სამშაბათი, ივლისი 16, 2024
16 ივლისი, სამშაბათი, 2024

მთა, ზურგჩანთა და წერის კიდევ ერთი გაკვეთილი

„პატარა პრინცი მაღალ მთაზე ავიდა. მთა ადრე არასდროს ენახა, თუ არ ჩავთვლით თავის სამ ვულკანს, რომელიც მუხლებამდე თუ სწვდებოდა. ჩამქრალ ვულკანს კი ტაბურეტად ხმარობდა ხოლმე. „ასეთი მაღალი მთიდან, – უთხრა თავის თავს, – ერთდროულად მთლიან პლანეტასაც დავინახავ და იქ მობინადრე ყველა ადამიანსაც“.  -ეს ამონარიდი თან თქვენი ცნობისმოყვარეობის გაღვიძების, თანაც ცნობისმოყვარეობის გაღვივებისთვის მჭირდება. ამიტომაც ვიწყებ ასე, უცერემონიოდ. თქვენ უნდა მკითხოთ, კი მაგრამ, ეგზიუპერი რა შუაშია?

რა შუაშია და მომყევით, ახლავე აგიხსნით.

მთა გიყვართ? მთაში გივლიათ? გამოგიცდიათ, როგორია, როცა თუნდაც ყველაზე პატარა სიმაღლეს დაამარცხებ, ზემოდან გადმოიხედები და საკუთარ თავს შეაქებ – ყოჩაღ, რომ არ დაგეზარა!

ამას წინათ ვფიქრობდი, როგორი მნიშვნელოვანია მოსწავლეებს ჩვენი შეგრძნებები, შთაბეჭდილებები, გულწრფელი ემოციები გავუზიაროთ, ნამდვილ ამბებს მოვუყვეთ, გავენდოთ და მათი ნდობაც მოვიპოვოთ, თანაც ისე, რომ სასარგებლოც იყოს. ჰოდა, სწორედ ამ ფიქრისას გადავწყვიტე ეს გაკვეთილი დამეგეგმა.

ემოციების გაზიარების გარდა კიდევ ერთი მიზეზი მქონდა. ეს კი, სრულიად პრაქტიკულ, რთულ და საჭირბოროტო თემას – წერას ეხება.

მოსწავლეებისა და სტუდენტების ნაწერების კითხვისას და გასწორებისას აღმოვაჩინე ერთი საერთო ნიშანი, გნებავთ, პრობლემა, გნებავთ, მახასიათებელი – ეს ე.წ. საპნის ბუშტი სიტყვების სიმრავლეა ტექსტში.

რას ნიშნავს „საპნის ბუშტები“?

ეს ისეთი სიტყვებია, რომელიც წინადადებას არ სჭირდება, ნაცვალსახელები, ნაწილაკები, კალკი, გამეორება, კავშირები… და სიტყვები, რომელთა არსებობაც არაფერს მატებს ტექსტს, მათი ამოღებით ტექსტის შინაარსი სრულებით არ იცვლება. ასეთი „საპნის ბუშტები“ ტექსტს ამძიმებს, რთულ სინტაქსურ კონსტრუქციებს, მძიმე, დატვირთულ წინადადებებს და ბუნდოვან, რთულად გასაგებ აზრს ქმნის.

ვიფიქრე, მთისა და მთამსვლელობის თემა წერის საკითხებთან გამეერთიანებინა და გაკვეთილიც სწორედ ასე ამეწყო.

როგორ? რა შუაშია?

როგორ და, მთაში წასვლის წინ აუცილებელია კარგად იცოდე ზურგჩანთის ჩალაგება, არცერთი ზედმეტი ნივთი, რომელიც თანდათან, მანძილის გავლისას სულ უფრო და უფრო დაგამძიმებს. ჩანთაში ალაგებ მხოლოდ აუცილებელს, მხოლოდ ყველაზე საჭიროს.

წერაც სწორედ ასეთი რამაა, ზედმეტებით გადატვირთვა მხოლოდ დაგამძიმებს და დაგაყოვნებს, წარმოიდგინე, რომ სიტყვათა უსაზღვრო გამოყენების საშუალება კი არ გაქვს, არამედ თითოეული სიტყვა რაღაც ფასი ღირს, საზღვრულია, გათავდება, დეფიციტია. წერისას უნდა გამოიყენო მხოლოდ ის, რაც გჭირდება აზრის გადმოსაცემად, ზედმეტი სიტყვები, ე.წ. „საპნის ბუშტები“ კი ჰაერში უნდა გაუშვა.

გაკვეთილისთვის მთაში მოსიარულე მეგობარს დავიხმარებ, ის მოვა და თავის დიდ ზურგჩანთას ჩემს მოსწავლეებთან ერთად ჩაალაგებს. ისე, რომ არაფერი გამორჩება, რა არის საჭირო, რა არის ზედმეტი, როგორ უნდა მოემზადო რთული მოგზაურობისთვის.

პარალელს, რასაკვირველია, წერასთან გავავლებთ, როგორი საყურადღებო და საპასუხისმგებლოა ზუსტად განსაზღვრო, რა დაგჭირდება მთაში, რომ ჩანთა არ დაგიმძიმდეს, თანამგზავრებს არ ჩამორჩე და ისინიც არ დააყოვნო. ასევეა ტექსტის აწყობა, აზრის გადმოსაცემად სწორედ ასე, რუდუნებით უნდა შეარჩიო ენობრივი მასალა.

ლიტერატურული პარალელები ამ გაკვეთილის კიდევ ერთი სასიამოვნო ნაწილი იქნება. რამდენი ტექსტი ვიცით მთაზე, მთა, როგორც მეტაფორა, როგორც ლიტერატურული ტოპოსი, როგორც კვანძის გახსნის ადგილი, პროზა და პოეზია, ქართული და მსოფლიო ლიტერატურა. ვფიქრობ, ძალიან საინტერესო გამოვა, მოსწავლეებს ძალიან უყვართ ხელშესახები პარალელები და, რაც მთავარია, საინტერესო სტუმრები გაკვეთილზე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

„ბატონი ტორნადო“

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“