პარასკევი, სექტემბერი 22, 2023
22 სექტემბერი, პარასკევი, 2023

მოსწავლე – აქტიური შემსწავლელი

ზარი ირეკება, გაკვეთილი დაიწყო, მასწავლებელი ესალმება მოსწავლეებს და იწყებს გაკვეთილს, სვამს რამდენიმე კითხვას განვლილი მასალის აქტუალიზაციისათვის. ორი -სამი მოსწავლე იწევს ხელს და პასუხობს.

წარმოვიდგინოთ სხვა სცენარი: ზარი ირეკება, გაკვეთილი დაიწყო, მასწავლებელი ესალმება მოსწავლეებს და იწყებს გაკვეთილს, დაფაზე წერს რამდენიმე კითხვას განვლილი მასალის აქტუალიზაციისათვის.  მოსწავლეები რვეულებში წერენ კითხვებზე პასუხს ინდივიდუალურად, შემდეგ მეწყვილეს უზიარებენ საკუთარ მოსაზრებებს, ბოლოს ორი -სამი წყვილი აზიარებს  ჩანაწერებს.

როგორ ფიქრობთ, რომელი სცენარია უკეთესი?

რომელი მასწავლებლის კლასში მოხდება უკეთ საჭირო საკითხის გახსენება?

როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ტრადიციულ კითხვა-პასუხის მეთოდზე, ორი-სამი ხელაწეული მოსწავლე პასუხობს, რას ფიქრობთ მოსწავლეებზე, რომლებიც ხელს არ იწევენ?

ძალიან ხშირად მოსწავლე საკლასო ოთახში ყურადღებით შეჰყურებს მასწავლებელს, თუმცა რეალურად ფიქრებით  საკმაოდ შორს არის. არსებობს უამრავი მეთოდი და აქტივობა, რომელიც დაგვეხმარება მოსწავლე აქტიურად, შემოქმედებითად იყოს ჩართული სწავლების პროცესში.

პერსიდა ჰიმელი  და უილიამ ჰიმელი საკუთარ წიგნში ,, Total participation teqniques” ( მასობრივი ჩართულობის ტექნიკები) გვთავაზობენ საინტერესო მეთოდებს,  მათი  გამოყენება შესაძლებელია სწავლების ნებისმიერ საფეხურზე, ნებისმიერი საგნის შესწავლისას, მასწავლებელს შეუძლია მოდიფიცირება მოახდინოს და მოარგოს საკუთარ მოსწავლეებს.

ჩვენი მოსწავლეების მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებისათვის აუცილებელია, დავეხმაროთ მათ გახდნენ კრიტიკულად მოაზროვნენი, შეძლონ პრობლემის გადაჭრა,  ამისათვის კი საჭიროა საკითხის ღრმად შესწავლა და გააზრება შეძლონ. მნიშვნელოვანია,  გააანალიზონ და შეაფასონ   საკუთარი სწავლის პროცესი.

ყოველთვის, როცა დავაპირებთ დავსვათ კითხვა -,, ვის შეუძლია მიპასუხოს?…“ ან -,, ვინმემ იცის?….“ შევჩერდეთ და შევეცადოთ მოვძებნოთ  უკეთესი გზა, გამოვიყენოთ ის აქტივობა, რომელიც დაგვეხმარება ყველა მოსწავლე აქტიურად ჩაერთოს საკითხის განხილვაში.

 

ჩემი მოსწავლეების საყვარელი აქტივობაა დაფიქრდი-დაწყვილდი-გააზიარე.

დაფიქრდი-დაწყვილდი-გააზიარე

ერთ-ერთი მარტივი აქტივობაa, რომელიც ხშირად შეგვიძლია გამოვიყენოთ, ის არავითარ წინასწარ მომზადებას არ საჭიროებს.

  1. მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, იფიქრონ საკითხის შესახებ, ჩაწერონ რვეულში საკუთარი მოსაზრება;
  2. გაუზიარონ მეზობელს, ერთად დააზუსტონ და შეავსონ;
  3. რამდენიმე წყვილი კლასს უზიარებს საკუთარ ნამუშევარს.

ამ აქტივობის გამოყენებისას შესაძლებელია წყვილები შეიცვალოს, რათა თითოეულმა მოსწავლემ რამდენჯერმე გაიმეოროს შესასწავლი საკითხი.

სწრაფი ჩანაწერი

ეს აქტივობა ხელს უწყობს  მეტაკოგნიტური  უნარების განვითარებას.

მასწავლებელი ეუბნება მოსწავლეებს:

,,-სამი წუთი გაქვთ, დაწერეთ ფურცელზე სწავლის პროცესის რეფლექსია:- რა ვისწავლეთ? – რა იყო რთული?  – რა გაგიადვილდა?“

წერის პროცესის დასრულების შემდეგ მოსწავლეები დაფაზე ამაგრებენ საკუთარ ნამუშევრებს, შემდეგ ეძებენ ან მსგავს ან განსხვავებულ მოსაზრებებს.

მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებისათვის მარტივი კითხვა – ,, რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?“ – შესაძლებელია დაეხმაროს მოსწავლეებს, ღრმად გაიაზრონ შესასწავლი საკითხი.

მასწავლებლის კითხვა შეიძლება ასეთი იყოს :

„- სამი წუთი გაქვთ, დაწერეთ ფურცელზე, რა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი დღეს შესწავლილი საკითხებიდან? რატომ იყო მნიშვნელოვანი? “

ამ აქტივობას შეიძლება ,,დაფიქრდი-დაწყვილდი-გააზიარე” აქტივობის მსგავსი საფეხურებიც მოჰყვეს, ჯერ წყვილებში და შემდეგ მთელ კლასთან ერთად განიხილონ მნიშვნელოვანი საკითხები.

ეს აქტივობა შეიძლება გამოვიყენოთ გაკვეთილის ნებისმიერ ეტაპზე, როცა საჭიროდ ჩავთვლით, მოსწავლეებმა განიხილონ თემის მნიშვნელოვანი ასპექტები.

სწრაფი ჩანახატი

ეს აქტივობა საშუალებას აძლევს მოსწავლეებს,  საკუთარი მოსაზრება გამოხატონ აბსტრაქტულად, ნახატის სახით.

ნებისმიერი ასაკის მოსწავლეს, ნებისმიერი საკითხის შესწავლისას, შეიძლება ვთხოვოთ შექმნას ვიზუალური სურათი  თემის მნიშვნელოვან ასპექტებზე. ამისათვის გამოვყოთ დრო, დაახლოებით 3-5 წთ. შემდეგ კი  მოსწავლეები  საკუთარი ნახატების პრეზენტაციას გააკეთებენ. შესაძლებელია ნამუშევრების გამოფენაც მოეწყოს.

რიგში  ან წრეზე დგომა

ეს სახალისო აქტივობა მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, ადგილებიდან წამოდგნენ და მოსაზრებები ერთმანეთს გაუზიარონ, საკლასო ოთახის მოწყობაზეა დამოკიდებული მოსწავლეების სწორ ხაზზე (რიგში ) ჩადგებიან თუ წრეზე მოეწყობიან, ორივე შემთხვევაში მოსწავლეები წყვილდებიან შემთხვევითობის პრინციპით. ამ აქტივობის პირველად გამოყენების დროს შეიძლება მოსწავლეები დაიბნენ, ამიტომ დაწყებამდე აუცილებელია დეტალური ინსტრუქცია.

  1. მასწავლებელი ამზადებს სადისკუსიო კითხვებს. მოსწავლეები წინასწარ  ეცნობიან კითხვებს, ამზადებენ პასუხებს, აკეთებენ ჩანაწერებს, აქტივობის მსვლელობისას ნებადართულია წიგნების გამოყენება.
  2. მოსწავლეები დგებიან ორ პარალელურ ხაზზე ან ორ კონცენტრულ წრეწირზე, ბრუნდებიან ერთმანეთისკენ და საუბრობენ.
  3. მოსწავლეები პირველი კითხვის პასუხებს განიხილავენ მეწყვილესთან ერთად.
  4. 2-3 წუთის შემდეგ ზარის დარეკვის ან სხვა მინიშნების შემდეგ მოსწავლეები გადაადგილდებიან, გადაინაცვლებენ ერთი ნაბიჯით, ისე რომ აღმოჩნდებიან სხვა მოსწავლის პირისპირ და იწყებენ მეორე კითხვის შესახებ მსჯელობას.
  5. მოსწავლეების საუბრის დროს მასწავლებელი გადაადგილდება რიგებს შორის, ისმენს მათ მოსაზრებებს.

იმისათვის რომ ეს აქტივობა საინტერესოდ წარიმართოს, საჭიროა შერჩეული კითხვები მოსწავლეთა მოსაზრებების დასაბუთებას, კავშირების აღმოჩენას, რაციონალურ გადაწყვეტილებებს მოითხოვდეს. თუ დასმული კითხვები მხოლოდ კი/არა პასუხებს მოითხოვს, აქტივობის მიმდინარეობა უინტერესო იქნება.

ქსელური კავშირები

ეს აქტივობა საუკეთესო საშუალებაა საკლასო ურთიერთობების ჩამოყალიბებისათვის.

დეტალური ინსტრუქცია:

  1. მასწავლებელი წინასწარ ამზადებს რამდენიმე შეკითხვას. სთხოვს მოსწავლეებს, დაწერონ პასუხები რვეულში ( მაგალითად: 1. ახსენით, რატომაა ნებისმიერი ორი 300-600-900კუთხეებიანი სამკუთხედი მსგავსი? 2. რა იცი მართკუთხა სამკუთხედების შესახებ?)
  2. იპოვოს ვიღაც, ვისთანაც დღეს არ უსაუბრია და განიხილოს მასწავლებლის კითხვის პასუხი მასთან ერთად.
  3. განსაზღვრული დროის გასვლის შემდეგ ზარის ხმაზე ან სხვა წინასწარ შეთანხმებულ ნიშანზე ეძებენ მეწყვილეს, რომელთან ერთადაც ჯერ არ უმუშავიათ.
  4. მეორე მეწყვილესთან განიხილავენ მეორე შეკითხვას.
  5. ასე გრძელდება სანამ ყველა საკითხი არ იქნება განხილული.
  6. მასწავლებელი მოძრაობს წყვილებს შორის, აკვირდება განხილვის პროცესს.

სწავლა-სწავლების პროცესში ჩვენი მიზანია, ვასწავლოთ ყველა მოსწავლეს.  ზემოთ განხილული მარტივი ტექნიკების გამოყენებას არ სჭირდება წინასწარი მომზადება ან რესურსი, ადვილად დასამახსოვრებელია მოსწავლეების მიერ. მათი გამოყენებით ჩვენი თითოეული მოსწავლე აქტიურად იქნება გაკვეთილის მსვლელობაში  ჩართული.

რა თქმა უნდა, შესაძლებელია დავსვათ კითხვა ,,ვის შეუძლია გვითხრას..?“ თუმცა ეს უნდა იყოს ბოლო აქტივობა, რომელსაც ჩვენ განვახორციელებთ, სხვა ნაბიჯების შემდეგ.

გამოყენებული ლიტერატურა    

Persida Himmele, William Himmele  (2017) Total participation techniques.

ფოტო -https://www.freepik.com/premium-vector/kids-classroom-multicultural-pupils-boys-girls-sit-desks-lesson-primary-learning-children-study-subject-write-answer-questions-school-class-interior-cartoon-vector-flat-concept_19960118.htm

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი