ბოლონიის პროცესში საქართველოს ჩართვამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა განათლების სფეროში რეფორმის გატარების თვალსაზრისით. ბოლონიის პროცესი ხომ ევროპული ქვეყნების განათლების სისტემების დაახლოებისა და ჰარმონიზაციის პროცესია, რომლის მიზანია, შექმნას ერთიანი ევროპული სივრცე უმაღლეს განათლებაში, გააძლიეროს სტუდენტთა მობილობა, გაზარდოს ევროპის უმაღლესი განათლების კონკურენტუნარიანობა და დაახლოოს ევროპის მოქალაქეები. ამის განხორციელება კი შესაძლებელია პროფესიული კომპეტენციითა და ინგლისური ენის ფლობით. ეს საკითხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მოსწავლეებში, რადგან შეუძლებელია უნივერსიტეტმა აღზარდოს მაღალკვალიფიციური კადრები, თუ სტუდენტებს არ აქვთ შესაბამისი უნარ–ჩვევები და განათლება, რომელიც სკოლაში სწავლის პერიოდში ყალიბდება.
გამჭოლ კომპეტენციებში წიგნიერების გვერდით დგას ციფრული და მედიაწიგნიერება. რადგან 21-ე საუკუნე ინფორმაციული ტექნოლოგიების ერაა, მოსწავლეებს ურჩევნიათ ელექტრონული რესურსების დახმარებით სწავლა. სასწავლო პლატფორმა კი სწორედ მათზე მორგებული რესურსია, რომელიც, კომუნიკაციურ უნარებთან ერთად, ასწავლის თვითრეგულირებად ქცევებს, რომ სწორად დაგეგმონ დღის რეჟიმი და მიიღონ კომპეტენტური ინფორმაცია და აიმაღლონ კვალიფიკაცია.
განათლების განვითარების თანამედროვე ეტაპზე მნიშვნელოვანი თავისებურებაა განათლების სხვადასხვა კომპონენტის ინტეგრირების მოთხოვნა ძირითადი კომპეტენციის შესაძენად, რომელიც მთლიანად უზრუნველყოფს მოსწავლეების მზადყოფნას თანამედროვე ინფორმაციულ საზოგადოებაში მათი ადაპტაციისა და თვითრეალიზაციისათვის თავისუფალი ბაზრის პირობებში.
ეს პროცესი გულისხმობს:
- წერა-კითხვის ცოდნას (literacy),
- ინფორმატიკული უნარების ფლობას (information technology skills),
- პრობლემის გადაწყვეტის უნარების ფლობას (problem-solving skills),
- მოქნილ და ინოვაციურ აზროვნებას (flexibility and adaptability to innovations),
- უწყვეტი განათლებისკენ სწრაფვას (life-long learning).
მსოფლიოში სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური ცხოვრება ზემოხსენებული კომპეტენციის აქტუალურობას ადასტურებს, რომელთა შორის წამყვანი როლი კომუნიკაციურ კომპეტენციას ეკისრება. ის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია წარმატებული პროფესიული საქმიანობისათვის და ნებისმიერ სფეროში კარიერული წინსვლისათვის. ქვეყნებს შორის არსებული ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული კავშირები, მსოფლიო გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარება, მასობრივი საინფორმაციო საშუალებების განვითარება, განათლების სისტემაში სახელმწიფოთა ინტეგრაცია, ყოველივე ეს განაპირობებს მოთხოვნას სპეციალისტებზე, რომელთაც კომუნიკაციური კომპეტენციის მაღალი დონე აქვთ და მონაწილეობენ სხვა ლინგვოეთნოკულტურის მქონე წარმომადგენლებთან კომუნიკაციაში, როგორც პირადი, ისე პროფესიული საქმიანობის მიზნით. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ზემოთ აღნიშნული მიზნების განხორციელების ერთ-ერთი გზა სასკოლო პროექტია, რომლის მიზანია ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეთა სასწავლო პროცესის შინაარსის, ფორმის და მეთოდების შემუშავება, რომლებიც ხელს შეუწყობენ სოციალურ-შემეცნებითი აქტივობის ფორმირებას ინგლისური ენის შესწავლისას, ამავე დროს, ეფექტური კომუნიკაციური სტრატეგიების შემუშავება მოსწავლეებს დაეხმარება კომუნიკაციური კომპეტენციის შეძენაში, რომ დაძლიონ ყველა პრობლემა.
დასახული მიზნის მისაღწევად პედაგოგმა, პირველ რიგში, უნდა განსაზღვროს:
მოსწავლეთა სოციალურ-შემეცნებითი სტრუქტურა საზოგადოების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ცვლილებებთან დაკავშირებით (უცხოური ენის ცოდნის არსებობა, პიროვნების უნარები და თვისებები, რომლებიც აუცილებელია სოციალურ-ეკონომიკური აქტივობის გამოსავლენად; სურვილი მონაწილეობა მიიღოს შრომით საქმიანობაში; მიღებული გადაწყვეტილებების რეალიზაცია); შეიმუშაოს მოსწავლეთა სასწავლო საქმიანობის შინაარსი, ფორმები და მეთოდები, რომლებიც შეესაბამება მათ ინტერესებსა და შესაძლებლობებს და უზრუნველყოფენ ინგლისური ენის ათვისებას მის სიღრმისეულად შესწავლას; საწყისს ეტაპზე უნდა განისაზღვროს ინგლისური ენის ათვისების კრიტერიუმები და მაჩვენებლები; განისაზღვროს იმ მოსწავლეთა სოციალურ-შემეცნებითი აქტივობის ფორმირების პედაგოგიური პირობები, რომლებიც ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლებელში გადადიან სწავლების დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურზე და იწყებენ ინგლისური ენის სიღრმისეულად შესწავლას; შეიმუშაოს მომავალი სპეციალისტების სოციალურ-შემეცნებითი აქტივობების ფორმირების პროგრამა ინგლისური ენის შესწავლის პროცესში.
13-წლიანმა პედაგოგიურმა გამოცდილებამ ნათლად დამანახა ზემოთ ხსენებული საკითხის აქტუალობა. გარდა თეორიული საკითხებისა, მნიშვნელოვანია, აღნიშნული საკითხი განვიხილოთ პრაქტიკული თვალსაზრისითაც, რომლის საუკეთესო მაგალითია კლასგარეშე აქტივობები ციფრული წიგნიერების გამოყენებით. გიზიარებთ რამდენიმე ინტერნეტგვერდის მისამართს, რომელიც საკლასო სახელმძღვანელოებთან ერთად დაეხმარება მოსწავლეებს ინგლისური ენის კომუნიკაციური კომპეტენციების განვითარებაში და კარგი საშუალებაა პედაგოგებისთვის დამატებითი და საინტერესო აქტივობების დასაგეგმად.
ქვემოთ მოცემული ციფრული მასალები ჩემს მოსწავლეებს აძლევს მეტ მოტივაციას, უფრო მარტივად აითვისონ სასწავლო პროგრამა და თანაბრად განავითარონ წერის, კითხვის, მოსმენის და საუბრის უნარები, რაც ასე მნიშვნელოვანია ინგლისური ენის სრულფასოვანი ფლობისათვის.
- https://www.worldenglishinstitute.org/login აღნიშნულ მისამართზე უფასო კურსის დასრულების შემდეგ შესაძლებელია ონლაინ სერტიფიკატის მიღება.
- https://www.newsinlevels.com/ განკუთვნილია საბაზო საფეხურის მოსწავლეებისათვის.
- https://www.englishclub.com/learn-english.htm განსაკუთრებით დატვირთულია გრამატიკული დავალებებით.
- https://esl-bits.net/ უნიკალური საშუალება მოსწავლეებისათვის, ინგლისურ ენაზე მოისმინონ და წაიკითხონ მსოფლიო ლიტერატურის ყველაზე გამორჩეული ნაწარმოებები.
- https://edu.gcfglobal.org/en/ საშუალო საფეხურის მოსწავლეებისათვის, გაიუმჯობესონ ეფექტიანი პრეზენტაციისათვის საჭირო უნარები.
- https://www.esolcourses.com/topics/learn-english-with-songs.html საიტის დახმარებით შესაძლებელია ინგლისური ენის ნულიდან შესწავლა.
- https://youglish.com/lesson ეხმარება მოსწავლეებს, სწორად წარმოთქვან ინგლისური სიტყვები, გაიუმჯობესონ მეტყველების უნარები და უკეთ გაიგოთ მოსმენილი/წაკითხული მასალა.
- https://www.childrenslibrary.org/ უზრუნველყოფს საუკეთესო საბავშვო ლიტერატურის წვდომას მთელი მსოფლიოდან.
- https://kids.nationalgeographic.com/ National Geographic-ის საგანმანათლებლო პროგრამა მოსწავლეებისათვის.
- https://movies.clubefl.gr/ ინგლისური ენის შესწავლა ფილმების დახმარებით.
გარდა ამისა, რეკომენდებულია, ინგლისური ენისა და ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მიმართულებით, მოსწავლეთა საგანმანათლებლო საჭიროებებიდან გამომდინარე, ინგლისური ენისა და ისტ-ის პედაგოგების მიერ შემუშავებულ იქნას სპეციალური საგანმანათლებლო პლატფორმა, რომელიც დაეხმარება მოსწავლეებს საკომუნიკაციო უნარ-ჩვევების სრულფასოვნად ათვისებაში.