ორშაბათი, აპრილი 29, 2024
29 აპრილი, ორშაბათი, 2024

მამო (მამაჩემზე, რომელიც 19 ივნისს დაიბადა)

მამო, ჩქარა, ჭერს ხელი აკარი! – შემომძახა მამაჩემმა და მართლა ჭერამდე ამისროლა. მე 4 წლის ვიქნებოდი, ის 35-ის.

მართალია, ჭერამდე ასროლა იღლიებს მტკენდა, მაგრამ ფრენა უფრო საინტერესო იყო. ზემოდან ჩვენი ღარიბული ავეჯიც სხვანაირი ჩანდა, ქერა დედაჩემიც, ტაშს რომ შემოჰკრავდა. ფრენისგან, ცოტა შიშისგან და ცოტა აღფრთოვანებისგან გულიც შემიტოკდებოდა ხოლმე. არსებობდა კაცი, რომელიც, თუ საჭირო გახდებოდა, ცამდე ამაფრენდა. ამ კაცს ღონიერი ხელები და კარგად შეკრული სხეული ჰქონდა. ყოველ დილით რძეში არეულ ხაჭოს მიირთმევდა, სხვა მამებივით სიგარეტს არ ეწეოდა, სამსახურიდან მოსვლას არასდროს აგვიანებდა, ფეხბურთს ხმამაღალი შეძახილებით უცქერდა და ფოტოგრაფიით იყო გატაცებული.

თუ მამო კარგ ხასიათზე იყო, მე და დედაჩემს სამხედრო ზურგჩანთებს აგვკიდებდა და ხან მთა-ბარში სასეირნოდ, ხანაც სოკოზე წაგვიყვანდა. ზოგჯერ მის ნათესავებსაც ვსტუმრობდით, მეზობელ ქუჩაზე, იშვიათად – ისინიც.

ჩვენ სამნი – მამო, მე და დედა ერთოთახიან ბინაში ვცხოვრობდით, მე ზამთრების – ახალი წლის, თოვლისა და ჩემი დაბადების დღის ნატვრით, მშობლები – ზაფხულის შვებულების მოლოდინში. შვებულებების დროს არავინ არაფერზე ჩხუბობდა და ოჯახში იდილია იყო.

თავიდან ჭერამდე ასროლების გამო მამო მიყვარდა, მაგრამ მამა-შვილური გაგება მაშინ დასრულდა, როდესაც ამ ღონიერი და თითქოს საიმედო ხელების, უფრო სწორად მუშტად შეკრული ხელების, სიმძიმე საკუთარ თავზე ვიწვნიე. მიუხედავად იმისა, რომ გალეული და ხშირად მოავადე ბავშვი ვიყავი, მამოს ეს არ აჩერებდა. თუ სკოლის ფორმა კარადის გარეთ დამრჩებოდა, მის რისხვას ვეღარაფერი გადამარჩენდა. მამოს სისასტიკეს საზღვარი არ ჰქონდა. უფრო სწორად, ისე გამირჩევდა საქმეს, როგორც თანატოლ კაცს. ვოცნებობდი, სხვა ურჩი ბავშვებივით მეც კუთხეში დავეყენებინე ან იმით დავესაჯე, რომ ეზოში სათამაშოდ არ გავეშვი. მაგრამ, არა. ყურს თუ მიწევდა, ლამის ახევამდე ამიწევდა და თუ სილა მომხვდებოდა, ისეთი იყო, რამდენიმე წამით სამყაროს ვეთიშებოდი.

ფანქარს ცუდად თუ გავთლიდი, ჭურჭელს უნაკლოდ თუ არ გავრეცხავდი ან მაგიდაზე გადაშლილი სახელმძღვანელოები დამრჩებოდა, იქ ამბავი დატრიალდებოდა – მტრისას და ავისას. ტირილიც კი ხმადაბლა ვისწავლე, რომ არავის გაეგო.

თუმცა, როგორც კი ბრაზის ქარიშხალი ჩადგებოდა, საბანს თავზე წავიფარებდი, რომ რაც შეიძლება მალე დამვიწყნოდა დღევანდელი დღე. მამო ლოგინთან ჩამომიჯდებოდა და მშვიდად განმიმარტავდა „რატომაც მომხვდა“. ეს განმარტებები აღარ მაინტერესებდა. უსამართლობად მიმაჩნდა, რომ ჩემზე ღონიერი კაცი მერეოდა, მერე რა, რომ მამო იყო. შურისძიების წყურვილი მკლავდა.

სათამაშოების უჯრაში ყოველთვის ვინახავდი ჩანთას, სადაც სახლიდან გასაქცევი ნივთები მედო. წესით, დედაჩემთან ერთად უნდა გავქცეულიყავი, შესაძლოა ძალიან შორს, დედას სამშობლოში – უკრაინაში, სადაც ჩემი კეთილი ბებია-ბაბუა დამხვდებოდა. მაგრამ დედა გაქცევას არსად აპირებდა. თუ ჩემსა და მამოს სკანდალს შეესწრებოდა, თავგანწირვით მიცავდა. ეგ იყო და ეგ.

ვიზრდებოდი და სახლიდან გასაქცევ საგზალს ვაახლებდი, მაგრამ მოზარდობაში მივხვდი, რომ მეც ვერსად გავიქცეოდი და ბედს დავნებდი. მამოც უფრო ლმობიერი გახდა. თუმცა, კვლავ მიაჩნდა, რომ მოზარდის სწორად აღზრდის მეთოდები უმკაცრესი უნდა ყოფილიყო. ურჩი მოზარდი ცხოველივითაა, ორჯერ რომ ეტყვი და ვერ გაიგებს, უნდა დააშინოო, იტყოდა ხოლმე და ფეხიფეხგადადებული გაზეთის კითხვას გააგრძელებდა. ქვეყნის გაზეთებს და ჟურნალებს იწერდა. ისიც მოსწონდა, მე რომ ბევრს ვკითხულობდი. მე კი სულ ვკითხულობდი და ვკითხულობდი. წიგნით, როგორც ფარით, მამოს მძიმე ხელიც მომიგერიებია.

ცოტა შორს დაიჭირე წიგნი კითხვის დროსო, მეტყოდა, მხედველობა ყველაზე მთავარიაო. მხედველობის დაკარგვის შიში მამომ ისე ჩამისახლა, ახლაც სიმსივნეზე მეტად მეშინია. ეზოში ჩასვლის წინ, მამო საჩვენებელი თითით მომიხმობდა ხოლმე და მურაბიდან ერთ კაკალს ამოიღებდა, შემაჭმევდა და იტყოდა, კაკლის მურაბა თვალებისთვის კარგიაო.

ზოგჯერ მეჩვენებოდა, რომ ორი მამო მყავდა. ერთი დაუნდობელი და სულელურ წვრილმანებს გამოკიდებული, მეორე კი დემოკრატიული და მხიარული. მამო არასდროს მიმოწმებდა დღიურს, ღრმად იყო დარწმუნებული, რომ ჭკვიანი მოსწავლე ვიყავი და ჩემი გაკონტროლება აუცილებლობას არ წარმოადგენდა. თუ დახმარება დამჭირდებოდა, განსაკუთრებით ტექნიკურ საგნებში, სიამოვნებით მიზიარებდა თავის მრავალმხრივ ცოდნას. მერე საუბარიც გაგვიგრძელდებოდა და ჩემს ამბებს ვუყვებოდი. ყურადღებით მისმენდა და ბოლოს მეტყოდა, კი იცი შენ ადამიანის დაინტრიგებაო.

მამო არც ღობეებსა და ხეებზე ძრომიალს მიშლიდა, არც ქუჩის ცხოველების მოშინაურებას. ოღონდაც რამის მიმართ ინტერესი გამომეჩინა და გიჟივით მქომაგობდა. ორკვირიან საზაფხულო ბანაკში გადახიზნულს კი დიდი ხნის უნახავი ძმაკაცივით მხვდებოდა და მეკითხებოდა – ჰა, ხომ არავინ გჩაგრავს. მე არც არავინ მჩაგრავდა, მამოს გარდა. სულ მინდოდა ეს მისთვის მეთქვა და ვერ ვეუბნებოდი.

მამოს სადამსჯელო პოლიტიკამ მაიძულა ჩემი სამყარო შემექმნა, სადაც მოწყენილობის ჟამს გავიხიზნებოდი, ყველა უფროსს უჩინარ კარს მივუკეტავდი და საკუთარი თავის რეანიმირებას სწრაფად შევძლებდი. ამ სამყაროში უამრავი ფირფიტა და წიგნი მქონდა. ეზოშიც, მგონი, ყველაზე მარდი ბავშვი ვიყავი, თან ყველა დაჩაგრულს გულში ვიხუტებდი. სულ ვფიქრობდი, რომ სხვა ბავშვებსაც მემუშტიკრივე მამოები ჰყავდათ და თქმას ვერ ბედავდნენ…

მახსოვს, რომ ყველაზე კარგ ხასიათზე მამო ფოტოების გამჟღავნების დროს იყო. წითელი განათებით ლაბორატორია სააბაზანოში მოიწყო, უქმეებზე იქ საათობით იჯდა და თავის ფირებს უკირკიტებდა. მე და დედაჩემსაც გვიხაროდა, ჩვენთან სკანდალისთვის აღარ ეცალა.

მამოს ბალეტის ყურებაც უყვარდა, ტელევიზორითაც და ისეც. მაშინ ტელეპროგრამები გაზეთებთან ერთად იბეჭდებოდა. ერთი კვირით ადრე მამო კალმით მონიშნავდა სანახავ სპექტაკლებს და ზოგჯერ ყურებისას ცრემლიც კი სდიოდა. მამოს ასეთი გარდასახვა ძალიან მეუცნაურებოდა და მეც ვცდილობდი, ჩავღრმავებოდი ბალეტს, იქნებ იქ მენახა მამოს გულის მოლბობის უცნობი გასაღები.

რა თქმა უნდა, მამო ბალეტს მე და დედასაც გვაზიარებდა. 80-იანი წლების აბსოლუტურად ყველა სპექტაკლი გვქონდა ნანახი. ოპერისა და ბალეტის თეატრი ჩემთვის სახლივით იყო. მამოს თეატრში ერთგულ მაყურებლად იცნობდნენ. ზოგჯერ ჩემთან ერთად კულისებში შესვლასაც ახერხებდა, რომ იქიდან მეყურებინა სპექტაკლისთვის, სხვა რაკურსით. მეც ფარდის ნაოჭებში გავეხვეოდი, არავისთვის ხელი რომ არ შემეშალა და სუნთქვაშეკრული ვაკვირდებოდი მოცეკვავეებს. ზოგი თავის პუანტებსაც მჩუქნიდა.

მაგრამ ყველაზე მეტად საორკესტრო ორმო მომწონდა, ხავერდის რბილი მოაჯირებით. მამოც მიყვებოდა, როგორ იწერება მუსიკა, რომ ყველა ინსტრუმენტს თავისი ჟღერადობა აქვს და რომ არა დირიჟორი, მუსიკა თავის კალაპოტს ვერ მონახავდა.

ბოლოს, ბალეტზეც შემიყვანეს. მამო ჩემ მიმართ კიდევ უფრო მეტად ლმობიერი გახდა. ბალეტზეც თვითონ დავყავდი. მოსაცდელშიც მელოდა. სახლში რომ ვბრუნდებოდით, გზად თონის ცხელ პურს იყიდდა და ხრაშუნა მხარეს მომიტეხდა, რომ არ გავსუქებულიყავი. გავსუქდი კი არა, ბალეტმა ისე გამახდუნა, ფეხზე ძლივს ვიდექი. მამოსაც ეგ უთხრეს, ძალიან სუსტიაო, მეტი ვარჯიში დასჭირდებაო. მე კი მეტი აღარ შემეძლო.

მამოს იმედი გავუცრუე და ეს ძალიან მაშინებდა. მაგრამ, საბედნიეროდ, აქ მეორე, ლმობიერმა მამომ „გაიღვიძა“ და თქვა, ბავშვს რაც მოსწონს და გამოსდის, ის უნდა აკეთოსო. ასე აღმოვჩნდი პიონერთა სასახლის ნორჩ შემოქმედთა სტუდიაში, სადაც სკოლის დამთავრებამდე დიდი ენთუზიაზმით ვიარე. ესეც მამოს დამსახურება იყო, რომელმაც ბაკურიანში ჩემი ჩანაწერების რვეული იპოვა, სადაც ტესტები ნახატებით გამეფორმებინა.

მამოზე ისტორიებს შორს რომ არ შევყვე, ხმამაღლა არასდროს გამიმხელია და ახლა მინდა ვთქვა – ის ჩვეულებრივი სახლის ტირანი იყო, შესაძლოა, ბიპოლარული აშლილობითაც და ბავშვური ტრავმებით, რასაც მისი ახლახან ნაპოვნი დღიური მოწმობს. მამოს დედა, ბებიაჩემი, რომელიც არასდროს მენახა, ბაღის მასწავლებელი იყო. ის ერთადერთ შვილს სიმკაცრეში ზრდიდა. სამსახურში წასული ხშირად სახლში ჩაკეტილსაც ტოვებდა, რომ ბავშვი არ გაქცეულიყო და ტრამვაის არ ემსხვერპლა. ბაბუა, ბებიაჩემის ქმარი, მეორე სამამულო ომიდან არ დაბრუნებულა. მამოს ის არასდროს ენახა, ამბობენ, ფიზიკა კარგად ესმოდა და გიტარაზე უკრავდაო.

ამ ყველაფრის გასაჯაროება ალბათ მამოს გულს დაწყვეტდა, ცოცხალი რომ ყოფილიყო, მაგრამ ოთხი წლის წინ თბილისის ზღვის სასაფლაოს მივაბარე.

თუმცა, არ ვიცი… იქნებ ამ დროს მეორე – დემოკრატიულ მამოს „გაღვიძებოდა“, რომელიც იტყოდა „რას იზამ, სიმართლე, როგორიც არ უნდა იყოს ის, უნდა ითქვას. ბოდიში, შვილო“.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი