ორშაბათი, ივლისი 22, 2024
22 ივლისი, ორშაბათი, 2024

„თაობათა თეორია“ ანუ „მამათა და შვილთა ბრძოლა“ ჩვენებურად

ცხოვრება სავსეა დაყოფებით, გაყოფებით, შემდეგ ამ დაყოფებთან იდენტობებით, შემდეგ დაყოფილთა დაპირისპირებებით, კონფლიქტებით, თავისებურებებით, განსხვავებულობებით და ასე შემდეგ.

თითქოს ყველას ერთი პლანეტა გვაერთიანებს, მაგრამ რამდენადაც გვაერთიანებს, იმდენად გვყოფს კიდეც. ყველა სხვა დაყოფებს შორის თაობებიც დაიყო. ერთი შეხედვით, ეს ბუნებრივი პროცესია, რომ განსხვავებულ დროში, განსხვავებულ სოციალურ და პოლიტიკურ კონტექსტებში თაობა იძენს თავის მახასიათებლებს და მათი გათვალისწინება სასარგებლოა იმისათვის, რომ მეორე ადამიანს, სხვა თაობას, უკეთ გაუგო და გესმოდეს მისი. კონსტრუქციული საზოგადოება ასეც მოიქცევა, მაგრამ, ზოგ შემთხვევაში, ურთიერთმიუღებლობა ზღვარს აღწევს და კონფლიქტებში გადადის. არადა, ყველა თაობას თავისი უნიკალურობის გამო შეუძლია გამოცდილებებით გამდიდრება.

„თაობათა თეორია“ ამ ბოლო დროს განსაკუთრებით აქტუალური გახდა. 7-8 მარტის აქციებზე აქტიურობით Gen.Z თაობა გახდა გამორჩეული. ზოგ შემთხვევაში, ზედმეტადაც გვიყვარს ხოლმე უტრირება, მაგრამ არც ურთიერთმიუღებლობაა ჩვენთვის ახალი ხილი. ჰოდა, ასე მოხდა ამჯერადაც.

ჯერ მოდი, გავარკვიოთ, მაინც რას გვეუბნება „თაობათა თეორია“? მოდი, განმარტებებიდან დავიწყოთ:

თაობა სოციალურ-ასაკობრივი კატეგორია, ნომინალური ჯგუფია. ეს ტერმინი სხვადასხვა მნიშვნელობით გამოიყენება. დემოგრაფიული თვალსაზრისით, თაობა არის ასაკობრივი ჯგუფი, დროის დაახლოებით ერთსა და იმავე პერიოდში დაბადებული ადამიანების ერთობლიობა (მაგ., 1940 წ. დაბადებულთა თაობა, 1940-1945 წლებში დაბადებულთა თაობა და ა.შ.). თაობად მიჩნეულია დროის შუალედი, დაახლოებით 20-30 წელი, რომელიც თითოეულ ბუნებრივ თაობას აშორებს შემდგომისაგან, ე.ი. პერიოდი, გარკვეული ასაკობრივი ერთობლიობის დაბადებასა და მათი შვილების დაბადებას შორის.

გენეალოგიური თვალსაზრისით თაობა აღნიშნავს საერთო წინაპრისაგან წარმოშობილ კოჰორტას. მიუხედავად კონცეპტუალური სიძნელეებისა, მოცემული ცნება დიდ როლს ასრულებს სოციოლოგიაში. სოციოლოგიური მნიშვნელობით თაობა ნიშნავს საზოგადოების იმ წევრთა ასაკობრივ ჯგუფს, რომლებიც არა მარტო დაახლოებით ერთსა და იმავე დროს დაიბადნენ, არამედ საერთო ცხოვრებისეული გამოცდილება, ინტერესები, შეხედულებები, აღქმის უნარი და იდენტური თვითცნობიერება (თვითშეგნება) აქვთ. ისინი განიხილებიან, როგორც გარკვეული კოლექტიური ერთობა (მაგ., XX ს–ის ოთხმოციანელთა თაობა, II მსოფლიო ომის თაობა, ე.წ. „დაკარგული თაობა“, აფხაზეთის კონფლიქტის თაობა და ა.შ.). კარლ მანჰაიმი (Karl Mannheim, The problem of generations, 1952)[1]

„თაობათა თეორია“ არის უილიამ შტრაუსისა და ნილ ჰოუს მიერ შემუშავებული თეორია. 1991 გამოქვეყნდა მათი ერთობლივი წიგნი, „თაობები“, («Generations»)[2]. ამ ნაშრომით თაობათა კლასიფიკაცია ასე გამოიყურება:

ჩუმი თაობა (1928-45),

ბუმერები (1946-64),

თაობა იქსი (1965-80),

მილენიუმის თაობა (მილენიალები 1981-96),

თაობა ზეტი (1997-2012 ზუმერებად) და

თაობა ალფა (2010-20).

რა არის ახალი თაობათა დაპირისპირებაში…? აგერ გავიხსენოთ „მამათა და შვილთა ბრძოლა“. არც ისინი ზომავდნენ ერთმანეთისათვის ნასროლ სიტყვებს.

„მოვიდენ… და რა?

სულ ჩაგვამწარა…

ვაი ჩვენს იმედს…

ვაი თქვენს მოსვლას!..“ (გრიგოლ ორბელიანი)

ილია ჭავჭავაძეც არ ინდობს მამების თაობას შვილების თაობის სახელით:

„ჩვენ მოკუნტულნი,

თქვენ გაბღენძილნი,

ვერა ვთავსდებით ერთმანეთშია….“.

ჩვენ შეგვიძლია, უამრავი პარალელი დავძებნოთ თანამედროვეობაში თაობათა მსგავსი სულისკვეთებისა.

რა მოიტანა ამ შეუთავსებლობამ…? ილიას მკვლელობა… იდეების განადგურება.

ყოველი თაობა ისევ თავიდან იწყებს. პირველაღმომჩენის ენთუზიაზმით „მამები და შვილები“ კვლავ და კვლავ იმეორებენ ერთსა და იმავეს: სხვადასხვა სიტყვებით, პროზაულად და არა პოეზიით, მაგრამ არსით მსგავსი ბრძოლაა თაობების ბრძოლა. ცოტა ხნის წინ რომელიღაც არხზე, თაობა იქსის წარმომადგენელი ამბობდა: „ჩვენ გავიარეთ 90-იანები, 9 აპრილი, სამოქალაქო ომი, აფხაზეთის ომი… რევოლუცია… ჯერ ახალგაზრდებს ეს არ ესმით, რაც ჩვენ ვიცით, დრო მოვა და გაიგებენ…“. როცა ეს ფრაზა გავიგონე: „დრო მოვა და გაიგებენ“ – ჩემთვის ფიქრი გავაგრძელე… ამ ქალბატონის წინა თაობა იმავეს ამბობდა, სხვა მოვლენებზე, რომელიც მისმა თაობამ ვერ გაიგო, მერე დრო მოვიდა და გაიგო და ახლა ამბობს, რომ დრო მოვა და ახალგაზრდებიც გაიგებენ, რა ხდება… შემდეგ, დიდი ალბათობით, როცა ეს ახალგაზრდები მამების თაობაში გადაინაცვლებენ და „დრო რომ მოვა, გაიგებენ“, აუცილებლად იმავეს ეტყვიან თავიანთ შვილებს… ის შვილები – თავის შვილებს… და ამ ფიქრში მივხვდი, რომ ერთადერთი, რისთვისაც ვცხოვრობთ ისაა, რომ: „დრო მოვა და გავიგებთ“, სხვა არაფერი იცვლება, ან იცვლება უმნიშვნელოდ. ყოველ შემთხვევაში, ტრანსფორმირებულ ცნობიერებას და საზოგადოებას ვერ ვხედავთ. ჰოდა, მორბენალი სტრიქონივით დაგვდევს ფრაზა: „ჩვენმა შვილებმა მაინც იცხოვრონ თავისუფალ საქართველოში“, რომ „აწმყო თუ არა გვწყალობს, მომავალი – ჩვენია!“. და რადგან სულ აწმყოა და მომავალი არასდროს დგება, დავდივართ ჩაკეტილ წრეზე…

მე კი მინდა, რომ ჩემი შვილები და შვილიშვილები და მეც – ყველა ბედნიერები ვიყოთ! როგორ…? – არ ვიცი, მაგრამ აუცილებელია, პარადიგმა გამოვცვალოთ!

 

P.S. „თაობათა დაყოფა“ ასტროლოგიას მაგონებს: სხვადასხვა ნიშნის ქვეშ დაბადებულებს რომ თავისი მახასიათებლები აქვთ… რომ პლანეტები გვმართავენ, რომ უნდა ვიცოდეთ, მთვარის ფაზები და პლანეტათა განლაგება, რომ ფეხი უნდა ავუწყოთ ჰოროსკოპებს და ასე შემდეგ… ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, მართლაც არსებობს და მოქმედებს ადამიანებზეც, მაგრამ ისიც ნათქვამია: „ბრძენები მართავენ ვარსკვლავებს, ბრიყვები – იმართებიან ვარსკვლავების მიერ“.

 

[1] https://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=6&t=4319

 

[2] Howe, Neil; Strauss, William. (1991). Generations: The History of America’s Future, 1584 to 2069. New York:

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“