სამშაბათი, აპრილი 30, 2024
30 აპრილი, სამშაბათი, 2024

ბიოგრაფიული ლიტერატურა, როგორც სასწავლო მასალა

ბიოგრაფიული ან ავტობიოგრაფიული ლიტერატურა, დოკუმენტური ენით გადმოცემული თუ მხატვრულ ქსოვილში შეფარული, შეიძლება გახდეს ქართულისა და ისტორიის სასწავლო მასალა, აღნიშნული საგნების ინტეგრაციის ველი. ბიოგრაფიული ტექსტების გაცნობა მოსწავლეებს განუვითარებს ინტერდისციპლინურ ხედვას, ხელს შეუწყობს ცოდნის გამთლიანებას ამა თუ იმ ისტორიული მოვლენის გარშემო. მოსწავლეებს შეეძლებათ, კერძო პირის ცხოვრების მიღმა საზოგადოებრივი პროცესები დაინახონ და ინდივიდის ბიოგრაფია ფართო სოციოკულტურულ კონტექსტში გააანალიზონ.
დღესდღეობით ქართული ლიტერატურის სახელმძღვანელოებში ძირითად ან დამხმარე სასწავლო მასალად ბიოგრაფიული ლიტერატურა ძალიან მწირად არის წარმოდგენილი, მაშინ როდესაც საბჭოთა პერიოდის ქრესტომათიებში თითოეულ საპროგრამო ტექსტს დართული ჰქონდა ბიოგრაფიული ცნობები ავტორის შესახებ. მნიშვნელოვანია, რომ ქართულსა და ისტორიაში შეისწავლებოდეს არაიდეოლოგიზებული, საინტერესოდ გადმოცემული ბიოგრაფიული ტექსტები გამოჩენილი ადამიანების შესახებ წარსულიდან და თანამედროვეობიდან.
ხშირად უთქვამთ, რომ საქართველოს ისტორია მეფეებისა და გმირების ისტორიაა. საქართველოში ავტორიტეტების ერთგულნი უფრო ვართ, ვიდრე ცალკეული ღირებულებებისა. ამის გათვალისწინებით, გამოჩენილი ადამიანების ბიოგრაფიები უნდა წარმოაჩენდეს არა იდეალიზებულ და მითოლოგიზებულ ხატებს, არამედ რეალურ პიროვნებებს მათი ღირსებებით, დამსახურებებითა და შეცდომებით.
ბიოგრაფიული ნარატივი შეიძლება იყოს ბიოგრაფია, ავტობიოგრაფია ან მხატვრულ ტექსტში ჩართული ბიოგრაფიული პასაჟი. მის სწავლებას სკოლაში სხვადასხვა მიზანი შეიძლება ჰქონდეს, მაგალითად, ინფორმაციის მიღება,  ლიტერატურათმცოდნეობითი ცნებების (კომპოზიცია, სიუჟეტური ქარგა, ბიოგრაფიული ჟანრი და სხვ.) შესწავლა, ისტორიული მოვლენების კვლევა ინდივიდების ბიოგრაფიის მიღმა, პერსონალური მაგალითების გამოყენებით ზნეობრივი თუ სამოქალაქო ღირებულებების წარმოჩენა. გარდა ამისა, ბიოგრაფიული ნარატივის სწავლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანა შეიძლება იყოს მოსწავლეთა მიერ გმირის ცხოვრებასთან საკუთარი გამოცდილებების იდენტიფიკაცია, რაც მათ აქტუალური პრობლემების გაანალიზებაში დაეხმარებათ. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ბიოგრაფიული ტექსტი ეხმიანებოდეს მოსწავლეთა ფსიქიკურ მზაობას და მათი ასაკისთვის დამახასიათებელ შინაგან კონფლიქტებს.
ბიოგრაფია სხვადასხვა ტიპისა შეიძლება იყოს, მაგალითად, ავთენტური, მხატვრული, დოკუმენტურ-მხატვრული. ავთენტური ბიოგრაფია იყენებს ავთენტურ წყაროებს – პირად წერილებს, დღიურებს, თვითმხილველთა მონათხრობს, ინტერვიუს. მხატვრული ბიოგრაფიის ფაბულა ეფუძნება რეალურ ფაქტებს ისტორიული პირის ცხოვრებიდან, თუმცა სიუჟეტის სტრუქტურა და ენა მხატვრული ნაწარმოების ჟანრობრივი სპეციფიკის შესაბამისია. დოკუმენტურ-მხატვრულ ბიოგრაფიაშიც გამოყენებულია მხატვრული გამომსახველობითი ხერხები, თუმცა თხრობის სტილი და ნაწარმოების კომპოზიცია მიმართულია დოკუმენტური ფაქტების აღწერისკენ.
ფორმის თვალსაზრისით, ბიოგრაფია შეიძლება იყოს სრული ან ნაწილობრივი. ნაწილობრივი ბიოგრაფია ასახავს გმირის ცხოვრების გარკვეულ ეპიზოდს ან ეპიზოდებს.
ბიოგრაფიული ტექსტი, რომელსაც სასწავლო მასალად ვირჩევთ, არ უნდა იყოს გადატვირთული თარიღებითა და ნაკლებად მნიშვნელოვანი მოვლენებით. მეტიც, ისეთი ბიოგრაფიის სწავლებას, სადაც ფაქტები მექანიკურადაა დაჯგუფებული, სჯობს გამოჩენილი ადამიანის შესახებ ერთი მოგონების ან სახალისო ამბის გაცნობა, რაც ტიპობრივად წარმოაჩენს გმირის ხასიათს. ამგვარი გამოსავალი თავიდან აგვარიდებს ერთ ყალიბში მოქცეული ბიოგრაფიების მოსაწყენ დაზუთხვას. ამავე დროს უნდა გავითვალისწინოთ, რომ თითოეული ბიოგრაფია მეტ-ნაკლებად ერთგვარი ელემენტებისგან შედგება: დაბადება, ოჯახი, ბავშვობის წლები, განათლება, დაოჯახება და სხვ. უნდა გავითვალისწინოთ ბიოგრაფიული შაბლონის არსებობაც – ბავშვობაში გამოვლენილი განსაკუთრებული ნიჭი, ლტოლვა თავისუფლებისკენ, თანატოლებისგან განსხვავებული მისწრაფებები, მარტოსულობა და მისთ. ბიოგრაფიაში მთავარი გმირი სრულყოფილად უნდა წარმოჩნდეს. ამისთვის ტექსტში უნდა თანაარსებობდეს შემდეგი ელემენტები: გმირის ცხოვრების გზა, მისი მსოფლმხედველობა, გამონათქვამები, საქმიანობა (რამდენად შეესაბამება მის მიერ დეკლარირებული შეხედულებები რეალურ ცხოვრებისეულ ფაქტებს), რას წერენ მასზე/რას წერს საკუთარ თავზე. ეს ყველაფერი ქმნის ბიოგრაფიულ გმირს, რომელსაც პედაგოგიკაში სრულყოფილ ხასიათს (Round Character) უწოდებენ.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ გმირი რომელიმე თვისებასთან/ხატთან/სტერეოტიპთან კი არ გაიგივდეს, არამედ იყოს დინამიკური (Dynamic Character) და მრავალხმიანი. ამასთანავე, უნდა წარმოჩნდეს მისი შინაგანი წინააღმდეგობები. ეს მოსწავლეებს დაეხმარება, საკუთარ ეგოში გაამთლიანონ რამდენიმე, ხშირად წინააღმდეგობრივი ქვესუბიექტი. სხვისი ბიოგრაფიული მაგალითების ანალიზით ისინი გაითავისებენ, რომ შინაგანი წინააღმდეგობა და კონფლიქტი ადამიანის განვითარების ერთ-ერთი უმთავრესი პირობაა.
ლიტერატურათმცოდნეები და კულტურის ისტორიის მკვლევარნი დიდი ხანია დავობენ იმის შესახებ, ახდენს თუ არა გავლენას მხატვრულ ტექსტზე მისი ავტორის ბიოგრაფია. მე-19 საუკუნეში და მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში განსაკუთრებით უსვამდნენ ხაზს ავტორის როგორც გარკვეული ფსიქიკური და სოციალური განწყობის მქონე პერსონის გავლენას მის შემოქმედებაზე. ამ თვალსაზრისით აღნიშვნას იმსახურებს ტექსტის ინტერპრეტაციის ჰერმენევტიკული მეთოდი, სადაც ჰერმენევტიკული წრის ცნების ერთ-ერთი რგოლი ავტორის ბიოგრაფიაა (იხ. ჩვენი წერილი “ინტერაქციულობა და ქართულის გაკვეთილები”, ნაწ. 2, ჟურნ. “მასწავლებელი” # 3, 2012).
თუკი სასწავლო პროექტის ფარგლებში ტექსტის ჩაღრმავებული კვლევისას მიზნად ავტორის ბიოგრაფიის შესწავლას ვისახავთ, სასურველია, მოსწავლეები ესტუმრონ მწერლის სახლ-მუზეუმს, მოინახულონ ხელნაწერთა თუ ეროვნულ მუზეუმებში დაცული მისი ავტოგრაფები, დააკვირდნენ ტექსტის ისტორიას. მათ უნდა დაინახონ, როგორ იცვლება ნაწარმოების ფორმალური და შინაარსობრივი მხარეები ავტორის ნების ან გარე ფაქტორების (მაგ., სარედაქციო ცენზურის) ჩარევის შედეგად. მოსწავლეებისთვის სახალისო იქნება მწერლის ბიოგრაფიასთან დაკავშირებული არტეფაქტების ანალოგების შექმნა. ასეთი აქტივობები განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ამერიკის შეერთებული შტატების სკოლებში, სადაც მოსწავლეები ამზადებენ გამოჩენილი ადამიანების ცხოვრების გზის ამსახველ პოსტერებს და მასში აპლიკაციების სახით რთავენ არტეფაქტებს.
საგაკვეთილო პროცესში ეფექტურია მოსწავლეებთან ერთად შემდეგი გრაფიკული თვალსაჩინოებების დამზადება: სიცოცხლის ხაზი (Lifeline) – ბარათების ბმული, სადაც მონიშნულია მოვლენა შესაბამისი თარიღით. ასეთივე სავარჯიშო შესაძლოა დამზადდეს ფაზლის (Jigsaw puzzle) ფორმით. ამ შემთხვევაში მოსწავლეები ერთმანეთს დაუკავშირებენ ორ ბარათს, რომელთაგან ერთზე მითითებულია მოვლენა, ხოლო მეორეზე _ თარიღი. ამავე პრინციპით შესაძლებელია ლოტოს თამაშიც.
მწერლის ბიოგრაფიის სწავლებისას საინტერესო იქნება მის ცხოვრებასა და შემოქმედებაში თვისობრივად ახალი ეტაპების გამოყოფა. მხატვრულ ნაწარმოებში ავტორის ბიოგრაფიული გავლენების მონიშვნის მიზნით ეფექტურია შნესკას მეთოდის გამოყენება, რომლის საშუალებით აგრეთვე შესაძლებელია ავტორის შედარება მის მიერ გამოგონილ ლიტერატურულ გმირთან. მოსწავლეები თავად უნდა გაერკვნენ ჟანრობრივ სპეციფიკაში, ნარატიულ თავისებურებებში და პირადი წერილების, დღიურების, მოგონებების გამოყენებით თავად დაწერონ მოღვაწეების ბიოგრაფია ან, პირიქით, ბიოგრაფიულ ტექსტზე დაყრდნობით გამოიგონონ მათი პირადი წერილები და დღიურები. კვლევის, მასალების შეგროვების, ინტერვიუს საუძველზე მოსწავლეებმა მათთვის საინტერესო თანამედროვე მოღვაწის ან თუნდაც საკუთარი ოჯახის წევრის ბიოგრაფია უნდა შეთხზან.
ბიოგრაფიული ტექსტების სწავლება ჟანრობრივ მრავალფეროვნებას შესძენს ქართულის საგანს. მათში ცხადად წარმოჩნდება ინფორმაციის სხვადასხვა სახეობა და ადვილად განირჩევა ისტორიული და ლიტერატურული დისკურსები. გამოჩენილი ადამიანების ცხოვრებისეული გამოცდილების გაცნობა წააქეზებს მოზარდებს საკუთარ გამოცდილებაში ჩაღრმავებისკენ, სააზროვნო ჰორიზონტს გაუფართოებს მათ და, რაც მთავარია, მარადიულ ღირებულებებს აზიარებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი