ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024
24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

შემოქმედებითი აზროვნების განვითარება მათემატიკის სწავლების პროცესში

შემოქმედებითი აზროვნება არის მოვლენათა ახლებურად ხედვის და პრობლემათა გადაჭრის ორიგინალური, მანამდე არარსებული გზის პოვნის უნარი. შემოქმედებითი აზროვნების განმასხვავებელ ნიშნად ითვლება იდეათა ახლებური კავშირებისა და შეხამებების პოვნა. მაშასადამე, შემოქმედებითი აზროვნება არის რთული სააზროვნო უნარ-ჩვევა, რომელიც პრობლემის გადაჭრისას არასტანდარტული პასუხების მიგნების შესაძლებლობას იძლევა. ეს არის რაიმეს ახალი გზით კეთება ან დანახვა, რომელიც ხასიათდება იდეების სიმრავლით, მრავალფეროვნებით(მოქნილობა, საკითხის სხვადასხვა კუთხით დანახვა), სიახლით(ორიგინალობით) და გარდაქმნის უნარით(ძველი იდეების საფუძველზე ახლის შექმნა).

როგორც შემოქმედებითი აზროვნების ერთ-ერთი გამოჩენილი მკვლევარი ედუარდ დე ბონო მიიჩნევს, არ არის აუცილებელი, შემოქმედებითი პროცესი კოლექტიურ შრომად გადავაქციოთ. „შესაბამისი გარემოს შექმნითა და კარგად შერჩეული მეთოდების გამოყენებით ინდივიდი შეიძლება ბევრად უფრო ეფექტიან შემოქმედებით ნატურად ვაქციოთ, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოავლენს ამ უნარს“ (ე. ბონო, 2005:245). ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, მეცნიერთა დიდი ნაწილი აზროვნებას ინდივიდის პიროვნულ თვისებად თვლიდა და მის გაუმჯობესებას შეუძლებლად მიიჩნევდა. კვლევების შედეგად დადგინდა, რომ შესაძლებელია კრეატიულობის განვითარება, გაძლიერება და ხელშეწყობა ერთი ადამიანის ან ჯგუფების გარემოს საშუალებით.

შემოქმედებითი აზროვნების კვლევისას ითვალისწინებენ არა მხოლოდ აზროვნების პროცესს და პროდუქტს, არამედ თავად პიროვნებას, რადგან სწორედ ის ახორციელებს შემოქმედებით აქტს და ქმნის ახალს. შემოქმედებითი აზროვნებისას ადამიანი აზროვნებას ერთი კონკრეტული საკითხით იწყებს, მაგრამ კვლევა-ძიების პროცესში სხვადასხვა მიმართულებით ვითარდება, რის შედეგადაც წარმოიშობა მრავალფეროვანი, ფართო, საინტერესო არჩევანი. ეს არის რაიმეს ახალი გზით კეთება ან დანახვა, რომელიც ხასიათდება იდეების სიმრავლით, მრავალფეროვნებით, სიახლითა და გარდაქმნის უნარით.

კვლევების მიხედვით, მათემატიკის გაკვეთილზე შემოქმედებითი აზროვნების განვითარების შემაფერხებელი ფაქტორებია:

  • აქცენტი კეთდება ცოდნის დაგროვებაზე და არა მის გაგება-გააზრებაზე;
  • მოსწავლეებს ნაკლებად ეძლევათ არჩევანის გაკეთების საშუალება;
  • არ ხდება გონივრული რისკების სწორი შეფასებები, წახალისებები, რომელიც დაეხმარება მათ შეცდომების მიმართ შიშის დაძლევაში;
  • აქცენტი არ კეთდება აქტივობებზე, რომელიც ხელს შეუწყობს იდეების წარმოშობას;
  • ნაკლებად ხდება პრობლემის სხვადასხვა კუთხით განხილვა და მისი ორიგინალური გადაწყვეტა;
  • სჭირდებათ გარემო, სადაც აქვთ თავისუფლება გამოხატონ საკუთარი აზრი, რომელიც ჩარჩოში არ არის მოქცეული და გახსნილია ახალი იდეებისთვის;

აქცენტი გადატანილია შედეგზე და არა შექმნის პროცესზე.

მინდა გაგიზიაროთ ჩემ მიერ გამოყენებული რამდენიმე აქტივობა პრობლემის გადასაწყვეტად.

გონებრივი იერიში(Brain storming)

მიზანი: შემოქმედებითი და ანალიტიკური აზროვნების განვითარება.

აქტივობის დასაწყისში, ელექტრონული რესურსის გამოყენებით, მოსწავლეებს გავაცანი მეთოდის ფუძემდებლის, ოსბორნის მიერ შემუშავებული რამდენიმე ძირითადი კანონი, რომლებიც კრეატიული იდეების შეგროვების აუცილებელი გარანტია.  პროცესის მოდერატორი იყო ერთ-ერთი მოსწავლე, რომელმაც მკაფიოდ ჩამოაყალიბა  საკითხი, კონკრეტული კითხვების დასმით.

ამოცანა:  გამოიყენეთ სხვადასხვა ხერხი და დაასაბუთეთ, რომ ტრაპეციის ფერდების შემცველი წრფეების გადაკვეთის წერტილი და ფუძეების შუა წერტილები ერთ წრფეს ეკუთვნის.

ჯგუფიდან წამოსული ყველა იდეა(დასაბუთების ხერხები) კრიტიკის გარეშე, მოდერატორმა დააფიქსირა ფლიპჩარტზე. აქტივობის ამ  ეტაპზე, რომელსაც 10 წუთი დაეთმო, მონაწილეებმა გამოამჟღავნეს მაღალი სააზროვნო უნარები. შემდეგ დაიწყო იდეების გაცხრილვა, იმ წინადადებების უარყოფა, რომლებიც ხელს ვერ შეუწყობენ პრობლემის მოგვარებას. აღსანიშნავია, რომ მოდერატორი არ გამოხატავდა არც ერთი იდეისადმი თავის დამოკიდებულებას. ბოლოს, დაძაბული შემოქმედებითი მუშაობის შემდეგ, ერთმანეთთან შეთანხმების საფუძველზე, საკლასო დისკუსიის გზით, წარმოადგინეს პრობლემის მოგვარების ყველა შესაძლო გზა, ამომწურავად იყო პასუხი გაცემული ყველა კითხვაზე.

ერთ-ერთმა  ჯგუფმა ოთხი სხვადასხვა ხერხით შეძლო დასაბუთება-სამკუთხედების მსგავსებით, ვექტორების გამოყენებით, ფართობების ფორმულებით, კოორდინატების მეთოდით, დანარჩენმა ჯგუფებმა-ორი ან სამი ხერხით. ბოლოს გაიმართა დისკუსია, სადაც გამოყენებული გზების შესახებ იყო მსჯელობა. დაიწყო შედარება, შეფასება. უმრავლესობამ ყველაზე ორიგინალურ გადაწყვეტილებად ჩათვალა  სამკუთხედების მსგავსების ნიშნების გამოყენება. შესაბამისი არგუმენტების მოყვანით დაასაბუთეს ამ ხერხის უპირატესობა.

გამოყენებული დავალება, მოითხოვდა პრობლემის რამდენიმე გზით  გადაწყვეტას, იდეების ძიებას. მოსწავლეები თამამად გამოთქვამდნენ მოსაზრებებს, რომლებიც არავის გაუკრიტიკებია. მოხდა იდეების ერთობლივი განხილვა ყველაზე პრაქტიკული გადაწყვეტილების მიღებამდე.  მოსწავლეები აღნიშნავდნენ, რომ შესაძლებელია ერთსა და იმავე ამოცანას ამოხსნის სხვადასხვა გზა ჰქონდეს და თითოეული მათგანი სწორი და შედეგიანი იყოს. აქტივობის ბოლოს, ერთმა მოსწავლემ გამოთქვა სურვილი შეექმნათ  განხილული ამოცანის ანიმაცია(https://9bklasi52.blogspot.com/), მას მალე გამოუჩნდა თანამოაზრეები, მომდენო გაკვეთილზე დემონსტრირება გავუკეთეთ მათი შემოქმედების შედეგს. იდეა კრეატიული იყო, მიმართული იყო შედეგის გაუმჯობესებისკენ და მისთვის ხელი არ შემიშლია.  თუმცა, შევახსენე მათ, რომ ყველანაირ გადაწყვეტილებას აქვს მიზანი, რომელიც აუცილებელია წინასწარ განსაზღვრო. შედეგზე მეტად,  შექმნის პროცესზე  გავამახვილე ყურადღება, მაინტერესებდა ის წინააღმდეგობები, რაც შეხვდებოდათ და როგორ შეძლებდნენ მათ გადალახვას. ბლოგზე მუშაობის პროცესს ყურადღებით ვადევნებდი თვალყურს.

მეთოდს, თითქმის ყოველთვის ვიყენებ გაკვეთილის ნებისმიერ ფაზაზე, მოსწავლეთა წინასწარი მომზადების გარეშე და მეხმარება საკითხის სხვადასხვა კუთხით განხილვაში, მაგალითად, „წერტილთა გეომეტრიული ადგილის“ პოვნის პრობლემის გადაჭრის დროს (კოორდინატთა მეთოდი, პითაგორას თეორემა), განმტკიცების ეტაპზე, სადაც მოსწავლეები საინტერესო მოსაზრებებს წარმოადგენენ და შემდეგ ამ ხერხებს ადარებენ ერთმანეთს, საუკეთესო ვარიანტის შესარჩევად. ეფექტიანია მისი გამოყენება საწყის ეტაპზეც, ახალი თემის შესწავლისას. თუმცა, ამჯერად  დავგეგმე გაკვეთილი, რომელიც ფანტაზიისა და წარმოსახვის უნარების გაძლიერებას ემსახურება, მოსწავლეებს  კიდევ ერთხელ, უფრო ვრცლად ვაჩვენე, რომ ერთსა და იმავე ამოცანას შეიძლება გადაწყვეტის რამდენიმე გზა მოვუძებნოთ და თითოეული მათგანი იყოს სწორი და  შედეგიანი.

დისნეის „აზროვნების სამი სკამი“.

მიზანი: გეომეტრიული გარდაქმნების პრაქტიკულ-საპროექტო ამოცანებში გამოყენების გაცნობით მოსწავლემ გაიფართოოს თვალსაწიერი, წარმოდგენა იქონიოს და თავად გახდეს შემოქმედი გეომეტრიული გარდაქმნების კვლევისას.

მოსწავლეებს ვესაუბრე ანიმაციური ფილმების ცნობილი ამერიკელი რეჟისორის და პროდიუსერის უოლტ დისნეის   ცხოვრების შესახებ – როგორ დაიწყო საქმიანობა პატარა, უცნობმა მწარმოებელმა და როგორ გაითქვა მთელ მსოფლიოში  სახელი თავისი შემოქმედებითი და წარმოსახვითი აზროვნებით. გავაცანი მათ დისნეის სასწავლო მეთოდი, რომლის სტრატეგიის არსი ასეთია: პრობლემის ხედვა სამ სხვადასხვა პერსპექტივაში და მოიცავს ინტუიციურ-კრეატიულ ელემენტებს.

მეოცნებეების, რეალისტების და კრიტიკოსების ჯგუფებმა ფუნქციების განაწილების შემდეგ, როლები მოირგეს. თავიდან მივეცი სრული თავისუფლება ფანტაზიის გამოვლენისთვის, საინტერესო და  მრავალფეროვან თემებს შორის, მეოცნებეების ჯგუფმა, ბოლოს  „დროის მანქანის“ შექმნის იდეა წარმოადგინა, ისაუბრეს  მისი  აუცილებლობის  შესახებ, გაიხსენეს ფილმები, სადაც აღწერილია მისი გამოყენებით დროში მოგზაურობა, თუმცა რეალისტებმა აღნიშნეს, რომ  იდეის პრაქტიკულად განხორციელების შანსი ნაკლებად არსებობს, ისაუბრეს მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ, ხოლო კრიტიკოსებმა შეაფასეს საკითხი, აღნიშნეს ხელის შემშლელი ფაქტორები.  თამაშმა ძალიან დადებითი ემოცია და განწყობა გამოიწვია, რომელიც აზროვნების მნიშვნელოვანი ნაწილია. შემდეგ მოსწავლეებს გავაცანი გაკვეთილის თემა და მიზანი, დაიწყო პრობლემის  გადაწყვეტის პროცესი : ორი დასახლებული პუნქტი გზის ერთ მხარესაა. რა ადგილას უნდა შევარჩიოთ გზაზე ავტობუსის  გაჩერება, რომ დასახლებული პუნქტები  ამ გაჩერების გავლით ერთმანეთს  უმოკლესი გზით დაუკავშირდეს?  მათემატიკის გამოყენება ამ პრაქტიკული ამოცანის ამოხსნისას სხვადასხვა დაშვებას მოითხოვს. მეოცნებეების ჯგუფმა მრავალფეროვანი იდეებით ფანტაზიის უსაზღვრო ნიჭი გამოავლინა, ამ ეტაპზე ყველა აზრი მისაღებია, დაფაზე  ყველა მათგანი ჩამოვწერე, შემდეგ რეალისტების ჯგუფმა პრობლემა პრაგმატულად გაანალიზა, იმსჯელეს, მიზნის შესაბამისი იყო თუ არა დასახელებული რამდენიმე იდეა,  შეესაბამება ეს იდეები მიზანს? იქნება თუ არა ეს გზა უმოკლესი? ვთქვათ, დასახლებული პუნქტები A და  B წერტილებია, ვეძებთ წრფეზე იმ C წერტილს, რომლისთვისაც AC+CB უმცირესია. მესამე-ჯგუფმა დასვა კითხვები, როგორ ვიპოვოთ მანძილი? არის თუ არა ეს გზა უმცირესი სიგრძის სხვა მარშრუტთან შედარებით? რა შეიძლება გაუმჯობესდეს, ისაუბრეს იდეის რისკებზე, იმაზე, თუ რა გამორჩათ მხედველობიდან?

ბოლოს მოხდა მიღებული გადაწყვეტილებების შეფასება და პრობლემის გადაჭრა.

მეთოდის გამოყენებამ საშუალება მომცა წამომეჭრა პრობლემა, რასაც მოჰყვა   მოსწავლეების ჩართვა მისი გადაწყვეტის გზების ძიებაში.  ეს მეთოდი ხელს უწყობს სტერეოტიპების მსხვრევას, სრულიად ახალი, თამამი იდეების გენერირებას.

მეთოდის გამოყენება პოზიტიური აღმოჩნდა თემის „გეომეტრიული გარდაქმნების გამოყენების“ შესწავლის დროს, ვინაიდან ეს საკითხი, ჩემი დაკვირვებით, მოსწავლეებში ყოველთვის ნაკლებად საინტერესო იყო და ბევრჯერ მიფიქრია, რა მეთოდებით მიმეწოდებინა იგი მათთვის. შემოქმედებითმა მიდგომამ პრობლემის გადაწყვეტას შეუწყო ხელი.

ბონოს „აზროვნების ექვსი ქუდი“.

მიზანი:  ცოდნის და გამოცდილების გამოყენება ექვსი მიმართულებით.

მოსწავლეებს გავაცანი „აზროვნების ექვსი ქუდის“ მეთოდის გამოყენების პრინციპები და წესები. ექვსი სხვადასხვა ფერის ქუდი-თეთრი, შავი, წითელი, ყვითელი, მწვანე, ლურჯი  ასახავს აზროვნების ძირითად ტიპებს.  ამ ქუდების დახურვით მოსწავლე ააქტიურებს იმ აზროვნებას, რომელიც შესაბამის ფერთან ასოცირდება. ამ აზროვნების ერთობლივი გამოყენება „გვაძლევს სრულყოფილ აზროვნულ შედეგს“. ვთქვათ, ხართ 100000 ლარის მფლობელი და გსურთ ამ თანხის სარფიანი გამოყენება. სად და როგორ დააბანდებდით ამ თანხას?

ჯგუფებმა აირჩიეს ლიდერები,  მათ მივეცი „ქუდების“  არჩევანის საშუალება. შეხვედრის ხელმძღვანელმა (ლურჯი ქუდი), მოკლედ გააცნო ჯგუფებს ქუდების კონცეფცია და ძირითადი პრობლემა. გეგმა:

ლურჯი ქუდი: განსაზღვრეთ რა არის მიზანი?

თეთრი ქუდი:  რა ვიცით, რა ინფორმაციას ვფლობთ, რა უნდა ვიცოდეთ ამოცანაში დასმული პრობლემის გადასაწყვეტად?

მწვანე ქუდი:  რა იდეები, გადაწყვეტილებები და გზები შესაძლებელია მოვიფიქროთ პრობლემის გადასაწყვეტად?

წითელი ქუდი:  რომელი იდეა გამოიყურება საინტერესოდ?

შავი ქუდი: დაუკვირდი, რა შესაძლო უარყოფითი შედეგი მოჰყვება გადაწყვეტილებას?

ყვითელი ქუდი: დაასაბუთეთ, რომ წარმოდგენილი იდეის განხორციელება იქნება უპირატესი და წარმატებული.

მრავალფეროვან იდეებს შორის ყველაზე საინტერესო, რაზეც შეთანხმდნენ, იყო თანხის დაბანდება სადაზღვევო კომპანიის დაარსებაში, რომელიც მხოლოდ ავტომანქანებს დააზღვევდა. ყველა ჯგუფმა თავისი ქუდის შესაბამისი პოზიციიდან განიხილა ეს იდეა.

პროცესის შედეგები შეაფასა ლურჯმა ქუდმა, ჯგუფმა ის სტრატეგიები დაასახელა, რომლებიც საჭიროა პრობლემის გადასაწყვეტად. გაკვეთილის ბოლოს გაიმართა დისკუსია.

იმისათვის, რომ გასაქანი მიმეცა მოსწავლეების ფანტაზიისთვის, წარმოსახვისთვის, გამოვიყენე როლური თამაშის  მოდელი, რომლითაც მათ საშუალება მიეცემათ პრაქტიკაში გამოიყენონ შეძენილი ცოდნა, სხვა ადამიანის როლის თამაშით მოსწავლეებს აქვთ შესაძლებლობა, ერთსა და იმავე პრობლემას რამდენიმე განსხვავებული კუთხით შეხედონ, რაც მათ თვალსაწიერსა და მაღალ სააზროვნო უნარებს განუვითარებს. რეალური სიტუაციის სიმულაცია ძალიან სახალისო პროცესია, მაღალია მოსწავლეთა ჩართულობა და მოტივაცია.

ეფექტური გადაწყვეტილების მიღების ეს ფსიქოლოგიური თამაში როლებით, გამოვიყენე არასტანდარტულ სიტუაციაში პრობლემის გადაწყვეტის მიზნით.  პრაქტიკული ამოცანა, რომელიც მოსწავლეებს განსახილველად მივეცი, ექვსი სხვადასხვა მიმართულებით უნდა შეესწავლათ. წარმოსახვის საოცარი უნარი და ფანტაზია გამოამჟღავნეს. ჩემთვის მოულოდნელი იყო, მრავალფეროვან იდეებს შორის, სადაზღვევო კომპანიის დაარსებაზე არჩევანის შეჩერება. ყველამ თავისი „ქუდიდან“ ისაუბრა იდეის შესახებ.  აქტივობამ იმდენად მაღალი დადებითი ემოცია გამოიწვია,  რომ  მეთოდი  შემდეგ ძალიან ბევრჯერ გამოვიყენე გაკვეთილებზე. მაგალითად, თუ მოსწავლეებს გაუჩნდათ კითხვა რომელიმე  თემიდან, დავსვამ პრობლემას, ვწერ დაფაზე ან ფლიპჩარტზე და „ექვსი ქუდის“მეთოდით იწყებენ მის განხილვას აზროვნების  სხვადასხვა მიმართულებით, რომლის დახმარებითაც ნებისმიერი საკითხი ადვილად ასათვისებელი და გამოსაყენებელი ხდება. მოსწავლეებს მოსწონთ, რომ შეუძლიათ დაასახელონ იდეები, შემდეგ შეაფასონ, მათ შორის გააკეთონ არჩევანი.

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. გორგოძე ს., მ. ბოჭორიშვილი, ნ.ჭიაბრიშვილი, ქ.ჭიაბრიშვილი, გ.გახელაძე „ვისწავლოთ და ვასწავლოთ კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება, წარმოსახვითი განათლება“,სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი, თბილისი, 2010წელი;
  2. ბრუნერი ჯერომ, „აქტიური პრაქტიკული გამოცდილების როლი სწავლის პროცესში“ https://mastsavlebeli.ge/?p=1852;
  3. როგორ ვასწავლოთ მოსწავლეებს აზროვნება. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრი,2007წელი.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი