სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

ბათუს ცხოვრება და ფილოსოფია – ლიტერატურა, როგორც გზამკვლევი

ფილოსოფია+ლიტერატურა

ფილოსოფიის პრაქტიკული გამოყენების გზამკვლევად ლიტერატურა მესახება.

ლიტერატურა ფილოსოფიის „პროექტორია“. აქ შეგვიძლია დავაკვირდეთ ფილოსოფიურ დებულებებსა და მსჯელობებს, პრაქტიკულად განხორციელებულს, ცხოვრებისეულ სიტუაციებში გადათამაშებულს. ლიტერატურა ფილოსოფიის ილუსტრაციასაც ჰგავს ამ ნიშნით.

ლიტერატურული ტექსტის წაკითხვა, გაგება და გააზრება მნიშვნელოვანი ინტელექტუალური სამუშაოა. სკოლებში დიდი ყურადღება უნდა მიექცეს არა შინაარსების კონსერვირებას, შინაარსიდან გამომდინარე მეორეული მნიშვნელობის ტექსტის შექმნას, ფუჭ პარაფრაზირებასა და მოკლე შინაარსების წერას, არამედ ლიტერატურის პრაქტიკულ, საჭირო დანიშნულებასაც – მხატვრული რეალობა გვეხმარება ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების სხვადასხვა სიტუაციაში სწორი ორიენტირები ვიპოვოთ. სხვა თუ არაფერი, ამოვიცნოთ საკუთარი და სხვისი ემოციური მდგომარეობა. დავასახელოთ. გადავჭრათ პრობლემები, გადავლახოთ დაბრკოლებები, დავეყრდნოთ სხვათა საუკეთესო ან უარეს გამოცდილებას. ლიტერატურის ამ მნიშვნელობას ცოტა დრო ეთმობა სასკოლო კურსში, არადა, ეს „მსმენელთათვის დიდი მარგი“ რამაა.

პროგრამული ტვირთი

პროგრამულად გადატვირთული სასკოლო კურსის ფარგლებში მოსწავლესა და მასწავლებელს ცოტა დრო რჩებათ სიამოვნებისთვის. კითხვით, წაკითხულის გაგებითა და გააზრებით მოგვრილი სიამოვნებისთვის. სავალდებულო პროგრამის ჩამონათვალს კრიტიკული თვალით რომ შევხედოთ, იკვეთება, რომ ის რაოდენობასა და „მოსწრებაზეა“ ორიენტირებული და არა ჩაღრმავებასა და კვლევაზე. ამაში ადვილად დარწმუნდებით, თუ საშუალო საფეხურის სავალდებულო საპროგრამო ჩამონათვალს გადაავლებთ თვალს. უზარმაზარი ტექსტები, მოწოდებული ისტორიზმის (ქრონოლოგიური) პრინციპით და არცერთი, ა რ ც ე რ თ ი თანამედროვე ავტორი. ჩამონათვალი მეოცე საუკუნეში წყდება. იმის იქით სალიტერატურო პროცესი, ლიტერატურის სასკოლო კურსისთვის აღარ არსებობს.

გზა ხსნისა?

როგორ გავაღვივოთ ინტერესი მოსწავლეებში მხატვრული ტექსტის ამა თუ იმ საინტერესო ეპიზოდის მეშვეობით? როგორ დავაკავშიროთ ის თანამედროვეობას, მათ ყოველდღიურობას? როგორ დავაკავშიროთ ლიტერატურა ფილოსოფიას, ორივე ერთად კი – პრაქტიკულ ცხოვრებას?

აკაკის „გამზრდელის“ პირველი თავის მიხედვით დაგეგმილ და განხორციელებულ გამოცდილებას გიზიარებთ. ეს პოემა ახალგაზრდებს მოსწონთ. თავის როლს მისი ზომა, ფორმა და შინაარსიც თამაშობს. პოემა პატარაა, ამბები დინამიკურად, საინტერესოდ ვითარდება, თითოეული პერსონაჟი კარგად დასამახსოვრებელი, მშვენივრად „დახატული“ და მიმზიდველია. ისინი ცხოვრობენ, ფიქრობენ და მოქმედებენ, ამაზე დაკვირვება მიმზიდველი პროცესია. ერთი სიტყვით, პოემა მე-11 კლასის გადატვირთულ პროგრამაში ერთ-ერთი ის ტექსტია, რომელსაც ხალისითა და ინტერესით იკვლევენ მოსწავლეები.

ისიც უნდა ითქვას, რომ მცირე ზომის მიუხედავად საფიქრალსა და სააზროვნოს, განსახილველს, საკამათოს ბევრს გვთავაზობს ავტორი. ამჯერად პირველი თავის იდილიასა და ბათუს და ნაზიბროლას ცხოვრების სტილზე გვექნება საუბარი.

მეთოდი

პოემას კლასშივე ვკითხულობთ. ნელა, აუჩქარებლად, შესვენებებით. კომენტირებული კითხვის მეთოდი გაგება-გააზრებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო მეთოდია. მუშავდება ასევე მხატვრული ქარგა – როგორ „ხატავს“ თხრობისა და სიტყვიერების ოსტატი აკაკი იმ სამყაროს, რომელშიც მისი გმირები ცხოვრობენ? როგორ გვაცნობს მთავარ გმირებს? რა მხატვრულ საშუალებებს იყენებს? აქ უნდა აღინიშნოს, რომ მხატვრული საშუალებების ანალიზი მოსწავლეებს უჭირთ და გამოყენებული ტროპების ჩამოთვლა სავსებით საკმარისად მიაჩნიათ. არადა, მხატვრული საშუალებები ის სპეცეფექტებია, რომლებსაც მწერალი „ადებს“ თავის შექმნილ სამყაროს. მათი ფუნქციის, დანიშნულების ამოცნობას, მათზე დაკვირვებასაც საინტერესო დასკვნებისკენ მივყავართ. კითხვების მეშვეობით ამის მიღწევა სავსებით შესაძლებელია.

პერსონაჟი და მისი ცხოვრება

„სასიამოვნო ცხოვრებას ქმნის არა განუწყვეტელი ქეიფი და დროსტარება, არა ტკბობა… რასაც მდიდრული სუფრა იძლევა, არამედ საღი აზროვნება, რომელიც არკვევს ყოველი მიღებისა და უარყოფის მიზეზებს და განდევნის ყალბ წარმოდგენებს, რომელთა გამო სულს უდიდესი ღელვა მოიცავს ხოლმე“.

ეპიკურე

სულის უდიდესი ღელვა, ფუფუნება და ზედმეტობა, „რთული ცხოვრება“ – ეს ისაა, რაზეც ბათუმ „საღი აზროვნებით“, ფხიზლად და ცნობიერად თქვა უარი. „რთულ ცხოვრების უარმყოფი და მცირედითაც კმაყოფილი“ ბათუს იდილია თავის ნაზიბროლასთან ერთად შეუბღალავია. წყვილის ჰარმონიული ურთიერთობა, მათი გრძნობა, ფიზიკური და სულიერი სიახლოვე – გასაოცარ სურათს გვიხატავს აკაკი თავისი უბრალო, სადა ენით.

სანამ ის დაიწყება, რაც დაიწყება, მომწონს ხოლმე ამ იდილიაში ცოტა ხნით შეყოვნება. პირველი თავის ბოლო სტროფის ავისმომასწავებელ ტონსაც არ მინდა ხოლმე გავაფუჭებინო ეს განცდა. ამიტომ პირველ გაკვეთილზე ყოველთვის აქ ვართ, ამ იდილიაში, ამ ჰარმონიაში.

როგორია ბათუს ცხოვრება და ფილოსოფია? სად და როგორ ცხოვრობენ ბათუ და ნაზიბროლა? რა არის მათი ბედნიერება? რაში პოვებენ ისინი სიხარულს, კმაყოფილებას, ბედნიერებას, ცხოვრების საზრისს?

ყველა დეტალი მაინტერესებს. ყველა ფრაზა, რაც ამას მიემართება.

როცა ეს ამოიწურება, დამატებითი საკითხავისთვის ანტიკურ ფილოსოფიას და კონკრეტულად – ეპიკურეს გამოვიხმობთ.

ამ უცნაურ და სხარტ მოაზროვნეს. „ბაღის ფილოსოფოსს“. „მე ისეთი ვარ, რომ თუ თქვენ არ მოხვალთ ჩემთან, მე თვითონ გორვა-გორვით გამოვქანდები იქ, სადაც არ უნდა მიწვევდეთ თქვენ და თემისტა” (წიგნიდან „წერილები და ფრაგმენტები, ეპიკურე – თემისტას მიმართ. თემისტა მისი მოწაფე ყოფილა. ქალი, რომელსაც, ციცერონის თქმით, ეპიკურემ „ხოტბა-დიდების ტომები“ უძღვნა. თემისტამ შვილს ეპიკურე დაარქვა).

ეპიკურეს გადმოძახილი ძველი წელთაღრიცხვიდან საინტერესო საფიქრალს აღძრავს. მარტივი და სადაა მისი სინტაქსი. გამჭოლი, გამჭრიახი სიტყვათწყობა. აზრების გამოხატვისას მათ შეფუთვაზე დიდად არ ზრუნავს. ისე ამბობს, როგორცაა. სიამოვნებაა კითხვა და კამათი. შეპირისპირება და დათანხმება მასთან.

„არასოდეს არ მივისწრაფოდი იქითკენ, რომ ბრბოს მოვწონებოდი. რაც მას მოსწონდა, ის მე არ შევისწავლე. ხოლო რაც მე ვიცოდი, შორდებოდა მათ გრძნობებს”, – ამბობს ეპიკურე.

უფრო ახლოს გავეცნოთ მას. ამისთვის იუსტაინ გორდერის „სოფის სამყაროს“ ამონარიდიც შეგვიძლია შევთავაზოთ დამატებით საკითხავად მოსწავლეებს. ამ აბზაცის მომდევნო რამდენიმე აბზაცი ამ წიგნის მიხედვით მოვამზადე, მაგრამ განსხვავებული მაგალითებით შევავსე, ამიტომ ციტირება ზუსტი არაა:

ეპიკურე

დაახლოებით 300 წელს ჩვენს წელთაღრიცხვამდე საბერძნეთში, ათენში, ცხოვრობდა ბერძენი ფილოსოფოსი ეპიკურე. მან საფუძველი ჩაუყარა ფილოსოფიურ სკოლას. სკოლა მშვენიერი ბაღის მიდამოებში მდებარეობდა, ამიტომ ეპიკურეს და მის მოწაფეებს „ბაღის ფილოსოფოსებად“ მოიხსენებენ. ბაღის შესასვლელში ეკიდა აბრა წარწერით „უცნობო, აქ შენ კარგად იცხოვრებ. აქ უმაღლესი სიკეთე – სიამოვნებაა“.

ეპიკურე მიიჩნევდა, რომ ამა თუ იმ ქმედების სასიამოვნო შედეგი ყოველთვის უნდა შეეფარდებოდეს იმავე ქმედების უკუჩვენებებს.

ეს ნიშნავს, რომ თუ ადამიანი უზომო განცხრომასა და იმწუთიერი სიამოვნების მიღებას დაისახავს უმთავრეს ცხოვრებისეულ მიზნად, ის შესაბამის უკუჩვენებებს მიიღებს, რადგან სხეულებრივი განცხრომა და მატერიალური კეთილდღეობა ზიანის მომტანიც შეიძლება გახდეს.

თავის სწავლებაში ის მიუთითებდა, რომ მოკლე დროში მიღწეული სასიამოვნო შედეგი უნდა უტოლდებოდეს უფრო დიდ, ხანგრძლივ, სიამოვნებას. და პირიქით, მოკლე დროში არსებული დისკომფორტის ატანა უნდა შეგვეძლოს უფრო დიდი, ხანგრძლივი სიამოვნებისა და ბედნიერებისთვის.

მაგალითად, სწავლის პროცესი შესაძლოა ყოველთვის სასიამოვნო ან გამაბედნიერებელი არ იყოს, მაგრამ თუ მიზნად გვაქვს დასახული განათლების მიღება ან რაიმე პროფესიის დაუფლება, უნდა გავაცნობიეროთ, რომ ამ მიზნისკენ მიმავალი გზა დაბრკოლებების გადალახვასაც გულისხმობს და გეგმაზომიერად, მიზანმიმართულად წინსვლასაც სიზარმაცის დაძლევით, მუყაითობით, სიბეჯითით. ეპიკურე ამბობდა, „ცხოველისგან განსხვავებით ჩვენ შეგვიძლია, დავგეგმოთ ჩვენი ცხოვრება და გამოვთვალოთ სიამოვნება”. ეს ნიშნავს – თუ საბოლოო „სიამოვნება“, ანუ მიზანი ბედნიერებისა და კმაყოფილების მომტანია, ამ მომენტის უკმაყოფილების ატანა უნდა შევძლოთ.

ეპიკურე აღნიშნავდა, რომ სიამოვნების მიღება მარტო შეგრძნებებით არაა შესაძლებელი. სიამოვნება შეიძლება მივიღოთ მეგობრობით ან მაღალი ხელოვნებითაც. „ყოველივე იმათ შორის, რასაც სიბრძნე განგვიმზადებს ცხოვრების ბედნიერებისთვის, ყველაზე უფრო ძვირფასია მეგობრობის მოპოვება“, – წერს ის.

ცხოვრებით ტკბობა ეპიკურესთვის განუყრელადაა დაკავშირებული თვითკონტროლის, ზომიერებისა და სიმშვიდის ძველბერძნულ იდეალებთან. სხეულის სიჯანსაღისთვის ყოველდღიური ცხოვრებაში მოგვიწევს უარის თქმა წამიერ სიამოვნებებზე (მაგალითად, თანამედროვე ადამიანისთვის ეს შეიძლება იყოს ბევრი ტკბილეულის მიღება, გაზიანი და ენერგეტიკული სასმელების სმა, უმოძრაოდ კომპიუტერთან ჯდომა ან ტელეფონთან უსაზღვროდ დიდი დროის გატარება), მაგრამ „დიდი მიზანი“ – ფიზიკური და ფსიქიკური სიჯანსაღე – ამად ღირს.

წიგნში „ფრაგმენტები, წერილები“ , რომელშიც თავმოყრილია ამ ფილოსოფოსის ნააზრევი, ცხოვრებისეული მიზნების შესახებ მონაკვეთში ეპიკურე წერს: „სხეულის ურყევი ჯანმრთელობა და სარწმუნო იმედი უდიდეს და მტკიცე სიხარულს აძლევს იმას, ვისაც განსჯა შეუძლია“.

დაბოლოს, პირველწყარო.

ეპიკურე, „ეთიკა“, ამონარიდი წიგნიდან „წერილები და ფრაგმენტები“

აქ თავმოყრილი ციტატები აღებულია მისი წიგნიდან „წერილები და ფრაგმენტები“. მოსწავლეებს თითოეულის შესახებ შეუძლიათ მსჯელობა. რომელს დააკავშირებენ პოემასთან? რომელი ციტატაა მათთვის საინტერესო მოსაზრებისა და თვალსაზრისის შემცველი? რას ეთანხმებიან და რატომ? რას არ ეთანხმებიან და რატომ?

„მადლობა ნეტარ ბუნებას, რომ მან აუცილებელი ადვილად მისაწვდომად აქცია, ძნელად მისაწვდომი კი არააუცილებლად“.

„არაიშვიათად შეხვდებით ადამიანს, რომელიც ღარიბია ბუნების საბოლოო მიზნის მიხედვით, ხოლო მდიდარი ფუჭი შეხედულებების მიხედვით. რადგან არცერთი უგუნურისათვის არ არის საკმარისი ის, რაც აქვს, პირიქით, ის მეტად სწუხს იმაზე, რაც არ აქვს. ისევე როგორც ციებ-ცხელებით ავადმყოფთ ამ ავადმყოფობის ავი თვისების გამო განუწყვეტლივ სწყურიათ და სურთ რაღაც საწინააღმდეგო, ასევე მახინჯი სულის ადამიანები ყოველთვის ყოველმხრივ ღარიბნი არიან და სიხარბის გამო უამრავ ვნებებს ემორჩილებიან“.

„ვისთვისაც მცირედი საკმარისი არაა, მისთვის არაფერი არაა საკმარისი“.

 

„ყველაზე დიდი სიმდიდრეა თვითკმაყოფილება“.

 

„ადამიანთა უმრავლესობა, რომელსაც სუფრის სიღარიბე აშინებს, შიშის გამო მიმართავს ისეთ ქმედებებს, რაც ყველაზე მეტად იწვევენ ამას“.

 

 

„ბევრმა ადამიანმა, რომელიც გამდიდრდა, ვერ დაიხსნა თავი ბოროტებისაგან, არამედ შეცვალა ის უფრო დიდი ბოროტებით“.

 

 

„მხეცური საქმეებით სიმდიდრის რაოდენობა იზრდება, ცხოვრება კი აუტანელი ხდება“.

 

 

„ადამიანები უბედურნი არიან ან შიშისაგან, ან განუსაზღვრელი და ფუჭი სურვილებისაგან. ვინც მათ შეზღუდავს, შეძლებს თავისათვის ბედნიერად აზროვნების უნარი მოიპოვოს“.

 

 

„ტანჯვა რისამე არქონება კი არ არის, არამედ ფუჭი წარმოდგენებით გამოწვეული ტანჯვის ტყუილ-უბრალოდ გადატანაა”.

 

ამის შემდეგ კი იწყება მთავარი ამბავი. მთავარი გამოცდა. პერსონაჟების ცხოვრება რადიკალურად იცვლება. თითოეული მათგანი საზარელი რეალობის წინაშე დადგება.

როგორ უმკლავდება ბათუ ამ ცხოვრებისეულ გამოცდას, რა გადაწყვეტილებას იღებს და რატომ? რამდენად შველის მას თავისი „ცხოვრებისეული ფილოსოფია“ ურთულესი მორალური დილემის გადაწყვეტაში? ინარჩუნებს თუ არა სულიერ სიმაღლესა და სიმტკიცეს? რატომ იქცევა ისე, როგორც იქცევა – ეს კითხვები უკვე შემდგომი განსჯა-მსჯელობის საგანია.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“