შაბათი, მარტი 2, 2024
2 მარტი, შაბათი, 2024

გუდიაშვილის ბაღში დაგელოდები

„ჩვენ, ყველას გვაქვს ჩვენი ქალაქი…” ან ქალაქები. გააჩნია, ვის როგორ გაგვიმართლა, ვინ როგორ ვიცხოვრეთ, ვინ საით ვიარეთ. ალბათ ისეთი ადამიანებიც არსებობენ, საკუთარი ქალაქი რომ არ გააჩნიათ და არც სხვისი ქალაქები მიაჩნიათ განსაკუთრებით მნიშვნელოვნად. რას გაუგებ ხალხის სიჭრელეს.

თბილისი ერთერთია ჩემს ქალაქებს შორის.

ჩვენ, ყველას, ჩვენს საყვარელ ქალაქებში, თითო ჯადოსნური ადგილი მაინც გვეგულება, სადაც მივდივართ ხშირად, მივდივართ საყვარელ ადამიანებთან ერთად, ან მარტოები, ვსხდებით, ვუყურებთ ცას, შენობებს (თუ ფინჯან ყავასაც შემოგვაშველებს ვინმე _ მთლად უკეთესი) და გვეჩვენება, რომ სწორედ აქ მთავრდება რეალობა და იწყება სიზმრების სამყარო. 

გუდიაშვილის მოედანი ჩემთვის ასეთი ადგილია. 

ჩვენ, ყველას, ალბათ ერთი მეგობარი მაინც გვყავს ისეთი, განსაკუთრებული პრეტენზიულობით რომ გამოირჩევა, არაფერი რომ არ მოსწონს, სტუდენტურ წვეულებებზე რომ არ დადის, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს რომ დიდი სიფრთხილით არჩევს, რომანტიკისგანაც ცოტა შორს რომაა და უკმაყოფილებასაც არასოდეს მალავს. 

გამონაკლისი არც მე ვარ. ჩემი გერმანელი მეგობარი დომინიკი სწორედ ზემოთ აღწერილ კატეგორიას მიეკუთვნება. ერთ წელზე მეტი ხნის წინ მისმა საქართველოში ვიზიტმა სერიოზული თავსატეხი გამიჩინა: დეტალურად დავგეგმე, სად უნდა წამეყვანა, რა უნდა მეჩვენებინა, რომელი ქუჩებით უნდა მეტარებინა, რომ ის ქვეყანა მისთვის, რომელიც მე ასე მიყვარს, შეფერილი და შელამაზებული კი არა, საძირკველმორყეული, კედლებდაბზარული, რომელსაც ჩუმად უნდა ელაპარაკო, ხელიც ფრთხილად უნდა შეახო, რომ არაფერი დაუზიანო.

მეგობრები, როგორც უნდა განსხვავდებოდნენ ისინი, ალბათ სწორედ იქ ემთხვევიან ერთმანეთს, სადაც მათი განსხვავებული ყოველდღიურობა მთავრდება და მოსაბეზრებელი ფიქრებისგან თავის დაღწევის გზა იწყება. 
დღეს ჩემი პრეტენზიული მეგობარი შეყვარებულია გუდიაშვილის მოედანზე, ისევე, როგორც ჩემი სხვა, ქართველი და უცხოელი, პრეტენზიული, ნაკლებად პრეტენზიული და უპრეტენზიო მეგობრები, ისევე, როგორც მე. ჩვენ გვჯერა, რომ დედამიწაზე არსებობს ჯადოსნური ადგილები და ერთერთი მათგანი, რომელსაც განსაკუთრებული დაცვა და გაფრთხილება სჭირდება, თბილისს ერგო.
* * *
გუდიაშვილის მოედანი ერთადერთია თბილისში, რომელსაც თავისი პირვანდელი სახე თითქმის მთლიანად აქვს შენარჩუნებული. მთელს ქალაქში უძველესი საერო შენობებიც სწორედ აქ დგას.
თუ ერთხელ მაინც გაგივლიათ გუდიაშვილის მოედანზე, შეუძლებელია, თვალში არ მოგხვედროდათ ლურჯი, აივნებიანი შენობა, რომელიც მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში აღადგინეს საქართველოში ახლად ფეხმოკიდებულმა რუსებმა. აივანი, რომელიც აუცილებლად მოგხიბლავთ თავისი არაჩვეულებრივი დეტალებით, ხის ქართველი ოსტატების ერთერთი უკანასკნელი შედევრია. შენობაში ჯერ სამხედრო შტაბი განთავსდა, შემდეგ კი ოფიცრების სასტუმრო. სწორედ აქ ცხოვრობდა საქართველოში ყოფნის პერიოდში მიხეილ ლერმონტოვი. 

სწორედ გუდიაშვილის მოედანზე მდებარეობდა ივანე კერესელიძის ”ცისკრის” რედაქცია. კერესელიძისავე სახლში იყო განთავსებული თეატრალური საზოგადოება, სადაც პირველი ქართული სპექტაკლი მომზადდა.

 

სწორედ გუდიაშვილის მოედანზე დგას შენობა, სადაც სომხური საქველმოქმედო საზოგადოება მუშაობდა და უამრავ სასიკეთო საქმეს აკეთებდა მაშინდელი თბილისისთვის. 

გუდიაშვილის მოედანი სხვადასხვა დროს სხვადასხვა სახელს ატარებდა. მიუხედავად იმისა, რომ საუკუნეების წინანდელ თბილისში გუდიაშვილის მოედანი არ წარმოადგენდა ქალაქის გულს, დღეს მისი მნიშვნელობა ერთიორადაა გაზრდილი _ ის ერთადერთია, ერთადერთია თავისი უნიკალურობით, თავისი არქიტექტურით, სულით და ხასიათით. მაშინ, როცა სხვა ძველმა მოედნებმა სახე დაკარგეს დამპყრობლების, არასწორი სახელმწიფო პოლიტიკის, უყურადღებობის თუ სხვა მიზეზების წყალობით, გუდიაშვილი როგორღაც გადარჩა, შეიძლება ითქვას, გამოძვრა და ჩვენამდე მოვიდა, რომ ბანებზე გაშენებული, მტკვარზე ბადეებგაშლილი, თავისუფლებისთვის მებრძოლი თბილისის სურნელი და რომანტიკა მოეტანა. 

დღეს გუდიაშვილის მოედანს ცვლილებები ემუქრება. ჩვენ ალბათ ვერც კი ვხვდებით, რამდენს დავკარგავთ, თუკი უძველესი შენობებით გარშემორტყმული პატარა ბაღის ერთ ჩვეულებრივ, რიგით ადგილად გადაქცევას დავუშვებთ. გუდიაშვილის მოედნის გამაგრება ჯერ კიდევ შესაძლებელია და ამას, ჩვენს გარდა, ვერავინ გააკეთებს. ჯერ კიდევ შესაძლებელია, დედაქალაქის ერთერთი ყველაზე მფეთქავი ძარღვის გადაჭრას ხელი შევუშალოთ, თუკი ვიტყვით, რომ აქაურობა გვჭირდება, გვჭირდება ჩვენი სიცოცხლისთვის, სიყვარულისთვის, ჩვენი ყოველდღიურობიდან სულ სხვა სამყაროში გადასასვლელად.
* * *
მე რომ მასწავლებელი ვიყო, აუცილებლად წავიყვანდი ჩემს მოსწავლეებს გუდიაშვილის მოედანზე, ახლომდებარე ქუჩებს და ისტორიულ ნაგებობებსაც ვაჩვენებდი, მოვუყვებოდი ადამიანებზე, რომლებსაც აქ უვლიათ, ლიტერატურაზე, თეატრზე, ქალაქზე, რომელიც თითქოს ყველას გვიყვარს და რომლის გაფრთხილებაც მაინც ყველას გვიჭირს, მიუხედავად ძალიან ხმამაღლა დეკლარირებული სიყვარულისა.

მაგრამ მე არ მეყო გამბედაობა, მასწავლებელი ვყოფილიყავი. მე ერთი ჩვეულებრივი გოგო ვარ, რომელიც შენობების სულზე და ძველ სახლებში გახსნილ კაფეებზე გიჟდება, რომელსაც უბრალოდ, უნდა, ვერავინ წაართვას ადგილი, რომელზეც მისი ცხადისა და სიზმრების საზღვარი გადის და ყოველთვის შეეძლოს, მისწეროს თავის პრეტენზიულ მეგობარს: ”ჩამოდი, გუდიაშვილის ბაღში დაგელოდები!”
  
 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი