სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

რა საფრთხის შემცველია დუმილით, იგნორირებით დასჯა

ერთხელ სრულიად შემთხვევით აღმოვჩნდი სიტუაციაში, სადაც სკოლამდელი ასაკის ბავშვების მშობლები ერთმანეთს უზიარებდნენ საკუთარ გამოცდილებას შვილების აღზრდის თაობაზე, კონკრეტულად კი იმის შესახებ, რა სახის სასჯელს იყენებდნენ ბავშვთან მათთვის მიუღებელი ქცევის აღმოსაფხვრელად – „მე თუ რაიმე არ მომწონს ჩემი შვილის ქცევაში, მასთან ყვირილით, ხმამაღალი ტონით ვიწყებ ლაპარაკს, რადგან ტკბილად საუბარი მასზე არ მოქმედებს“ – განაცხადა ერთმა ქალბატონმა. „აი, ჩემს გიოსთან კი არც ტკბილ საუბარს და არც ყვირილს არანაირი შედეგის მოტანა არ შეუძლია, ერთი-ორჯერ თუ არ მივტყიპე, ფიზიკურად არ დავსაჯე, თავისას არ მოიშლის“ – გაუზიარა საკუთარი გამოცდილება მეგობრებს პატარა გიოს დედამ. „მე არც ვუყვირი და არც ფიზიკურად ვსჯი ჩემს ნანუკას. თუ რაიმე არ მომეწონა მის ქცევაში, უბრალოდ იგნორირებას ვუკეთებ მას, დუმილით ვსჯი, ვეუბნები, რომ მისნაირი შვილი მე არ მჭირდება, მისი დედა აღარ ვიქნები და შეიძლება მთელი დღის განმავლობაში ხმა საერთოდ არ გავცე, ვერც კი „შევამჩნიო“. რომც იტიროს, რასაც ხშირად აკეთებს ასეთ დროს, მე ხმას მაინც არ ვცემ“ – თავმომწონედ განუცხადა მეგობრებს პატარა ნანუკას დედამ.

დღეს ბევრი მშობელი ხვდება, რომ ბავშვის ფიზიკურად დასჯა ჰუმანური არ არის და არც ყველა მშობელია მზად იმისათვის, რომ დასჯის მიზნით სათამაშოები წაართვას ბავშვს და მისთვის საყვარელი საქმის კეთება აუკრძალოს, რადგან არ სურს, რომ „ბოროტ“ ადამიანად ჩათვალოს შვილმა. მაგრამ, განაწყენება, დუმილი და ბავშვის მომართვაზე რეაგირების არქონა, იგნორირება, მისი აზრით, ცუდი გამოსავალი არ არის შექმნილი სიტუაციიდან. ერთი შეხედვით, მართლაც რა არის ამაში ცუდი, თუ დედა ან მამა, ან ორივე ერთად მიუღებელი საქციელის გამო დასჯის მიზნით პატარას ეტყვის – „მე არ გელაპარაკები იმიტომ, რომ …..“ და შეწყვეტენ რეაგირებას ბავშვის ნებისმიერ მომართვაზე. ბავშვს ხომ არ სცემენ, არ ართმევენ სათამაშოებს და მას ეძლევა დრო, იფიქროს თავის ქცევაზე, იმაზე, რაც ჩაიდინა.

ნუთუ მართლა ასეთი უსაფრთხო და ეფექტიანია დუმილით დასჯა? ჩვეულებრივ აღზრდის მიუღებელი მეთოდები ასოცირდება ყვირილთან, მუქარასთან, დაშინებასთან, ფიზიკურ დასჯასთან, თუმცა არანაკლებ გამანადგურებელი, მატრავმირებელი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ბავშვის ფსიქიკაზე დასჯას დუმილით, იგნორირებით. საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ბავშვის იგნორირება დასჯის უსაფრთხო მეთოდი ნამდვილად არ არის. მშობლის დუმილი ბავშვისთვის ძალადობის პასიურ-აგრესიული მეთოდია. თავისი შედეგებით ხშირად ის ფიზიკურ დასჯასაც კი უტოლდება. როგორც წესი, მსგავს ტაქტიკას, ბავშვის დუმილით, იგნორირებით დასჯას მშობლების ორი ტიპი მიმართავს:

  • პირველ რიგში, დუმილით დასჯის მეთოდს აქტიურად იყენებენ ავტორიტარი მშობლები, რომლებიც ტოტალური იგნორირების ტაქტიკასთან ერთად დემონსტრირებას უკეთებენ საკუთარ ძალას ბავშვზე – მათზეა დამოკიდებული, ელაპარაკონ თუ არა ბავშვს, როდის დაიწყონ საუბარი, შეუნდონ, აპატიონ პატარას, თუ კვლავ გააგრძელონ მისი იგნორირება;
  • დუმილით, იგნორირებით დასჯას შეიძლება ასევე აქტიურად იყენებდნენ ის მშობლები, რომლებმაც ბავშვობაში თავად გაიარეს აღზრდის მსგავსი გზა და წარმატებით იყენებენ მას საკუთარ ზრდასრულ ცხოვრებაში: პარტნიორთან ურთიერთობისას, შვილების აღზრდისას და რამდენადაც უცნაურად არ უნდა მოგვეჩვენოს, საკუთარ მშობლებთანაც კი, რომლებმაც თავად ასწავლეს მას ეს.

დუმილით თამაში შეიძლება საკმაოდ სახიფათო აღმოჩნდეს ბავშვის ფსიქიკური განვითარებისთვის. როგორც უკვე ითქვა, ბევრი მშობელი ამ მეთოდს აღზრდის უხეში ფორმების თავიდან აცილების მიზნით იყენებს, რადგან თვლის, რომ მოცემული მეთოდი საკმარისად მსუბუქია თავისი ზემოქმედებით. მაგრამ, თუ შედეგებით ვიმსჯელებთ, ყველაფერი ასე მარტივად ნამდვილად არ არის.

რა შედეგების მომტანი შეიძლება აღმოჩნდეს ბავშვის დუმილით, იგნორირებით დასჯა:

  • მშობლების მხრიდან იგნორირების დროს ბავშვი განიცდის უძლიერეს შიშს და პანიკაში ვარდება;
  • ბავშვი, რომელსაც მშობლები ხშირად სჯიან დუმილით, თავს დაუცველად გრძნობს. ამ დროს შეიძლება მასში თავი იჩინოს შფოთვამ, გაურკვევლობამ, საკუთარ თავში დაურწმუნებლობამ. იგნორირების მომენტში ბავშვი ვერ გრძნობს მშობლების მხრიდან სიყვარულს და საკუთარ საჭიროებას მათთვის, იწყებს ფიქრს, რომ ის აღარ უყვართ. და ეს მაშინ, როცა მშობლების სიყვარული ბავშვისთვის ყველაზე აუცილებელი და მნიშვნელოვანი რესურსია. ამიტომ, ამ სიყვარულის დაკარგვა, რაც მისთვის მშობლის დუმილით და მისი იგნორირებით გამოიხატება, მტკივნეული და ძნელად გადასატანია;
  • ბავშვი სამყაროსთან ურთიერთობას, პირველ რიგში, დედასთან და მამასთან ურთიერთობით, მათი მეშვეობით სწავლობს, ამიტომ, თუ მას დუმილით სჯიან და იგნორირებას უკეთებენ, შეიძლება პრობლემებმა სამყაროს შემეცნების პროცესშიც იჩინოს თავი;
  • მშობლები, რომლებიც სასჯელად იყენებენ იგნორირებას, არ პასუხობენ ბავშვის შეკითხვებს და მის არსებობასაც კი არ ამჩნევენ, სერიოზული საფრთხის წინაშე აყენებენ მის განვითარებას. ასეთ დროს ბავშვს შეიძლება ეჩვენებოდეს, რომ მთელი სამყარო მის წინააღმდეგაა;
  • დუმილით დასჯა ბავშვის ფსიქიკაზე მატრავმირებელი ზემოქმედების სიძლიერის მიხედვით შეიძლება გავუტოლოთ ფიზიკურ დასჯას. ასეთი დასჯის მომენტში ბავშვს ან ბრაზი და მრისხანება იპყრობს, ან შიში, უმწეობა, დეპრესია, უსუსურობა, მარტოობა და ა.შ. აღნიშნული გრძნობები კი ნამდვილად ვერ გახდება ბავშვის პიროვნების ჰარმონიული და წარმატებული განვითარების ხელშემწყობი და ვერც მისი ქცევის კორექციაში დაგვეხმარება;
  • დუმილით, იგნორირებით დასჯა ხშირად საკუთარ თავში დაურწმუნებლობის მაპროვოცირებელი ხდება. ასეთი ბავშვი იწყებს საკუთარი თავის დადანაშაულებას მაშინაც კი, თუ ის არაფერშია დამნაშავე. ბავშვს უჩნდება შიში, რაიმე ისე არ გააკეთოს, რომ გაანაწყენოს უფროსი და არ დასაჯონ, უარი არ თქვან მასზე. ბავშვობაში მიღებული ტრავმა მას შეიძლება დიდობაშიც გაჰყვეს და ხელი შეუშალოს გარშემომყოფებთან ურთიერთობაში. ადამიანს, რომელიც ბავშვობაში დუმილით ისჯებოდა, უჭირს ვერბალური კომუნიკაციის დამყარება ადამიანებთან და რაიმეზე შეთანხმება. მისთვის დუმილი უფრო კომფორტული ხდება, ვიდრე პრობლემების განხილვა. ასეთი აღზრდა არ ასწავლის ბავშვს ყველაზე მნიშვნელოვანს – იმის გაგებას, თუ რა უნდა გააკეთოს საკუთარი შეცდომების გამოსასწორებლად.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თუ გვსურს, რომ ბავშვმა გაიგოს, გააცნობიეროს, რა არის მის საქციელში არასწორი, რა უნდა გამოასწოროს და რაც მთავარია – როგორ, მაშინ უნდა დაველაპარაკოთ, ვესაუბროთ მას. მთავარია, ასეთი საუბრის დროს დავარწმუნოთ ბავშვი, რომ ჩვენ ის ძალიან გვიყვარს, უბრალოდ მისი ქცევაა ჩვენთვის მიუღებელი და არმოსაწონი. რა თქმა უნდა, ახსნა-განმარტებებს შეიძლება ბევრი დრო დასჭირდეს, ამიტომ ის ჩვენგან დიდ მოთმინებასა და გამძლეობას მოითხოვს. მაგრამ ეს არის ერთადერთი გზა ბავშვის ფსიქოლოგიურად ჯანსაღ, სტაბილურ პიროვნებად ჩამოსაყალიბებლად, რომელსაც მომავალში შეეძლება წარმატებული თვითრეალიზება და მტკიცე ემოციური კავშირების დამყარება სხვა ადამიანებთან.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“