თუ მოზარდი შვილი გყავთ, მისი ტელეფონის აპლიკაციებში დიდი ალბათობით იარსებებს ტიკ-ტოკის აპლიკაციაც. ბავშვები და ტიკ-ტოკის ურთიერთობა ხშირად იქცევა განხილვის თემად – სატელევიზიო გადაცემებში, მშობლების შეხვედრებისას და ა.შ. მშობლები ღელავენ, რომ ბავშვები დიდ დროს ატარებენ ამ სოციალურ ქსელში, წუხან მდარე ხარისხის ვიდეოკონტენტის არსებობაზე, დეზინფორმაციის გავრცელებაზე, კონფიდენციალურობის პოლიტიკაზე და განსაკუთრებით იმაზე, რომ ტიკ-ტოკში დახარჯული დრო ბავშვების აკადემიურ უნარებს და განვითარებას აფერხებს.
კარგია თუ ცუდია ტიკ-ტოკი? იქნებ ცალსახად ცუდია და ყოველ მიზეზგარეშე უნდა ავუკრძალოთ ბავშვებს? როცა საქმე ბავშვებისთვის რაღაცის ხისტად აკრძალვას ეხება, ვფიქრობ, ის საქმე განწირულია და ისევ მოლაპარაკების პოლიტიკას, საფრთხეების ერთად აწონ-დაწონას, რაციონალური მოხმარების ლიმიტის დაწესებას, მოზარდისთვის მეტი ხარისხიანი დროის დათმობას, მასთან გულწრფელ საუბარსა და მეგობრობას ვარჩევ.
კარგად უნდა გავიაზროთ, რომ არა მარტო ტიკ-ტოკის, სხვა ციფრული სერვისების არარაციონალურად მოხმარებაც ნამდვილად საფრთხის შემცველია, როგორც ზრდასრულებისთვის, ასევე ბავშვებისთვის. სოციალური ქსელების ჭარბად მოხმარებამ შესაძლოა ბევრი გამოუსწორებელი პრობლემა დაგვიტოვოს. ეს ეხება როგორც ფიზიკურ, მენტალურ ჯანმრთელობას, ასევე სხვა სოციალურ თუ ეთიკურ საკითხებსაც. ამიტომ, სანამ გადავწყვეტთ, ბავშვებს სოციალურ ქსელებში აქტივობა ავუკრძალოთ, უმჯობესი იქნება, შვილთან ერთად გავეცნოთ ქსელის კონტენტს, დავაწესოთ გონივრული წესები, სარგებლობის დროის ლიმიტი და უბრალოდ, ვეძებოთ რაღაც იმაზე კარგი, ვიდრე ეს აპლიკაცია გვთავაზობს. ზრდასრულებიც ხომ ამ პრინციპით მოვიხმართ ციფრულ სერვისებს, მეტიც, ასე ვმუშაობთ, ვსწავლობთ და პროფესიულად ვვითარდებით.
ტიკ-ტოკი ერთი წლის წინ ჩამოვწერე მობილურში, როდესაც შევნიშნე, რომ ჩემი უფროსი შვილი, მათი მეგობრები და თანატოლები ინფორმაციის მისაღებად, გასართობად და საკომუნიკაციოდ ამ აპლიკაციას ირჩევდნენ. მაშინ რატომღაც არ დავინტერესებულვარ, არც შინაარსმა და ვერც ვიზუალური თხრობის ძალიან-ძალიან აჩქარებულმა ტემპმა მომხიბლა, მეტიც – დამღალა კიდეც. ჩემი უფროსი შვილი კი ელვის უსწრაფესად ამონტაჟებდა ვიდეოებს, არგებდა მათ ათასგვარ ფორმატს, ფლობდა უამრავ ისეთ ტექნიკურ უნარ-ჩვევას, რომლებიც, ვფიქრობ, ნამდვილად საჭირო და გამოსადეგი უნარია ციფრულ სამყაროში. მაშინ დავფიქრდი, რომ დოზირებულად, მშობლის ყურადღების ქვეშ და კონტროლის ფარგლებში გავაგრძელო მისი მეურვეობა ისეთი აპლიკაციის სამყაროში, როგორიც ტიკ-ტოკია. ანდრია ფეხბურთით არის გატაცებული და მისი ტიკ-ტოკიც მთლიანად საფეხბურთო თემატიკას ეძღვნება. ჰყავს რჩეული ტიკ-ტოკერი ბლოგერები და ისეთი არხები აქვს გამოწერილი, რომლებიც მის ინტერესთა სფეროს ერგება – ფეხბურთს, ფეხბურთელებს და ა.შ. თუმცა ვიდეოს მონტაჟი და ახალი სამონტაჟო აპლიკაციების აღმოჩენაც მისი ინტერესების გრძელ სიაშია.
მნიშვნელოვანია, ციფრული დროის მენეჯმენტს ბავშვები თავიდანვე მივაჩვიოთ. თუ ბავშვებს გამკიცხავი ტონით ვუსაყვედურებთ, რომ ტიკ-ტოკი უბრალოდ დროის კარგვაა, მათ თავისუფლად შეუძლიათ საწინააღმდეგო არგუმენტით გვიპასუხონ – აბა, თავად ჩვენ რას ვაკეთებთ მთელი დღე ფეისბუქში; რატომ ვხარჯავთ დროს, ენერგიას და ნერვებს უამრავ პოსტზე კომენტარების წერაში, სხვადასხვა თემატურ ჯგუფებში აქტიურობაში; ან უბრალოდ, რატომ „ვსქროლავთ” დაუსრულებლად, როცა ის მართლაც მოსაწყენი, ტოქსიკური და აუტანელი ხდება დღითიდღე. ასე რომ, ტიკ-ტოკისგან მტრის ხატის შექმნა უკვე ვეღარ გამოვა და არ იმუშავებს. უფრო მეტიც – გაღიზიანებას, საპროტესტო მანიფესტაციას და განაწყენებულ ბავშვს მივიღებთ, რომელსაც მშობლებმა გართობა აუკრძალეს.
„როგორ გავაღოთ ჩაკეტილი კარი?“ „როგორ შევცვალოთ DNS ფილმების საიტებზე?“ „როგორ მოვაშოროთ ფლომასტერის საღებავი მაგიდას?“ „როგორ ვნახოთ წაშლილი მესიჯები?“ – მოდი, ტიკ-ტოკში მოვძებნოთ, მპასუხობს ჩემი შვილი, რომელიც გუგლთან ერთად უფრო მეტად ტიკ-ტოკს სტუმრობს ინფორმაციის მისაღებად. 15-წამიანი ვიდეო-ინსტრუქციებით ბავშვებმა ისევ დაიბრუნეს მულტფილმების ყურების უფლება სხვადასხვა ფილმების საიტზე (რომელიც, ერთხანს მიუწვდომელი იყო) და მაგიდას ფლომასტერების საღებავიც კი მოაშორეს.
თანამედროვე ინფორმაციული სამყარო სწრაფად ვითარდება და გარდაიქმნება. თანამედროვე თაობა, სხვადასხვა წყაროს ეძებს ინფორმაციის მისაღებად და ინფორმაციის მოძიების სხვა ჩვევებსაც იძენს. ტიკ-ტოკი არა მარტო ახალგაზრდა თაობისთვის, ზრდასრული მოქალაქეებისთვისაც ინფორმაციის მიღების ერთ-ერთ პოპულარული წყარო ხდება და არა მარტო წყარო, ახალ უნარ-ჩვევებსაც გამოგვიმუშავებს. მთავარია, ვიცოდეთ, რა გვაინტერესებს, რა ტიპის რესურსის მოლოდინი გვაქვს და როგორ გამოვიყენოთ ის ჩვენს სასარგებლოდ.