ორშაბათი, ივლისი 22, 2024
22 ივლისი, ორშაბათი, 2024

ყიყლიყოს დღე – როგორ იკვებებიან ბავშვები სკოლაში?

დედა, სქულქარდზეორი ლარი ჩამირიცხე, ფუნთუშას ვიყიდი ჩემს კლასელებთან ერთად,მწერს შვილი დღის ბოლოს.

ლიავი კიდევ გვაქვს სახლში? ვალაც გამატანე, ჩემს კლასელებს ძალიან მოეწონათ” – სოფლიდან გამოგზავნილ და სახლში ვერდაფასებულ ქლიავს მოწონება სკოლაში ხვდა წილად.

ჩემს კლასელებს ეგონათ მუცელი შიმშილის გამო მტკიოდა და ნიკოლოზმა ფუნთუშა გამიყო, ნინიამ შოკოლადი მომცა, მათემ ვაშლის ნაჭერი. ყველაზე კარგი კლასელები მყავს.

 

იყლიყოების გამო გლოცავდნენ. კიდევ გამატანე. იჭებმა კარგად გავინაწილეთ. მოდი, ხუთშაბათი ყიყლიყოს დღე იყოს”.

რა გავატანო სკოლაში საჭმელი ორ მოსწავლეს და დილით რით ვასაუზმო – ამას ძილის წინ ან ძილში უკვე ნახევრად წასული ვგეგმავ, ასე საქმე უფრო მიმარტივდება, ორგანიზებაც აღარ მიჭირს და იმ დღის სიმშვიდეც გარანტირებულია – ბავშვი, რომელიც მთელ დღეს გარეთ ატარებს, მშიერი აღარ დარჩება. თუმცა, ისიც ვიცი, ეს არ არის ისეთი საკვები, რომელიც საკმარისი იქნება მოზარდის ზრდა-განვითარებისთვის.

ერთ დღესაც ყველას გვაგვიანდებოდა. საუზმე მოვასწარით, ბავშვებს საგზალი ვეღარ გავუმზადე, ამიტომ ფული გავატანე, რომ სკოლის მაღაზიაში რაიმე ეყიდა. ბავშვს სიჩქარეში ყიდვაც გადაავიწყდა და ისე შევარდა სკოლაში, საჭმელი არ გახსენებია. სკოლაში ბუფეტი არ ფუნქციონირებს, რაც ნიშნავს იმას, რომ თუ ბავშვი სახლიდან არ წაიღებს საკვებს ან გაკვეთილის დაწყებამდე მაღაზიაში არ იყიდის, მშიერი დარჩება, თან საკმაოდ დიდხანს, 5-6 საათის განმავლობაში. (სკოლიდან გარეთ არ უშვებენ გაკვეთილების დამთავრებამდე). საღამოს მიყვებოდა – „ყველა კლასელმა რაღაც გამინაწილა, მიხვდნენ, რომ საჭმელი არ მქონდა”.

კვება გავლენას ახდენს სასწავლო პროცესზე, გავლენას ახდენს დასწავლაზე და მოსწავლის კონცენტრაციაზე. კვლევებით გამყარებული ეს ფაქტები, კიდევ უფრო საინტერესოა და კიდევ ერთხელ გვიდასტურებს, რა გავლენას აქვს კვებას ან კვების გარეშე ყოფნას ბავშვის აკადემიურ მოსწრებაზე.

„საქართველოში გამოკითხული მოსწავლეების 77% ამბობს, რომ სკოლაში მისვლის დროს ხანდახან (42%) ან ყოველთვის (35%) განიცდის შიმშილის გრძნობას, რაც პირდაპირ გავლენას ახდენს წიგნიერებაში მოსწავლეთა დაბალ შედეგებზე”. (NAEC, 2019)

თითქმის ყოველი მეოთხე ბავშვი საქართველოში (24.4%) სიღარიბეში ცხოვრობს. (UNICEF, 2021)

გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ ნუტრიციის პოლიტიკის ხარვეზების ანალიზის თანახმად (UNICEF, 2020). მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს მოზარდებში ისეთი მიკროელემენტების ნაკლებობა, როგორიცაა რკინა და იოდი, რაც მათ ზრდის, განვითარებისა და ანემიის პრობლემებს უქმნის. (კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის პოლიტიკური დოკუმენტი „საქართველოში სასკოლო კვების სისტემის ჩამოყალიბების საჭიროება და პერსპექტივები”)

აშშ-ს ქრონიკული დაავადებების ეროვნული ცენტრის კვლევების მიხედვით, საუზმის გამოტოვება მოსწავლეებში პირდაპირ კავშირშია გაუარესებულ აკადემიურ მოსწრებასთან. ასევე არაჯანსაღი კვებით გამოწვეული ნუტრიენტების დეფიციტი დაკავშირებულია სკოლის ხშირ გაცდენასა და ცუდ ნიშნებთან.

ნუტრიციოლოგი რუსუდან ღვამიჩავა ჩვენთან ინტერვიუში განიხილავს, როგორი უნდა იყოს მოსწავლის საუზმე და როგორ უნდა იკვებებოდეს მოზარდი:

„მოსწავლის ასაკში, როდესაც აქტიურად მიმდინარეობს როგორც ფიზიკური, ასევე გონებრივი განვითარება, აუცილებელია სწორად შერჩეული ჯანსაღი საკვების მიღება. საუზმე მოსწავლეებისთვის ჯანსაღი კვების რაციონის შეუცვლელი ნაწილია. ღამის ხარისხიან და საკმარის ძილს, დილას აუცილებლად უნდა მოსდევდეს დაბალანსებული, სასარგებლო და გემრიელი საუზმე. დილის კვება ბავშვებს აძლევს ენერგიას, რათა დღის განმავლობაში სკოლაში იყვნენ აქტიური და კონცენტრირებული სხვადასხვა დავალების შესრულებაზე. კვება და სკოლაში შრომისუნარიანობა პირდაპირ კავშირშია ერთმანეთთან. მოსწავლისთვის იდეალური დაბალანსებული საუზმის აუცილებელი კომპონენტებია: რთული ნახშირწყლები, ცილა და ჯანსაღი ცხიმები. საუზმედ შეიძლება გამოყენებული იყოს: რძის პროდუქტები: ყველი, ხაჭო, რძე, მაწონი, არაჟანი; ასევე, კვერცხი, შვრია ხილთან ერთად, თხილეული, უშაქრო გრანულა რძით, მთელ მარცვლოვანი პურით დამზადებული სენდვიჩი, წიწიბურა და ა.შ..”.

როგორც ნუტრიციოლოგი განმარტავს მოზარდის ყოველდღიურ რაციონში აუცილებლად უნდა შედიოდეს ჯანსაღი ცხიმები, ნახშირწყლები, ცილები, ვიტამინები და მინერალები. კვებით რაციონში მრავლად უნდა იყოს წარმოდგენილი ხილ-ბოსტნეული, რთული ნახშირწყლები, ცილა და რძის პროდუქტები. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მიკრონუტრიენტები: რკინა, D ვიტამინი და კალციუმი. საკვები მოზარდს ამარაგებს ორგანიზმისთვის აუცილებელი ენერგიით და ხელს უწყობს მის სრულფასოვან ფუნქციონირებას და ძალიან დიდი გავლენა აქვს ჯანმრთელობაზე.

ბავშვიანი ოჯახის პატრონებმა კარგად ვიცით, რასთან არის დაკავშირებული ბავშვების სწორი და ჯანსაღი კვება ყოველდღიურად და განსაკუთრებით ახლა, როდესაც სოციალური ფონი მძიმდება, საკვები პროდუქტების ფასები ყოველდღიურად მატულობს, ეს საკითხი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ხდება. მშობლები ძალ-ღონეს არ იშურებენ, რომ შვილებს ჯანმრთელი პროდუქტი შესთავაზონ, შეუდგინონ ისეთი ყოველდღიური მენიუ, რომელიც მას ზრდა-განვითარებაში დაეხმარება. ოჯახებისთვის დღეს ბავშვების ჯანსაღი კვებით უზრუნველყოფა ნამდვილად არის გამოწვევა.

 

კვებასთან დაკავშირებული ისტორიების მოსმენა ყოველდღიურად მიწევს ჩემი ორი მოსწავლე შვილისგან. ვინ როგორ იკვებება კლასში, ვის რა დააქვს სკოლაში, ვინ ვის რას უნაწილებს და როგორი მეგობრობა იციან ბავშვებმა – თითქმის ყველაფერი ვიცი მათზე. ისეთი ამბებია, თვალზე ცრემლებიც მოგადგება. შოკოლადი იქნება თუ მანდარინები, სახლში გამომცხვარი ნამცხვარი თუ ყველიანი „ტოსტები”, ბლინები თუ ღვეზელები, ჩურჩხელა თუ არც ისე ჯანსაღი „სნექები”, ბავშვებს ეხმარება ერთმანეთზე ზრუნვაში. პატარა ადამიანები, სიტყვის უთქმელად ხვდებიან ვის სჭირდება დახმარება და ვის უნდა გაუნაწილონ საკვები.

მოსწავლეები, რომ ხშირად მთელი დღის განმავლობაში მშიერი არიან, ეს ყველაზე კარგად მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა იციან. ჩვენს ქვეყანაში რომ მოსწავლეების კვებით უზრუნველყოფის საჭიროება არსებობს, ამას სხვადასხვა კვლევა ადასტურებს და სტატისტიკის მიღმაც ბევრი მშიერი მოსწავლეა.

 

როგორ მოქმედებს მოსწავლის შიმშილი საგაკვეთილო პროცესზე? არიან თქვენს კლასში მშიერი მოსწავლეები? მშობლებო, როგორია თქვენი სასკოლო კვებითი გამოცდილება, როგორ უმკლავდებით ყოველდღიურად მზარდ ფასებს საკვებ პროდუქტებზე, როგორ კვებავთ ბავშვებს? საჭიროა თუ არა სკოლებში უფასო კვება?

 

ხომ არ ვილაპარაკოთ ამაზე?!

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“