შაბათი, მარტი 2, 2024
2 მარტი, შაბათი, 2024

ჩემი ილუსტრირებული ანბანი

ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, პირველ კლასში, საანბანო პერიოდში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა დეკოდირება-კოდირებაზე მუშაობას.

დეკოდირება, ანუ გაშიფვრა არის სიტყვის გრაფიკული ხატის აკუსტიკურ ხატად კონვერტირება, ასოების ამოცნობა და მათი დაკავშირება შესაბამის ბგერებთან; ბგერების სიტყვად გამთლიანება, აკუსტიკური ხატის სიტყვის მნიშვნელობასთან დაკავშირება.

სიტყვის დეკოდირება/ცნობა ორი ძირითადი მოქმედების შესრულებას გულისხმობს: სიტყვის გონებაში გახმოვანებას (ე.წ. შინაგანი „გაბგერება“) და მისთვის მნიშვნელობის „მინიჭებას“. ეს უკანასკნელი ნიშნავს არა სიტყვისთვის ახალი შინაარსის მიკუთვნებას, არამედ მოცემულ კონტექსტში კონკრეტული ინდივიდის მიერ ამ დაწერილი სიტყვის დაკავშირებას მის მნიშვნელობასთან. მას შემდეგ, რაც სიტყვების დეკოდირება ავტომატურ რეჟიმზე გადაერთვება, მკითხველი ადვილად „გამოიხმობს“ მათ მნიშვნელობას „გონებრივი ლექსიკონიდან“, რაც წაკითხულის გააზრებას საგრძნობლად აადვილებს (კარგი სკოლა – კითხვისა და წერის სწავლება დაწყებით საფეხურზე- G-Pried-დაწყებითი განათლების პროექტი).

კომპლექსური დავალების სარეკომენდაციო ნიმუშში (ავტორი – დაწყებითი განათლების ექსპერტი, სსიპ გორის მე-8 საჯარო სკოლის მენტორი მასწავლებელი, ვერიკო სომხიშვილი) წარმოდგენილია ასო „ჟ“-ს შესწავლის ორიგინალური და საინტერესო მეთოდები, რომელიც მასწავლებელსა და მოსწავლეს საშუალებას აძლევს, ნიმუშზე დაყრდნობით, წარმატებით განახორციელოს საანბანო პერიოდის გრძელვადიანი მიზანი – დეკოდირება-კოდირება და ნებისმიერი ასოს შესწავლის პროცესი მსგავსი ეტაპებითა და ნაბიჯებით წარმართოს, სურვილისამებრ შეცვალოს და გაამდიდროს სამიზნე ცნების შესაბამისი რესურსებით და აქტივობებით.

 

გრძელვადიანი მიზნები – სამიზნე ცნება – დეკოდირება-კოდირება (შედეგები: (I). 2, 4, 6)

ქვეცნებები: დაწერილი სიტყვა, ასო

სამიზნე ცნების მკვიდრი წარმოდგენებიმოსწავლემ უნდა გააცნობიეროს, რომ:

  1. წარმოთქმული სიტყვა შედგება ბგერებისგან. სიტყვის დასაწერად ვიყენებთ ასოებს, ასოები აღნიშნავს ბგერებს.
  2. ასოები სხვადასხვა ნაწილისგან შედგება და სხვადასხვაგვარად განლაგდება ბადიან სტრიქონზე.
  3. წერისას საჭიროა სიტყვებს შორის მანძილის დაცვა, წინადადების ბოლოს – წერტილის დასმა.
  4. ასოების სიტყვებად და სიტყვების წინადადებად გამთლიანება ვარჯიშს მოითხოვს.

 

საკითხი: ილუსტრირებული ანბანის გვერდის შექმნა „ჟ“ ასოზე

საკვანძო შეკითხვა: როგორ შევქმნა ილუსტრირებული ანბანის გვერდი? როგორ წარმოვაჩინო ახალი ასოების ცოდნა? როგორ გამოვწერო სიტყვები? როგორ გამოვწერო წინადადება?

ქვესაკითხი: „ჟ“ ასო, ამ ასოსგან შედგენილი მარცვლები, სიტყვები, მისი ნაწილები, განაწილება ბადიანი სტრიქონის უჯრაში

 

კომპლექსური დავალება – ჩემი ილუსტრირებული ანბანი (საანბანო პერიოდის პროექტი)

მოამზადე ნასწავლი ასოს („ჟ“) საანბანო გვერდი შენი ილუსტრირებული ანბანისთვის.

ამისათვის:

  • გამოწერე ახლად ნასწავლი ასო/ასოები და რამდენიმე ნაცნობი სიტყვა, რომლებშიც ეს ასოები გვხვდება.
  • პლასტილინით ან სახატავი საშუალებებით შექმენი ისეთი სიტყვების გამოსახულება/ნახატები, რომლებიც ამ ასოზე/ასოებზე იწყება.
  • დაწერე ერთი წინადადება.

 

დავალების შეფასების კრიტერიუმები

ნამუშევრის წარდგენისას წარმოაჩინე:

  • რომელ ბგერას/ბგერებს გამოხატავს ახლად ნასწავლი ასო/ასოები (დ.1);
  • რა ნაწილებისგან შედგება გამოწერილი ასოები და ბადიანი სტრიქონის რომელ უჯრებში (ზედა, ქვედა, შუა) იწერება (დ. 2);
  • რამდენი ასოსგან შედგება გამოწერილი სიტყვა; რომელია ეს ასოები (დ. 1);
  • რამდენი სიტყვაა შენ მიერ გამოწერილ წინადადებაში; ახსენი, საიდან ხვდები (დ. 3);
  • გაწაფულად კითხულობ თუ არა ნაცნობ სიტყვებს, წინადადებებს (დ.4);
  • რამდენი სიტყვაა შენ მიერ გამოწერილ წინადადებაში, ახსენი, საიდან ხვდები (დ.3).

 

კომპლექსური დავალების დამუშავების ეტაპები (აქტივობები, რესურსები)

ეტაპი 1. მოსწავლეებისთვის კომპლექსური დავალების/დავალებების პირობის გაცნობა

დავალების მოთხოვნების გაცნობიერება

ილუსტრირებული ანბანის განსხვავებული ნიმუშების ჩვენება

 

  • ახსენით თქვენი სიტყვებით, რას მოითხოვს დავალება?
  • რისი შესწავლა დაგჭირდებათ?
  • თქვენი აზრით, რა გაგიადვილდებათ, რა გაგიძნელდებათ?
  • რაში დაგჭირდებათ დახმარება?

 

ეტაპი 2. კომპლექსურ დავალებაზე/დავალებებზე მუშაობა, დავალების წარდგენა

ნაბიჯი 1. რომელ ბგერას/ბგერებს გამოხატავს ახლად ნასწავლი ასო/ასოები; (მკვ.1); რა ნაწილებისგან შედგება გამოწერილი ასოები და ბადიანი სტრიქონის რომელ უჯრებში (ზედა, ქვედა, შუა) იწერება (მკვ. 2).

ქვესაკითხი: ,,ჟ’’ ასო, ამ ასოსგან შედგენილი მარცვლები, სიტყვები, მისი ნაწილები, განაწილება ბადიანი სტრიქონის უჯრაში.

რესურსი 1: : g-pried საანბან წიგნი ,,ჟირაფი ჟუჟუ“

რესურსი2. ონლაინსავარჯიშო „ჟ“ ასოს ამოსაცნობად https://learningapps.org/display?v=pb3bey7ma19

აქტივობა 1. „ჟ“ ბგერის შემცველი სიტყვების დაშლა ბგერებად და სიტყვებში „ჟ“ ბგერის ადგილმდებარეობის დადგენა: ჟირაფი, მჟავე, მანეჟი, ჟონგლიორი, ჟრიამული, ჟივჟივი, ჟღურტული.

აქტივობა 2. „ჟ“ ასოს გაცნობა და მისი ამოცნობა – შემოხაზვა სიტყვებში; მისი მოძებნა ანბანში.

 

 

აქტივობა 3. „ჟ“ ასოს ამოცნობა, შემოხაზვა და დათვლა ტექსტში ,,ჟირაფი ჟუჟუ“ –https://learningapps.org/display?v=pb3bey7ma19

აქტივობა 4. „ჟ“ ასოს ნაწილების ცნობა (იხ. დან. ასოს ნაწილების ცნობა)

 

აქტივობა 5. მასწავლებელი და მოსწავლეები ერთად აღწერენ (თან მიუთითებენ შესაბამის ნაწილზე) ასოს.

 

აქტივობა 6. ასოს გამოწერა

 

აქტივობა 7. გამოიცანი და დაწერე სიტყვები

შეკითხვები ცოდნის კონსტრუირების ხელშესაწყობად:

  • ამ სიტყვაში მერამდენე ბგერაა „ჟ“? რომელია მისი წინა/მომდევნო ბგერა? (აქტ.1)
  • რომელ ბგერას გამოხატავს ეს ასო?(აქტ.2)
  • სად ხედავ „ჟ“ ასოს შემცველ სიტყვებს?
  • რამდენი ასეთი სიტყვა იპოვე?
  • რა ნაწილებისგან შედგება ეს ასო? როგორ ამოვიცნობ მას? (აქტ.3)
  • როგორ იწერება ეს ასო ბადიან სტრიქონში? (აქტ.4,5,6, )
  • როგორ გამოვიცნო და დავწერო სიტყვები? (აქტ.7)

 

ნაბიჯი 2. რამდენი ასოსგან შედგება გამოწერილი სიტყვა; რომელია ეს ასოები (მკვ. 1); მეორდება თუ არა გამოწერილი ასოები შენ მიერ მოფიქრებული სიტყვების სხვა ნაწილებში (შუაში, ბოლოში); რამდენი სიტყვაა შენ მიერ გამოწერილ წინადადებაში, ახსენი, საიდან ხვდები (მკვ. 3) რამდენად გაწაფულად კითხულობ ნაცნობ სიტყვებს, წინადადებებს? (მკვ.4)

 

რესურსი 1: : g-pried საანბან წიგნი ,,ჟირაფი ჟუჟუ“

რესურსი 2. როდონაია, მირიანაშვილი, ვაშაკიძე, თოფაძე ,,დედაენა“, გამომცემლობა „საქართველოს მაცნე“ საანბანო ტექსტი ,,პირველად თეატრში“ გვ. 56-58

რესურსი 3. ერთობლივად შექმნილი ტექსტი „ტყის ამბავი“

აქტივობა 1. დაუკვირდით ნახატზე გამოსახულ სიტყვებს, დაითვალეთ რამდენი მარცვალია და იმდენი უჯრა გააფერადეთ.

 

აქტივობა 2. გააფერადე ის ნახატი, რომელშიც არის სამი მარცვალი და იწყება „ჟ“-ზე

აქტივობა 3. მოძრავი ანბანით მუშაობა. ასაწყობი წინადადება:

სიტყვების, მოკლე წინადადებების აწყობა (ჟირაფი, ჟოლო, ჟუჟუ პატარა ჟირაფია. ჟუჟუს ჟოლო უყვარს. ჟუჟუნა წვიმა მოვიდა).

აქტივობა 4. რომელ ღრუბელშია ყველაზე მეტი სიტყვა?

აქტივობა 5. წერითი სავარჯიშოები

(იხ. ტიპობრივი აქტივობები, დეკოდირება და კოდირება).

აქტივობა 6. ტექსტების („ჟირაფი ჟუჟუ“, „პირველად თეატრში“ , „ტყის ამბავი“) კითხვა სხვადასხვა სტრატეგიით (ერთობლივი კითხვა – კითხვა ქოროში, კითხვა ექოდ; ხმამაღალი კითხვა გაგრძელებით)

შეკითხვები ცოდნის კონსტრუირების ხელშესაწყობად:

  • რომელია განსხვავებული სიტყვა? (აქტ.1)
  • არის თუ არა დაშორება სიტყვებს შორის? (აქტ. 2)
  • დასმულია თუ არა წერტილი? (მოძრავ ანბანს აუცილებლად უნდა ჰქონდეს წერტილი. თუ არა აქვს, თავად მასწავლებელმა უნდა დაამზადოს).

 

  • სწორად არის თუ არა ჩასმული ასოები სიტყვაში?
  • რომელი ხმოვნები აკლია ჩამოწერილ სიტყვებს? (აქტ.3)
  • რომელ სიტყვებს შეარჩევ საანბანო გვერდზე გამოსაწერად? (აქტ. 4)
  • რომელ სიტყვებს დახატავ, „პ“ ასოზე რომ იწყებოდეს?
  • რა წინადადებას დაწერ?
  • როგორ გააფორმებ საანბანო გვერდს?

 

შეძენილ ცოდნათა ინტეგრირებულად გამოყენება კომპლექსურ დავალებაში

 

  • „ჟ“ საანბანო გვერდზე დამოუკიდებლად მუშაობა
  • ილუსტრაციების შექმნა, სიტყვებისა და წინადადების შერჩევა, საბოლოო ვარიანტის მომზადება
  • ნამუშევრების წარდგენა

 

 

კომპლექსური დავალების შესრულების და პრეზენტაციის პროცესში დასასმელი შეკითხვების ბანკი კონკრეტულ მოსწავლესთან ინდივიდუალური მუშაობის საწარმოებლად, თითოეული მათგანის წინსვლისა და რეფლექსიის უნარისა ხელშესაწყობად

 

ახსენი, რა ცოდნა შეიძინე და წარმოაჩინე კომპლექსური დავალების საშუალებით.

  • რა ნაწილებისაგან შედგება შენი გამოწერილი ასოები?
  • ბადიანი სტრიქონის რომელ უჯრებში (ზედა, ქვედა, შუა) იწერება?
  • მეორდება თუ არა გამოწერილი ასოები შენ მიერ მოფიქრებული სიტყვების სხვა ნაწილებში (შუაში, ბოლოში)?

აღწერე, როგორ იმუშავე დავალებაზე.

  • რა გააკეთე, რა თანმიმდევრობით?
  • როგორ გააფორმე საანბანო გვერდი? რომელი სიტყვები და წინადადება შეარჩიე?
  • გასაგები იქნება თუ არა შენი ილუსტრირებული ანბანი მკითხველისთვის?

აღწერე, რა დაბრკოლებებს წინადადებაში დავალებაზე მუშაობის პროცესში, რა დაგეხმარათ კომპლექსურ დავალებაზე მუშაობის პროცესში.

  • რა გამოგივიდათ კარგად კომპლექსურ დავალებაზე მუშაობის პროცესში?
  • რა გაგიძნელდა, რა გაგიადვილდა? რატომ?
  • მსგავსი დავალება სხვა დროს თუ შეგისრულებია?
  • შენი თანაკლასელის რომელმა ნაშრომმა მიიპყრო ყველაზე მეტად შენი ყურადღება? რატომ? რით?
  • რას გააკეთებდი განსხვავებულად, ახლა რომ იწყებდე დავალებაზე მუშაობას?

 

 

ფოტო: ანი ნარიმანიძე

წყარო:  https://www.behance.net/gallery/143833917/Georgian-alphabet-?tracking_source=search_projects%7C%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98+%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%91%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი