნდა გადავიტანო. იქნებ ასე ამიხდეს ყველაფერი კარგი.
***
კრებულში პერსონაჟების სახელები რომ ამერია და ნიკოს ოთო ვეძახე, მეორე ტირაჟში გასწორდა. ცხოვრებაში ასე ადვილად ვერ გამოძვრები.
***
წერა ლაპარაკის ნაცვლად! – ესაა ჩემი საარჩევნო ლოზუნგი.
***
ვეჩნი – ასე ეძახდა კალამს ჩემი იმერელი ბებია. წლებია, ერთი კარგი კალამი მიდევს ჩანთაში. თუ ხელით არ წერ, კალამი ვეჩნია.
***
მუზუემი, მოსახლოება, სახლემწიფო – ჩემი დაუძლეველი კორექტურა. თქვენ თქვენი თქვით.
***
„გადმოვა და დაჯდება ფეჩთანა მთელი დღე. კაცო, ქალები ვართ ოჯახში, იქნება გამოცვლა გვინდა, რამე გვინდა,“ – ყვავილების გამყიდველები მეზობელზე ჭორაობენ.
***
გუშინ წიგნები დავალაგეთ, ოთხი თარო ომზე და ტერორიზმზეა. ჩვენ მშვიდობა!
***
სანაყინეშიც რომ ჩაის დალევ ივნისის ბოლოს, რატომ ოქროს ჩაიდანი არ გადმომეცემა.
***
არავისზე მინახავს ისეთი მკაფიო კვალი ბალიშის ნაკეცისგან, როგორსაც მე ვატარებ ხოლმე შუადღემდე, ძირითადად მარცხენა ლოყაზე.
***
მე: როგორ შევჭამო ლობიანი უდანაკარგოდ?
გამყიდველი: სანამ შეჭამთ, დააწექით.
რაც კითხვა, ის პასუხი.
***
არ ვიცი, დრო დაკარგულია თუ არა, როცა ერთ წინადადებას, ხანდახან აბზაცს უკირკიტებ. ააწყობ, დაშლი, ჩაამატებ, ამოაკლებ, საშველი არაა. ბოლოს წაშლი და თურმე ტექსტი ასე უკეთესია.
***
მიტოვებულს უნდა დავუბრუნდე, მაგრამ რომანი არ გამოდნება. ის სხვანაირად იწყება.