სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

პერმაკულტურა – კულტურული მიწათმოქმედება

ტერმინი პერმაკულტურა სიტყვების Permanent (მუდმივი, არაერთჯერადი) და Agriculture-ის (სოფლის მეურნეობა) ერთმანეთთან შეერთებით მიიღება. ტერმინის „პერმაკულტურას“ ავტორები ავსტრალიელი ბილ მოლისონი და დევიდ ჰოლგრენი არიან, და ისინი მის ქვეშ მუდმივ, უწყვეტ სოფლის მეურნეობს მოაიზრებენ. მოლისონი და ჰოლგრენი ეკოლოგიურად მიზანშეწონილი სოფლის მეურნეობის მიმდევრები არიან, რომელიც კულტურების მრავალფეროვნებაზეა დაფუძნებული და მეურნეობაში ხეების, ბუჩქების, ბალახების ინტენსიურ ჩართვას გულისხმობს.
პერმაკულტურას საფუძვლი ბუნებრივი სისტემების დაკვირვებით შესწავლა, ტრადიციული სოფლის მეურნეობა და მეცნიერულ-ტექნიკური ცოდნაა. თავდაპირველად პერმაკულტურა ჯანსაღი საკვების წარმოებაზე იყო ორიენტირებული, თუმცა დროთა განმავლობაში მისი ფილოსოფია გაფართოვდა და ახლა ეკონომიკას და სოციალურ სისტემებს მოიცავს. ის საკმაოდ დინამიური საქმიანოაბაა და კიდევ ვითარდება და მრავალფეროვან მნიშვნელობას იძენს.
დღესდღეობით, პერმაკულტურა დიზაინის სისტემას წარმოადგენს, რომლის მიზანი ეკოლოგიურად მიზანშეწონილი მოდელების საფუძველზე ადამიანის გარემო სივრცის ორგანიზებაა. პერმაკულტურა თანაბრად მოიცავს მემცენარეობას, მეცხოველეობას, მშენებლობას და აგრეთვე ინფრასტრუქტურას – წყალს, ენერგიასა და კომუნიკაციებს. იგი უფრო მეტად ორიენტირებულია ადამიანის ირგვლივ არსებული ბუნების ყველა კომპონენტებს შორის ურთიერთკავშირების შექმნაზე. სწორად გამართული პერმაკულტურა ბუნებასთან იდეალური თანამშრომლობის მაგალითია, როცა თითოეული ელემენტი – მცენარე, ცხოველი, სახლი, ღობე, წყალი, ადამიანი მთელი სისტემის ნაწილია და ერთდროულად რამოდენიმე ფუნქციას ასრულებს.
პერმაკულტურის ამოცანა ისეთი სისტემების შექმნაა, რომლებიც ეკოლოგიური თვალსაზრისით მიზანშეწონილი და ეკონომიკურად სიცოცხლისუნარინაი იქნება. ამასთან, ეს სისტემები უნდა უზრუნველყოფდენ თავიანთ თავს, არ ანადგურებდნენ გარემოს და რაც შეიძლება დიდი ხნის განმავლობაში ინარჩუნებდნენ მდგრადობას. პერმაკულტურული სისტემის მეშვეობით ჩვენ შეგვიძლია ვიარსებოთ დედამიწაზე, ვისარგებლოთ იმ კვებითი და ბუნებრივი რესურსებით, რომელიც უხვად მოიპოვება, მხოლოდ იმ პირობით, რომ ამით დედამიწაზე სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ბუნებასთან ჰარმონია შესაძლებელია იმ პირობით, თუ უარვყოფთ მასზე ბატონობის იდეას.
პერმაკულტურის მთავარი ინსტრუმენტია სივრცის ფუნქციონალური ორგანიზაცია. გარემოს ყველა ელემენტს შორის კავშირების იდენტიფიცირება და დამყარებაკონკრეტული ნაკვეთის ჰარმონიული მოწყობის გასაღებია. მიწის დიზაინის კომპეტენტური მიდგომა აუმჯობესებს ტერიტორიის მოვლის ეფექტურობას, ამცირებს შრომის ხარჯებს და ზრდის პროდუქტიულობას.
პერმაკულტურაში არ გამოიყენება სინთეზური სასუქები, პესტიციდები, მცენარეების ზრდის რეგულატორები და სტიმულატორები, გენმოდიფიცირებული თესლები, ცხოველების საკვების დანამატები.

პერმაკულტურის ძირითადი პრინციპებია:
 დაკვირვება და ურთიერთქმედება: სისტემის ყველა ელემენტი ურთიერთქმედებს ერთმანეთთან.
 მრავალფუნქციურობა: თითოეული ელემენტი რამდენიმე ფუნქციას ასრულებს და თითოეული ფუნქცია რამდენიმე ელემენტითაა უზრუნველყოფილი.
 ყველა სახის ენერგიის რაციონალური და ეფექტური გამოყენება.
 ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენება.
 ბუნებრივი მრავალფეროვნების გამოყენება: ერთის დამატება მეორეში და არა გამოყოფა.
 სასარგებლო წარმოება.
 სისტემების ინტენსიური გამოყენება მცირე ფართობზე.
 ბუნებრივი ნაკადებისა და ციკლების გამოყენება და აქტიური მონაწილეობა.
 სასაზღვრო ეფექტების შემუშავება და გამოყენება.
 სივრცის თანდათანობითი განვითარება და გრძელვადიანი შედეგები.
პერმაკულტურის უდავო უპირატესობა მისი მოქნილობაა. ის არ ითვალისწინებს მკაცრ კანონებსა და წესებს, მხოლოდ ბუნებიდან აღებულ გარკვეულ პრინციპებს ეყრდნობა და საქმიანობის ინსტრუმენტებიც თითოეული კონკრეტული შემთხვევისთვის ინდივიდუალურად შეირჩევა. მთავარი პრინციპი კი უცვლელია და ეს ისეთი მდგრადი სისტემების შექმნაა, რომლებიც უზრუნველყოფენ მათ საჭიროებებს და მათ ნარჩენებს გადაამუშავებენ.
პერმაკულტურის ნაკლი სისტემაზე მოქმედი ყველა ფაქტორის გათვალისწინების აუცილებლობაა. ერთი ელემენტის გათვალისწინების გარეშე, სისტემა მთლიანობაში შეიძლება „ჩავარდეს“, თუმცა აქაც პერმაკულტურა გვეხმარება, რადგან მისი ერთ-ერთი პრინციპია კრეატიულობა და ცვლილებაზე რეაგირება.
პერმაკულტურა მოიცავს ბუნებრივი მეურნეობის ყველა პრინციპს, მაგრამ ეს უფრო ფართო კონცეფციაა. ეს არ არის მცენარეების ზრდის ინდივიდუალური მეთოდების ნაკრები, არამედ აზროვნების გზა. პერმაკულტურის ეთიკა მორალური მრწამსისა და კონკრეტული საქციელის ერთობლიობაა, რომლის მიზანი დედამიწაზე ჩვენი არსებობის უზრუნველყოფაა. ეს ეთიკა სამ ძირითად მომენტს მოიცავს: ზრუნვას დედამიწაზე, ზრუნვას ადამიანებზე და აგრეთვე საკუთარი თავისუფალი დროის, ფულისა და ენერგიის დათმობას იმისათვის, რომ შეიქმნას შესაძლებლობა, პირველი ორი მიზნის საუკეთესოდ მიღწევისათვის.
პერმაკულტურის დანერგვისა და განვითარების პროცესში დიდი როლი შეასრულა იაპონელმა მასანობუ ფუკუოკამ, რომელიც საკუთარი მეთოდის გამოყენებით წელიწადში რამდენიმე მოსავალს იღებდა, თანაც მინიმალური შრომითა და ნიადაგის დამუშავების გარეშე. მან შესძლო გაუდაბნოებული ნიადაგების აღდგენა ძალიან მცირე დანახარჯებით, მაშინ როცა ამ პროცესზე ტრადიციულად მილიონები იხარჯება. ფუკუოკას მთავარი მიგნება თესლის თიხის ნაჭუჭში მოქცევა და მიწის ნაკვეთზე მობნევაა. მასანობუ ფუკუოკა თავის წიგნში „ერთი ლერწმის რევოლუცია“, რომელიც 1975 წელს გამოქვეყნდა წერს: „პერმაკულტურა ბუნებასთან თანამშრომლობის და არა მასთან ბრძოლის ფილოსოფიაა, რომელიც გულისხმობს ხანგრძლივ და გააზრებულ დაკვირვებას და არა ხანგრძლივ და უაზრო ფიზიკურ შრომას; ესაა ფილოსოფია, რომელიც მოიაზრებს მცენარეებისა და ცხოველებისათვის დამახასიათებელი ყველა ფუნქციის გათვალისწინების აუცილებლობას.“
ზეპ ხოლცერმა ალპებში, სადაც საშუალო წლიური ტემპერატურა 5 გრადუსია, ლიმონის ხე გაზარდა და ნაყოფს იღებს. მისი აწეული კვლები ავტომატურ რეჟიმში იძლევა მოსავალს და მეურნეობაში ცხოველებისა და მცენარეების საოცარი სიმბიოზია. ეს ადამიანი არის ლანდშაფტური დიზაინის დიდოსტატი. დღეს მთელი მსოფლიოს მასშტაბით პრაქტიკულ სემინარებს ატარებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“