კვირა, ოქტომბერი 6, 2024
6 ოქტომბერი, კვირა, 2024

ენა მდაბალი და დაწუნებული

იმას, რაზეც ამ წერილში მექნება მსჯელობა, წინ სამი ამბავი უძღოდა. პირველი ამბავი საქართველოსა და იაპონიის დიპლომატიური ურთიერთობების 30-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მოხდა. ეს ღონისძიება იაპონელი პროფესორის ლექცია იყო იაპონური ლიტერატურის შესახებ, უფრო კი – მისი თარგმანების შესახებ.

მახსოვს, პროფესორმა ჯერ ინგლისური ტექსტები გვაჩვენა, სამი თუ ოთხი, ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული. ვიფიქრე, ალბათ, რამდენიმე იაპონური ლექსის თარგმანებია-მეთქი, ერთ თემაზე დაწერილი ლექსების.

შევცდი – ერთი და იმავე ლექსის თარგმანები აღმოჩნდა. პროფეროსმა კი განმარტა, რომ იაპონურ ენაში ხშირად სუბიექტი საერთოდ არ არის, ზმნა კი მოქმედ პირთა რიცხვს არ გამოხატავს. ამიტომაა, რომ თარგმანების ერთ ნაწილში ლირიკული გმირი მღვდელია, მეორეში – პოეტი და მესამეში – „ის“. ამიტომაა, რომ თარგმანების ერთ ნაწილში ჩიტი მიფრინავს, სხვაგან კი ჩიტები მიფრინავენ. შემდეგ პროფესორმა ფრანგული თარგმანი გვაჩვენა, რომელშიც ლირიკული გმირი, აგრეთვე, მღვდელი იყო. თქვა, ეს, როგორც ჩანს, ინგლისურიდან ითარგმნა ფრანგულადო. მერე დასძინა, მცირერიცხოვანი ენების (Minority languages) პრობლემაც ეგაა, ამ ენებზე დაწერილი ტექსტები, უმეტესად, შუალედური ენიდან ითარგმნება და არა – დედნიდანო.

მე ამ დროს გამახსენდა, ჩემი საყვარელი აკუტაგავა რუსულიდან ნათარგმნ ქართულ თარგმანში რომ წამიკითხავს. რაღა გამოდის? აკუტაგავა არ წამიკითხავს და მწერალი, რომელიც მიყვარს, ვინაა, კაცმა არ იცის.

ამ ყველაფერმა ცოტა ხნით შემაწუხა, მაგრამ მალევე მიმავიწყდა. არც მაშინ გამხსენებია, მეორე ამბავი რომ შემემთხვა.

მეორე ამბავი კი ის იყო, რომ საერთაშორისო სამწერლო პროგრამის დირექტორი, კრისტოფერ მერილი, სამ მწერალთან ერთად საქართველოში ჩამოვიდა. ელჩის რეზიდენციაში სადილზე მიმიწვიეს (მე, როგორც პროგრამის მომავალი მონაწილე). სადილზე მწერალთაგან ერთ-ერთი, აიანა მათისი, ჩემ პირისპირ იჯდა და ცოტა საუბარი რომ გავაბით, მკითხა, ინგლისურად წერაზე თუ გიფიქრიაო.

ძალიან გამიკვირდა და ვუთხარი, არა, ჩემი ტექსტები ქართული ენიდან იბადება და მეეჭვება, ინგლისურთან ამგვარი კავშირი ვიგრძნო ოდესმე-მეთქი. ის აღარ დავაყოლე, რომ ენის გამოცვლა ნამდვილ ტრაგედიად მიმაჩნდა მწერლისათვის, შენი ვინაობის ნაწილობრივ გაწირვად.

მესამე ამბავი უკვე ამერიკაში მოხდა:

პირველ კვირას ჩვენი განრიგი პროგრამის რედაქტორთან (ყველა ჩვენმა ტექსტმა მის ხელში გაიარა), ნატაშა დუროვიჩოვასთან, უნდა გაგვევლო. ნატაშა თავად მთარგმნელი და პროფესორია, მთარგმნელთა ვორკშოპს უძღვება და ბაკალავრებსაც ასწავლის. მეც დრო ვიხელთე და გავუმხილე, დოქტორანტურაზე ვფიქრობ-მეთქი. ავუხსენი, რაზე მინდა მუშაობა. ნატაშამ ყურადღებით მომისმინა და მომიგო, შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის კათედრები (Comparative Literature Departments) ერთმანეთის მიყოლებით იხურება ამერიკაში, რადგან ინგლისური გლობალური ენა ხდებაო. ამიტომ თუ მაგ მიმართულებით გინდა მუშაობა, აიოვა სამაგისო ადგილი არაა, რომელიმე დიდ სკოლაზე იფიქრე, მიჩიგანზე ან იელზეო. მერე დაძებნა და აღმოჩნდა, რომ შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის პროგრამა აიოვის უნივერსიტეტსაც ჰქონია და გაუუქმებიათ.

როგორც გითხარით, ეს პირველ კვირაში იყო, ახალი ჩასული ვიყავი და ამიტომ კარგად ვერ გავიგე, რას ნიშნავს „გლობალური ენა“ და ასეთი რა გასჭირვებია შედარებით ლიტერატურათმცოდნეობას ამერიკაში.

მაგრამ დრო გავიდა, მულტიკულტურულ და მრავალენოვან გარემოში აღმოვჩნდი და აღმოვაჩინე ის, რაზეც ჩემამდე და ჩემზე უკეთ ამავე პროგრამის მონაწილე იაპონელ მწერალს მინაე მიზუმურას უფიქრია: ენებს შორის იერარქიაა.

ქართველი იქ არავინ იყო, საქართველოს შესახებ არაფერი სმენოდათ, ქართული არავინ იცოდა. სამაგიეროდ, ესპანურენოვანი შემოქმედებითი წერის პროგრამაც კი აქვთ, არის იაპონური კულტურისა და ენის შემსწავლელი ცენტრი, აგრეთვე – არაბული ენის. ესპანურენოვანმა, გერმანულენოვანმა და არაბულენოვანმა მწერლებმა მთარგმნელთა ვორკშოპზე სულ ადვილად იპოვეს ამ ენების მცოდნე სტუდენტები, რომლებმაც მათი ტექსტების ნაწილი ინგლისურად გადათარგმნეს. მეტიც, აიოვის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში თაროები ეთმობა ამ ენებზე დაწერილ წიგნებს; იქვეა შედარებით მოკრძალებული ჩეხური და პოლონური კოლექციაც.

დღე დღეს მისდევდა, კვირა – კვირას და მე კი მტკივნეულად გავაცნობიერე: საქართველო და ქართული ენა ამ მრავალეროვან და მრავალენოვან კონტექსტში ა რ  ა რ ს ე ბ ო ბ დ ა.

და ამას ვაცნობიერებდი ყოველ ჯერზე, როცა საჯარო გამოსვლის შემდეგ (რომელზეც, რასაკვირველია, ვცდილობდი ჩემს კულტურაზე უფრო მეტი მელაპარაკა, ვიდრე – ჩემს თავსა და ნაწერებზე) აღფრთოვანებული მსმენელები მოდიოდნენ და მეკითხებოდნენ: „შენი წიგნები ნათარგმნია ინგლისურად? სად ვნახოთ? წაკითხვა გვინდა.“

მე კი მათ ერთი და იმავე გულდაწყვეტილი „არა-თი“ ვისტუმრებდი.

მინაე მიზუმურა, რომელიც ზემოთ ვახსენე, თორმეტი წლიდან ნიუ იორკში ცხოვრობდა. მიუხედავად ამისა, ამერიკული კულტურა მისთვის ბოლომდე უცხოდ დარჩა. თანაც, თინეიჯერობისას იაპონურმა მოდერნიზმმა გაიტაცა. ამიტომ როგორც კი შესაძლებლობა მიეცა, სამშობლოში დაბრუნდა, რათა იაპონურ ენაზე ეწერა. მისი რომანები ექსპერიმენტულია და მშობლიური ლიტერატურისა და ენის გადახალისების სურვილით სუნთქავს.

მიზუმურას მაინც მოუხდა ამერიკაში დაბრუნება, როგორც უკვე ვთქვი, საერთაშორისო სამწერლო პროგრამის ფარგლებში. და თუმცა აიოვაში მან მხოლოდ ერთი თვე დაყო, ეს მცირე დროც საკმარისი აღმოჩნდა, რომ ახალი წიგნი დაეწერა: „იაპონური ენის დაცემა ინგლისურის ეპოქაში“ ან როგორც ინგლისურ თარგმანში ჰქვია „ენის დაცემა ინგლისურის ეპოქაში“ (“The Fall of Language in the Age of English”). ამ წიგნში მიზუმურა ინგლისურს „უნივერსალურ ენას“ უწოდებს და წერს, რომ ვერც ჩინური და ვერც ესპანური მას კონკურენციას ვერ გაუწევს – ენის უნივერსალურობას განსაზღვრავს არა იმ ადამიანთა რაოდენობა, რომელთათვისაც ეს ენა მშობლიურია, არამედ მათი რიცხოვნობა, ვისთვისაც ეს ენა მეორე, უცხო ენაა. ცხადია, ინგლისური, როგორც უცხო ენა, გაცილებით მეტმა ადამიანმა იცის, ვიდრე – ესპანური ან ჩინური. მეტიც, ინგლისური ის ენაა, რომელზეც ცოდნა (მეცნიერებაში, ხელოვნებაში, ა.შ.) იქმნება და ვრცელდება – არ იცი ინგლისური? ესე იგი, მსოფლიოში ახლად შექმნილ ცოდნასაც მოკლებული ხარ.

რას უქადის ინგლისურის ამგვარი დომინანტურობა სხვა ენებს? ძალზე მცირერიცხოვანთ, მიზუმურას აზრით, – გაქრობას (ჩვენში ამ საფრთხის ქვეშაა წოვა-თუშური, მეგრული და სვანური, აგრეთვე, აფხაზური ენაც), ეროვნულ ენებს, რომლებიც სამწერლობო ენებია (ასეთია ქართულიც და იაპონურიც) – დაცემას ანუ შეზღუდვას უნარისა, გამოხატონ, ასახონ ცხოვრება თავიანთი, უნიკალური გზით. ენის დაცემა კი, თავის მხრივ, ლიტერატურის დაცემას ნიშნავს, რომლის მატარებელიც არის ყოველი მწერალი, ამ ენაზე რომ წერს. ამიტომაც ეს უბედურება არ შეეხება იმ მწერლებს, რომლებიც მშობლიურ ენაზე არ წერენ, მაგალითად, რომელიმე ინგლისურენოვან აფრიკელ მწერალს. ამ ფენომენზე მინაე მიზუმურა შენიშნავს, ის, რომ მწერალი აუცილებლად მშობლიურ ენაზე უნდა წერდეს, ბუნებრივი მოცემულობა კი არა, მოდერნული ეპოქის მონაპოვარიაო (მართლაც, გაიხსენეთ შუა საუკუნეები – თომა აქვინელი იტალიელი იყო, პიტერ აბელარი – ფრანგი, მაგრამ ორივე ლათინურად წერდა).

ჩემი ამერიკაში ყოფნის პირველი თვე რომ მიიწურა, შევნიშნე, ტექსტზე მუშაობა მიძნელდებოდა. ყოველ ფრაზას, ყოველ სიტყვას ვეჯაჯგურებოდი. ერთხელაც ინსტინქტურად ჩავკეცე ფაილი და ახალი გავხსენი. ასე დავწერე პირველი ინგლისური ტექსტი, რომელსაც მეორე მოჰყვა, მეორეს – რაოდენ უცნაურიც უნდა იყოს, ორი ლექსი. და ეს თავისთავად მოხდა – არავითარი ტრაგედია, არავითარი დანაკარგი, სხვაენოვან გარემოში აღმოვჩნდი და ამ ენამ მთლიანად მოგვიცვა მეც და ჩემი ნაწერიც. თუმცა ისიც ვიცოდი, რომ ეს დროებითი იყო და საქართველოში დაბრუნებისთანავე ჩემს მშობლიურ ენას დავუბრუნდებოდი.

მანამდე კი პროგრამის ერთ-ერთი მონაწილის, ავსტრალიელი მწერლის, ჯეიმი მარინა ლაუს, წიგნები მომივიდა. ვუყურებდი სქელყდიან, შემოსაკრავიან გამოცემას, უკან ცნობილი ხალხის რეცენზიებიდან ამონარიდები რომ ერთოდა, წინ კი – ავტორისეული მადლობა სხვადასხვა ფონდების მიმართ, სტიპენდიით ან სამუშაო სივრცით რომ უზრუნველეყოთ. ვუყურებდი და ვფიქრობდი, რომ ჩვენ ტოლები ვართ და მე რომ ინგლისურენოვან გარემოში დავბადებულიყავი… „ახალი აღქმა“ ინგლისურად რომ დამეწერა… ამერიკაში ლიტერატურული კონტაქტები ჩვენ არა გვაქვს, მთარგმნელის მონახვა ძნელი საქმეა, ჩემს ენაზე კი ჩემი ქვეყნის გარდა, არსად ლაპარაკობენ. სტიპენდიებსა და ფონდებზე აღარაფერს ვიტყვი…

ასეა: ენებს შორის იერარქია აყალიბებს ლიტერატურებს შორის იერარქიას, ესე იგი, იერარქიას მწერლებს შორის. მე ქართველი მწერალი ვარ. იმისათვის, რომ ამ იერარქიაში ადგილი ვიპოვო, თავი აუცილებლად მსოფლიო ლიტერატურის კონტექსტში უნდა მოვიაზრო. საამისოდ კი ერთი უცხო ენა მაინც სრულყოფილად უნდა ვიცოდე, სასურველია – ორი და თუ სამი ვიცი – მთლად შესანიშნავია. ჯერ ერთი, ჩვენი თარგმანების მიღმა ლიტერატურა ძალიან დიდია, ლიტერატურის ისტორიასა და თეორიის ფუძემდებლური ნაშრომები კი თითქმის საერთოდ არაა თარგმნილი ქართულად (მაშინ, როცა ამ ნაშრომების დიდი ნაწილი შეიქმნა, ჩვენ საბჭოთა კავშირში ვიყავით, სრულიად მოწყვეტილი დასავლურ სამეცნიერო სივრცეს). ამ ცოდნის გარეშე მწერალს ძალიან გაუჭირდება. ეგეც რომ არა, ფესტივალები? სარეზიდენციო პროგრამები? რა უნდა მექნა ამერიკაში, ინგლისური რომ არ მცოდნოდა? რას მოვყვებოდი ჩემს ქვეყანაზე, ჩემს ლიტერატურაზე? დღეს მწერალს უწევს, იყოს არტისტი, რომელსაც საჯარო გამოსვლებიც ისევე ემარჯვება, როგორც ოთახში გამოკეტვა და მუშაობა. კომუნიკაციის ინსტრუმენტი კი ენაა, ენის არცოდნამ არ უნდა შეგაფერხოს. ერთ-ერთი კითხვა, რომელსაც ასევე თითქმის ყველა საჯარო გამოსვლის შემდეგ მისვამდნენ, იყო: საიდან ვიცი ასე კარგად ინგლისური? ამერიკაში მანამდეც ვყოფილვარ? მეც ვუხსნიდი, რომ ჩვენ მცირერიცხოვანი ერი ვართ და იძულებული ვართ, ვიცოდეთ უცხო ენები, რადგან ჩვენი ენა, ჩვენ გარდა, სხვამ არავინ იცის.

ადრე, როცა ინგლისურის ცოდნას შემიქებდნენ, მეამაყებოდა, მაგრამ სინამდვილეში, ეს, გარკვეულწილად, ტრაგიკული რამ არის – აკი დიდი ენების წარმომადგენლებს ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემები საერთოდ არ უდგათ: ამერიკელმა მწერალმა შეიძლება, არცერთი უცხო ენა არ იცოდეს; ასევე – ფრანგმა და გერმანელმაც – მათ სულ ადვილად მოუნახავენ თარჯიმანს ნებისმიერ უცხო ქვეყანაში. არც მათ ლიტერატურათმცოდნეობაში ყოფილა საბჭოეთის მიერ ნაძალადევად თავსმოხვეული წყვეტა და თარგმანებიც ბევრი აქვთ და ხარისხიანი.

მეორე, რაზეც ქართველ მწერალს ფიქრი უწევს, არის ინგლისურის ძლიერი ზეგავლენა სხვა ენებზე. დააკვირდით, როგორ მოეძალა ქართულს არამხოლოდ ინგლისური სიტყვები, არამედ – სინტაქსური კონსტრუქციებიც. რას დავუპირისპირებთ ამ ზეგავლენას? როგორ ამოვუდგებით ქართულს მხარში, რომ არ დაეცეს? – ეს უნდა იყოს ქართველი მწერლების, როგორც ქართული ენისა და ლიტერატურის მატარებლების, ერთ-ერთი მთავარი საფიქრალი და საზრუნავი.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

როგორ გავხდი ავტორიტეტი

კომუნიზმი

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“