ჩვიდმეტი წელია, რაც ქიმიას ვასწავლი და ყველაზე მეტად ერთი მოსწავლის სიტყვები მახსოვს – „რა საცოდავი ვარ, ერთი ცდაც კი არ ჩამიტარებია“. საბედნიეროდ, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდმა 2017 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულის წევრებისთვის გამოაცხადა პროექტების კონკურსი. მეც დავწერე პროექტი, მუშაობის პროცესში სულ მარიამის სიტყვები ჩამესმოდა ყურში. ძალიან სასიამოვნო იყო, რომ პროექტი დაფინანსდა და სსიპ ქალაქ თბილისის N 143 საჯარო სკოლაში მოვაწყეთ საბუნებისმეტყველო დისციპლინების კაბინეტი. ბედნიერი ვიყავი, რომ მარიამი და მისი მეგობრები სიხარულით შემოდიოდნენ ქიმიაზე. ლაბორატორიაში ატარებდნენ ექსპერიმენტებს, იღებდნენ ფოტოებს, დაბალი კლასის მოსწავლეები მოუთმენლად ელოდებოდნენ ქიმიის სწავლის დაწყებას. ზოგი მოსწავლე ამბობდა, რომ ჩვენი სკოლა ევროპულ სკოლას ჰგავს, სხვა შეგრძნებაა ლაბორატორიაში გამოსვლაო. სამწუხაროდ, პანდემიამ ყველაფერი თავდაყირა დააყენა, ჩვენს კაბინეტშიც ერთ-ერთი კლასი განთავსდა. მასწავლებლებისა და მოსწავლეების დიდ ნაწილს ხელი არ მიუწვდება რეალურ ექსპერიმენტებზე. ქიმიის სწავლა ექსპერიმენტის გარეშე ძალიან რთულია. ელექტრონული სიმულაციები მთლიანად ვერ ჩაანაცვლებს რეალურ ექსპერიმენტს, არც ის ადრენალინი გამოიყოფა ორგანიზმში, რომელიც მოსწავლეების თვალებში ციცინათელებს აჩენს ხოლმე, მაგრამ ყველაფერი უნდა გავაკეთო, რომ გაკვეთილი მოსაწყენი მაინც არ იყოს. ამიტომ სულ ვეძებ ინტერნეტის ლაბირინთებში ქიმიის, ფიზიკისა და ბიოლოგიის ვირტუალურ ლაბორატორიებსა და სიმულაციებს. მივაგენი კიდეც საინტერესო საიტს: https://www.olabs.edu.in/. ის დაფინანსებულია ევროკავშირის ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში. მასზე განთავსებულია ფიზიკის, ბიოლოგიის, ქიმიის, მათემატიკისა და ინგლისურის ლაბორატორიები და აპლიკაციები. მთავარ გვერდზე ჩანს საგნების ჩამონათვალი. კონკრეტული საგნის არჩევის შემდეგ კლასების მიხედვით გაიხსნება ყველა სიმულაცია.
ვისაც მასწავლებლის სამუშაო გრაფიკი არ უნახავს, ვერ მიხვდება რა დრო სჭირდება მომდევნო დღის ყველა გაკვეთილისთვის მომზადებას და რესურსების მოძიებას. ინტერნეტში ბევრი რესურსია, თუმცა ძირითადად უცხო ენაზე. სტატიაში განვიხილავ რამდენიმე სიმულაციას და ასევე ჩემ მიერ ჩაწერილ ვიდეო-ინსტრუქციებს, რაც ქიმიის მასწავლებლებს ოდნავ მაინც შეუმსუბუქებს სამუშაოს.
დანართი 1. https://bit.ly/36Zw9kN ქიმიური რეაქციები
სიმულაციაში განხილულია:
- მაგნიუმის წვა – Burning of magnesium in air;
- მშრალი ყინულის სუბლიმაცია – Sublimation of dry ice;
3.ნატრიუმის სულფატსა და ბარიუმის ქლორიდს შორის რეაქცია – Na2SO4 და BaCl2;
- სპილენძის სულფატსა და რკინას შორის რეაქცია – Iron nail with CuSO4 (aq);
- სპილენძის სულფატის დაშლა – Heating of CuSO4;
- ყინულის დნობა Melting of ice.
სიმულაციის გამოყენებით მოსწავლე გაეცნობა სხვადასხვა სახის რეაქციას და მოახდენს მათ კლასიფიცირებას. (ვიდეო ინსტრუქცია)
დანართი 2. https://bit.ly/36XLToa დაშლის რეაქციები
სიმულაციაში გამოსახულია დაშლის რეაქციები.
შეგიძლიათ აირჩიოთ: თერმული დაშლა – Thermal Decomposition
ელექტრული დენით დაშლა- Electrolytic Decomposition
სინათლით დაშლა- Photo Decomposition
მას შემდეგ, რაც აირჩევთ დაშლის ტიპს, სიმულაციაში თქვენ ირჩევთ ნიმუშს Select the sample – ღილაკზე დაწკაპებით. ბოლოს Start ღილაკით განახორციელებთ რეაქციას. ექსპერიმენტის თავიდან დასაწყებად გამოიყენეთ ღილაკი Reset. (ვიდეო ინსტრუქცია)
დანართი 3. https://bit.ly/3cWtzzH შეერთების რეაქცია.
ბმულის გახსნის შემდეგ გამოჩნდება ასეთი სურათი:
ექსპერიმენტის მსვლელობა: მაუსი მიიყვანეთ კოვზთან და გადააადგილეთ ცარიელი ჭიქისკენ, რომელშიც თერმომეტრია ჩაკიდული. ნივთიერება ჩაიყრება ჭიქაში. შემდეგ მაუსით დისტილირებული წყლის ჭიქა გადაიტანეთ ცარიელი ჭიქის თავზე. წყალი ჩაისხმება. მოსწავლე დააკვირდება თერმომეტრის საწყის და საბოლოო მაჩვენებლებს.
ექსპერიმენტის დასრულების შემდეგ გამოჩნდება Next ღილაკი. მასზე დაწკაპებით ასეთი ფანჯარა გაიხსნება:
პიპეტით ამოიღეთ ქიმიური ჭიქიდან ხსნარი და გადაიტანეთ სინჯარაში, სინჯარას მოარგეთ გაზგამტარი მილი საცობით.
Next ღილაკზე დაწკაპებით გაიხსნება ასეთი ფანჯარა:
Blow-ზე დაწკაპებით ნახშირორჟანგი ჩავა ხსნარში და მოსწავლე დააკვირდება მიმდინარე მოვლენას. (ვოდეო ინსტრუქცია).
დანართი 4 https://bit.ly/3aWf3Fg ჩანაცვლების რეაქციები
სიმულაცია ასახავს რკინასა და შაბიამნის ხსნარს შორის მიმდინარე ჩანაცვლების რეაქციას.
ერთ-ერთ ლურსმანზე დაწკაპებით ლურსმანი გადაიტანეთ რომელიმე სინჯარაში. საათზე დროის ათვლა დაიწყება და ხსნარიც ნელ-ნელა შეიცვლის შეფერილობას. მოსწავლე გააკეთებს დასკვნას. ექსპერიმენტის თავიდან დასაწყებად გამოიყენეთ Reset ღილაკი. (ვიდეო-ინსტრუქცია მოცემულია ქიმიურ და ფიზიკურ მოვლენებში).