ოთხშაბათი, თებერვალი 28, 2024
28 თებერვალი, ოთხშაბათი, 2024

 არასწორი ფუტკრების შესახებ…

წლების წინ, როდესაც სტუდენტი ვიყავი, უნივერსიტეტში ფეხით მიწევდა სიარული. იყო ასეთი წლები და ჩემს თაობას ან ცოტა უფროსებსაც, ეს კარგად ახსოვთ. უტრანსპორტობა, უშუქობა, პურის რიგები… ყოველდღიური რეალობა იყო. ჰოდა, გრძელი გზა, რომ შემემოკლებინა, გულში ვინი პუჰის სიმღერას ვმღეროდი. აი, იმას, თუ დილაობით დადიხართ სტუმრად, თქვენ იქცევით ბრძნულად. ზოგჯერ სიმღერას ვცვლიდი და არასწორ ფუტკრებზე ვღიღინებდი ვინის რეპერტუარიდან.

ვინი პუჰის მეგობარი კრისტოფერ რობინი ნამდვილი ბიჭი იყო. ამით იმის თქმა მსურს, რომ გამოგონილი პერსონაჟი არ ყოფილა.  კრიტოფერ რობინ მილნე ერქვა და მწერლის ალან ალექსანდრე მილნეს ვაჟი გახლდათ. ჰქონდა სათამაშო დათვი, სახელად ვინი, ასევე გოჭუნა, ვირუკა იოიო, ვეფხვი და ა.შ. ამიტომაც არის, რომ თავად წიგნში ყველა პერსონაჟი მოლაპარაკე სათამაშოა, მხოლოდ ბაჭია და ბუ არიან მოლაპარაკე ცხოველები ჯადოსნური ტყიდან.

1920 წელს ლონდონის ზოოპარკში  დათუნია მართლაც ყოფილა, სახელად  ვინი პეგი. აქ კანადიდან  ჯარისკაცებს ჩამოუყვანიათ. კანადაში ის პოლკის შვილობილი იყო. შემდეგ, პოლკი პირველი მსოფლიო ომის გამო საომრად საფრანგეთში წავიდა, ვინი პეგი კი ლონდონში დატოვეს, რადგან მაშინ კანადა ინგლისს ეკუთვნოდა.

კრისტოფერ რობინი ძიძასთან ერთად ზოოპარკში ხშირად დაიარებოდა და ვინი პეგს ისე დამეგობრებია, რომ ხელიდანაც კი უმასპინძლდებოდა ნუგბარით. შემდეგ, ამდგარა და სათამაშო დათვისთვისაც ვინი პუჰი დაურქმევია.

ბიჭის მამა ალან ალექსანდრე პროფესიით კემბრიჯ დამთავრებული, ხარისხ დაცული მათემატიკოსი გახლდათ.  თუმცა ერთ დღეს გადაწყვიტა, ფორმულებს ამბების შეთხზვა ჯობია და მწერალი ვიქნებიო. ძირითადად პიესებს და დეტექტივებს წერდა, მაგრამ ძნელია წერო დეტექტივები, როცა თავად აგატა კრისტია შენი კონკურენტი. ზუსტად ამიტომ, ერთხელ გამომცემელს უთქვამს, საბავშვო ლიტერატურაში გვიჭირს და იფიქრე ამაზეო. ალანიც დაფიქრდა და რადგან ყველაზე მეტად შეკვეთებს ვერ იტანდა, გამოაცხადა, ტელეფონის ნომრების ცნობარს უფრო სიამოვნებით დავწერ, ვიდრე შეკვეთილ  ინგლისის დიად დრამასო…

თუმცა, ზაფხულში ოჯახთან ერთად აგარაკზე ყოფნისას, მისი ყურადღება კრისტოფერ რობინის  საუბარმა მიიქცია, ბიჭი სათამაშოებს ესაუბრებოდა… ასე დაიბადა პირველი მოთხრობა-„ვინი პუჰი და არასწორი ფუტკრები“, რომელიც დაიბეჭდა 1925 წელს. 1926 წელს კი პირველად  გამოიცა წიგნად. 1928 წელს მეორე წიგნი გამოსცეს და ვინი პუჰი, მისი მეგობარი და მისი ავტორი მთელ მსოფლიოში ცნობილები გახდნენ. კრისტოფერ რობინს კი სამეფო კარის ბავშვებთან ერთად მოიხსენიებდნენ, რადგან პოპულარობით მგონი მათ სჯობნიდა კიდეც.

ამ წერილში სწორედ არასწორ ფუტკრებზე მინდა შევჩერდე, რადგან დეკემბერია, ახალი წლის და გოზინაყის დრო მოდის და თაფლზე მინდა ვისაუბრო.

სხვათა შორის, დიდი ხნის განმავლობაში ევროპაში თაფლის შესახებ წარმოდგენაც არ ჰქონდათ. პირველად ალექსანდრე მაკედონელმა შეიტყო. ინდოეთის დალაშქვრისას მაკედონელსა და მის ჯარისკაცებზე შთაბეჭდილება მყარმა ტკბილმა ნივთიერებამ მოახდინა. შემდეგ, უკვე შინ დაბრუნებულები ათას ტყუილ-მართალს ჰყვებოდნენ მასზე.

თაფლი ნახშირწყლებისგან შედგება. აქ ფრუქტოზა გლუკოზასთან შედარებით გაცილებით მეტი რაოდენობით არის. გლუკოზაც და ფრუქტოზაც ფერმენტ ინვერტაზას მეშვეობით დისაქარიდ საქაროზას დაშლით წარმოიქმნება. ამ პროცესს თაფლის მომწიფება ეწოდება. თაფლში ფრუქტოზას სიჭარბემ არ მოგატყუოთ და არ იფიქროთ, დიეტური პროდუქტიაო. თაფლით ბარაქიანად გავსებული ჩაის კოვზი ხუთ კოვზ შაქარს შეესაბამება…გარდა ამისა, არ დაგავიწყდეთ, რომ ფრუქტოზა და გლუკოზა ერთმანეთის იზომერებს წარმოადგენენ და წვრილ ნაწლავში ფრუქტოზას გვარიანი ნაწილი გლუკოზად გარდაიქმნება.

თაფლი ცილებსაც შეიცავს. მათი უმეტესი ნაწილი ფერმენტებს წარმოადგენს. მცენარეული წარმოშობის ცილები თაფლში ყვავილის მტვერთან ერთად ხვდება. ცხოველური წარმოშობის კი ფუტკრის ნერწყვთან ერთად. თაფლში 15 ფერმენტი შედის, მათ შორის უკვე ნაცნობი ინვერტაზა, დიასტაზა, გლუკოზოოქსიდაზა, კატალაზა და ფოსფატაზაა. მათ შორის უმთავრესი ფერმენტი ინვერტაზა გახლავთ, რადგან ნექტრიდან თაფლს სწორედ ის წარმოქმნის. თაფლის სამკურნალო თვისებებიც სწორედ დიასტაზას რაოდენობას უკავშირდება, რადგან ეს უკანასკნელი უზრუნველყოფს სახამებლის და დექსტრინების დაშლას. არსებობს თაფლის მახასიათებელი-დიასტაზური რიცხვი, რომელიც 1%-იანი სახამებლის იმ მილილიტრების რაოდენობას შეესაბამება, რომელიც ერთი საათის განმავლობაში დიასტაზით იშლება.

თაფლში დიასტაზას რაოდენობა მცენარეების შემცველობაზეა დამოკიდებული, კიდევ ნიადაგის სისუფთავესა და ტიპზე, სადაც ეს მცენარეები ხარობდნენ. როგორ ამინდში შეაგროვეს თაფლი ფუტკრებმა და თავად ფუტკრები არასწორნი იყვნენ თუ…ეს ბოლო რეპლიკა ხუმრობაა, რა თქმა უნდა. კარგი და სწორი ფუტკრების შექმნილი თაფლის დიასტაზური რიცხვი 7 ერთეულზე ნაკლები არ უნდა იყოს.

სხვათა შორის, დიასტაზა ნერწყვის შემადგენლობაში ადამიანებსაც გვაქვს. ძირითადად ნერწყვში ამილაზასთან არის ბმული.

თაფლისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტი გლუკონმჟავაა. იგივე მჟავა ჩვენი ორგანიზმისთვისაც არის დამახასიათებელი. ორგანიზმიდან მავნე ნივთიერებებს გამოდევნის. სხვათა შორის მთელი ეს კომპონენტები ფოტო მგრძნობელობით ხასიათდება, რაც ნიშნავს, რომ თაფლის ბნელ ადგილას შენახვა ჯობს.

თაფლში შედის 27 ამინმჟავა, მათ შორის 20 პროტეინგენურია, ანუ ადამიანის ორგანიზმისთვის დამახასიათებელი და შეუცვლელი.

 თაფლი ალკალოიდებსაც შეიცავს. მცენარეში ალკალოიდები  ძირითადად მარილების სახითაა. ალკალოიდთა უმრავლესობა ძლიერი შხამია, თუმცა შესაბამისი ფორმით და დოზირებით მედიცინაში წამლად გამოიყენება. არ გამორიცხავენ, რომ თაფლის სამკურნალო თვისებებიც შეიძლება რაღაც დოზით ალკალოიდების დამსახურება იყოს. თუმცა თაფლში ალკალოიდების წილს გააჩნია. არსებობს ე.წ. „მთვრალი თაფლი”, რომელშიც ამ ტიპის ნივთიერებები ზომაზე მეტია.

აი, ესენი იქნებიან არასწორი ფუტკრები, რომლებმაც  ალკალოიდებით სავსე მცენარეები მიირთვეს. ასეთი თაფლის ჭამის შემდეგ ადამიანს თავბრუსხვევის შეგრძნება ეუფლება,  სუნთქვა უნელდება, დუნდება  და საათების განმავლობაში გადაბმულად ეძინება.

 თურმე ზოგიერთი ნამდვილი თაფლი სამკურნალო სულაც  არ არის. უბრალოდ, გემრიელი და უვნებელი დესერტია. სამკურნალო თაფლის სიაში პირველ ადგილზე ეგვიპტური თაფლია, რომელიც კვლიავისგან მზადდება და შავი ფერის არის. ალტერნატიული მედიცინის სპეციალურ ბაზრობებზე იყიდება და თურმე დამახასიათებელი მწკლარტე გემო აქვს, რადგან სხვა აქტიურ ნივთიერებებთან ერთად ტანინსაც შეიცავს.

თაფლზე საუბრისას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კითხვა ჩნდება.

როგორ გამოვიცნოთ თაფლი სახლის პირობებში.

 უნდა აღინიშნოს, რომ ზოგიერთ სრულიად სწორ ფუტკრებს არასწორი პატრონები ჰყავთ და თაფლს გასქელების მიზნით ცარცს ან სახამებელს ამატებენ. ან სულაც თაფლის გადამყიდველები არიან და ნაყიდი პროდუქტის ფალსიფიცირებას ახდენენ. თუ თაფლს გასქელების მიზნით დამატებული აქვს ცარცი, ამას ჩვეულებრივი ძმრით გამოვავლენთ. აიღეთ ერთი კოვზი თაფლი და გახსენით წყალში. შემდეგ დაუმატეთ მცირე რაოდენობით ძმარი. თაფლში ცარცის არსებობის შემთხვევაში, გაზის ბუშტუკები გამოიყოფა.

ცარცი კალციუმის კარბონატია და ძმართან ურთიერთქმედებისას ნახშირორჟანგი წარმოიქმნება, რაც ბუშტუკების სახით იქნება სითხის ზედაპირზე.

CaCO3+2CH3COOH=CO2+H2O+(CH3COO)2Ca

თაფლს შესქელების მიზნით შეიძლება დაუმატონ სახამებელი. ამ შემთხვევაში ორი რეაგენტით შეიძლება შემოწმდეს-სპირტით და იოდით. დავამზადოთ საკვლევი თაფლის ხსნარი და დავამატოთ აფთიაქში ნაყიდი  3% -ანი იოდის სპირტხსნარი. ფერი შეიცვლება სილურჯისკენ და ჭიქის ფსკერზე ლურჯი ნალექი წარმოიქმნება. ახლა თაფლის წყალხსნარს სამედიცინო სპირტი დავამატოთ. სახამებლის არსებობის შემთხვევაში, ხსნარი შეიმღვრევა.

სანამ თაფლზე და ფუტკრების არასწორ პატრონებზე გესაუბრებოდით, კრისტოფერ რობინი გაიზარდა, სკოლაში წავიდა და თავისი სათამაშოები დაივიწყა. უფრო მეტიც, სამუდამოდ შეიძულა ვინი პუჰი, რადგან სწორედ მის გამო მთელი სკოლის ბიჭები გადაემტერნენ, ათასნაირად დასცინოდნენ და ავიწროებდნენ. პუჰმა მილნეების ოჯახს დიდი სიმდიდრე მოუტანა, თუმცა,  უკვე ზრდასრულ კრისტოფერს მთელი ცხოვრება ახსოვდა სკოლის ბავშვების დაუსრულებელი  ოხუნჯობა და ამის გამო დაღვრილი ცრემლები. მე რომ მკითხო, ჩვეულებრივი შური გახლდათ, რადგან ცხოვრებაში ზოგიერთი რამე კვლიავის თაფლივით არის, სასარგებლოა, მაგრამ მწკლარტე.

.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

მწერალი პოლიციიდან

ტექსტები და ქვეტექსტები

პაოლო

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი