ორშაბათი, აპრილი 29, 2024
29 აპრილი, ორშაბათი, 2024

ვაკანტური ადგილი

ბავშვობაში სამი ადგილი მიყვარდა განსაკუთრებით: ჩემი სკოლის სახურავი, იმ სახლის ჭერხო (ადგილი, სადაც ინახავდნენ თივას, ქერს და სხვა მოსავალს) ხევსურეთში, სადაც მამა გაიზარდა, და იმერეთში, დედას ბავშვობის სახლის ეზოში, თითქმის ფუნქციადაკარგული ნალია. სამივე ადგილი სხვადასხვა დროს აღმოვაჩინე და სხვადასხვა ადამიანებთან ვიზიარებდი იქ ყოფნის სიხარულს: სახურავზე მეგობართან ერთად შეიძლებოდა ასვლა და ეს მკაცრად გასაიდუმლოებული უნდა ყოფილიყო, ნალიაში მარტო ვერ ავიდოდი, ბაბუას დახმარება მჭირდებოდა, ჭერხოს ოკუპაციას კი ბიძაშვილებთან ერთად ვახდენდი. ისიც მახსოვს, როცა ჩვენ ამ ჭერხოში ჩამოკიდებულ სახელდახელოდ შექმნილ საქანელაზე ვქანაობდით, ერთი ჩემი ბიძაშვილი ეზოში მდგომ მსხლის ხეზე  გამაგრდა, მისი შტაბი იქ იყო. 
რამდენიმე დღის წინ მოწვევა მომივიდა ერთ-ერთ ვორკშოფზე, რომელიც თბილისში არსებული ვაკანტური ადგილების აღმოჩენას, სისტემატიზაციას და რუკაზე განთავსებას, მათი ათვისების შესაძლებლობების განხილვასა და გაცოცხლების პერსპექტივებს ეძღვნებოდა. მივხვდი, რომ საინტერესო იქნებოდა. 
ქალაქში, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, მიუხედავად უამრავი ახალი შენობისა, განვითარებისა  და კეთების ილუზიისა, წლიდან წლამდე ბევრ შენობას ეკარგება ან ეცვლება ფუნქცია, ბევრი დგება დანგრევის საფრთხის წინაშე. არსებობენ ადგილები, რომელთა შესახებაც ინფორმაცია მხოლოდ მასთან დაკავშირებული ადამიანების მეხსიერებაშია დაცული და ა.შ. 

მტკიცედ მჯერა, რომ  გარემოს სიყვარულისთვის აუცილებელია მისი კარგად შეცნობა. ისე უნდა სწავლობდე ქუჩებსა და შენობებს, მათ მიღმა არსებულ მოსახვევებსა და კედლებში არსებულ ამბებს, როგორც არააქაური, ერთი ვინმე უცხო, ყველაფერს გამადიდებელი შუშით და დაინტერესებული თვალით რომ უყურებს, ათას კითხვას სვამს, ყველას ელაპარაკება, ვისგანაც პასუხის მიღება შეიძლება. როგორც წესი, რუტინაში ჩაბმულებს ამისთვის დრო არასოდეს გვრჩება. კონკრეტული ქუჩიდან კონკრეტულ ქუჩაზე გადავადგილდებით, ჩვენი სახლებიდან სხვების სახლებში მივდივართ და მეტი თითქოს არც გვჭირდება – არც გვახსენდება რომ შეიძლება არსებობდეს ალტერნატიული ადგილები, შემოვლითი ან მოკლე გზები, უცნობი ისტორიები. 
ვორკშოფში მონაწილეთა რიგებში ჩავეწერე და იმ ქალაქში გადავცხოვრდი, რომელიც აქვე, ჩვენ გვერდითაა, მაგრამ ყურადღებას არ იქცევს, მეტიც თავად ამ თბილისის ბინადრებს, მფლობელსა და მეპატრონეებსაც კი არ აქვთ წარმოდგენა იმაზე, რა რესურსთან უწევთ ყოველდღიურად შეხება. მაგალითად მიდიხარ ლისის ტბის ქვემოთ, ყოფილი ტაქსოპარკის უზარმაზარ მიტოვებულ შენობასთან, რომლის ცალკეული ნაწილები წლების წინ იძულებით გადაადგილებულმა პირებმა დაიკავეს და ისინი დარწმუნებულები არიან, რომ მათი პრობლემების მოსასმენად მისული ჟურნალისტი ხარ, გიღებენ ქოხის კარს და გთხოვენ შიგნით შეხვიდე ან მიდიხარ ძველ, აქ უკვე საწყობად ქცეულ აბანოში და გეუბნებიან, რომ შიგნით შესვლას  აზრი არ აქვს, სანახავი მაინც არაფერია და ასე დაუსრულებლად. 

ვაკანტური ადგილების კვლევა გარდა ახალ-ახალი ადგილების, ისტორიებისა და ადამიანების აღმოჩენისა,  საინტერესო იმ მხრივაც არის, რომ მათი ათვისება რესურსების დაზოგვას, ეკონომიკურ სარგებელს და ხშირად ამ შენობების გადარჩენის ერთადერთ გზას ნიშნავს. ინტერნეტში არსებულ ინფორმაციას თუ დავუჯერებთ, ყველა დიდ ქალაქში არსებობს თითქმის 20% აუთვისებელი სივრცე, რომლის საპატრონოდაც ხელისფლება  და ბიზნესი სხვადასხვა მიზეზების გამო ვერ იცლის. თუ ცალკეული ადამიანები ან მათი ჯგუფები მათ მეპატრონეებს დაარწმუნებენ, რომ ისინი მათ უნდა გადაეცეთ დროებით სარგებლობაში და უსასყიდლოდ, შედეგი ყველასთვის სასარგებლო იქნება. არსებობს იმის პრაქტიკაც, როგორ აქციო, მაგალითად, ყოფილი ქარხანა საგამოფენო სივრცედ, რკინიგზის  სადგურის ნაწილი – ჟურნალის რედაქციად ან მიტოვებული ბაღი საცეკვაო მოედნად, ყველაფერი ინტერესებსა და საჭიროებებზეა დამოკიდებული. თუ დაინტერესდებით, ინტერნეტში ამ თემაზე ბევრი ინფორმაციაა, რომელსაც თავადაც ნახავთ, მე მხოლოდ იმის თქმა მინდა, რომ გარემო ჩვენ ირგვლივ ამოუწურავია, მთავარია შეგეძლოს თუნდაც იმ ქუჩას, სადაც წლების განმავლობაში ცხოვრობდი, ახალი კუთხით შეხედო, შეგეძლოს აიღო პასუხისმგებლობა და მიტოვებულ შენობას ახალი სიცოცხლე აჩუქო, შეგეძლოს იპოვნო ახალი გზა და ისწავლო მასზე სიარული. 
ვაკანტური ადგილი ძალიან ზოგადი ცნებაა. კონტექსტისა და სიტუაციის შესაბამისად ის შეიძლება იყოს ჩვენი კორპუსის წინ მდებარე მიწის ნაგლეჯი, სადაც შეიძლება დარგო ხე;  რომელიმე პარკში მდებარე ხე, რომელზეც შეიძლება საქანელა ჩამოკიდო; კედელი, სადაც არტის განთავსება შეიძლება; მიტოვებული სახლები სოფლად თუ ქალაქად და თავად ეს ფაქტობრივად დაცლილი სოფლები და ქალაქები.

ვაკანტური ადგილია ინტერნეტიც, რომელიც საშუალებას გაძლევს შექმნა შენი სივრცე და მეტიც, ვაკანტური ადგილები მრავლად არის ადამიანების ტვინებსა და გულებში და ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ სწორედ ის არის, რომ ჩვენ სათანადოდ ავითვისოთ ეს თავისუფალი სივრცე, ვიქცეთ სხვებისთვის საინტერესო და სასიამოვნო ადამიანებად და ვინ იცის, იქნებ მათზე სასარგებლო გავლენაც ვიქონიოთ.

პ.ს. სკოლის შენობა, რომლის სახურავზეც მიყვარდა ძრომიალი, მრავალი წლის წინ დაიწვა. სკოლა სწორედ ვაკანტური სივრცეების თეორიაზე დაყრდნობით სხვა, ყოფილი საზაფხულო ბანაკის იმჟამად მიტოვებულ შენობაში გადავიდა და დღემდე იქ ფუნქციონირებს. ნალიაც ასევე ბევრი წლის წინ დაინგრა, ბაბუას სახლში აღარავინ ცხოვრობს. აღარც ჭერხოში კიდია ჩვენი საქანელა. ბოლომდე დაიცალა ის სოფელი. ინგრევა უპატრონოდ მიტოვებული სახლები. სწორედ ეს რეალობა მაფიქრებინებს, რომ ვაკანტური სივრცეები და ჩვენი პასუხისმგებლობები ამ ადგილებთან დაკავშირებით ის თემაა, რაზეც ღირს ფიქრი, რაზეც ღირს მოვუყვეთ მოსწავლეებს. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი