ცოტა ხნის წინ წიგნის მაღაზიაში შევიძინე ავსტრიელი ექიმისა და ფსიქოლოგის ალფრედ ადლერის წიგნი „ბავშვთა აღზრდა”. ალფრედ ადლერი პირველი მსოფლიო ომის დროს სამხედრო ჰოსპიტალს ხელმძღვანელობდა. ომის შემდეგ კი დაინტერესდა ბავშვის აღზრდის პრობლემებით და 1920-იან წლებში ვენაში ბავშვებისა და მშობლების საკონსულტაციო ცენტრების ქსელი დააარსა.
ალფრედ ადლერის წიგნი „ბავშვთა აღზრდა” ქართულ ენაზე გამომცემლობა „გეომ” 2014 წელს გამოსცა. მთარგმნელები: ნინა თურმანიძე და ლაშა ბულია გახლავთ. წიგნი პირველად 1930 წელს გამოიცა გერმანულ და ინგლისურ ენებზე. ის ეყრდნობა ინდივიდუალური ფსიქოლოგიის ძირითად დებულებებს. მასში გადმოცემულია ბავშვის ფსიქოლოგიის ღრმა ანალიზი, რომლის საფუძველზე ჩამოყალიბებულია ბავშვთა აღზრდის ადლერისეული კონცეფცია.
„ინდივიდუალური ფსიქოლოგია – არის სწავლება ადამიანზე, როგორც განუყოფელ ერთეულზე. ინდივიდუალურ ფსიქოლოგიაში ცენტრალურ ადგილს იკავებს კომპენსაციის პრინციპი. ადლერის თანახმად, პიროვნების განვითარების ძირითად ფაქტორად უნდა ჩაითვალოს კონფლიქტი არასრულფასოვნების კომპლექსსა და მის ნაშიერს, უპირატესობისკენ მისწრაფებას შორის. ეს უკანასკნელი განისაზღვრება, როგორც მიზანი, რომელიც წარმართავს მის ზრახვებსა და ქმედებებს. არასრულფასოვნების დაძლევისკენ ადამიანის მისწრაფებას ხშირად ის არაადეკვატურ ქმედებებამდე მიჰყავს. ადლერის მიხედვით, აქედან გამომდინარეობს აღზრდის მიზანი – არასრულფასოვნების გრძნობის ნეიტრალიზაცია მისი სასარგებლო კალაპოტში წარმართვის გზით. ამას მივყავართ ინდივიდუალური ფსიქოლოგიის კიდევ ერთ ძირითად ცნებამდე – სოციალურ გრძნობამდე. ადლერის მტკიცებით, სოციალური გრძნობა ბავშვის განვითარებაში ნორმალურობის თავისებური ინდიკატორია. სწორედ ამ პრინციპზე ააგო ადლერმა თავისი პედაგოგიური ტექნოლოგია. ყოველი დარღვევა, რომელიც სოციალური გრძნობის დაქვეითებას იწვევს, დიდ ზიანს აყენებს ბავშვის განვითარებას”, – ვკითხულობთ წიგნის წინასიტყვაობაში.
წიგნის სათაურმა მაშინვე მომხიბლა და როგორც კი შევიძინე, კითხვას შევუდექი. სათაურიც გვატყობინებს, რომ წიგნი დიდ დახმარებას გაუწევს მშობლებს, რომლებიც დაინტერესებული არიან ბავშვის აღზრდის თემატიკით და ასევე მასწავლებლებს, რომლებიც უშუალო რგოლია იმ მთავარი ჯაჭვისა, რომელიც იკვრება ბავშვის გარშემო – ოჯახის, სკოლისა და საზოგადოების სახით.
ალფრედ ადლერი იდეალურ სკოლად მიიჩნევს ისეთ სკოლას, რომელიც შუამავალია ოჯახსა და გარემომცველ სამყაროს შორის. ასეთ სკოლაში ცოდნას არამარტო წიგნებით აძლევენ, არამედ ასწავლიან ცხოვრების ცოდნასა და ხელოვნებას.
გთავაზობთ წიგნიდან ამონარიდებს, რომლებიც უშუალოდ უკავშირდება სკოლისა და ოჯახის ვალდებულებებს, აღზარდონ ისეთი ადამიანი, რომელიც საზოგადოების ბედნიერი და სრულფასოვანი წევრი იქნება. ეს ვალდებულება მშობლისთვისაც და სკოლისთვისაც ურთულესი შესასრულებელია, მაგრამ თუ სკოლა და ოჯახი თანამშრომლობს, მაშინ ბევრი რამის გადაწყვეტა შეიძლება მოსწავლის სასარგებლოდ.
„ბავშვები, რომლებსაც ურთიერთობა არ ასწავლეს, სკოლაში შესვლის შემდეგ თავს მარტოხელებად გრძნობენ. შედეგად კი – მათ მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება ყალიბდება, რაც დღიდან დღემდე სულ უფრო და უფრო აძლიერებს თავდაპირველ ტენდენციას. ირღვევა მათი ნორმალური განვითარება, და ისინი რთული ბავშვები ხდებიან. ასეთ შემთხვევებში ადამიანები სკოლას ადანაშაულებენ, თუმცა მან მხოლოდ გამოავლინა ოჯახური აღზრდის ფარული ნაკლოვანებები. სკოლაში ბავშვის წარუმატებლობები გამაფრთხილებელ სიმპტომს წარმოადგენს. ეს სიმპტომი ხსნის არა იმდენად სწავლაში წარუმატებლობებს, რამდენადაც ფსიქოლოგიურ წარუმატებლობებს. ეს ნიშნავს, რომ ბავშვმა აიღო ტენდენცია თავის თავში რწმენის დაკარგვისკენ. ამის შემდგომ სიმამაცის დაკარგვა ბავშვს აიძულებს, თავი აარიდოს სწორ გზებს და ჩვეულებრივი მოვალეობის შესრულებას. მუდმივად ეძიოს სხვა გამოსავალი, რომელიც თავისუფლებამდე და იოლ წარმატებამდე მიიყვანს“.
ალფრედ ადლერი ამ გამაფრთხილებელი ფარული ნიშნების და სიმპტომების აღმოჩენას კარგ აღმზრდელს უკავშირებს, რომელიც ამ ყველაფრის ამოძირკვას თბილი დამოკიდებულებითა და გაგების გზით შეეცდება.
„სკოლამ უნდა ისწავლოს ბავშვში პიროვნების დანახვა და მას უნდა მოექცეს, როგორც პიროვნებას, როგორც ფასეულობას, რომელიც უნდა გაზარდო და განავითარო. ამავდროულად მან უნდა ისწავლოს ფსიქოლოგიური ინტუიციის გამოყენება ბავშვის ცალკეული ქმედებების შეფასებისას. მან უნდა განიხილოს ეს ცალკეული ქცევითი აქტი, როგორც არა ცალკეული ნოტების სახით, არამედ პიროვნების ერთიანობის კონტექსტში.
„ბევრი ბავშვი უმოქმედო პოზიციას ირჩევს, როგორც თავისი მდგომარეობის შემსუბუქების საშუალებას. ზარმაც ბავშვებს ყოველთვის მსუბუქი ფორმით ლანძღავენ და ადანაშაულებენ, ვიდრე სხვა ბავშვს და ეს მათ არც ისე ძლიერ სულიერ ტკივილს აყენებს. ბავშვები ნაკლებად მტკივნეულად აღიქვამენ სიზარმაცეში დადანაშაულებას, ვიდრე უუნარობაში. სხვა სიტყვებით, ბავშვები სიზარმაცეს შირმასავით იყენებენ, რათა დაემალონ საკუთარ თავში რწმენის არარსებობას, რაც მათ ეხმარებათ იმ პრობლემების თავიდან არიდებაში, რომელთან შეჯახებაც უხდებათ“.
„აღმზრდელის ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანაა, მისი წმინდა ვალია – არ დაუშვას ბავშვის მიერ სიმამაცის დაკარგვა სკოლაში, იმ შემთხვევაში კი, თუ ის სკოლაში უკვე პრობლემებით მივიდა, დაუბრუნოს მას საკუთარი თავის რწმენა. ეს არის სკოლისა და მასწავლებლის როლი“.
„თუ ბავშვს მუდმივად გავუმეორებთ, რომ ის ცუდი ან სულელია, ის მალე ამას დაიჯერებს და ამის შემდეგ მას არ ეყოფა სიმამაცე, რათა მოსალოდნელ სირთულეებს გაუმკლავდეს“.
„თითოეული ბავშვი უპირატესობისკენ მიისწრაფვის. თითოეული მშობლის ან პედაგოგის ამოცანაა – ეს მისწრაფება ნაყოფიერი გახადოს. მათ იმაზე უნდა იზრუნონ, რომ ეს მისწრაფება იყოს ჯანსაღი ცხოველქმედებისა და ბედნიერების, და არა ნევროზების და აშლილობების შედეგი”.
„ბავშვის თავდაჯერებულობის დაკარგვის პირველ ნიშანს ხშირად წარმოადგენს სასკოლო ცხოვრებაში მისი ადაპტირების უუნარობა. ბავშვის პირველი წარუმატებლობა უფროსების მიერ ზოგჯერ არასაკმაო სერიოზულობით აღიქმება. მისთვის კი ის შეიძლება რაღაც კატასტროფის მსგავსს ნიშნავდეს“.
„მასწავლებლის პირველი ამოცანაა – ბავშვის ნდობის მოპოვება, ხოლო შემდეგ კი მისი სიმამაცის განვითარება“.
„როცა ბავშვი სკოლაში მიდის, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ის მისთვის სრულიად ახალ სიტუაციაში აღმოჩნდება. როგორც ყველა ახალი სიტუაცია, სკოლაში წასვლაც შეიძლება განხილულ იქნას მომზადების წინარე ტესტად. თუ ბავშვს სათანადოდ ამზადებდნენ, მაშინ ის ტესტს ნორმალურად გაივლის; თუ არა, მაშინ მისი მომზადების ნაკლი ცხადი გახდება. რა მოეთხოვება ბავშვს, როცა ის სკოლაში შედის? სასკოლო საქმიანობა – ეს თავისებური სამუშაოა, რომელიც მასწავლებელსა და თანაკლასელებს შორის თანამშრომლობას მოითხოვს, სწორედ ისე, როგორც სასკოლო საგნებისადმი ინტერესს. იმის მიხედვით, თუ როგორ რეაგირებს ბავშვი ამ ახალ სიტუაციაზე, ჩვენ შეგვიძლია შევაფასოთ თანამშრომლობისადმი მისი უნარი და მისი ინტერესების სფერო”.
ალფრედ ადლერი ბევრს საუბრობს ბავშვის თავდაჯერებულობაზე, თუ როგორ არღვევს მისი უქონლობა ბავშვის ნორმალური განვითარების რიტმს და რა როლი აქვს ოჯახსა და სკოლას მისი, როგორც საზოგადოების სრულფასოვანი წევრის ჩამოყალიბების პროცესში. ადლერი ოჯახის ინსტიტუტსა და საზოგადოებას შორის შუამავლად სკოლას მიიჩნევს, რომელსაც აქვს შესაძლებლობა, კორექტირება გაუკეთოს ოჯახური აღზრდის შედეგად შექმნილ მცდარ სტილს და დაეხმაროს მოსწავლეს, გახდეს უფრო მამაცი და გამბედავი.
ვფიქრობ, ეს წიგნი ნამდვილად დაგვეხმარება მშობლებსა და მასწავლებლებს, გავზარდოთ მამაცი და განათლებული ადამიანები, გავამხნეოთ და შთავაგონოთ ისინი და ნაყოფიერი და სასარგებლო გავხადოთ მათი შრომა.