ორშაბათი, აპრილი 29, 2024
29 აპრილი, ორშაბათი, 2024

საგანმანათლებლო-შემეცნებითი ვიზიტები მუზეუმში

მუზეუმებში საგანმანათლებლო ვიზიტებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მოსწავლის ცნობიერებისა და თვითშეგნების  ჩამოყალიბებაში. მუზეუმებთან ურთიერთობით მოსწავლეს უყალიბდება ღირებულებითი დამოკიდებულება ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის მიმართ, სწავლობს საგნებისა და მოვლენების ახლებურ ხედვას, ეჩვევა კულტურულ ძეგლებთან ურთიერთობას, უვითარდება შემოქმედებითი ინტერესები.

მუზეუმებში ვიზიტის დაგეგმვას მთელი რიგი მოსამზადებელი სამუშაოები სჭირდება, როგორებიცაა: კლასის კრების მოწვევა და მშობლების ინფორმირება/ჩართვა ვიზიტის მომზადებაში,  მოსწავლეებისთვის მუზეუმებში მოქცევის წესების გაცნობა, რესურსების მობილიზება, ვიზიტის გეგმის შედგენა და დროის განაწილება, მუზეუმების შესახებ  ინფორმაციის მიწოდება – ეს ინფორმაცია შეიძლება მიეწოდოს ვიდეორესურსების სახითაც, როგორიცაა, მაგალითად: საზოგადოებრივი არხის ჟურნალისტის, სალომე დადუნაშვილის, საავტორო გადაცემის „ერთი დღე მუზეუმში“ ჩანაწერები.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საგანმანათლებლო-შემეცნებითი სასწავლო აქტივობების სწორად და ეფექტურად დაგეგმვა და განხორციელება. მინდა გიამბოთ მუზეუმებში ჩემ მიერ სადამრიგებლო კლასში (მეხუთე კლასი) დაგეგმილ   და განხორციელებულ აქტივობებზე, რომელთა  შედეგები ეფექტიანი აღმოჩნდა. რა თქმა უნდა, ვიზიტამდე ყველა მოსამზადებელი სამუშაო ჩავატარე. ვინაიდან მეხუთეკლასელები პატარები არიან, ვიზიტები დავგეგმე ტერიტორიულად ახლომდებარე მუზეუმებში: ბორჯღალოს ეთნოგრაფიულ მუზეუმსა და გონიოს ციხის არქეოლოგიურ მუზეუმში.  დავგეგმე და განვახორციელე  საინტერესო აქტივობები: „სამუზეუმეო ნივთის აღწერა“ და  „სამუზეუმეო ნივთის ყოფილი მფლობელის წარმოსახვითი პორტრეტის შექმნა“. წარმოგიდგენთ თითოეულ აქტივობას.

 

ვიზიტი ბორჯღალოს მუზეუმში (ქალაქი ბათუმი, დაბა ხელვაჩაური)

აქტივობა -„ სამუზეუმეო  ნივთის აღწერა“ (ინდივიდუალური სამუშაო).

მუზეუმის გიდის ლექციის მოსმენისა და მუზეუმის სივრცის დათვალიერების შემდეგ, მოსწავლეებს მივეცი  დავალება: შეარჩიონ სამუზეუმეო სივრციდან ერთი რომელიმე ნივთი, საგანი, რომელმაც მათი დაინტერესება გამოიწვია და აღწერონ წერილობით. გამოიყენონ გიდის ლექციაც, მუზეუმში არსებული წარწერებიც და დაიხმარონ მშობლებიც, თუ რაიმე გაუგებარი აღმოჩნდა (ეს ვიზიტი დაგეგმილი მქონდა მშობლებთან და მოსწავლეებთან ერთად). აღწერითი ტექსტს დაურთონ ნახატიც და მოამზადონ ნაშრომი წარსადგენად. მუშაობის პროცესი საინტერესოდ წარიმართა, ბავშვები პასუხისმგებლობით მიუდგნენ დავალებას, შეარჩიეს აღსაწერი ნივთი და სამუშაო სივრცე. მუზეუმში  დიდი და კომფორტული სივრცეებია, ამიტომ ბავშვები თავისუფლად მუშაობდნენ. აქტივობაში ჩართული იყვნენ მშობლებიც, დავალების შესრულების პროცესს მასწავლებლები ვაკვირდებოდით და რეკომენდაციებსაც ვაძლევდით. სამუშაოს დასრულების შემდეგ მუზეუმის ეზოში პრეზენტაციებიც დავიწყეთ. თითოეულმა მოსწავლემ წარადგინა თავისი ნაშრომი. მოსწავლეთა პრეზენტაციებს მუზეუმის დამაარსებელი ქემალ თურმანიძეც ესწრებოდა. მან პოზიტიური შეფასებები მისცა თითოეულ მოსწავლეს,  საუკეთესოდ შეაფასა ჩვენი აქტივობა და მადლობა გადაუხადა ბავშვებს დაინტერესებისთვის.

 

ვიზიტი გონიოს ციხის მუზეუმში (ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, სოფელი გონიო)

აქტივობა „სამუზეუმეო ნივთის ყოფილი მფლობელის წარმოსახვითი პორტრეტის შექმნა.“ (ჯგუფური სამუშაო).

მუზეუმის გიდის ლექციის მოსმენისა და მუზეუმის სივრცის დათვალიერების შემდეგ მოსწავლეები დავყავი ოთხ ჯგუფად და მივეცი ასეთი დავალება: შექმნან/დახატონ სამუზეუმეო ნივთის ყოფილი  მფლობელის წარმოსახვითი პორტრეტი. დავალებებისთვის მუზეუმიდან შერჩეული მქონდა შემდეგი ნივთები: ქალის ცისფერთვლიანი მძივი და რომაელი ლეგიონერების კატაპულტა, კარავი და შუბი. რა თქმა უნდა, მშობლებიც უნდა დახმარებოდნენ ბავშვებს დავალებების შესრულებაში. როცა ნივთის ყოფილი  მფლობელის წარმოსახვით პორტრეტს შექმნიდნენ, პრეზენტაცია უნდა გაეკეთებინათ ჯგუფურად. მშობლებმა ჯგუფებს სამუშაო მასალაც მიაწოდეს (ფანქრები, ფლომასტერები და ფურცლები). აქაც საინტერესოდ წარიმართა მუშაობა. მოსწავლეები გიდისგან იღებდნენ დამატებით ინფორმაციას, ინტერნეტით იძიებდნენ ინფორმაციას იმ ეპოქის შესაბამისი ჩაცმულობის, აღჭურვილობის შესახებ,  მშობლებისგან იღებდნენ რჩევებს. პრეზენტაციები მუზეუმის ეზოში  გაიმართა წინასწარ შერჩეულ ადგილას. თითოეულმა ჯგუფმა საინტერესო ნაშრომები წარმოადგინა, წარდგენაში ჯგუფის ყველა წევრი მონაწილეობდა. პრეზენტაციები შეაფასა მშობლებისა და მასწავლებლებისგან შემდგარმა ჟიურიმ და თითოეული ნამუშევარი საუკეთესოდ აღიარა.

მოსწავლეებმა  იმუშავეს გააზრებულად, მოიძიეს ინფორმაციები, გააკეთეს არჩევანი,  შექმნეს წერილობითი ტექსტები, შექმნეს შემოქმედებითი პროდუქტები,  ითანამშრომლეს მშობლებთან, გიდთან და ერთმანეთთან, პრეზენტაციები წარმოადგინეს მშობლების, მასწავლებლებისა და მუზეუმის თანამშრომლების წინაშე და იყვნენ ბედნიერნი და კმაყოფილნი თავიანთი შედეგებით.

მუზეუმებში ამგვარი აქტივობებით დაგეგმილი ვიზიტები მოსწავლეებისთვის  არის როგორც სახალისო და  გასართობი აქტივობა, ასევე – საგანმანათლებლო და შემეცნებითი აქტივობაც, მუზეუმებში მოსწავლეები არა მარტო ისმენენ ინფორმაციას და ათვალიერებენ სამუზეუმო ექსპონატებს, არამედ აქ მიღებულ ინფორმაციას თავიანთ წარმოდგენებში აცოცხლებენ და გარდაქმნიან შემოქმედებით პროდუქტად.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი