ორშაბათი, აპრილი 29, 2024
29 აპრილი, ორშაბათი, 2024

თამაში, შემოქმედებითობა და თავისუფლება

შემოქმედებითობა ის უნარია, რომელიც მოსწავლეს საკუთარი თავისა თუ სამყაროს შემეცნებაში ეხმარება. მასწავლებელი კი მეგზურია ამ რთულ და უმნიშვნელოვანეს გზაზე. სკოლამ შეიძლება განავითაროს ან შეაფერხოს ბავშვის შემოქმედებითი პოტენციალი, რომელიც ყველა ადამიანს დაბადებიდან დაჰყვება. რაღაცის შექმნა (აბსტრაქტულისა თუ მატერიალურის, წარმოსახული ხატისა თუ რეალური საგნის) ადამიანის მთავარი სასიცოცხლო ვნებაა.

ცნობილი მეცნიერი, ფსიქოლოგი პიტერ გრეი, თავის წიგნში „სწავლის თავისუფლება. თამაში სკოლის წინააღმდეგ“ მრავალ პრობლემურ და აქტუალურ საკითხს აანალიზებს. მათ შორის უმთავრესია თამაშის როლი მოსწავლის შემოქმედებითი უნარის გააქტიურებაში. იგი მსჯელობს ცნობისმოყვარეობაზე როგორც ცოდნისა და შემეცნების მძლავრ მოტივატორზე, იხსენებს განათლების ექსპერტის სუგატა მიტრას ერთ ექსპერიმენტს, როდესაც მან ინდოეთის ერთ მიყრუებულ სოფელში კომპიუტერი ჩაიტანა. იმდენად დიდი იყო ბავშვების ინტერესი, ამოეხსნათ უცხო მექანიზმის მუშაობის პრინციპი, რომ მათ დამოუკიდებლად მოახერხეს მისი ანაბანის ათვისება.

პიტერ გრეი მეორე ექსპერიმენტსაც იხსენებს: ბავშვების ორ ჯგუფს ცალ-ცალე აჩვენეს სათამაშო ყუთი, საიდანაც სხვადასხვა ღილაკზე თითის დაჭერისას იხვი ან თოჯინა ხტებოდა. ერთ ჯგუფს აუხსნეს, როგორ მუშაობდა ყუთი, მეორეს კი – არა. როცა ბავშვებს სხვა სათამაშოებიც აჩვენეს და არჩევანი შესთავაზეს, მან, ვინც ყუთის მუშაობის პრინციპი იცოდა, ის აღარ აირჩია, ხოლო მას, ვისაც ჯერ კიდევ არ ესმოდა ამ მექანიზმის არსი, ცნობისმოყვარეობამ სძლია და ისევ ყუთი აიღო, რათა ბოლომდე ჩასწვდომოდა საიდუმლოს.

ცნობისმოყვარეობის მამოძრავებელი ძალა სწორედ შემოქმედებითი უნარია, რომელიც დროთა განმავლობაში ან განვითარდება, ან ჩაიხშობა. ერთსაც და მეორესაც ათასი მიზეზი აქვს. მთავარია, ამ მიზეზთა შორის არ იყოს სკოლა, პედაგოგების არასწორი მეთოდიკა და შეხედულებები. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი მასწავლებლის უწყვეტი ზრუნვა საკუთარ განვითარებაზე, იმ საინტერესო ლიტერატურისა თუ ტექნიკების გაცნობა, რომლებიც მას ამ საქმეში დაეხმარება.

პიტერ გრეი ასკვნის, რომ სკოლები ძირითადად აბრკოლებენ ცნობისმოყვარეობას, რადგან მასწავლებლები მოსწავლეებს ბოლომდე უხსნიან ყველაფერს. როდესაც მათემატიკის მასწავლებელი განტოლების ამოხსნის გზას უჩვენებს, მოსწავლეს ჰგონია, რომ მეტი არაფერია აღმოსაჩენი, ის აღარ დაეძებს ალტერნატიულ გზებს, ამიტომაც ცნობისმოყვარეობა უნელდება და არც აღმოჩენის სიხარულს განიცდის, რომელმაც შეიძლება სწავლისკენ უბიძგოს.

მეცნიერს მიაჩნია, რომ თამაშისკენ სწრაფვა ბადებს მოსწავლის ცნობისმოყვარეობას და სწავლაში ეხმარება მას. საიდუმლოს ამოხსნის წყურვილი აიძულებს ბავშვს, ეძებოს ახალი ცოდნა, დაეჭვდეს იმაში, რაც ასწავლეს, მოიფიქროს განსხვავებული გზები. თამაში სწორედ ის არის, რაც მოტივაციას აჩენს ახალი უნარების შესაძენად. ძიების პროცესში კი საჭირო ხდება ფანტაზიის ჩართვა. მაგალითად, სუგატა მიტრას ზემოთ ნახსენებ ექსპერიმენტში ბავშვებმა დამოუკიდებლად გაარკვიეს თუ არა გრაფიკული დიზაინის მუშაობის პრინციპი, მაშინვე დაიწყეს სხვადასხვა რამის დახატვა. ამ ნახატებს ისინი თვითონვე იგონებდნენ და არ ხატავდნენ იმას, რაც უკვე ნანახი ჰქონდათ.

ცნობილია, რომ ბავშვები ენასაც თამაშით სწავლობენ. ფრაზების აგება, კალამბურების მოფიქრება, სტრიქონების გარითმვა ხომ ფაქტობრივად სიტყვებით თამაშია. ამიტომ არის, რომ ისინი ხშირად აოცებენ მშობლებს მახვილგონივრული გამონათქვამებით. ქართულ სოციალურ ქსელებში დღესაც შეხვდებით მშობლებს, რომლებიც თავიანთი პატარების ამგვარ მახვილსიტყვაობას აზიარებენ. სამწუხაროდ, სიტყვებისადმი, ენისადმი ასეთი დამოკიდებულების ხარისხი თანდათან იკლებს. ეს ინტერესი მხოლოდ მას რჩება, ვინც ხელობად მწერლობას ან ჟურნალისტიკას ირჩევს. ქართულ ლიტერატურაში სიტყვებთან ასეთი ბავშვური სიცელქით მოთამაშედ ბოლომდე დარჩა გურამ დოჩანაშვილი. ამ თამაშს მოაქვს უცნაური და მრავალმნიშვნელოვანი ახალი სიტყვები, პოეტური ნეოლოგიზმები. გალაკტიონ ტაბიძე და გიორგი ლეონიძე სიტყვათქმნადობის გასაოცარი სიუხვით გამოირჩევიან.

პიტერ გრეის აზრით, ვინაიდან ადამიანი ჰომო საპიენსია გონიერია, მას უყვარს აღმოჩენისკენ მიმართული თამაშები, რომლებშიც ცნობისმოყვარეობისა და თამაშის ელემენტები ერთმანეთს ერწყმის. ასეთი გართობით ადამიანი შეიცნობს სამყაროს. რეალურად ყველა საბავშვო თამაში კვლევაა. ჩვენ გადარჩენას ვახერხებთ მხოლოდ იმიტომ, რომ მუდამ ვმოძრაობთ, ერთგვარ კონსტრუქციულ თამაშში ვართ ჩართულნი. ბავშვები ქვიშისგან კოშკებს აგებენ, კუბიკებისგან – კოსმოსურ ხომალდებს, ხატავენ უცნაურ საგნებს. ისინი ბაძავენ დიდებს, რომლებიც უკიდეგანო ფანტაზიის წყალობით შეუძლებელს შესაძლებლად აქცევენ.

შეიძლება თუ არა, შეფასება შემოქმედებითი უნარის დამაბრკოლებლად იქცეს?

პიტერ გრეი შეფასების ფარდობით ხასიათზეც მსჯელობს. მისი აზრით, შეფასება მხოლოდ მისთვისაა მამოტივირებელი, ვინც უკვე იცის რაღაც, მისთვის კი, ვინც ახლა იწყებს რამის შესწავლას, შესაძლოა მართლაც დამაბრკოლებელი აღმოჩნდეს, ამიტომ მასწავლებელი ფრთხილად უნდა იყოს შეფასებისას, ზუსტად განსაზღვროს, რა შემთხვევაში გამოიყენოს ეს ინსტრუმენტი.

სკოლა უნდა იყოს ადგილი, სადაც ბავშვები ახალ უნარებს შეიძენენ. მიუღებელია, გაკვეთილი მხოლოდ ამ უნარების დემონსტრირებას ემსახურებოდეს. მასწავლებელმა უნდა გაიაზროს, რომ ბავშვი არ სწავლობს იმისთვის, რათა სხვებზე მოახდინოს შთაბეჭდილება. მუდმივი კონტროლი სტიმულს აძლევს მხოლოდ იმ მოსწავლეს, რომელიც ისედაც წარმატებულია, მაგრამ აფერხებს იმას, ვინც ნაკლები იცის. შეფასება ერთმანეთისგან განაცალკევებს კარგსა და ცუდ მოსწავლეებს და უთანასწორო მდგომარეობის არასასურველ კონტექსტს ქმნის.

თამაშის მნიშვნელობისა და გავლენის შესახებ პიტერ გრეის ოთხი მნიშვნელოვანი დასკვნა გამოაქვს:

  1. თუ მოსწავლეს ვაიძულებთ, კარგად ისწავლოს, შესაძლოა ხელიც კი შევუშალოთ მისი სწავლისა და განვითარების პროცესს. როდესაც მოსწავლე თავისუფალია „დამკვირვებლისგან“ (შეფასებისგან), მაშინ უფრო თავისუფლად და ხალისიანად მოქმედებს, ცდილობს, ამოხსნას მათემატიკური ამოცანა თუ გადაჭრას სხვა ტიპის პრობლემა.
  2. თუ ვაიძულეთ, შემოქმედებითად იაზროვნოს, მოსწავლეს შემოქმედებითი უნარები არ განუვითარდება. პიტერ გრეის მოჰყავს ცნობილი ფსიქოლოგის ტერეზა ამაბაილის ექსპერიმენტი. მეცნიერი ბავშვების ჯგუფს აძლევდა შემოქმედებითი ტიპის დავალებას (დაეხატათ რამე, დაეწერათ სხვადასხვა ჟანრის მხატვრული ტექსტი და სხვ.). მოტივაციის ასამაღლებლად მათ ნაწილს წინასწარ ეუბნებოდა, რომ ნამუშევრები შეფასდებოდა იმის მიხედვით, რამდენად წარმოაჩენდნენ შემოქმედებით უნარს, შესაძლოა გაეგზავნათ კონკურსზეც, მიიღებდნენ ჯილდოს და სხვ. შემდეგ მათი ნამუშევრები დამოუკიდებელ ექსპერტებს შეაფასებინა. აღმოჩნდა, რომ იმ მოსწავლეთა ნამუშევრებში უფრო გამოიკვეთა შემოქმედებითი უნარები, რომლებსაც წინასწარ არაფერი უთხრეს შეფასების შესახებ და რომლებიც შედეგებზე არ ფიქრობდნენ. ისინი მუშაობდნენ საკუთარი სიამოვნებისთვის და არა მაღალი შეფასების მისაღებად, შეიძლება ითქვას, ერთობოდნენ, თამაშობდნენ. არაშემოქმედებითი საქმიანობისას გარკვეული ტიპის ჯილდო შესაძლოა მართლაც იყოს სტიმულის მიმცემი, მაგრამ არა ამ შემთხვევაში. მცდელობა ადამიანს შემოქმედად ვერ აქცევს.
  3. ლაღი განწყობილება სტიმულს აძლევს შემოქმედებით უნარებს და ადამიანს პრობლემის არსში ჩაწვდომაში ეხმარება. ექსპერიმენტის მიხედვით, ბავშვებს კოლაჟები უნდა შეექმნათ. მათ ერთ ჯგუფს შემოქმედებითი დავალების მიცემამდე შესთავაზეს, ეთამაშათ, ცომისგან გამოეძერწათ, რაც სურდათ, მეორეს კი ტექსტის გადაწერა დაავალეს. შედეგად, იმ ბავშვებმა, რომლებმაც ცომით ითამაშეს, უკეთესად გაართვეს თავი დავალებას. ამ ლაღმა, სათამაშო განწყობილებამ შემოქმედებით უნარებს გამოვლენის მეტი საშუალება მისცა. ექსპერიმენტებმა დაადასტურა, რა კარგად მოქმედებს სახალისო განწყობილება ანალიტიკური პრობლემების გადაწყვეტაზე.

ამას მოწმობს ფსიქოლოგ კარლ დუნკერის ექსპერიმენტიც. მონაწილეებს დაევალათ, პატარა სანთელი ისე დაემაგრებინათ კედელზე, რომ ნაღვენთი იატაკზე არ ჩამოწვეთილიყო. ამისთვის მისცეს მხოლოდ სანთელი, ასანთი და ჭიკარტების კოლოფი. დავალების შესრულებამდე ნაწილს აჩვენეს ხუთწუთიანი ნაწყვეტი კომედიიდან, მეორეს – სერიოზული დოკუმენტური ფილმიდან მათემატიკაზე, მესამეს – არაფერი. შედეგები გასაოცარი აღმოჩნდა: კომედიის მნახველთა 75%-მა დავალებას შესანიშნავად გაართვა თავი. დანარჩენ ორ ჯგუფში მაჩვენებელი 20% და 13% იყო. ამგვარად, იუმორის ხუთმა წუთმა ხელი შეუწყო შემოქმედებითი უნარის გაღვიძებასა თუ გაღვივებას, გზა გაუხსნა არასტანდარტულ აზროვნებას. წინასწარი გართობა, სილაღე მოსწავლეებს თამაშის განწყობილებას უტოვებს და ამოცანის გადაწყვეტას უიოლებს.

  1. მხიარული, ლაღი, სათამაშო განწყობილება ბავშვებს ლოგიკური პრობლემების გადაჭრაშიც ეხმარება.

ჩვენი აზრითაც, შემოქმედებითობა თვითონ პროცესზე კონცენტრირებას გულისხმობს. ამის შესახებ მოხდენილად ამბობს გურამ რჩეულიშვილი: „ვნების სიმძაფრე შენებაშია და არა აშენებულით ტკბობაში“ („ალავერდობა“). ამიტომაც იყო პროტესტის მისეული ფორმა ასეთი სპონტანური და შემოქმედებითი.

პიტერ გრეი თამაშის ხუთ მახასიათებელს გამოკვეთს:

  • ჩვენ თვითონ ვირჩევთ თამაშებს და დამოუკიდებლად ვთამაშობთ;
  • თამაშის პროცესი და საშუალებები შედეგზე მეტად ფასდება;
  • თამაშს აქვს სტრუქტურა და წესები, რომლებიც თამაშის მონაწილეებისგან მომდინარეობს და არ არის ნაკარნახევი გარე მიზეზებით;
  • თამაში მოიცავს ფანტაზიას, წარმოსახვას, მასში ყველაფერი არ გაიგება პირდაპირ, სიტყვასიტყვით, მონაწილეთა წარმოდგენაში ის შორს არის „რეალური“ ან „სერიოზული“ ცხოვრებისგან;
  • თამაშის დროს ცნობიერება აქტიური და ფხიზელია (მღვიძარეა), თანაც არ არის დაძაბული.

პიტერ გრეის აზრით, თამაში თავისუფლებასთან ასოცირდება. ეს ის არის, რასაც არავინ გვაიძულებს. ერთი ექსპერიმენტის მიხედვით, ბავშვები თამაშად ნათლავდნენ იმას, რასაც საკუთარი სურვილით აკეთებდნენ შესვენებაზე, ხოლო მუშაობად – იმას, რასაც გაკვეთილზე მასწავლებლის მოთხოვნით ასრულებდნენ. შესაძლოა, თამაშს ყოველთვის არ ახლდეს ღიმილი და მხიარულება, მაგრამ თავისუფლების შეგრძნება ყოველთვისაა.

ძალისხმევა მიზნის მისაღწევად განსხვავდება სათამაშო სიტუაციისგან. მუშაობისას ადამიანი შედეგზეა ორიენტირებული, ამიტომ ყოველგვარი მოქმედება მას ექვემდებარება. თუ არ თამაშობს, ადამიანი ირჩევს საშუალებას, რომელიც ყველაზე სწრაფად და ნაკლები ძალისხმევით მისცემს შედეგს. ასე იქცევა მაღალი ნიშნის მიღებაზე ორიენტირებული მოსწავლეც. მისთვის არანაირი საქმე არ არის ღირებული, რომელსაც შედეგი არ მოჰყვება. თამაშს კი გონება სხვა რეჟიმში გადაჰყავს. თამაში თამაშისთვისაა, თვითონ პროცესია საინტერესო და არა შედეგი. თუ მოსწავლე ორიენტირებული არ იქნება შედეგზე, ნიშნის მიღებაზე აღარ იღელვებს, მისთვის თვითონ სწავლის პროცესი გახდება სასიამოვნო და საინტერესო.

თამაშის დროს საშუალებაა მთავარი და არა მიზანი, ამიტომაც გონება აღარ ეძებს მარტივ გამოსავალს. პიტერ გრეი მკითხველს სთხოვს, ჯერ წარმოიდგინოს კატა, რომელიც თაგვზე ნადირობს, მერე კი – კატა, რომელიც თაგვის ჭერით ერთობა. პირველ შემთხვევაში კატა ეცდება, ყველაზე სწრაფი გზა გამოძებნოს თაგვის დასაჭერად, მეორე შემთხვევაში კი სხვადასხვანაირად, თამაშ-თამაშით გაიმეორებს დაჭერის პროცესს.

ექსპერიმენტები და გამოკვლევები ადასტურებს, რომ თავისივე არჩეულ დავალებას ადამიანი უკეთესად ასრულებს, ვიდრე გარედან ნაკარნახევს, ამიტომ სკოლაში მოსწავლეებს ყოველთვის უნდა მიეცეთ ალტერნატიული დავალებები. შეიძლება, თვითონაც მოიფიქრონ ამოცანები. მაშინ მეტი ხალისით შეუდგებიან საქმეს. ნაკლები კონტროლი მეტ თავისუფლებას მისცემს მოსწავლეს, რათა არ შეეშინდეს დასჯის, იმოქმედოს ლაღად და ამ პროცესში გამოავლინოს შემოქმედებითი უნარები.

დავალების შესრულებისთვის ჯილდოს დაწესებაც აქრობს სათამაშო სიტუაციის შეგრძნებას. ტომ სოიერმა მეგობარ ბენს ღობე ისე შეაღებვინა, რომ ბენმა აქეთ გადაუხადა ამ „პრივილეგიისთვის“. რატომ? – ბენს ჰქონდა ილუზია, რომ ეს მისი არჩევანი იყო, ამიტომ სიამოვნებით და ხალისით ღებავდა.

მკვლევართა ჯგუფმა ექსპერიმენტი ჩაატარა. ბავშვები, რომლებსაც ფლომასტერებით ხატვა უყვარდათ, სამ ჯგუფად დაყვეს. პირველს დაჰპირდნენ, რომ საუკეთესო ნახატის ავტორს სიგელს მისცემდნენ, მეორეს უთხრეს, რომ ჯილდო სიურპრიზი იქნებოდა, მესამეს არაფერს დაჰპირებიან. პირველი ჯგუფის ბავშვებმა სწრაფად და უხარისხოდ შეასრულეს დავალება, დანარჩენი ორი ჯგუფის ბავშვთა ნახატები კი წარმოსახვის სილაღითა და მდიდარი ფანტაზიით გამოირჩეოდა. ჯილდოზე ორიენტირებამ შემოქმედებითი თავისუფლების მუხტი გააქრო.

ვფიქრობთ, ყველა მასწავლებლის ამოცანა უნდა იყოს, ხშირად მოიფიქროს ისეთი დავალებები, რომლებიც შედეგზე, შეფასებაზე, ჯილდოზე კი არ იქნება ორიენტირებული, არამედ იმაზე, რომ თვითონ პროცესი იყოს საინტერესო – განურჩევლად შედეგისა. ეს კლასში თამაშის სიხალისეს, თავისუფლებას (ილუზიურსა თუ რეალურს) შემოიტანს, რაც მოსწავლეებს შემოქმედებითი უნარების გამოვლენის მეტ შესაძლებლობას მისცემს. პიტერ გრეის ნაშრომის გაცნობა კი მასწავლებელს შესაძლოა ურთულესი ამოცანების გადაწყვეტაშიც დაეხმაროს (https://loveread.me/read_book.php?id=56195&p=1).

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი