ორშაბათი, აპრილი 29, 2024
29 აპრილი, ორშაბათი, 2024

როცა მეცნიერება ხვდება ხელოვნებას

„საუკეთესო მეცნიერები არტისტები არიან“.

ალბერტ აინშტაინი

„თუ პოეზია ფანტაზიაა და ამაზე ვთანხმდებით, ფანტაზია არ არის, მეცნიერება და ფილოსოფია? მათემატიკური წერტილი, გეომეტრიული სამკუთხედი, ფიზიკური ატომი… გეომეტრიული სამკუთხედი და ჰამლეტი,  უეჭველად ორივე, ფანტაზიის ნაყოფია!

ხოსე ორტეგა ი გასეტი

ტრადიციულად მიჩნეულია, რომ მეცნიერება და ხელოვნება – სამყაროს ორი განსხვავებული აღწერაა. თანამედროვე სამყაროში იმდენად მყარია ეს აზრი, რომ წარმოუდგენლად გვეჩვენება, რომ მათ, შესაძლოა, გადაკვეთის წერტილებიც (და არა მხოლოდ წერტილები) ჰქონდეს. საზოგადოებაც გაყოფილია: ისინი, ვინც ხელოვნებით ტკბებიან და ისინი, რომელთაც სამყაროს სამეცნიერო აღწერა უფრო იტაცებთ. შემოქმედისთვის მეცნიერება არ არის საინტერესო ფორმა და, პირიქით, მეცნიერება დროს არ კარგავს შემოქმედებაზე;

არა და, არა მგონია, დიდი ფიქრის სჭირდებოდეს იმას, რომ საფუძველში ორივე ერთ საქმეს ემსახურება – სამყაროს აღწერას და, ხშირ შემთხვევაშიც, მიზანი ერთი აქვთ.

გაყოფილია მეცნიერება და ხელოვნება და შესაბამისად, ჩვენი თავის ტვინის ორი ნახევარსფეროც ცალ-ცალკე მუშაობს…  მარცხენა ნახევარსფერო მეცნიერების ნახევარსფეროდაა მიჩნეული და მარჯვენა – შემოქმედების და მიჩნეულია, რომ ადამიანს რომელიმე უფრო განვითარებული აქვს და ეს საკმარისია.

მეცნიერებისა და ხელოვნების, თავის ტვინის მარჯვენა და მარცხენა ნახევარსფეროების სინქრონიზაციის მოთხოვნა ყველა დროში იყო/იქნებოდა მეტნაკლებად, ხოლო თანამედროვეობა, ვფიქრობ, შეუძლებელი იქნება ამ ორი უნარის, ორი ინტელექტის, გნებავთ, გულისა და გონების, სინქრონიზაციის გარეშე.

წარმოიდგინეთ, რა საინტერესო იქნებოდა, მეცნიერებისთვის რომ შემოქმედებითობა გვესწავლებინა და შემოქმედებისთვის – მეცნიერება. განუსაზღვრელი იდეები დაიბადებოდა და სამყარო ახალი აღმოჩენების წინაშე დადგებოდა, რაც მოიტანდა ევოლუციასაც და კეთილდღეობასაც.

 

ჰარმონიული ადამიანი და ევოლუციური ცნობიერება  წარმომიდგენია, როგორც გლობალური, ერთიანი და განუყოფელი, რომელშიც შემეცნების ყველა ორგანო შეთანხმებულად მუშაობს სამყაროს შესაცნობად.

ლეონარდო და ვინჩი მეცნიერებისა და ხელოვნების სინთეზის საუკეთესო გამოხატულებაა, მისი ჩანახატები – მეცნიერული ნაშრომებია.

სხვათა შორის, საუკეთესო რჩევები აქვს ჩვენთვის ლეონარდოს და მოვუსმინოთ:

  • იყავი ცნობისმოყვარე ყველაფრის მიმართ;
  • ეცადე შენიშნო და გამოარჩიო გარღვევები შენივე გამოცდილებიდან და შეცდომებიდან;
  • მუდამ განაახლე, გამოთვალე შენი ემოციების მარაგი;
  • მიიღე და გაიაზრე პარადოქსები;
  • გამოიმუშავე გლობალური აზროვნება ტვინის ორივე ჰემოსფეროს გამოყენებით;
  • შეინარჩუნე ცივსისხლიანობა, მენტალური მოქნილობა და გონების სისხარტე;

 

დაიმახსოვრე, რომ ხსენებული ექვსი პრინციპი ერთმანეთისაგან განუყოფელია და მუდამ იფიქრე მათზე!..

ძალიან საინტერესოა ჰანს მაგნუს ენცენსბერგერის ნააზრევი. იგი წერს იმის შესახებ, რომ უძველეს მოაზროვნეთა მიერ დაარსებულმა დიდაქტიკური ლექსის ტრადიციამ შუა საუკუნეებს გაუძლო და რენესანსის ეპოქაში ახალ გაფურჩქვნას მიაღწია. ამ ეპოქის პოეტები, მხატვრები, არქიტექტორები თუ ფილოსოფოსები ხარბად დაეწაფნენ თავიანთ თანამედროვეთა მეცნიერულ კვლევებს. ეს ინტერესი, როგორც კარდანოს, დიურერისა თუ ლეონარდოს შემთხვევაში, ხშირად უმჭიდროესად იყო გადახლართული შემოქმედებით საქმიანობასთან. ჯორდანო ბრუნო და სირანო დე ბერჟერაკი არ სცნობდნენ ზღვარს პოეზიასა და მეცნიერებას შორის. მეთვრამეტე საუკუნის შუა ხანებამდე ამ საზღვრის შესახებ ლაპარაკიც კი არ ყოფილა. თავის მონუმენტურ ენციკლოპედიაზე სამუშაოდ დიდრომ მათემატიკოს დ’ალამბერთან წამოიწყო უაღრესად ნაყოფიერი თანამშრომლობა. ლიხტენბერგი, ვისაც, სხვათა შორის, ფოტოასლის გამოგონებას უნდა ვუმადლოდეთ, მნიშვნელოვანი ფიზიკოსი გახლდათ, ხოლო გოეთე დიდი გზნებით შეისწავლიდა გეოლოგიის, ბოტანიკისა და ფიზიოლოგიის საკითხებს, სულ რომ არაფერი ვთქვათ მის იმ ახირებულ წამოწყებაზე, რომლის შედეგადაც მივიღეთ “მოძღვრება ფერთა შესახებ”.    ერთ-ერთი უკანასკნელი მნიშვნელოვანი დიდაქტიკური ლექსი გახლავთ დაუმთავრებელი “მცენარეთა გარდასახვა”. რომანტიკოსებისთვისაც ჯერაც უცხო იყო სამეცნიერო და ლიტერატურულ სფეროთა მკვეთრი გამიჯვნა. რიტერი, კარუ და შამისო თავადვე მეცნიერული კვლევებით იყვნენ დაკავებული, ხოლო ფრიდრიხ ფონ ჰარდენბერგის “ზოგადი მონახაზი” მოწმობს ავტორის ფართო განსწავლულობაზე მათემატიკის, ქიმიის, ფსიქიატრიისა და ბიოლოგიის სფეროებში (“მეცნიერების პოეზია”, თარგმნა თამარ კოტრიკაძემ).

არ არსებობს მეცნიერების დარგი, რომელიც შემოქმედებას ვერ დაუკავშრდება და არც შემოქმედების დარგი, რომელსაც მეცნიერული ინფორმაციის გადმოცამა არ შეეძლოს. კრეატიულობის პროცესი არა მხოლოდ სიტყვათა უნიკალურ და პარადოქსული ურთიერთდაკავშრებით გამოიხატება, ეს შეეხება სამყაროში მთლიანად სინთეზის პროცესს. ყველაფერში ყველაფერი აირეკლება: ჩვენ უნდა დავაკავშიროთ, პირველ რიგში, ჩვენს ცნობიერებაში: გული და გონება, მეცნიერება და ხელოვნება, ცხოვრება და შემოქმედება, ბიზნესი, მეცნიერება და შემოქმედება…. ყველაფერი, რაც აქამდე ცალკე/მონოლოგურად  არსებობდა, უნდა დაწყვილდეს (და არა მხოლოდ დაწყვილდეს) და შექმნას სინერგია. ვფიქრობ, ბევრი საინტერესო ექსპერიმენტი შეიძლება დაიგეგმოს და განხორციელდეს.

ესეც ალბერო ბლანკოს სამეცნიერო პოეზია:

ევოლუციის თეორია

რაღაც რაღაცისგან რომ გამომდინარეობს,

ამის საწვდომად არ გვჭირდება არც გამოთვლა

და არც რამენაირი თეორიები.

ცვლილებების უსასრულო ქსელში არსებები რომ არსებობენ,

რომლებიც სხვა არსებებისგან წარმოიშვნენ,

იმდენად თვალსაჩინოა, რომ საკუთარ თავს ვეკითხებით:

როგორ მოხდა, რომ კიდევ არსებობენ ადამიანები,

რომლებსაც ჯერ კიდევ აეჭვებთ ევოლუციის თეორია?

“ადამიანი”, ამბობს შექსპირი, და მილტონი იმეორებს ამას, “შედევრია”.

მაგრამ როცა ვხედავთ, ღრუბელი როგორ გარდაისახება წვიმად,

წვიმა – სეტყვად, სეტყვა კი – ტალახად,

მაშინ სერიოზულად ვიწყებთ ყველაფერში ეჭვის შეტანას. (გერმანულიდან თარგმნა თამარ კოტრიკაძემ).

გიგი თევზაძე წიგნში „საბოლოო ფილოსოფია“ საუბრობს ინტელექტის ორ სახეზე – პერფორმანსულ და კვლევით ინტელექტზე (ვფიქრობ ეს იგივეა, რაც შემოქმედებითი და სამეცნიერო აზროვნება), აგრეთვე მათი დაახლოების და ურთიერთგავლენის გზებზე; შესაბამისად, იმაზეც, რა და როგორ უნდა დაიგეგმოს სწავლებაში, რომ ეს შედეგი მივიღოთ.

„გამომდინარე ორი ინტელექტის თეორიიდან, პითაგორას პარადიგმაზე დამყარებული განათლების სისტემის მთავარი ამოცანაა ამ ინტელექტთა მატარებლების ადრეულ ასაკში იდენტიფიცირება და სპეციალური, ინდივიდუალური პროგრამებით მათი სწავლება. ასევე, სწავლების პროცესში გუნდების ორგანიზება, სადაც ამ ორი ინტელექტის მატარებლებს ასწავლიან ერთად მუშაობას და საერთო ტექნოლოგიური მიზნების დასახვა-მიღწევას. კაცობრიობის წარმატებული მომავალი პერფორმანსული და კვლევითი ინტელექტის მატარებელი ადამიანების წარმატებულ თანამშრომლობაშია.“ (გიგი თევზაძე, „საბოლოო ფილოსოფია“).

21-ე საუკუნეს თავისი გამოწვევები აქვს და, მათ შორის: მეცნიერებისა და ხელოვნების სინთეზი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი