კვირა, აპრილი 28, 2024
28 აპრილი, კვირა, 2024

სხვისი შვილები

მინდა, ჩემს ოცნებაზე გიამბოთ. დიდხანს ვფიქრობდი, ეს პოსტი როგორ დამეწყო და გადავწყვიტე, იმ ოცნებაზე მოვყვე, რომელიც გარშემომყოფებში უფრო ხშირად იწვევს ღიმილს, ვიდრე სხვა, გაცილებით მასშტაბური ოცნებები. ხშირად მითქვამს, რომ ძალიან მინდა, ბავშვი ვიშვილო, ოღონდ მაშინ, როცა საკუთარი შვილები უკვე მეყოლება. როცა ამას ვამბობ, ჩემს მსმენელებს ჯერ უკვირთ, მერე ეცინებათ, ბოლოს სერიოზულდებიან და მეუბნებიან, რომ ასეთი გადაწყვეტილების მიღება რთულია, მით უმეტეს, ჩვენს საზოგადოებაში.

 

არადა, სინამდვილეში ჩვენთან ადვილი არაფერია. მგონი, უბრალოდ, ასეთები გამოვდექით – ყველაფერს ვხლართავთ და კუდს ვაბამთ, ოღონდ, როგორც წესი, საკუთარი ცხოვრება არ გვყოფნის ასარევად და სხვის ცხოვრებაშიც ვაფათურებთ ხელს. ცხადია, როცა იმ საზოგადოების წევრი ხარ, რომელიც ბავშვის შვილად აყვანას მხოლოდ გარდაუვალი აუცილებლობისა და გამოუვალი მდგომარეობის შემთხვევაში ამართლებს, მარტივად ვერ მიიღებ გადაწყვეტილებას, რომელიც ცხოვრებას შეგიცვლის.

არ ვიცი, რისი ბრალია ასეთი დამოკიდებულება – შიშის, სტერეოტიპების, კომპლექსების, ეჭვების თუ სიყვარულისა და ემპათიის ნაკლებობის. ალბათ ყველაფრის ერთად, ყველაფრის, რაზე ფიქრი და ლაპარაკიც არ გვიყვარს.

არც ისე დიდი ხნის წინ კახეთის სოფელში პატარა ბიჭმა მოიკლა თავი. აქოთქოთდა მთელი ქვეყანა, ფეხზე დადგა მედია, კამერებთან დააყენეს და ალაპარაკეს სკოლის დირექტორი, ნათესავები, მეზობლები… ბოლოს ვიღაცამ ამოთქვა – უთხრეს, რომ ნაშვილები იყოო. ჩემთვის წარმოუდგენელია, როგორია ამ სიტყვების სიმძიმე სინამდვილეში, როგორი ხდება სამყარო, როცა ბავშვური კინკლაობის დროს მეგობარი გეუბნება, რომ ის ქალი, საღამოობით საბანს რომ გიკეცავდა და სიმღერით გაძინებდა, დედაშენი არაა; რომ ის კაცი, ვის მხრებზე შემომჯდარიც ღრუბლებს წვდებოდი, თურმე არ ყოფილა მამაშენი; რომ არავის, ვისაც შენს ნაწილად მიიჩნევდი, ის სისხლი არა აქვს, რომელიც შენს ძარღვებში მიედინება. ალბათ ამ დროს ყველაფერს ივიწყებ, ერთად გატარებულ საუკეთესო წუთებს, ბედნიერ დღეებს და მათ სიყვარულს, ვინც გაგზარდა, ძლევს შხამიანი ფიქრი, რომ მიგატოვეს.

როცა მომხდარ ტრაგედიაზე ვფიქრობდი, როცა პატარა ბიჭზე ვფიქრობდი, ყველა ისტორია გამახსენდა, რომელიც ბავშვობაში ჩემს გარშემო უფროსებს უჩურჩულიათ. ბევრი მათგანი სწორედ „აყვანილ” ბავშვებს ეხებოდა. ამ სიტყვას განსაკუთრებული შიშით ამბობდნენ, უფრო ჩუმად, ვიდრე სხვა სიტყვებს. ისე ამბობდნენ, რომ მე ვერ გამეგონა. არადა, ყველაფერი მესმოდა და ჩემდა უნებურად, უფრო ადრე გავიგე ბევრი ადამიანის ცხოვრების შესახებ სიმართლე, ვიდრე თავად მათ. პრობლემის სათავეც სწორედ აქ უნდა ვეძებოთ. „ნაშვილები ხარ!” – ისმის მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნასავით, ისმის არაკეთილგანწყობილი ადამიანების პირიდან, ისმის არასასურველი ქვეტექსტებით: „შენ მიგატოვეს, დაგივიწყეს, არ შეგიყვარეს…” ისმის ისე, როგორც არ უნდა ისმოდეს, ისმის მათგან, ვისგანაც ასეთი ამბის გაგება ყველაზე ნაკლებად სასურველია.

გზას, რომელიც ოჯახის წევრების დაძაბულ ნერვებზე, გამეფებულ დუმილსა და საიდუმლოს გამჟღავნების მოლოდინზე წლების განმავლობაში გადის, არსაით მივყავართ. არსაით მივყავართ მცდელობას, თავი ავარიდოთ გულახდილ საუბარს ერთმანეთთან და სანამ ვინმე ჩვენთვის ყველაზე ძვირფას ადამიანებს მტკივნეული ფორმით ეტყვის სიმართლეს, დავასწროთ და თავად ვთქვათ, ვთქვათ ისე, როგორც ჩვენ გვესმის, როგორც ჩვენ გვჯერა. ვუთხრათ ადამიანებს, ვისაც შვილებად მივიჩნევთ, რომ მათ ყველაზე დიდი ბედნიერება მოგვიტანეს, რომ მათი არსებობის წყალობით განცდილი სიხარული ამქვეყნად ყველა სიხარულზე დიდია. ქვეყნებში, რომელთაც ბევრი მიმართულებით სამაგალითოდ ვთვლით, უამრავმა ადამიანმა ძალიან პატარა ასაკიდანვე იცის, რომ არაბიოლოგიური მშობლები ზრდიან და ეს არავისთვისაა ტრაგედია. უფრო მეტიც, ცხოვრებას უფრო ლაღს და უსიამოვნო მოლოდინისგან დაცლილს ხდის.

მაშინ, ჩურჩულით მოყოლილ ამბებს რომ ვისმენდი, მეც ხშირად დავმდგარვარ სარკესთან და საკუთარ ნაკვთებს სათითაოდ დავკვირვებივარ იმაზე ფიქრში, ვიყავი თუ არა ნამდვილად ჩემი მშობლების შვილი. ფიზიკური მსგავსება, რომელიც ჩემსა და მამაჩემს შორის არსებობს, ეჭვებს ყოველ ჯერზე მიქარწყლებდა. თუმცა, რაც უნდა მომხდარიყო, დღეს ნამდვილად ვერ წარმომიდგენია, ვინ უნდა ყოფილიყო ჩემთვის უფრო ძვირფასი და მნიშვნელოვანი, ვიდრე ჩემი მშობლები, ვიდრე დედაჩემი, რომელმაც ჩემ გამო შეუძლებელი შეძლო. ალბათ ვერცერთი სიმართლე გადაწონიდა სიყვარულს, რომელიც ჩვენ ერთმანეთთან გვაკავშირებს.

დედაშვილობა სასწაულია, სასწაულია, როცა მუცლით ატარებ, აჩენ, ზრდი და გიყვარს ისე, რომ მისთვის ყველაფრის დათმობა შეგიძლია. თუმცა მე თუ მკითხავთ, კიდევ უფრო დიდი სასწაულია, საკუთარივით შეიყვარო სხვისი შვილი და თუკი ოდესმე ვინმე გაგიბედავს, გითხრას, რომ ის შენი არაა, დაიტოვო უფლება, მისი ნათქვამის თავადაც არ გჯეროდეს, რადგან პირველ რიგში „არა სისხლი, არამედ გული გვანათესავებს”.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი