კვირა, ოქტომბერი 6, 2024
6 ოქტომბერი, კვირა, 2024

„საშინელი დავალება“

მასწავლებლებისთვის განკუთვნილ ერთ-ერთ ტრენინგზე ტრენერმა გუნდებად გაგვანაწილა და პატარა ბურთები დაგვირიგა. გუნდელებს ბურთები ერთმანეთისთვის უნდა გვესროლა, განსაზღვრული ხნის შემდეგ კი მათ რაოდენობას გვიზრდიდნენ: თუ თავიდან ორი ბურთით დავიწყეთ, ცოტა ხანში წრეში იმდენი ბურთი დაფრინავდა, რამდენი მასწავლებელიც ვიდექით. ეს უფრო მეტ კონცენტრაციას მოითხოვდა; ფაქტობრივად, ერთ წამში ბურთი სხვისთვისაც უნდა მიგეწოდებინა, სხვისი ნასროლიც ყოჩაღად დაგეჭირა და მერე ისევ გესროლა, სანამ ასევე სხვის ნასროლს დაიჭერდი.

ამ სავარჯიშოს ორი ნაწილი ჰქონდა, თუმცა ორივე ნაწილში ერთსა და იმავეს ვაკეთებდით. პირველად ტრენერმა არ გაგვიმხილა, რატომ ვიქცეოდით ასე. მეორედ გვითხრა, რა გვეშლებოდა და ამის შემდეგ, ყველას გასაკვირად, მართლაც ადვილად მოვახერხეთ ბურთების წვიმაში ორიენტირება. პირველ ჯერზე ყველა ვცდილობდით, დაგვეჭირა, ხოლო მას, დაიჭერდნენ თუ არა ჩვენს ნასროლს, აღარ ვაკვირდებოდით. ტრენერმა სწორედ ამ მაგალითზე აგვიხსნა, რამდენად მნიშვნელოვანია გუნდურობა, რომ მაშინ, როცა პასუხისმგებლობას ვიხსნით იმაზე, დაიჭერს თუ არა ჩვენს ნასროლ ბურთს ჩვენი თანაგუნდელი, მთელი გუნდის საქმე ირევა და ბურთები მიმართულებას კარგავს, რადგან ვიდრე თუნდაც ერთი თანაგუნდელი ძირს დავარდნილ ბურთს მისდევს, სხვების საქმეც ფუჭდება. ამიტომ მხოლოდ ის კი არ არის მნიშვნელოვანი, რომ დავიჭიროთ, არამედ ისიც, რომ ზუსტად ისე ვისროლოთ, სხვამაც ადვილად დაიჭიროს, ან საერთოდ არ ვისროლოთ, თუ ვხედავთ, რომ მას ჯერ არ დაუსრულებია წინა სვლა.

ამ ყველაფრის გააზრების შემდეგ ხელახლა შევუდექით თამაშს და სასიამოვნოდ გაოცებულები დავრჩით იმით, რამდენად უკეთ წარიმართა ყველაფერი. თუმცა, რასაკვირველია, მცირე გადაცდომები მაინც იყო. მაგალითად, თამაშის დასრულებისას გავაანალიზე, რომ ბოლოს, როცა აჩქარებული ტემპისგან სხეული დამეძაბა, ერთი ბურთი ხელში ჩამიბღუჯავს და ასე მჭერია გაუაზრებლად, ასე რომ, ერთხანს მხოლოდ ცალი ხელით ვთამაშობდი.

ჩემს ადგილზე დაბრუნებისას, როგორც კი ხელში ბურთი ვიგრძენი, გამეცინა და გავიფიქრე, რომ ეს მშვენიერი სავარჯიშო შეიძლებოდა ყოფილიყო არა მხოლოდ გუნდში პასუხისმგებლობისა და საქმის გადანაწილების მეტაფორა, არამედ რაღაც სხვისაც, მაგალითად, საშინაო დავალებების.

იმ მომენტში თავი ბავშვად ვიგრძენი, რომელმაც, მაგალითად, ფიზიკის პროექტზე უნდა იმუშაოს და კონკრეტული ვადაც აქვს, მაგრამ უეცრად ქიმიის მასწავლებელი ესვრის დავალებას, რომელიც სწრაფად უნდა შეასრულოს და დააბრუნოს. ამასობაში ქართულის მასწავლებელიც ესვრის თავის დავალებას, რომლის შესრულებისა და დაბრუნების შემდეგ ინგლისური ენის დავალება გამოჩნდება, მერე – ხელოვნების, ისტორიის, გერმანულის, ისტ-ის, ბიოლოგიის და ასე დაუსრულებლად. ვადა იწურება, ფიზიკის პროექტი კი ხელში ჩაბღუჯულ ბურთად რჩება და შფოთვის დონეც იმატებს.

რა მოხდება, თუ ამ ბურთს იმად განვიხილავთ, რისი გაკეთებაც ბავშვს სურს, მაგრამ რისთვისაც დროს ვერ პოულობს? მაგალითად, წიგნის კითხვად, ფილმის ყურებად ან თუნდაც მეგობრებთან ერთად თამაშად? ადვილი მისახვედრია, რომ შფოთვას გაღიზიანებაც დაემატება. იმის გათვალისწინებით, რომ ბავშვებს თავიანთი შეგრძნებების ამოცნობა და მათთვის სახელების დარქმევა თითქმის არ შეუძლიათ, გამოდის, რომ ხშირად მათ პატარა თავებს დომხალისთვის ვიმეტებთ, რაც, დარწმუნებული ვარ, არავის გვინდა.

განათლების მკვლევრებისთვის დღემდე საკამათო საკითხია, საშინაო დავალებების დადებითი გავლენა მოსწავლის აკადემიურ განვითარებაზე წონის თუ არა უარყოფითს, თუმცა ხშირად ფაქტი ჯიუტია და შემდეგი წინადადებებით გველაპარაკება: „მას, დღეს ხუთზე გავდივარ სკოლიდან, დედამ უნდა მომაკითხოს, მერე მუსიკაზე მივდივარ, იქ ორი საათი უნდა დავრჩე, იცით, რა საცობებია ხოლმე? სახლში ძალიან გვიან მივალ და თუ შეიძლება, ხვალისთვის დავალება არ მომცეთ“. მუსიკა, ცეკვა, ვიოლინო, ფლეიტა, მათემატიკა, ინგლისური, კალათბურთი, ფეხბურთი… ეს სია უსასრულოა და გამოდის, რომ ბავშვები (რომლებსაც ხშირად უსამართლოდ ვაბრალებთ ეკრანზე მიჯაჭვულობის გამო უსაქმურობას) მთელი დღე ძალიან დატვირთულები არიან.

კერძო სკოლების უმეტესობა მეექვსე კლასის ჩათვლით მშობლებსა და ბავშვებს გახანგრძლივებულ სწავლებას სთავაზობს, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსწავლეები ექვს საათამდე სკოლაში რჩებიან და იქვე ასრულებენ დავალებებს. ერთი მხრივ, ამ გაკვეთილების შემდგომ პერიოდს უამრავი დადებითი აქვს: ბავშვები ერთად მუშაობას სწავლობენ, დავალების შესრულებაც ალბათ უფრო სახალისო ხდება, საღამოს დროს ითავისუფლებენ და ა.შ. თუმცა ეს პერიოდი სამი ან, მაქსიმუმ, ოთხი საათია. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ სამ თუ ოთხ საათში ბავშვებმა დასვენებაც უნდა მოასწრონ, განტვირთვაც, თამაშიც და ჭამაც. ამ ყველაფრის შემდეგ ხშირია შემთხვევა, როცა, გახანგრძლივებულში დარჩენის მიუხედავად, აღმოჩნდება, რომ ბავშვმა კონკრეტული დავალების შესრულება ვერ მოასწრო. ერთხელ მოსწავლეს ვუთხარი, სხვა დროს წიგნები სახლში წაიღე, თუ დავალების შესრულებას აქ ვერ ასწრებ-მეთქი. სკოლიდან ფეხბურთზე წავედი და სახლში ათზე მივედიო, მიპასუხა. სახლში ათზე მეც ხშირად მივდივარ, გრძელი სამუშაო დღეები მასწავლებლების ყოველდღიურობაა (რასაც უნდა ფიქრობდნენ მათ ხშირ დასვენებებსა თუ მოკლე სამუშაო დღეებზე სხვები). ამ დროს რომ ვინმემ მითხრას, დაჯექი და ხვალინდელი დღისთვის რამე გააკეთეო, შესაძლოა, ბრაზისგან კონტროლი დავკარგო. ჰოდა, თუ მე ჩემს ასაკში არ შემიძლია გადაღლილობისგან სტრესის, შფოთვისა და გაღიზიანების კონტროლი, რატომ უნდა ვთხოვდე ამას მესამე- ან თუნდაც მეექვსეკლასელს?!

მეორე საკითხია ის, რასაც მშობლები განიცდიან, როცა მათი შვილები გაკვეთილების შემდეგ გახანგრძლივებულში არ რჩებიან და სამეცადინო მაგიდა მთელი დღე მოფენილია სხვადასხვა საგნის სახელმძღვანელოებითა და რვეულებით, რასაც თან ახლავს „დაწერე“, „წაიკითხე“, „გააგრძელე“ შეძახილები (რითაც, მაგალითად, სავსე იყო ჩემი ბავშვობა) და ღამის ათ საათზე თვალებზე მომდგარი ცრემლები, ხშირად – ტანტრუმებიც. ასეთ სიტუაციაში მშობელმა კარგად უნდაა გააკონტროლოს, შვილი ნამდვილად დავალებას წერს მთელი დღე თუ პერიოდულად მუსიკას უსმენს ან სოციალურ ქსელს ათვალიერებს, რაც, თავის მხრივ, შეიძლება სხვა კუთხითაც იყოს საყურადღებო. თუმცა, რაც უნდა იყოს, ხშირად საშინაო დავალების შესრულება მშობლებსა და შვილებს შორის უთანხმოების მიზეზადაც კი იქცევა, რაც ავტომატურად აისახება სკოლისადმი ბავშვის დამოკიდებულებაზე. მით უმეტეს, თუ საქმეს ისიც ართულებს, რომ მშობლებს შვილის აკადემიური მოსწრება არ მოსწონთ და მისგან მკაცრად ითხოვენ მეტს.

ერთი მხრივ, შეიძლება ვიფიქროთ, რომ ამ ყველაფრის თავიდათავი მასწავლებელია და მას შეუძლია აკონტროლოს, რამდენ დავალებას მისცემს მოსწავლეს. გარკვეულწილად ასეც არის, თუმცა რაოდენობასთან ერთად უდიდესი მნიშვნელობა აქვს იმასაც, როგორ, რა ფორმით მივაწვდით მოსწავლეებს დავალებას.

  1. საშინაო დავალების სიხშირე

ჩემს მოსწავლეებს სავალდებულო დავალებას ყოველდღე არ ვაძლევ. შესაძლოა, მივცე დღეგამოშვებით ან კვირაში ორჯერ, იმის მიხედვით, რას ითხოვს თემა. თუ დავალებას ვაძლევ ორშაბათს, ისინი იღებენ გონივრულ დროსაც – ვეუბნები, რომ დავალების ჩაბარების ბოლო ვადა იქნება ხუთშაბათი. თავიდან ამ მეთოდის მიმართ ცოტა სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი, რადგან მიმაჩნდა, რომ 45 წუთი, თუნდაც ყოველდღე, საკმარისი არ არის კონკრეტული საგნის კარგად ასათვისებლად, მაგრამ მას შემდეგ, რაც ეს მეთოდი პრაქტიკაში მოვსინჯე, ჩემი მოსწავლეების განწყობა საგრძნობლად შეიცვალა. თანაც, მაშინაც კი, როცა გვგონია, რომ არ გვისმენენ, ბავშვებს ყველაფერი ესმით და ყველაფერს იმახსოვრებენ. მათ უდიდეს სიხარულს ანიჭებთ, როცა ვამბობ, რომ დღეს დავალება არ ექნებათ. უფრო პროდუქტიულებიც გახდნენ და გაკვეთილზე მეტადაც მუშაობენ. ნაწილმა დაგეგმვაც ისწავლა: თუ იცის, რომ დავალებისთვის ორი დღე აქვს, ნაწილს ერთ დღეს ასრულებს, ნაწილს – მეორე დღეს. დროის მენეჯმენტის სწავლა შესაძლებელია, თუმცა ზოგიერთი თავიდანვე ასე აკეთებს. დანარჩენები გამოცდილებით უნდა მიხვდნენ, რომ სამუშაოს გადანაწილება სჯობს ერთდროულად შესრულებას, თუმცა თუ ვერ მიხვდებიან ან მიხვდებიან, მაგრამ ასე ვერ იმუშავებენ, არც ეს არის ტრაგედია, უამრავი წარმატებული პროექტი სწორედ ბოლო ვადის წინა საათებში ბარდება.

 

  1. არასავალდებულო დავალება

იმ დღეებში, როცა სავალდებულო დავალება მიცემული მაქვს, შემიძლია მივცე სხვა დავალებაც, რომელსაც არასავალდებულოს ვეძახი. არასავალდებულო დავალების მიცემა სავალდებულოსთან ერთადაც შეგიძლიათ. თუ სავალდებულო დავალება სამუშაო რვეულში ერთი გვერდია, არასავალდებულო შეიძლება იყოს იმავე საკითხზე ამობეჭდილი სამუშაო ფურცელი. გაოცდებით, როგორ უხარიათ იმ სამუშაო ფურცლის დანახვა, რომელსაც არასავალდებულო ჰქვია და, შესაბამისად, „საშინელ დავალებას“ არ უკავშირდება. შეიძლება, სავალდებულოზე მალეც კი დაწერონ.

P.S. არასავალდებულო დავალებას კლასში რამდენიმე ბავშვი მართებულად მიიჩნევს ნამდვილად არასავალდებულოდ და თავსაც არ ივალდებულებს, რომ შეასრულოს. ამაზე საყვედური არ უნდა წამოგცდეთ, თორემ მიხვდებიან, რომ დავალებას უბრალოდ სახელს უცვლით.

 

  1. ეკრანი და შაბათ-კვირა

სოციალურ ქსელებში გადაღლილი მასწავლებლებისთვის არსებობს ერთი საინტერესო გვერდი, რომელსაც bored teachers ჰქვია და ხშირად არის ჩემი სიცილის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი. მახსოვს, პირველად სწორედ აქ წავიკითხე: მასწავლებლებს არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ხშირად ჩვენს ენერგიულ ათწუთიან მონოლოგზე ეფექტური შეიძლება იუთუბის 45-წამიანი ანიმაციური ვიდეო აღმოჩნდესო. ბოლოს და ბოლოს, ჯენ ზისა და ჯენ ალფასთან – ციფრულ ეპოქაში დაბადებულ თაობებთან გვაქვს ურთიერთობა.

შაბათ-კვირა ოფიციალურად და ლეგიტიმურად დასვენების დღეებია. პარასკეობით დავალებებს იშვიათად ვაძლევ ხოლმე, რადგან არ მინდა, მომდევნო ორი დღე დავალების გახსენებისას თუნდაც სულ მცირე სტრესი იგრძნონ, თუმცა სულ არაფერიც არ შეიძლება, ამიტომ პარასკეობით დავალების გრაფაში სასარგებლო ბმულებს ვტოვებ: იუთუბი, ლაივვორკშითსი, ქუიზლეტი ან ნებისმიერი სხვა რამ, რისთვისაც 10-15 წუთიც საკმარისი იქნება. ჩვენს ჯენ ზიებსა და ჯენ ალფებს ძალიან უყვართ ეკრანთან ურთიერთობა, რაღაცების ყურება და აწყობა.

 

  1. დავალება ინტერესის გათვალისწინებით

ყველა საგანს თავისი სპეციფიკა აქვს, თუმცა მჯერა, რომ რამდენიმე კვირაში ერთხელ მაინც შეიძლება ისეთ თემას მივადგეთ, რომელიც სახალისო დავალების მიცემის შთაგონებას მოგვცემს. ბავშვებს მრავალმხრივი ინტერესები აქვთ, ზოგს ფეხბურთი უყვარს, ზოგს – ანიმე, ზოგს – ხატვა ან ვიდეოთამაშები, თუმცა უნივერსალური რამეებიც არსებობს. მაგალითად, ყველას უყვარს მუსიკის მოსმენა. თუ ვთხოვთ, რომ გაკვეთილის თემა თავიანთ ინტერესებს დაუკავშირონ და ინსტრუქციებით მარტივად მივახვედრებთ, რა ქნან, სიამოვნებით იმუშავებენ იმაზე, რაც დავავალეთ.

მაგალითად, ერთხელ ვთხოვე, კონკრეტულ თავში ნასწავლი სიტყვებისთვის გადაეხედათ და გაეხსენებინათ, რომელიმე ეს სიტყვა რომელიმე მათ საყვარელ სიმღერაში ხომ არ იყო ნახსენები. თუ იყო, ტექსტი ამოეწერათ და სიმღერა კლასში მოგვესმინა. რამდენიმე დღის წინ კი აღმოვაჩინე, რომ 2022 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე დაწერილი ერთ-ერთი სიმღერა შესანიშნავი რესურსია ქვეყნების ინგლისური დასახელებების დასასწავლად, განსაკუთრებით – კლასის იმ ნაწილისთვის, რომელიც ფეხბურთის აქტიური მაყურებელია.

„საშინელი დავალებაა!“ – გაისმის ხოლმე ზურგს უკანიდან, როცა დაფაზე დავალების წერას ვიწყებ (ეს ტერმინი პირველად მე ვახსენე, მოეწონათ და აიტაცეს. ბავშვობაში, როცა გაუთავებლად ვიჯექი წიგნებთან, დედა ჩემს საშინაო დავალებას „საშინელ დავალებას“ ეძახდა). „არ იქნება საშინელი, მხოლოდ 10 წუთს წაგართმევთ“, – მშვიდად ვაბრუნებ პასუხს და დანაპირებს ყოველთვის ვასრულებ, რადგან იმის გააზრება, რომ ჩემი საგნის გამო არავინ ისტრესება, პირველ რიგში, მე მგვრის შვებას. ამასთანავე, კლასში მუდამ იქნება, სულ მცირე, ერთი მოსწავლე, რომელიც ყოველდღე გთხოვთ დამატებით ან ე.წ. არასავალდებულო დავალებას. მისთვის ამის მიცემა პრობლემა არ არის. დამატებითი დავალება სჯობს დამატებით სტრესს.

ახლა რომ ვუფიქრდები, წერილის დასაწყისში ნახსენები სავარჯიშო, ხელში ჩაბღუჯული ბურთისა და ფიზიკის პროექტის გარეშე, თავდაპირველი შინაარსითაც შეიძლება ჰგავდეს ბავშვებისთვის საშინაო დავალების მიცემას. თუ ჩვენ, მასწავლებლები და მოსწავლეები, განვიხილებით როგორც გუნდი, რომელიც ერთ მიზანზე, განათლების მიღებაზე მუშაობს, მაშინ მართებულია, საშინაო დავალების ბურთის სროლისას დავრწმუნდეთ, რომ ბავშვი მზადაა დაიჭიროს, რომ სხვა ბურთი ნასროლი აქვს და ჩვენ პირისპირ დგას. უნდა დავრწმუნდეთ, რომ ჩვენც სწორად ვდგავართ, ბურთს სწორი კუთხით ვესვრით, ისეთი ძალით, რომ არც ხელიდან გაუვარდეს და არც თავზე გადაუფრინოს. ასე რამდენიმე ნაბიჯით უფრო მივუახლოვდებით მიზანს – განათლების მიღებას სტრესისა და დაძაბულობის გარეშე.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

როგორ გავხდი ავტორიტეტი

კომუნიზმი

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“