არასდროს დამავიწყდება ის დღე, როდესაც სპეციალურ მასწავლებლად დავიწყე მუშაობა. ვიცოდი,რომ სირთულეების მიუხედავად,ძალიან საინტერესო და შინაარსიანი სასწავლო წელი მელოდა.
ეს გოგონები რომ გავიცანი, ძალიან პატარები იყვნენ. დაახლოებით 14-15 წლის.
მას შემდეგ 5 წელია ერთად მოვდივართ, ერთად დავუმტკიცეთ ყველას,რომ შეუძლებელი არაფერია!
ყრუ და სმენადაზიანებული პირების მთავარ დაბრკოლებად კომუნიკაციის სირთულე რჩება.
სამწუხაროდ სმენადაზიანებული პირების ოჯახის წევრებმა ხშირად არ იციან ჟესტური ენა და თავისი გამოგონილი ჟესტებით უწევთ ურთიერთობა, ეს კი სოციალური პრობლემებითაა გამოწვეული.მშობელმა თუ არ იმუშავა, ვერ არჩენს ოჯახს. ასეთ დროს ბავშვები მთლიანად სკოლის და მასწავლებლების იმედად რჩება.
იმ წელს მეოთხე საჯარო სკოლაში სამი სმენადაქვეითებული მოსწავლე სწავლობდა და მე გადავწყვიტე, რაც არ უნდა დამჯდომოდა, უნდა მესწავლა მეც და ესწავლათ გოგონებსაც ჟესტური ენა.
სოციალურ საწარმო „თავისუფალ სივრცეში” იყო ჟესტური ენის შემსწავლელი კურსები, იქ დავიწყეთ ერთად სიარული, შემდეგ მერიის ახალგაზრდულ ცენტრში და ბოლოს ერთად აღმოვჩნდით ყრუთა კავშირის აჭარის ფილიალში, სადაც დღემდე დავდივართ. ვართ ყრუთა კავშირის წევრები და ახლა ცირა და ნინო მე მეხმარებიან და მასწავლიან სხვადასხვა ჟესტებს.
მახსოვს პროექტები ” ჩვენ ვირჩევთ პროფესიას” და “ამ პატარა ხელებით”, სადაც ფინალში ყოველთვის ვამბობდი, რომ, ეს ქვეყანა ჩემი,შენი და მათია(შშმ პირების) და მათაც უნდა შეძლონ ფეხზე მყარად დგომა და ცხოვრების დამოუკიდებლად გაგრძელება!
კოლეჯ ბლექსის პროფესიონალი პედაგოგების და თარჯიმნის დახმარებით, ცირა და ნინო პროფესიონალი კონდიტრები არიან!
მადლობა პირველ რიგში სახელმწიფოს, განათლების სამინისტროს, ინკლუზიური განათლების მხარდაჭერისთვის!
ეს და კიდევ სხვა ბევრი შშმ პირი არის მაგალითი იმისა, რომ შეუძლებელი არაფერია!
ოპრა უინფრის სიტყვებს მოვიშველიებ: „შენ ხდები ის, რისიც გჯერა. და გჯეროდეს, რომ შენ ხარ შექმნილი ძალით, რომელიც შენზე დიდია, ნიშნავს, რომ ყველაფერი შესაძლებელია.”