კვირა, მარტი 3, 2024
3 მარტი, კვირა, 2024

მახსოვს, ბავშვობაში

***

მახსოვს, ბავშვობაში იმერეთში მაყვლის კრეფისას კრაზანამ მიკბინა და თითი გამისივდა. ბიძაჩემმა, უკანა გზაზე ილოს ვკითხოთ, რა გიშველოთ, ფუტკრები ჰყავს და ეცოდინებაო. მივადექით ილოს ცხრა ადამიანი, ტუჩებგაშავებულები, მაყვლით სავსე კალათებით. მე წინ დამაყენეს. გამოვიდა ილო, შესჩივლა ბიძაჩემმა, ნახე, რა დღეში აქვს ბაღანას თითიო. მიშტერებულები ვართ ცხრა კაცი, რას იტყვის სოფლის მთავარი მეფუტკრე. დამხედა ილომ და ულვაშებში ჩაეღიმა: ეჰ, არ ეკბინა, ბიძია, კარგი იყოო. გავუყევით გზას – წინ თითი, უკან მე და ჩემი ამალა.

 

***

მახსოვს, ერთხელ სოფელში ტყემლების ყვავილობისას წავედით. კვირის თავზე მამამ ჩამოგვაკითხა წამოსაყვანად. სანამ ჩავბარგდებოდით, დედისთვის შროშანები დავკრიფეთ ტყეში. მატარებელმა რამდენიმე საათით დააგვიანა ჩამოსვლა, მეც და ჩემი დაც გზაშივე გავხდით ავად, თან ყვავილებზე ვდარდობდით. ერთმა ქალმა გვირჩია, სველ გაზეთში გაახვიეთო. ღამენათევმა დედამ კარი რომ გაგვიღო, შევრჩით სიცხიანები, გაზეთში გახვეული მოწყენილი შროშანებით.  მეორე დილით ლარნაკში გაცოცხლებული ყვავილები დაგვხვდა.

***

მახსოვს, სოფელში ჩვენს ქუჩაზე მხედრიონელებმა ჩამოიარეს და ავტომატის ჯერი მიუშვეს უმისამართოდ. შეშინებულები ყანისკენ გავცვივდით. მუხლებაკანკალებულები ეზოში რომ დავბრუნდით, დაგვისვა დედაჩემმა, გვეფერა, გვეალერსა, მაგრამ ვერ დაგვამშვიდა. ბოლოს გვითხრა, მაშინ შეშინებულისას შეგილოცავთო. ჩვენც დავსხედით წრეზე და გავინაბეთ. დედაჩემმა ბუტბუტით დაიწყო: „რამ შეგაშინათ, სიზმარმა შეგაშინათ, ცხადმა შეგაშინათ, კეთილმა ანგელოზმა შეგაშინათ, ბოროტმა ანგელოზმა შეგაშინათ, კალაშნიკოვის ავტომატმა შეგაშინათ…”. ეგ იყო და მოვედით ხასიათზე. ბოლოს ბალახზე ვიწექით და ისე ვიცინოდით. ტექსტის თვითნებურად შეცვლამ გვიწამლა.

***

ბავშვობაში შოვში ვისვენებდით, სანატორიუმში მომღერალი ცოლ-ქმარი დადიოდა დამსვენებელთა გასართობად. გარმონზე უკრავდნენ, მღეროდნენ და ჩვენც გვამღერებდნენ, თან რაღაც დიდ ჩამწერს დაატარებდნენ. ერთხელაც სიმღერა რომ დავასრულეთ, მომღერალმა ქალმა მიკროფონით ჩამოიარა და ყველას ათქმევინა სახელი და გვარი, მე გამოვრჩი. სიმართლე ითქვას, მოშორებით ვიდექი და ჩემთვის ვღიღინებდი. როდესაც მივხვდი, რომ ჩემკენ გამოვლას არ აპირებდა, მოვწყდი ადგილს, ამ ქალს მივვარდი და მიკროფონში ჩავძახე: „და მე, რუსიკო რუხაძე!”. წასვლის წინ ჩანაწერი მოგვასმენინეს, რომელიც ჩემი ყველაზე ხმამაღლა ნათქვამით სრულდებოდა. ახლაც მიკვირს, როგორ მოვიკრიბე გამბედაობა.

***

ერთხელ ბებიაჩემს კარადები დაელაგებინა და ბიძაჩემის ძველი ჯინსები ცალკე გადაედო, იქნებ ამისგან რუბიკამ ვიპკები შეგიკეროთო. ასე გაჩნდა ჩემს გარდერობში ჯინსის პირველი ქვედაბოლო – ავლაბრულად, ვიპკა.

***

ბავშვობაში პეტრეპავლობა ჩამესმოდა, როგორც ჯუნჯულაი (ივნის-ივლისი) და ავლაბრელების დღესასწაული მეგონა, რადგანაც პეტრე-პავლეს ეკლესია იქ დგას და მოსალოცადაც ბებია რეკავდა ავლაბრიდან.

 

***

ერთხელ სკოლაში გეოგრაფიის გაკვეთილი პრაქტიკანტმა ჩაგვიტარა. იმ გოგოს მწვანე ჯემპრი ეცვა ღამურა-სახელოებით და დიდი, იასამნისფერი საყურეები ეკეთა. მთელი 45 წუთი ამ ორი ფერის შეხამებას ვაკვირდებოდი და სიგიჟემდე მომწონდა. ასეთი აკვიატებები დღემდე გამომყვა. შეიძლება გეგონოთ, რომ ყურადღებით გისმენთ, მაგრამ ფიქრი ფერების დაწყვილებისკენ გამექცეს.

 

****

***

მახსოვს, ერთხელ ჩემმა კლასელმა მითხრა, ეს სუნიანი საშლელი ბებიაჩემმა სირიიდან ჩამომიტანაო. ფორთოხლის არომატზე ეს ამბავი და სირია ხშირად გამხსენებია. ნეტა, იქაური ბავშვებისთვის რისი სუნი აქვს უცხო სამყაროს.

***

ერთხელ საპირფარეშოში დავიმალე სათამაშოდ, ვითომ მეტრო იყო, მეტროსადგური „რუსთაველი“ და კაფელის ფილებს შორის ხურდის ნაცვლად თმის სამაგრის ყვავილი ჩავაგდე. თამაშის დასრულების შემდეგ მგზავრობის საფასური უკან ვეღარ დავიბრუნე, თუმცა მდუმარე ბავშვს დედასთან არც ამაზე დამიჩივლია. მას შემდეგ ის „მონეტა“ სულ მახსოვდა, ტყვეობიდან კი 35 წლის შემდეგ დავიხსენი. ყვავილი, რომელიც ჩემს მოგონებებში მწვანედ ანათებდა, ვერცხლისფერი აღმოჩნდა.

***

ბავშვობაში ერთი უფროსი მეგობარი მყავდა. ის რომ სკოლიდან ბრუნდებოდა, მე ფანჯრის რაფაზე ვიჯექი ხოლმე, რიკულებში ფეხებგაყოფილი. ასეთი თამაში გვქონდა: ჩუსტს გამხდიდა, უნდა წაგართვაო და მიდიოდა. ზედა ქუჩაზე ასასვლელ კიბეს მიუახლოვდებოდა თუ არა, უცებ მობრუნდებოდა და ორივე გულიანად ვიცინოდით. იმ დღეს სკოლასთან მესმის მისი სახელი და გვარი, ბებიამ მოაკითხა პირველკლასელს. გავიცანი და მოვუყევი ბაბუს ამბები, რომელიც მის დაბადებას ვერ მოესწრო. ესეც კარგი მაკვარანცხი ჩანს.

***

მახსოვს, ბავშვობაში ხელნაკეთი თოჯინების – სურდოს კუკლების გაკეთება გვასწავლა დედაჩემმა. როგორც კი ავად გავხდებოდით, ფანქრებს გადავაჯვარედინებდით, პატარა ნაჭრებით შევმოსავდით და სათადარიგო ღილებით თავებს გამოვაბამდით. ერთხანს ვითამაშებდით და გარეთ გავსვამდით, ჩვენი სურდო რომ წაეღოთ. ფანქრები კი იყო კოჰინორისა, მამაჩემის უჯრიდან.

 

***

ბავშვობაში სისხლის ანალიზის აღების დროს გრძნობას ვკარგავდი და ნიშადურის სუნთან ერთად დედაჩემის ხმა მაფხიზლებდა – შენ შვილი როგორ უნდა გააჩინო?!

 

***

გუსეფცინი და ბისეფცინი – ეს ორი სიტყვა ხელით ალბათ ყველაზე მეტჯერ დამიწერია. ორი თავი წამალი, რომელიც მე და ჩემმა დამ ბავშვობაში გამოვიგონეთ, რეცეპტის გარეშე არ იყიდებოდა. ასე დავზარდეთ თოჯინები.

 

***

ერთხელ ბავშვობაში ნათესავი გვესტუმრა თეთრი ლაბადით, მე და ჩემს დას ექთანი გვეგონა და სახლში არ შემოვუშვით.

***

მახსოვს, საახალწლოდ მე და ჩემი და უნივერმაღში წავედით ნაძვის ხის სათამაშოების საყიდლად. რამდენიმე შევარჩიეთ და სალაროს მივუახლოვდით. ჩვენმა რიგმა რომ მოაწია, მოლარემ დაგვიანგარიშა და გვითხრა, რომ მაგიდაზე დაყრილი ხურდა საკმარისი არ იყო და ერთი სათამაშო უნდა გამოგვეკლო. არცერთი არ გვეთმობოდა. ისედაც ბევრი ვარჩიეთ და ვიანგარიშეთ, მაგრამ რაღაც ავურიეთ, როგორც ჩანს. ხან ერთს გავიმეტებდით და გავწევდით განზე და ხან მეორეს. ბოლოს რიგშიც ჩოჩქოლი ატყდა, დაუჩქარეთო. დაბნეულებმა რომელი სათამაშო გავწირეთ აღარ მახსოვს, მაგრამ სახლში წამოყვანილებიდან ერთი რომ სტაფილოსფერი მამალი იყო, ნამდვილად ვიცი. ახლაც ცოცხალია, მოგონებაც და სათამაშოც.

 

***

ბავშვობაში სოფელში ფირსაკრავი გვქონდა, ერთი ფირფიტა განსაკუთრებით გვიყვარდა, чарівні гітари ეწერა. ჩავრთავდით და უკრაინულად ვმღეროდით სიმღერას სიყვარულზე:

 

Ти для мене, я для тебе,

Наче сонце в синім небі.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი